ვაჰაბიზმა აფხაზეთში ფეხი ფართოდ მოიკიდა

ვაჰაბიზმა აფხაზეთში ფეხი ფართოდ მოიკიდა

ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მკვეთრად იმატა ისლამის მიმდევართა რიცხვმა, რასაც ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით ისლამური
ქვეყნებიდან მოქალაქეების შემოსვლა. ისინი ეწევიან პროპაგანდას და თანამოაზრეების მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობაში რელიგიურ ლიტერატურას ავრცელებენ.

აფხაზეთის ტერიტორიაზე უკვე დაფიქსირებულია შუა აზიის ქვეყნებიდან სამუშაოდ ჩამოსული მუსულმანი მოქალაქეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ქორწინება. უმეტეს შემთხვევაში
გამუსულმანების ფაქტები დაფიქსირდა გუდაუთასა და ტყვარჩელის რაიონებში, სადაც ადრეც იყვნენ მუსულმანური სარწმუნოების აფხაზური ოჯახები, რომელთა წინაპრები მოჰაჯირობისას გადაასახლეს და მათ ახლო ნათესაური კონტაქტები ჰქონდათ შენარჩუნებული.

აფხაზ მუსლიმანთა სასულიერო მმართველობის დიდი ძალისხმევით სოხუმში ამოქმედდა მეჩეთი, რომლის წინამძღვარია იმამი, აფხაზეთის მოქალაქე საალ კვარაცხელია. სწორედ მასზე მოხდა თავდასხმა 10 ივლისს “კელასურის” რკინიგიზის სადგურთან, თუმცა, ის სერიოზულად არ დაშავებულა.

ჩვენი ინფორმაციით, კვარაცხელია ადრე მართლმადიდებლური წესით იყო მონათლული. მაგრამ, ირანში სასწავლებლად წასვლის შემდეგ მან მიიღო ისლამი და იმამის სასულიერო წოდებით დაბრუნდა აფხაზეთში.

კვარაცხელიაზე თავდასხმიდან ერთ კვირაში, აფხაზეთში მუსლიმი სასულიერო პირი მოკლეს. გამოძიებისთვის უცნობმა პირებმა გაგრაში აფხაზ სეპარატისტთა ე.წ. საზოგადოებრივი პალატის წევრი, აფხაზეთის მუსულმანების სამმართველოს გაგრის რაიონის ხელმძღვანელი ემიკ ჩაჩმაჩ-ოღლი მოკლეს. მკვლელობა მაშინ მოხდა, როცა ჩაჩმან-ოღლი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტებმა მხოლოდ ის დაადგინეს, რომ ჩაჩმან-ოღლი პისტოლეტიდან გასროლით არის მოკლული. 

მკვლელობის დეტალები და ვერსიები ჯერჯერობით არ ხმაურდება. 49 წლის ემიკ ჩაჩმაჩ-ოღლი აფხაზეთის მუსულმანობის სასულიერო სამმართველოს გაგრის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

მუსლიმთა ლიდერებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა აღშფოთება გამოიწვია აფხაზეთში მცხოვრებ მუსლიმანებს შორის. მათ ე.წ. მთავრობის სასახლესთან საპროტესტო აქცია გამართეს და “ხელისუფლებისგან” საქმის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს. მომხდარს ნიკარაგუიდან გამოეხმაურა დე ფაქტო პრეზიდენტი და პირობა დადო, რომ კვარაცხელიაზე განხორციელებული თავდასხმა და ემიკ ჩაჩმაჩ-ოღლის მკვლელობა აუცილებლად იქნება გამოძიებული. ამასთან, ბაღაფშმა ტრადიციას არც ახლა უღალატა და მომხდარში ქართული მხარე დაადანაშაულა.

ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ფაქტები აფხაზეთში მყოფი ისლამისტების მღელვარებას გამოიწვეს, თუმცა, მათივე თქმით, ეს არ გადაიზრდება შეუქცევად პროცესებში. “ტემპერატურა აიწევს, მაგრამ არა მგონია, რომ ამან შეუქცევადი ხასიათი მიიღოს”, - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში რელიგიურ ფონზე დაპირისპირება 3 წლის წინ დაიწყო, როდესაც აფხაზეთში იმამად აღიარებული რაკი გიცბა მოკლეს. მას ორი პასპორტი ჰქონდა და აბსოლუტურად თავისუფლად გადაადგილდებოდა რუსეთშიც. გიცბა რუსეთ-ჩეჩნეთის პირველ ომშიც მონაწილეობდა, შედიოდა რა საველე მეთაურ არბი ბარაევის ისლამური პოლკის შემადგენლობაში.

