[ნინო მიქიაშვილი]
“აიბი ევროკავკასიური უნივერსიტეტის“ ასოცირებულ პროფესორს, ზურაბ მარშანიას, რომელიც 1996–2003 წლებში იყო საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი ბალტიის ქვეყნებსა და უკრაინაში, პრესა.გე ფილარმონიაში გამართული მოსამზადებელი კონფერენციის დასრულების შემდეგ შეხვდა და ესაუბრა; ამ ღონისძიებას, რომელმაც სახალხო წარმომადგენლობითი კრება უნდა მოამზადოს, ზურაბ მარშანიაც ესწრებოდა.
რას მოიტანს ფილარმონიაში ჩატარებული მოსამზადებელი კონფერენცია?
ზურაბ მარშანია: პოლიტიკური პროცესების გამოხატული სტაგნაციის ფონზე ნებისმიერი მოვლენა, რაც საზოგადოების პოლიტიკურ გააქტიურებასთანაა დაკავშირებული, პოზიტიურია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახალხო წარმომადგენლობითი კრების იდეა მნიშვნელოვანწილადაა საზოგადოების აქტივობის შედეგი, მით უმეტეს, ვფიქრობ, რომ საინტერესო მოვლენაა, რომელიც საქართველოში საინტერესო პროცესებს სათავეს დაუდებს.
კონკრეტულად რა პროცესების სათავე შეიძლება გახდეს ეს ღონისძიება?
– საქართველოში ეს სტაგნაცია განპირობებულია ძალიან გაურკვეველი, აჭრილი პოლიტიკური ვითარებით; ძირითადი პოლიტიკური ძალები დაბნეულები არიან, რა გააკეთონ არ იციან. ეს დაბნეულობა და დაქსაქსულობა რა თქმა უნდა, წყალს ხელისუფლების წისქვილზე ასხამს და ამტკიცებს ისედაც მთელ მსოფლიოში საკმაოდ ფეხმიკიდებულ, არც თუ უსაფუძვლო აზრს ქართული ოპოზიციის უკიდურესი სისუსტის შესახებ (სისუსტეში უპერსპექტივობაც იგულისხმება).
სუსტი ოპოზიცია ცუდია არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ ხელისუფლებისთვისაც, რადგან სუსტი ოპოზიციის პირობებში ძალაუფლების აბსოლუტურობა მატულობს და ხელისუფლება ირყვნება. ძლიერი ოპოზიცია, ხელისუფლებისთვის გარკვეულწილად მასტიმულირებელი ფაქტორია, რათა ის იყოს უფრო მობილიზებული და უშვებდეს ნაკლებ შეცდომებს. არ ვიცი ჩვენი ხელისუფლება ამას რამდენად ხვდება, მაგრამ იდეაში ასეა და ასე უნდა იყოს.
სახალხო წარმომადგენლობით კრების იდეას, უპირველესად მაინც განვიხილავ, როგორც მაკონსოლიდირებელი ხასიათის იდეას.
თქვენი პროგნოზით, რას იზამენ ოპოზიციური პარტიები 25 ნოემბრამდე – დიდი კრების ჩატარებამდე?
– 25 ნოემბერი, სახალხო წარმომადგენლობითი კრების პირველი სხდომის დღე, იქნება პირველი ნაბიჯი საკმაოდ რთულ გზაზე. ეჭვი მეპარება, რომ ეს გზა იქნება მოკლე; ეჭვი მეპარება, ქართველი პოლიტიკოსების კონსოლიდაცია მოხდეს ასე სწრაფად, რომ 25 ნოემბრამდე ყველა მიირბენს და სახალხო წარმომადგენლობით კრებაში გაერთიანდება. ეს გამორიცხულია, მაგრამ რაღაც პროცესები დაიწყება.
შეიძლება კომბლებით მოხდეს ხელისუფლების გასტუმრება?
– და “ვარდების რევოლუცია“ კომბლებით არ მოხდა?!
დასაშვებად მიგაჩნიათ 25 ნოემბერს იგივეს გამეორება?
– რა თქმა უნდა, არა, მაგას 100%–ის ალბათობით გამოვრიცხავ. ახლა ლენინის ციტირება არაპოპულარულია, მაგრამ ლენინი, ჩვენი ოპოზიციისგან განსხვავებით და “ვარდების ხელისუფლების“ მსგავსად, კარგი რევოლუციონერი იყო – 1917 წლის ოქტომბერში გადატრიალება ეფექტურად მოახდინა. ის ლაპარაკობდა, რომ რევოლუცია მაშინ ხდება, როცა ხელისუფლება, ანუ ზემო ფენები ძველებურად ვეღარ მართავენ და ქვემო ფენებს, ანუ ხალხს, ძველებურად ცხოვრება აღარ შეუძლიათ.
ჯერჯერობით ასე არ არის – ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენს ხალხს მშვენივრად შეუძლია კიდევ ამ რეჟიმის პირობებში ცხოვრება და ხელისუფლებაც მშვენივრად მართავს.
25 ნოემბერს ხალხი შეიკრიბება, ემოციები დაიღვრება და შემდეგ სახლებში დაბრუნდებიან?
