გილაურსა და სააკაშვილს შორის შესაძლოა „შავმა კატამ“ გაირბინოს

გილაურსა და სააკაშვილს შორის შესაძლოა „შავმა კატამ“ გაირბინოს

საქართველო–აშშ–ის თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში, ვაშინგტონში, რამდენიმე დღის წინ,  პრემიერი გილაურის და  სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის შეხვედრა გაიმართა.  სამხედრო ანალიტიკოსი კახა კაციტაძე პრესა.გე–სთან საუბარში ამბობს, რომ ქართულმა მედიამ, განსაკუთრებით ელექტრონულმა  ამ შეხვედრას სერიოზული ყურადღება დაუთმო და სახელმწიფო მდივნის მიერ გაკეთებულ რამდენიმე გზავნილზეც ისაუბრა, თუმცა ამ შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი  შემთხვევით თუ სპეციალურად, მაგრამ გამორჩა.

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრის და სახელმწიფო მდივნის შეხვედრაზე არაერთი გზავნილი გაკეთდა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც რა იყო?

– უმთავრესი გზავნილი, თავად ამ შეხვედრის ფორმატი გახლდათ. მითუმეტეს, თუ გავიხსენებთ სამი კვირის უკან  გაეროს კორიდორიში გამართულ სააკაშვილ–კლინტონის შეხვედრას. ამ შეხვედრის ამსახველი ფოტოს ნახვის შემდეგ, რომელიც  საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზეც არის განთავსებული, მკითხველს შეუძლია ნახოს, სად შეხვდა კლინტონი მიხეილ სააკაშვილს და სად  ნიკა გილაურს და გიგა ბოკერიას.

 

პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს შემთხვევით, კორიდორული ხასიათის შეხვედრასთან საქართველოს პრეზიდენტთან,  მეორე კი არის ოფიციალური შეხვედრა, რომელიც სახელმწიფო მდივნის კაბინეტში საქართველოს პრემიერ მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გაიმართა.

 

შესაძლოა ის, რასაც მე ვამბობ,  იმის ბრალია, რომ მე საბჭოთა დროს დავიბადე. საბჭოთა პერიოდში, აღლუმის დროს, პოლიტბიუროს წვერებიდან ვინ ვის გვერდით იდგა იმასაც კი  მნიშვნელობა ჰქონდა, რომ გამოგეცნო ძალთა განლაგება,

 

ანუ, ეს იყო გარკვეული მინიშნება ოფიციალური თბილისისთვის?

– ეს ვიზუალურადაც კი თვალსაჩინოა. ქალბატონ კლინტონს საკუთარ კაბინეტში საქართველოს პრეზიდენტის მიღებაც შეეძლო. თუმცა, ჩვენთან ტელევიზიები იმდენად „მიშაიზირებულები“ არიან, რომ მთავარი მომენტი გამოეპარათ.  ის, რატომ შეხვდა სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრეზიდენტს სადღაც გაეროს კორიდორში, ქსეროქსის გვერდით, სადაც ბატონი ვაშაძეც უხერხულად იშმუშნება და რატომ მიიღო საქართველოს პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საკუთარ კაბინეტში.

 

ვაშინგტონმა თბილისს ამით რა მიანიშნა?

– მარტივი რამ, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო მუშაობა საქართველოს სახელისუფლებო გუნდზე საქართველოს პრეზიდენტის გვერდის ავლით.  სატელევიზიო ფიარ–ისტერიკის ფონზე, ჩვენთან ეს მომენტი რატომღაც ყველას გამორჩა. ამ ამბავმა ედგარ პოს ერთი ცნობილი ნოველა „დაკარგული წერილი“ გამახსენა. ამ ნოველის არსი იმაშია, რომ საიდუმლო წერილი, რომელსაც ეძებენ  ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დევს. ამერიკელებმა გზავნილი ამ წერილის მსგავსად  თვალწინ დაგვიდეს. ეს გზავნილი ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს ხელისუფლებაც კი, ერთმანეთისგან იმიჯნება.

 

თუ ამ შეხვედრის მნიშვნელობას გავითვალისწინებთ, როგორ აიხსნება, რომ მას ქარტიაზე ხელმომწერი გრიგოლ ვაშაძის ნაცვლად გიგა ბოკერია  დაესწრო?

– სიტუაციის მთელი პიკანტურობა იმაშია, რომ მომენტები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, საერთოდ მიიჩქმალა.  კიდევ ერთი საინტერესო დეტალი მართლაც ის გახლდათ, რომ ამ შეხვედრას არა საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ მისი მოადგილე ესწრებოდა. ამ შეხვედრების შემდეგ ბატონ გილაურზე დამრჩა შთაბეჭდილება და ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ  საქართველოში არსებულ ფინანსურ, ეკონომიკურ და შესაბამისად პოლიტიკურ სიტუაციაზე მისი ინფორმირებულობა გაცილებით მეტია, ვიდრე ეს რიგით ქართველებს წარმოგვიდგენია. რადგან ბევრი რამ, რაც ძალიან გვიკვირს, მაგალითად იგივე ის, როგორ ძლებს ლარი აქამდე,  რა განწყობაა ბიზნეს წრეებში – ამ კითხვებზე პასუხი როგორც ჩანს ბატონ გილაურს აქვს.

