რისკებისა და საფრთხეების შემცველი სააკაშვილის ბრძანებულება!

რისკებისა და საფრთხეების შემცველი სააკაშვილის ბრძანებულება!

[ნინო მიქიაშვილი]

იმაზე, თუ რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას, მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება, რომლის თანახმად, 13 ოქტომბრიდან ჩრდილოკავკასიელებს (კერძოდ, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეს რესპუბლიკებში ჩაწერილ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს) უვიზოდ შეეძლებათ საზღვრის გადმოკვეთა და ჩვენს ქვეყანაში 90 დღე დარჩენა, პრესა.გე ესაუბრა ექსპერტს უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ირაკლი სესიაშვილს.

 

რას მისცემს ჩვენს ქვეყანას ბრძანებულება, ჩრდილოეთკავკასიელების უვიზოდ შემოსვლის შესახებ?

ირაკლი სესიაშვილი: თითქოსდა პრეზიდენტმა ჰუმანური აქტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც ჩვენი სახელმწიფო ცდილობს კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყაროს ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ერებთან, მოსახლეობასთან; ერთი შეხედვით ცუდი აქტი არ არის, მაგრამ სიღრმისეულად თუ გავაანალიზებთ, ამ ბრძანებულების თანმდევ სერიოზულ რისკებსა და საფრთხეებს დავინახავთ.

 

ეს იმდენად, თუ შეიძლება ასე ითქვას, გულუბრყვილო აქტი ჩანს, რომ უბრალოდ, მთავარ პოლიტიკურ მოტივს ჯერ კიდევ ვერ ვხედავ. ეს რეალურად მართლაც შეიძლება იმისკენ იყოს მიმართული, რომ გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც რუსეთის იმპერიალისტურ ხელისუფლებას ებრძვიან, მიეცეთ საშუალება უვიზოდ გადმოკვეთონ საქართველო–რუსეთის საზღვარი, მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს ბევრ რისკებთან და საფრთხეებთანაა დაკავშირებული.

 

კონკრეტულად, რა საფრთხეებსა და და რისკებს გულისხმობთ?

– თუ რუსეთი დაინახავს, რომ საქართველო ხსნის საზღვარს არაფრის სანაცვლოდ, აგენტურას გზა შეიძლება გაეხსნას (რომ გადმოვიდეს და კონტრდაზვერვა განახორციელოს); ამასთან, ე.წ. ვერბოვკის დიდი საფრთხე იქმნება, რადგან ჩვენი ქვეყნის კავკასიურ ქედთან ახლოს, რუსეთის აგენტურამ ქსელი შეიძლება გააბას და ფულის სანაცვლოდ ჩვენი მოქალაქეები თანამშრომლობაში ჩაითრიოს;

 

აგრეთვე, ცნობილია, რომ ყაზბეგის რაიონის მიმართ, ჩრდილო კავკასიელ ოსებს და ასევე, ცხინვალელ ოსებს, გარკვეული პრეტენზიები აქვთ – ეს შეეხება კერძო საკუთრებას, მიწებს და ასე შემდეგ; ამ აქტის საფუძველზე, ოსები შეიძლება გადმოვიდნენ და გარკვეული კონფლიქტები წარმოიშვას, ადგილობრივ მოსახლეობასა და იმ ადამიანებს შორის, ვისაც ამ მიწების მიმართ პრეტენზია გააჩნია.

 

ამ ბრძანებულების სანაცვლოდ არაფერს ვიღებთ, გარდა იმისა, რომ რისკები და საფრთხეები გვეზრდება; ჩვენმა უსაფრთხოების სისტემამ მეტი რესურსი უნდა მიმართოს იმისთვის, რომ აკონტროლოს გადმოსული ადამიანები, რადგან საქმე გვაქვს რუსეთთან, რომელიც ჩვენს მიმართ მტრულადაა განწყობილი და ცხადია, დამატებითი კონტროლის მექანიზმები დაგვჭირდება, რათა გადმოსულთა შორის  აგენტები არ იყვნენ.

 

თუ ასეა, მაშინ რა ჰქვია ამ მოქმედებას, რატომ იტკიებენ აუტკივარ თავს?

– ხომ გითხარით, ჯერ კიდევ ვერ ჩავწვდი იმ რეალურ მიზეზებს, რის გამოც ჩვენმა პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი გადადგა. ამ ბრძანებულების გამოცემის გონივრული საფუძველი შეიძლება არსებობს, მაგრამ მე ვერ ვპოულობ, გარდა იმისა, რომ ვხედავ ამ აქტის თანმდევ და ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათო საფრთხეებსა და რისკებს.

ერთი რეალური მიზეზი, რის შესახებაც განმარტება სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის წევრებმა გააკეთეს, არის ის, რომ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს მიეცეთ საშუალება ჩვენს ტერიტორიაზე თავშესაფარი იპოვონ.

 

გარკვეულწილად ესეც საფრთხის მატარებელი შეიძლება იყოს, რადგან აგენტურა აქაც თავისუფლად მუშაობს და რთულია გაშიფრო რეალურად ვინ არის თავისუფლებისთვის მებრძოლი და ვინ აგენტურა; ასევე რთული იქნება იმ საინფორმაციო აგრესიის მოგერიება, რაც ამას რუსეთის მხრიდან მოჰყვება, რადგან რუსეთი გააგრძელებს ბრალდებების ღიად წარმოჩინებას, რომ “საქართველო არის ტერორისტების თავშესაფარი“...

 

რას იტყვით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განმარტებაზე, რომ ყველა ჩრდილოეთკავკასიელს, რომელიც თვლის, რომ მისი უფლებები ირღვევა, შეუძლია, უპრობლემოდ ჩამოვიდეს?

– მაშინ მივდივართ დასკვნამდე, რომ ჩვენ რეალურად გზას ვუხსნით მხოლოდ იმათ, ვინც არის რუსეთის იმპერიის მსხვერპლი. ანუ ჩვენ ვეძებთ ჩვენი მტრის მტერს, რომ ჩვენს მეგობრად გავაფორმოთ.

 

ჩვენ რომ ისეთივე ძლიერი სახელმწიფო ვიყოთ, როგორც რუსეთია, მაშინ ასეთ თამაშს აზრი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ როცა ჩვენ ვართ ჭიანჭველის როლში, რომელიც ექიშპება სპილოს და ამავდროულად, ეძებს სხვა ჭიანჭველებს, იმისთვის რომ ბევრნი იყვნენ, მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება. ჩვენ უნდა მივიდეთ იმ გონივრულ დასკვნამდე, რომ რუსეთთან ურთიერთობისას სხვა ტიპის მოქმედება გვჭირდება.

 

მიუხედავად იმისა რომ 21–ე საუკუნეა და ყველა საერთაშორისო სუბიექტს თანაბარი უფლება აქვს, კარგად გვესმის რომ პრაქტიკაში ამ უფლებების რეალიზება რთულია.  ამიტომ, რუსეთის უბრალოდ გაღიზიანება და “კლეტკებს“ მიღმა მისთვის ჩხვლეტა, საქართველოს მომავალში, რუსებთან ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე თავისუფლად ლაპარაკის საშუალებას უსპობს, რადგან, ზემოხსენებულ ბრძანებულებას რუსეთი აღიქვამს, როგორც ბოროტ ნაბიჯს, რადგან ჩვენ ვცდილობთ რუსეთის მტრები დავიმეგობროთ.