გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელსაც 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, სააპელაციო სასამართლოს ჩვენება მისცა. სასამართლომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ორ ქმედებაში სცნო დამნაშავედ - დიდი ოდენობით თანხის მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. თავად ბაჩიაშვილი არ აღიარებს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით გაძარცვა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და ამჯერად სასამართლოზე თქვა, რომ მის მიმართ პრეტენზია მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბიძინა ივანიშვილს ანტიდასავლურ რიტორიკაში არ გაჰყვა. ბაჩიაშვილის თქმით, არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ მას და ბიძინა ივანიშვილს რამე საერთო, ან საწილო საქმე ჰქონოდათ.
„2016 წლის ნოემბერში, სესხი გავისტუმრე თავის პროცენტიანად და არავის არანაირი პრეტენზია არ ქონია. პრეტენზია გაჩნდა მას შემდეგ, როდესაც ივანიშვილს ანტიდასავლურ რიტორიკაში არ გავყევი. როდესაც ზაზა შათირიშვილმა პირველი ანტიდასავლური პროპაგანდა გაავრცელა, ჩემგან უნდოდა ამის გავრცელება. ამაზე კი უარი ვუთხარი. შემდეგ იფიქრა, რომ „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო. ასევე, მის გარშემო ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ვგმობდი.
აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც. ბიძინა ივანიშვილთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ის ბევრს ეხმარებოდა, ამიტომ მივედი და ვუთხარი, რომ ფულის სესხება მინდოდა კრიპტოვალუტის მაინინგისთვის, გამიშვა ბანკში. ბანკში რისკებს ხედავდნენ, რადგან არ იცოდნენ ამის შესახებ. ბიძინა ივანიშვილს სატელეფონო საუბარში ვუთხარი, რომ რისკები არსებობდა, მაგრამ მე ეს საქმე ვიცი, რისკი კი დაბალი იყო, ამიტომ ისიც ვუთხარი, რომ ქონებაც ამაში მქონდა. მან კი მითხრა, ნატოს დავლაპარაკებოდი და თვითონაც დაელაპარაკებოდა. ნატოსთან კი იმ დღესვე მივედი.
ივანიშვილმა ჩვენებაში თქვა, რომ „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნატო ხაინდრავამ გადააფიქრებინა და მერე თავად შემოვიდა ინვესტორად. ეს კი ტყუილია. როდესაც ნოემბერში სატელეფონო ჩანაწერი გამოჩნდა, ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ მას სურდა ამ საქმეში შესვლა და არა მე, შემდეგ, როდესაც სატელეფონო ჩანაწერი გამოჩნდა, მეორე ჩვენება მისცა და თქვა, რომ ის გავაკეთე, რასაც მამა შვილსაც არ უზამს. მამა-შვილურად დავეხმარეო, ანუ ბიზნესი „ავახიეო“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ამასთან, ბაჩიაშვილს სასამართლოზესაქმის პროკურორმა ჰკითხა, თუ რატომ მოსთხოვა ბიძინა ივანიშვილმა მას ანტიდასავლური განცხადების გაკეთება. ბაჩიაშვილის თქმით, მას სურდა, რომ ეს „კრედიტ სუის“ დავასთან დაეკავშირებინა.
„მე ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო დავებში ვიყავი ჩართული. თავად მან მითხრა, რომ „კრედიტ სუისი“ აშანტაჟებდა. მან მთხოვა განცხადების გაკეთება, რადგან მე შემეძლო ამის გაკეთება. ტელეფონზე ყველა ზარს ვიწერდი და ეს ინფორმაცია იცოდა ბიძინა ივანიშვილმა, ეს იყო ჩემი და მისი დაცვისთვის, მაგრამ მე ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ ჩანაწერებით მომიწევდა თავის დაცვა“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
პროკურორი გიორგი ბაჩიაშვილის სამოქალაქო პოზიციითაც დაინტერესდა, კერძოდ, აქციებზე სიარულით, რაზეც მსჯავრდებულმა უპასუხა, რომ ის მუდმივად აფიქსირებდა პოზიციას ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით: „მე ყოველთვის ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას, წინა ხელისუფლების დროსაც და აქციებზეც მუდმივად დავდიოდი“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ბაჩიაშვილის ყველა ჩვენება და ქმედება ისევ მის წინააღმდეგ მუშაობს, რადგან გამოძიებას აქვს მყარი მტკიცებულება, რითაც დასტურდება ბაჩიაშვილის დანაშაული. საქმის პროკურორი, მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ ბაჩიაშვილის ბრალეულობა ყველა მტკიცებულებით დასტურდება.
„გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა ყველა მოწმისთვის, გაგვეანალიზებინა ყველა მოწმობა, დოკუმენტი და ასე შემდეგ, რაც მაძლევს იმის საფუძველს, რომ თამამად განვაცხადო რეალურად, ეს დანაშაულებრივი სქემა წინასწარ იყო დაგეგმილი და დაორგანიზებული გიორგი ბაჩიაშვილის მიერ, მას ჰქონდა მზაობა, რომ მოვლენების განვითარების ყველა სცენარისთვის შესაბამისი მოქმედებები განეხორციელებინა. ბიტკოინის მაინინგში ინვესტიცია განხორციელდა, ჯამურად ექვსი მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების, რომ დავამრგვალოთ რიცხვები.
სახელმწიფო ბრალდება ედავებოდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის პროცენტული მონაწილეობა იყო ერთი მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარის ფარგლებში, ხოლო 5 მილიონი იყო დაზარალებული ინვესტორის. ის აცხადებდა, რომ მთელი ეს ინვესტიცია იყო მისი. აღიარების დოკუმენტი არსებობდა და არაერთხელ მოვახდინე ამის დემონსტრაცია, მათ შორის, კიდევ ერთხელ წარვუდგენ საზოგადოებას, სადაც ის ოფიციალურად მიმარტავს კრიპტოპლატფორმას, რომ მისი მონაწილეობა იყო მხოლოდ ერთი მილიონ-ნახევრით დაფინანსებული, პლუს - პროცენტი“, - აცხადებს პროკურორი.
მისი თქმით, ემთხვევა, როგორც კომპანიის სახელი, ასევე ყველა სხვა ფაქტი და ეს არის გიორგი ბაჩიაშვილი - საკუთარი სახელით, საკუთარი პასუხისმგებლობით შექმნილი ელექტრონული ფოსტით და ეს მტკიცებულება მოპოვებულია სამართლებრივი გზის ფარგლებში.
„ეს არის აღიარება. ამას ვედავებოდით, სხვა არაფერს, რომ მისი წილობრივი მონაწილეობა მხოლოდ მილიონ-ნახევარი იყო. მოცემულობა მარტივია, მისი დანაშაული მარტივად დასტურდება, მხოლოდ ეს მტკიცებულება რომ ავიღოთ და სხვა დანარჩენს თავი დავანებოთ. დანარჩენი ქმედებები, რაც განახორციელა - არასწორი ინფორმაციის ტირაჟირება, ხელფასთან დაკავშირებით, თითქოს სარისკო ურთიერთობებში მონაწილეობით და ა.შ., მისი საწინააღმდეგოა“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.