ირაკლი ოქრუაშვილს ყოფილი თანაგუნდელები გაებუტნენ

ირაკლი ოქრუაშვილს ყოფილი თანაგუნდელები გაებუტნენ

“მოძრაობის ერთიანი საქართველოსთვის” წევრები საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს გაუნაწყენდნენ.

 

როგორც “პრესა.გე”-სთვის გახდა ცნობილი, ლიდერის გარეშე დარჩენილი მოძრაობის წევრები ოქრუაშვილს “ღალატში” ადანაშაულებენ.

 

საუბარია ოქრუაშვილის მიერ პარტიის დატოვებაზე და ასევე იმაზე, რომ გაჩეჩილაძე-ოქრუაშვილის მიერ დაანონსებულ ახალ გაერთიანებაში თავდაცვის ყოფილ მინისტრს სავარაუდოდ, არცერთი ყოფილი თანაგუნდელი არ მიჰყავს.

 

“პრესა.გე”-ს ინფორმაციით, სწორედ ამის გამო პარტიის რამდენიმე წევრი მოძრაობის დატოვებასაც აპირებს.

 

პარტიის ლიდერები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ და როგორც ოპოზიციურ კულუარებში ამბობენ, ისინი ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას ელოდებიან და ალაპარაკებას მხოლოდ მას შემდეგ აპირებენ.

 

“უახლოეს მომავალში სპეციალურ განცხადებას გააკეთებს როგორც თავად მოძრაობა, ისე – მისი ყოფილი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი”, - აცხადებდა რამდენიმე დღის წინ “მოძრაობის ერთიანი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი დოლაბერიძე.

 

ამავდროულად კი, თეო ტლაშაძის მიერ პარტიის დატოვების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, თუმცა დოლაბერიძე ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

 

რაც შეეხება ამჟამად პარტიაში არსებულ ვითარებას, აღსანიშნავია, რომ პარტიის წესდების თანახმად, მისი მთავარი კომიტეტი არანაკლებ 7 წევრისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული, თუმცა ოქრუაშვილის მიერ პარტიის დატოვების შემდეგ მისი რაოდენობა 6-ით შემცირდა, რაც პარტიის დაშლის ტოლფასია.

 

ოქრუაშვილის ყოფილ პარტიაში კომენტარს არც ამ საკითხთან დაკავშირებით აკეთებენ, თუმცა სავარაუდოდ, კომიტეტის მე-7 წევრის ასარჩევად ყრილობა ჩატარდება.

 

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ოქრუაშვილმა ერთი ყოფილი თანაპარტიელი მაინც შემოირიგოს. ეს არის ყოფილი პარლამენტარი თეო ტლაშაძე, რომელიც ახალ პარტიაში, სავარაუდოდ, აღმასრულებელი მდივნის პოსტს დაიკავებს. რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაცვის ექს–მინისტრის ყოფილ მოძრაობას კომიტეტში არა ერთი, არამედ ორი წევრის არჩევა მოუწევს.

 

გააგრძელებს თუ არა ოქრუაშვილის აწ უკვე ყოფილი პარტია პოლიტიკურ საქმიანობას და ვინ უხელმძღვანელებს მას, ჯერ-ჯერობით უცნობია და ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალები სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გაირკვევა.

 

აღსანიშნავია, რომ ოქრუაშვილის პარტია ბოლო დროს რამდენიმე ათეულმა წევრმა დატოვა. ეს კი მაშინ მოხდა როდესაც პარტიის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ეკა ბესელიამ მოძრაობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და არასამთავრობო ორგანიზაცია დააარსა, რომელიც პოლიტპატიმრების საკითხებზე მუშაობს. მაშინ მას მოძრაობის არც თუ ისე დიდი შემადგენლობიდან, ნაწილი თან გაჰყვა.

 

ეკა ბესელიას წასვლის შემდეგ პარტიამ ყრილობა გამართა და გენერალური მდივნის თანამდებობა გააუქმა.

 

რაც შეეხება თავად ოქრუაშვილს, როგორც ცნობილია, იგი სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის. ახალი ოპოზიციური გაერთიანების შექმნასთან დაკავშირებით მასთან ლევან გაჩეჩილაძე, მისი თანაგუნდელები და ოპოზიციონერი ლიდერი სოზარ სუბარი ბოლო დროს აქტიურ პოლიტიკურ კონსულტაციებს აწარმოებდნენ. ახალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.