 

რაც შეეხება ბატონ ბოკერიას, ის პოლიტიკური ფიგურაა, თუმცა მე რამდენადაც ვხვდები, კლინტონთან შეხვედრის შემდეგ ბატონი გილაურიც პოლიტიკურ ფიგურად იქცა.

 

ეს ყველაფერი საქართველოს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაზე როგორ შეიძლება აისახოს?

– ეს ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაზე აუცილებლად აისახება. მე, არ ვიცი როგორი იქნება პრეზიდენტის რეაგირება ამ პროცესზე.  ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად გაფორმდებოდა ისე, როგორც ამას  ტელეარხები ფუთავენ, თითქოს ეს არის საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა, მაგრამ ვხედავთ, რომ არ არის ასე.

 

ამის შემდეგ მოსალოდნელია თუ არა, რომ სააკაშვილსა და გილაურს შორის შავმა კატამ“ გაირბინოს?

– წინასწარ რაიმეს თქმა გამიჭირდება, თუმცა გეტყვით, რომ  ეს აზრი მეც გამიჩნდა.  თუმცა რაიმეს განსაზღვრა რთულია, რადგან მოვლენათა განვითარების დინამიკა არაორდინალურია. გამორიცხვით კი, მე არაფერს გამოვრიცხავ. ხელისუფლებაშიც ხალხის ნაწილს გაცნობიერებული აქვს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. არიან ისინიც, ვისაც ამ ვითარების შენარჩუნება სურთ.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მინიშნება კონსტიტუციურ ცვლილებებთან და ვენეციის კომისიის შენიშვნებისადმი მმართველი გუნდის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით გაკეთდა...

–  ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით ქალბატონ კლინტონის მიერ გაკეთებული განცხადება ცალსახა იყო.  ამ ფონზე სახელისუფლებო უმრავლესობის წვერთა მიერ გაკეთებული კომენტარები სასაცილოდ გამოიყურება. შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა საკუთარი რეკომენდაცია, რომ კონსტიტუცია ერთ კაცზე მორგებული არ უნდა იყოს. ანუ გაკეთდა მინიშნება, რომ საქართველოში, პერსონიფიცირებული ხელისუფლების ეპოქა უნდა დასრულდეს. გილაურთან შეხვედრის ფორმატიც ამის მაგალითი იყო. სამწუხარო აქ მხოლოდ ის არის, რომ ისინი ამ დასკვნამდე გვიან მივიდნენ.

 

ქართულმა მედიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სახელმწიფო მდივნის განცხადებას, რომ რუსეთმა უნდა მოახდინოს საქართველოს დე ოკუპაცია და შეასრულოს 6 პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.  ამ განცხადებაში თუ იყო რაიმე სიახლე?

– ამ განცხადებაში ახალი რა უნდა ყოფილიყო, ეს შეერთებული შტატების პრინციპული პოზიციაა და რატომ გონია ვინმეს, რომ ეს პრინციპული პოზიცია სამ ან, ექვს თვეში შეიცვლება. ვაშინგტონი ყოველთვის აღმოგვიჩენს დიპლომატიურ დახმარებას ამ სფეროში. მხარდაჭერა კი, შესაძლოა ოცი–ოცდახუთი წელიც კი გაგრძელდეს. არ დაგვავიწყდეს, იაპონიის მიერ ჩინეთის ტერიტორიების ოკუპაციის პერიოდში, ვგულისხმობ მანჯურიას, შეერთებულ შტატებს არ შეუწყვეტია ზეგავლენის მოხდენა იაპონიაზეც და მსოფლიო საზოგადოებრივ აზრზეც, რათა  იაპონიის ამ ქმედებების საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე დაკანონება არ მომხდარიყო. მიაღწია კიდევაც მზიანს და სწორედ ეს იყო მეორე მსოფლიო ომის ერთ–ერთი მიზეზი.

 

თბილისში მყოფმა ბერნარ კუშნერმა ღიად უთხრა ხელისუფლებას, რომ  რა თქმა უნდა რუსეთი ვალდებულია შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მაგრამ აუცილებელია  საქართველომ რაღაც ფორმატში  დაიწყოს დიალოგი რუსეთთან.  სახელმწიფო მდივნის განცხადებებში თუ გამოჩნდა ეს  პოზიცია?

– აქ ორ სხვადასხვა ასპექტზეა საუბარი. დიპლომატიაში კი, ასპექტი პატარა რამ არ გახლავთ. ვინმემ ქალბატონი კლინტონის განცხადება თუ ისე აღიქვა, მიდით და რუსებს რქებით შეასკდითო,  ხოლო კუშნერი გვეუბნება რქებით ნუ შეასკდებით, ცოტა ტვინითაც გაიაზრეთო, ასე არ არის. ამერიკელების და ევროპელების რეკომენდაციები ანალოგიურია –  რომ ურთიერთობების  ნორმალიზაცია უდნა მოხდეს. ამას განსაკუთრებული ხაზგასმა და დეტალიზაცია არ სჭირდება.

 

ანუ, საუბარია იმაზე, როგორ მოხდეს ურთიერთობების ნორმალიზაცია როგორც საქართველოს მხრიდან ასევე რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ასევე აბსოლუტურად არაადეკვატურად იქცევა  და ამას მას ნამდვილად ვერ „დავუკარგავთ“.

 

ამერიკელები ცდილობენ სიტუაციაზე დადებითი გავლენა დიპლომატიური არხებით მოახდინონ. როდის და რა გამოვა ამისგან,  ეს  სხვა საკითხია.