ავღანეთიდან „ქარიშხალს“ ელიან

ავღანეთიდან „ქარიშხალს“ ელიან

საერთაშორისო ტერორიზმი მოურჩენელ თავის ტკივილად რჩება. დღე არ გავა დედამიწის ხვადასხვა წერტილში აფეთქებებმა და ტერაქტებმა უდანაშულო ადამიანების სიცოცხლე არ შეიწიროს. პატარა საქართველო ნებსით თუ უნებლიეთ მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში აღმოჩნდა.

 

ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდას“ იემენის განყოფილება აქვეყნებს „სასარგებლო რჩევების ნუსხას“ იმის შესახებ თუ როგორ ჯობია ამერიკელების მოკვლა. მოძრაობა „თალიბანი“ კი ამტკიცებს, რომ „ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია კუნარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სრული კონტროლი დაამყარა“.

 

„ვაშინგტონის ნებისმიერ რესტორანში მოწყობილი აფეთქება, სადილის დროს სამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე წარმომადგენელს გამოიყვანს მწყობრიდან“, – ნათქვამია ბენ ლადენის მიმდევრების მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის შემსწავლელ ორგანიზაციაზე „SITE Intelligence Group“ –ზე დაყრდნობით, „The Daily Telegraph“-ი ავრცელებს.

 

ჟურნალში ასევე არის სტატია სახელწოდებით „უკანასკნელი ცელი“. მასში საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა იქნეს „პიკაპი“-ს ტიპის ავტომობილი გამოყენებული „ცელად, მაგრამ არა იმისათვის, რომ ბალახი მოცელო, არამედ იმისათვის, რომ ალაჰის მტრები მოცელო“.

 

იქვე განმარტებულია: „მაქსიმალური სიჩქარის შენარჩუნებით, საჭის ფლობა არ უნდა დაკარგოთ, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოცელოთ“.

 

ამას გარდა, ამერიკელი სამირ ხანი სტატიაში ყვება იმის შესახებ, თუ როგორ გახდა ის - ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრები ადამიანი, რომელიც ტერორისტების ვირტუალური მიმდევარი ნამდვილი ტერორისტი იემენში. სტატიის სათაურია „ვამაყობ იმით, რომ ვუღალატე ამერიკას“.

 

აღსანიშნავია, რომ ჟურნალის პირველივე ნომერში გამოქვეყნებული იყო სტატია იმის შესახებ თუ „როგორ უნდა მომზადდეს ბომბი დედიკოს სამზარეულოში“. 

„თქვენ ჯერ კიდევ არც არაფერი არ გინახავთ“, – იმუქრება რედაქცია სტატიის ბოლოს.

 

ფუნდამენტალიზმთან ბრძოლის მთავარი პოლიგონი დღესდღეობით ავღანეთზე გადის. იქაური „თალიბანი“ კი მოპოვებულ ახალ წარმატებებზე ინფორმაციებს ავრცელებს.

 

„მოძრაობა „თალიბანი“ ამტკიცებს, რომ ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია კუნარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სრული კონტროლი დაამყარა“, – ინფორმაციას სააგენტო „იტარ-ტასი“ ავრცელებს.

 

როგორც „თალიბების“ საველე მეთაურმა, კარი ზიარა რაჰმანმა განაცხადა, ამერიკელმა სამხედროებმა დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება მიატოვეს და ბაზა ვერტმფრენებით დატოვეს.  

ამერიკელ ოფიციალურ პირებს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

 

ბაზის დაკავებაზე ინფორმაცია არაბულმა ტელეარხმა „ალ-ჯაზირამაც“ გადასცა.

ბაზაზე 500-მდე ამერიკელი სამხედრო იყო დისლოცირებული და სტრატეგიული დანიშნულების ერთ-ერთ მთავარ ობიექტს წარმოადგენდა.

 

„თალიბების“ მიერ ამერიკელთა კიდევ ერთი სამხედრო ბაზის დაკავებაზე ინფორმაცია 2010 წლის აპრილშიც გავრცელდა. მაშინ სამხედრო მეთაურობამ განაცხადა, რომ კორენგალის უდაბნოში მდებარე ბაზა დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის არ იყო და ამერიკელმა სამხედროებმა თავად დატოვეს, რის შემდეგაც „თალიბებმა“ თავისუფლად დაიკავეს მიტოვებული ადგილი.

 

საზოგადოებრივი მოძრაობის „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა „ავღანეთიდან ქარიშხალს“ ელის.

 

როგორც ხაინდრავამ „კავკასიის ინტერნეტ-მედიაკლუბში“ ჟუნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, მისთვის „გაუგებარია, რატომ აგზავნის საქართველო დამატებით სამოქალაქო პირებს ავღანეთში მაშინ, როდესაც იქიდან სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქვეყნები ჯარების გაყვანას აპირებენ?!“.

 

„რას გადავეკიდეთ ამ ავღანეთს?! რა გვინდა იქ?! ავღანეთი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ქვეაყანაა და მისი ხალხი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მებრძოლია. რაღა ესენი გადავიკიდეთ?! მოვა დრო და მოგვკითხავენ ამას! შეიძლება, ქარიშხალი მივიღოთ ავღანეთიდან და ეს ქარიშხალი ჩვენს შვილებს დააზარალებს“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

თუმცა „თალიბებისა“ და მათი მომხრე ავღანელებისთვის იმ ვიდეოკადრებს, სადაც კარგად ჩანდა, თუ როგორ გადაადგილდებოდნენ ამერიკელების მიტოვებულ ბაზაზე ადგილობრივი მცხოვრებლები, სერიოზული პროპაგანდისტულ ეფექტი ჰქონდა.

 

ცნობისთვის, თალიბანი, ან თალიბანის მოძრაობა (თულაბას დამახინჯებული ფორმა, არაბული თალიბის მრავლობითი ფორმა, „მოსწავლე“), სუნიტური ფუნდამენტალისტური პრო-პაშტუნთა მოძრაობა, რომელიც თითქმის მთელ ავღანეთს მართავდა 1996-2001 წლებში.

 

დიპლომატიური აღიარება მხოლოდ სამი ქვეყნისგან მიიღო: არაბეთის გაერთიანებული საამიროებისგან, პაკისტანისგან და საუდის არაბეთისგან, ასევე არაღიარებული სახელმწიფო იჩქერიისგან.