დათვის ღრიალი

დათვის ღრიალი

[Financial Times - ის სარედაქციო წერილი]

კრემლს მისი მოწინააღმდეგეების მიმართ ასეთი ხმაურიანი კამპანია მას შემდეგ არ უწარმოებია, რაც მიხეილ ხოდორკოვსკი გაანადგურა. მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის მოხსნა, რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან მის კონფლიქტს მოჰყვა.

 

ბატონი ლუჟკოვი პარტია „ერთიანი რუსეთის“ ხელმძღვანელებში შედიოდა, იმ პარტიის ხელმძღვანელებში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი პუტინი პარლამენტში ეყრდნობა და შესაბამისად მას დისიდენტს ვერ უწოდებ, თუმცა ბოლო დროს ის კრემლს ნერვზე დააჯდა და ბოლო წვეთი გახდა მისი სტატია, სადაც ის პრეზიდენტს იმის გამო აკრიტიკებდა, რომ ამ უკანასკნელმა მოსკოვი-სანკტ-პეტერბურგის ავტომაგისტრალის მშენებლობა შეაჩერა.

 

რაც კიდევ უფრო უარესია, მერმა წერილში მიანიშნა, რომ 2012 წელს სასურველია პრეზიდენტის პოსტზე ბ-ნი მედვედევი ბ-მა პუტინმა შეცვალოს. მერის სტატიას სახელმწიფოს მხრიდან კონტროლირებადი მედია-საშუალებების კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა, რაც მისი გადადგომისკენ მოწოდებების საბაბად იქცა. ბ-მა ლუჟკოვმა წასვლაზე უარი სთქვა და პრეზიდენტს უბიძგა ის საკუთარი ბრძანებით მოეხსნა. მედვედევი ასეც მოიქცა.

 

მერი აშკარად ძალიან დიდხანს შემორჩა საკუთარ პოსტზე. ბატონმა ლუჟკოვმა არჩევნებში სამჯერ გაიმარჯვა. მისი მმართველობის დროს მოსკოვმა პოსტ-საბჭოთა სიღატაკიდან კეთილდღეობამდე მიაღწია (თუმცა ის ცოტა არ იყოს უგემოვნო ხდება), მაგრამ საუბედუროდ მას კორუფციიის გავრცელებასთან ბრძოლისთვის, რაც ქალაქის განახლებას თან ახლდა, ბევრი არაფერი გაუკეთებია.

 

ასევე იმან, თუ როგორ მოიქცა ის ზაფხულში, როდესაც მოსკოვი მომწამვლელმა ნისლმა მოიცვა, მისი როგორც ქალაქის მმართველის ლეგიტიმურობა, სერიოზულად დააყენა ეჭვქვეშ. ლუჟკოვის საწინააღმდეგო დოკუმენტურ ფილმში ნათქვამია, რომ სამაგიეროდ ამ დროს მან საყვარელი ფუტკრების ევაკუაცია მოახდინა, თუმცა თავად ლუჟკოვი ამას უარყოფს.

 

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ლუჟკოვის ვარგისიანობის ვადა აშკარად ამოიწურა, ის მიუღებელი მეთოდით მოიშორეს. მისი გადაყენება მოჰყვა არა მისი, როგორც მმართველის აშკარა ხარვეზებს, არამედ ბატონი მედვედევის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას. კამპანია რომელიც მის გადაყენებას უძღოდა წინ, უსიამოვნოდ წააგავდა 1990-იანი წლებისთვის დამახასიათებელ ბინძური კომპრომატების ომს.

 

ლუჟკოვი რეგიონის მესამე მმართველია, თათრეთის და ბაშკირეთის პრეზიდენტების შემდეგ, რომლებიც წელს მედვედევმა გადააყენა. პრეზიდენტები თავად წავიდნენ, ლუჟკოვს კი მოხსნა დასჭირდა.

 

რუსეთის პრეზიდენტის ქმედებები ცხადყოფს, რომ ის არ უფრთხის ჩინოვნიკების მოხსნის უფლების გამოყენებას, თუმცა შეუძლია თუ არა მას რეალურად შეარყიოს რუსული კლეპტოკრატია, ეს მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როდესაც ის ლუჟკოვის მემკვიდრეს დანიშნავს.

 

იმედი ვიქონიოთ, რომ ის ამას შესძლებს. პრეზიდენტის პოსტზე მუშაობის დაწყებისას ბატონმა მედვედევმა პირობა დადო, რომ ის ამოძირკვავდა სამართლებრივ ნიჰილიზმს, რომელიც თანამედროვე რუსეთს ამახინჯებს. უკვე დროა ამ საქმეს ხელი მოკიდოს.

Foreignpress.ge