“გიცბა ისლამისტების გავლენის ქვეშ იყო და ამას მალავდა. 1993 წელს ძალიან საეჭვოდ გამოიქცა თურქული ციხიდან. ის დაკავებული იყო ტერაქტის მოწყობის ბრალდებით, როდესაც ჩეჩნებმა,
თურქეთში მცხოვრებმა აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებმა და აქაურმა აფხაზებმა გაიტაცეს თურქული ბორანი “ევრაზია” თავისი მგზავრებით. გიცბა მაშინ დააკავეს და 15 წელი მიუსაჯეს. მაგრამ 2 წლის შემდეგ მოახერხა თურქული ციხიდან გაქცევა და თავი ამოყო გუდაუთაში. ამის შემდეგ გახდა გუდაუთაში ისლამის მიმდევართა ხელმძღვანელი.

2006 წელს რუსეთის სპეცსამსახურებმა მოახდინეს მისი ლიკვიდაცია. მასთან ერთად იმყოფებოდა ბაშკირეთის ისლამური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ამის მერე გაგრძელდა ისლამური თემის ლიდერებზე თავდასხმები. რაც შეეხება კვარაცხელიას და ემიკ ჩაჩმაჩ-ოღლის, ესენი თავის სიმპათიებს ისლამისტების მიმართ ნაკლებად მალავდნენ. თუმცა, ფინანსდებოდნენ როგორც არაბული, ისე თურქი ისლამისტების მიერ. 

“საოკუპაციო ძალებს არ აძლევთ ხელს, რომ მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაძლიერდეს ექსტრემისტული ისლამი და ამიტომ ჩანასახშივე ცდილობენ, მოსპონ”, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

ქართველი ექსპერტების განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე აქტიურად მოქმედებენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისა და საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების ემისრები. წმინდა სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების გარდა, ისინი აქტიურად ესწრაფვიან ადგილობრივ მოსახლეობაში ისლამის უკიდურესად რეაქციული მიმდინარეობის - ვაჰაბიზმის გავრცელებას.

აღსანიშნავია, რომ საომარი მოქმედების დამთავრებისთანავე აფხაზეთი სხვადასხვა ჯურის დამნაშავეთა თავშესაფრად და ისლამისტ-რადიკალთა დასაყრდენ წერტილად გადაიქცა. ჯერ კიდევ კონფლიქტის დაწყებამდე, აფხაზური ეთნოსის წარმომადგენელთა რეპატრიაციის საბაბით, ვლადისლავ არძინბას გარემოცვა ყველანაირად უწყობდა ხელს თურქეთის, სირიის, იორდანიის და სხვა ისლამური ქვეყნების ვაჰაბიტური მიმდევრების მოქალაქეთა შემოყვანას აფხაზეთის ტერიტორიაზე.

ჩვენი წყაროების ინფორმაციით, ამ პირებს ენიჭებოდათ ყველაზე უფრო გავრცელებული აფხაზური გვარები, მათზე გაიცემოდა სსრკ-ს სიმბოლიკიანი პასპორტები, რომლებითაც უკანონოდ დასტურდებოდა აღნიშნული კატეგორიის პირთა მოქალაქეობა და ჩაწერა. ამჟამად, იმავე პირებს უკვე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ენიჭებათ.

1992 წლის ივლისის თვეში ჩრდილო კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის შეკრება ჩატარდა. სწორედ მაშინ ჩამოიყვანეს აფხაზეთში სირიიდან, თურქეთიდან, იორდანიიდან და სხვა ისლამური ქვეყნებიდან რამდენიმე ათასი ვაჰაბიტი, რომლებიც ეშერაში განლაგებულ სპორტულ ბაზაზე დაასახლეს. 1992 წლის იანვარში ვლადისლავ არძინბას ბრძანებით, მაშინდელი ავტონომიის ადგილობრივი საბჭოების თავმჯდომარეებს ჩამოერთვათ მოქალაქეობის და საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი შტამპები.

აღნიშნული შტამპები ადგილობრივი შსს-ს საპასპორტო განყოფილების უფროსს გადაეცა, რომელიც, თავის მხრივ, დაუბრკოლებლად ანიჭებდა ჩამოსახლებულებს “აფხაზეთის მოქალაქეობას”. ამჟამად აფხაზეთში - ვაჰაბიტები და სხვადასხვა ჯურის კრიმინალური დაჯგუფებები არიან თავმოყრილნი. ჩვენი ინფორმაციით, ისინი ძირითადად გუდაუთაში და გულრიფშის რაიონში არიან, გამორიცხული არ არის, იყვნენ სოხუმშიც, რადგანაც იქ ადგილობრივი მოსახლეობის სიმცირეა. ისინი მიტოვებულ სახლებში ცხოვრობენ.

