შამბა: „ომში ბოლო წერტილი კოდორის ხეობის განთავისუფლება იყო“

შამბა: „ომში ბოლო წერტილი კოდორის ხეობის განთავისუფლება იყო“

აფხაზმა მარიონეტებმა „გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღე“ იზეიმეს. „პრეზიდენტ“ ბაღაფშის განცხადებით, „აფხაზმა ხალხმა უთანასწორო ბრძოლაში ბარბაროსებზე გამარჯვება შეძლო“.  „პრემიერი“ შამბა კი ამბობს, რომ „ბოლო წერტილი ამ ომში ისტორიულად აფხაზური მიწის - კოდორის ხეობის გათავისუფლება იყო“.  

 

„პირადად თქვენ და მთელს აფხაზ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ. ეს ზეიმი ასახიერებს აფხაზი ხალხის წყურვილს თავად განკარგოს საკუთარი ბედი და იცხოვროს მშვიდობიანად და თანხმობით ყველა მეზობელთან. დღეს აფხაზი ხალხის არჩევანს განვითარდეს თავისუფლად და დამოუკიდებლად ხორცი ესხმება“, – ნათქვამია მარიონეტებისადმი პრეზიდენტ მედვედევის მისალოც დეპეშაში.

 

„გამარჯვების დღესთან“ დაკავშირებით სოხუმში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. სეპარატისტებმა გვირგვინებით შეამკეს ომში დაღუპულ „ბოევიკთა“ ხსოვნის მემორიალი. სეპარატისტები ასევე ჩაატარეს საზეიმო მიტინგი, რომელზეც, სიტყვით გამოვიდნენ ე.წ. სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალიას ლაბახუა და ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა.

 

დღის 12:30 საათზე სეპარატისტთა ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ნაწილებმა სოხუმის ცენტრში საზეიმო მარშით ჩაიარეს. 13:00 საათზე სეპარატისტებმა გვირგვინებით შეამკეს აფხაზ სეპარატისტთა იდეოლოგის ვლადისლავ არძინბას მემორიალი. 14:00 საათზე სოხუმის ფილარმონიაში გაიმართა საზეიმო კონცერტი. საღამოს კი 22:00 საათზე სოხუმის ცაზე ფოიერვერკები გაუშვეს.

 

„უკვე მე-17 წელია ჩვენი ხალხი გამარჯვების დღეს აღნიშნავს, მტერზე, რომელმაც ქვეყნის ოკუპირება მოახდინა და ქალაქებსა და სოფლებში ცეცხლი და სიკვდილი მოიტანა“, – განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა თანამემამულეებისადმი სიტყვით მიმართვის დროს და მათ „გამარჯვების დღე“ მიულოცა.

 

ბაღაფში თავის მისალოც სიტყვაში ქართველებს „ბარბაროსებს“ უწოდებს და აცხადებს, რომ „აფხაზეთისათვის ამ საბედისწერო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავში ეროვნული გმირი ვლადისლავ არძინბა ჩადგა, რომელმაც შეძლო ქალისა და კაცის, მოხუცისა და ახალგაზრდის ერთ ბუშტად შეკვრა ბარბაროსების წინააღმდეგ ბრძოლაში“.

 

„ძალიან ცდებოდნენ ისინი, ვინც ფიქრობდა, რომ ჩვენს გატეხვასა და მთავარ მიზანზე ჩვენს მიერ უარის თქმას იძულებით შეძლებდნენ. ჩვენ მედგრად ვიდექით, ყველაფერს გავუძელით და ამჟამად მივიწევთ წინ. ყოველ წელს აფხაზეთში უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული ჩვენი შვილების მემორიალები იხსნება. ისინი საჭიროა იმისათვის რათა მომავალმა თაობამ იცოდეს, თუ რისთვის და როგორც იბრძოდნენ მათი წინაპრები.

 

დაე ეს აღარასოდეს განმეორდეს მეტი. მჯერა ჩვენ შევძლებთ აფხაზური სახელმწიფოს აშენებას. ამ უდიდეს გამარჯვებას გილოცავთ თანამემამულეებო!“, – აცხადებს ბაღაფში თავის სიტყვაში.