1992 წლიდან მოყოლებული ვაჰაბიტური მოძრაობა აფხაზეთში სეპარატისტული ხელისუფლების ფარული მხარდაჭერით მოქმედებს. დღეს აფხაზეთში რამდენიმე ვაჰაბიტური ჯგუფია, რომლებიც რელიგიურ-ექსტრემისტულ პროპაგანდას ეწევიან და მათ ძირითადად, გუდაუთის და გაგრის რაიონების ისლამის მიმდევარი მოსახლეობის აყოლიება შეძლეს. აფხაზეთში ვაჰაბიზმის იდეოლოგთა გამოჩენას და დაფუძნებას, გარდა სუფთა რელიგიური ფაქტორისა, ასევე პოლიტიკური და კრიმინალური სარჩულიც უდევს.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ბესიკ სილაგაძე “პრესა.გესთან” საუბრისას აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში მოქმედებს ვაჰაბიტური მოძრაობა, უმრავლესობა ქრისტიანები არიან. როგორც სილაგაძე ამბობს, აფხაზეთი უკონტროლო ტერიტორია და, შესაბამისად, იქ ვაჰაბიტური მოძრაობის ფეხის მოკიდება სერიოზული შემაშფოთებელი ფაქტორია.

“თავის დროზე სწორედ რუსულმა სპეცსამსახურება შეუწყვეს ხელი  არატრადიციული მუსულმანობის გავრცელებას აფხაზეთის ტერიტორიაზე.  თვითონ შექმნეს მიზეზი და თვითონ დაიწყეს მერე ამ მიზეზის განეიტრალება. ამას რუსული სპეცსამსახურები იყენებენ თავისი მიზნების მისაღწევად. მაგრამ, რამდენად აწყობს დღეს რეგიონში ვაჰაბიტების გააქტიურება საოკუპაციო ძალებს? ერთის მხრივ, სავსებით აძლევთ ხელს.

მათ სურთ, აფხაზებს და მათ ე.წ. ლიდერებს დაანახონ, რომ რუსული საოკუპაციო ძალების გარეშე მათ არაფერი შეუძლიათ. ანუ - თუ არ იქნებიან რუსული საოკუპაციო ძალები და არ დაიცავენ მათ “უსაფრთხოებას”, მათ პირადი ლიკვიდაციის საფრთხეც ემუქრებათ. მეორეს მხრივ ეს რუსულ საოკუპაციო ძალებს ხელს არ უნდა აძლევდეთ”, - ამბობს სილაგაძე.

აფხაზეთში რომ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებაა, ამას ადასტურებს 2010 წლის 29 სექტემბერს აფხაზეთის უნივერსიტეტში პედაგოგებისა და სტუდენტების შეხვედრა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელთან, ანდერი კურაევთან და ადგილობრივი მართლმადიდებლური მრევლის ე.წ. წინამძღოლთან ბესარიონ აპლიასთან. როგორც სოხუმიდან ჩვენი წყარო ამბობს, შეხვედრაზე აუდიტორიის აკადემიური განწყობა დაარღვია ანდრეი კურაევის  კითხვამ, აღიარებენ თუ არა ისინი ბესარიონ აპლიას სულიერ მამად. 

ამაზე თავად აპლიამ უპასუხა, რომ გაუმართლებელია ზოგიერთების  მცდელობა, თანაბარუფლებიან რელიგიებად წარმოაჩინონ ქრისტიანობა და ისლამი. “მართლმადიდებლობა აფხაზეთში სახელმწიფო რელიგიად  უნდა გამოცხადეს”, - უპასუხა აპლიამ კურაევს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, აპლიას ეს პასუხი ადიღეელმა სტუდენტმა ანზორ კაზანოკოვმა გააპროტესა და კითხვით მიმართა მას, რის საფუძველზე აყენებს იგი ასეთ კატეგორიულ მოთხოვნებს, ვინ არის იგი, ისტორიკოსი თუ ისლამური რელიგიის სპეციალისტი?”

მამუკა არეშიძის განმარტებით, თუ გავიხსენებთ იმ სტრატეგიულ გეზს, რომელიც აღებული აქვს რუსეთს ჩრილოეთ კავკასიაში ვაჰაბიტებთან ბრძოლისა, ამ ბრძოლის მეთოდოლოგია ახლა
გადმოტანილია აფხაზეთში. მისი თქმით, კვარაცხელიაზე განხორციელებული თავდასხმა, ჩაჩოღლის და გიცბას მკვლელობა, ერთი ჯაჭვის რგოლებია.

“აფხაზეთში ისლამური თემის გაჩენას ხელი შეუწყო მუჰაჯირების შთამომავლების დაბრუნებამ. ახლა აფხაზეთში გამოჩნდა კუვეიტური  ორგანიზაცია, რომელმაც მუშაობა დაიწყო. შეიძლება ამ 
ორგანიზაციის აქტივობის ფონზე მოხდა სასწრაფოდ ადგილობრივი  ისლამური თემის ხელმძღვანელის ლიკვიდაცია, შეიძლება მათ  მუშაობის ფართოდ გაშლა აქვთ გადაწყვეტილი”, - აცხადებს მამუკა არეშიძე.