 

„დღეს უკვე 17 წელიწადია რაც ჩვენი ქვეყანა თავისუფალია – ასე დაიწყო თავისი სიტყვა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ სოხუმში ე.წ. გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიტინგზე.

 

სიტყვით გამოსვლისას სერგეი შამბამ აღნიშნა, რომ ყოველწლიურად 30 სექტემბერს აფხაზეთში არსებულ „დიდების მემორიალთან“ სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი მოდის.

 

„ეს მოწმობს მხოლოდ იმას, რომ ჩვენი მეხსიერება ინახავს მათ სახელებს ვისი ვინაობაც ამოტვიფრულია ამ მემორიალზე“.

 

„ჩვენ გრძელი და მძიმე გზა გავიარეთ, ხოლო ომის შემდეგ ვიწვნიეთ კიდევ არაერთი აგრესია - 1998, 2001 და 2008 წლებში. ბოლო წერტილი ამ ომში მაშინ დაისვა, როდესაც 2008 წელს განთავისუფლდა ისტორიულად აფხაზური მიწა – კოდორის ხეობის ზედა ნაწილი“, – აცხადებს შამბა.

 

ე. წ. გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში ოსი სეპარატისტების დელეგაციამაც მიიღო მონაწილეობა. დელეგაციაში შედიოდნენ ე. წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერი სტანისლავ კოჩიევი, მისი თანაშემწე ოლეგ გაბოძე და ე. წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელი ანატოლი ბიბილოვი.

   

პრეზიდენტმა მედვედევმა აფხაზ სეპარატისტებს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის“ დღეს მიულოცა. მედვედევმა ამ „ღირშესანიშნავ თარიღთან“ დაკავშირებით სოხუმში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის სახელზე მისალოცი დეპეშა გამოაგზავნა.

 

აფხაზური მედიის ინფორმაციით, დიმიტრი მედვედევის მისალოცი დეპეშა, სოხუმში 30 სექტემბრისადმი მიძღვნილ მიტინგზე ხმამაღლა აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ელჩის შემსრულებელმა ვლადიმერ ბოგოლიუბოვმა წაიკითხა.

 

„პირადად თქვენ და მთელს აფხაზ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ. ეს ზეიმი ასახიერებს აფხაზი ხალხის წყურვილს თავად განკარგოს საკუთარი ბედი და იცხოვროს მშვიდობიანად და თანხმობით ყველა მეზობელთან. დღეს აფხაზი ხალხის არჩევანს განვითარდეს თავისუფლად და დამოუკიდებლად ხორცი ესხმება“, – ნათქვამია მედვედევის მისალოც დეპეშაში.

 

ამას გარდა, რუსეთის პრეზიდენტი აფხაზ სეპარატისტებს დახმარებას მომავალშიც პირდება და აცხადებს: „მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ მეგობრული აფხაზეთისათვის დახმარების გაწევას“.

 

შეგახსენებთ, რომ სოხუმის დაცემიდან17 წელი გავიდა. თბილისისთვის ეს დღე სიმბოლოა იმისა, თუ როგორ ვერ მოახერხა საქართველომ გარედან მოხვეული ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილება.

 

1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ დაარღვია 27 ივლისის სოჭის ხელშეკრულება და სოხუმზე შტურმი დაიწყო. 11-დღიანი ბრძოლის შემდეგ აფხაზურ-რუსულმა შენაერთებმა და ჩრდილოეთ კავკასიელმა „ბოევიკებმა“ სოხუმის აღება შეძლეს. ამის შემდეგ მოწინააღმდეგე მხარემ აიღო ქალაქები გულრიფში, ოჩამჩირე, გალი და მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები დაიკავა.

 

27 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა, მთვარობის კიდევ 27 წევრი მძევლად აიყვანეს და იმავე დღეს დახვრიტეს.

აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი აფხაზეთში 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. საომარ მოქმედებებში ქართული მხარიდან 10 ათასამდე მოქალაქე და ჯარისკაცი დაიღუპა; 300 ათასამდე ადამიანი კი, დევნილად იქცა.