– ერთი მოვლენისაგან რევოლუციური მუხტის წარმოშობას ნუ ველოდებით; ბუნებაში ასე არ ხდება. რევოლუციის მიზეზი ხანდახან აბსოლუტურად უმნიშვნელო რამ ყოფილა. მაგალითად, ავიღოთ რუსეთში მომხდარი რევოლუცია, რომელიც წარმოშვა მხოლოდ და მხოლოდ იმან, რომ რამდენიმე დღით სანქტ პეტერბურგში (მაშინ პეტროგრადი ერქვა) ხორბლის შეზიდვამ დაიგვიანა და 1917 წლის თებერვალში არნახული ამბავი მოხდა – ხალხი პურს ვერ ყიდულობდა და რიგში იდგა. მანამდე რუსეთის იმპერიაში ცნება „რიგი“ არ არსებობდა. აი, ეს იყო რევოლუციის მიზეზი – იქ არანაირი შეკრება და ყრილობა არ ჩატარებულა.
მაშინ ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა, განსაკუთრებით – ექსტრემისტული, ბოლშევიკური ძალები დეპრესიაში იყვნენ; უმრავლესობა დაჭერილი იყო; სტალინი სასჯელს ტურუხანსკის მხარეში იხდიდა, საიდანაც მოგვიანებით გამოიპარა; ლენინი შვეიცარიაში იმყოფებოდა და იქ პარტიული ფულით დროს მშვენივრად ატარებდა... მაგრამ, უცებ, რევოლუცია მოხდა.
შეიძლება თუ არა, 25 ნოემბერს უხეშად რომ ვთქვათ, ისეთივე ბოლის გამოშვება მოხდეს, როგორც ეს 26 მაისს, სტადიონზე იყო?
– რატომღაც მგონია, რომ ეს თავიდან ბოლომდე კრების ორგანიზატორებზე იქნება დამოკიდებული. თუ ბოლის გამოშვების მიმართულებით წაიყვანენ, მაშინ ასე იქნება, მაგრამ არ მგონია 25 ნოემბერს მოხდეს ბოლის გამოშვება. ორგანიზატორების სულისკვეთება საკმაოდ სერიოზულია – სულით და გულით უნდათ გადალახონ ის პოლიტიკური სტაგნაცია, რაშიც ქართული საზოგადოება იმყოფება. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
თუ ხელისუფლება ტვინს გაანძრევს, შეიძლება ცუდი მანაც არაფერი დაინახოს. ჩემი სურვილი ყოველთვის არის გვირაბის ბოლოს შუქის გამოჩენა. ჩვენი ხელისუფლების 7–წლიანი მმართველობა ამის დიდ იმედს არ მაძლევს, მაგრამ ხომ იცით, იმედი ბოლოს კვდება. შეიძლება გონიერმა აზრმა გაიმარჯვოს.
ყოველ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები მიდის, ხელისუფლებაზე ყოველთვის არის გარკვეული პრესი (ამ სიტყვის პოზიტიური გაგებით), ზედაწოლა ოპოზიციის მხრიდან, რაც ხელისუფლებაზე ძალიან პოზიტიურ გავლენას ახდენს – ნაკლებ შეცდომებსაც უშვებს და საბოლოო ჯამში, ქვეყნისთვის კარგი გამოდის. იქნებ მოხდეს სასწაული და საქართველოში გაჩნდეს ის, რასაც საზოგადოებაში თანხმობა და დიალოგი ჰქვია (რისიც, მართალი გითხრათ, არ მჯერა), თუნდაც იმისთვის, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზით წავიდეს.
ამ სტაგნაციის პირობებში ხელისუფლება გაირყვნა, განებივრდა, შეიძლება ითქვას, რომ “გაგულავდა“. ეს რაღაცნაირად შეიზღუდება, რაც ვიმეორებ, თავად ხელისუფლებისთვისაც კარგია – ნაკლებ სისულელეებს გააკეთებენ, თავიანთ საქციელს უფრო დაუკვირდებიან.
რა როლში იქნებიან ოპოზიციური პარტიები, თუ სახალხო კრებას არ შეუერთდებიან?
– როგორც პოლიტოლოგი და პოლიტიკური პროცესების ანალიტიკოსი, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების გამოცოცხლება და პოლიტიკური პროცესების წინსვლა, ოპოზიციის გაძლიერებაზეა დამოკიდებული – ოპოზიცია ისეთი ძლიერი უნდა გახდეს, რომ ხელისუფლებამ ანგარიში გაუწიოს.
მგონი არც უნდათ ხომ გაძლიერება, ისე არიან გაჩერებულები?!
– შეიძლება ბევრს არ უნდა! ეს მათ უნდა ვკითხოთ. სხვათა შორის, ეს წარმომადგენლობითი კრება, მშვენიერი ლაკმუსის ქაღალდია – გამოჩნდება ვის უნდა და ვის არ უნდა. იქ გამოცხადდა შალვა ნათელაშვილის სოლიდარობა, ნინო ბურჯანაძის მხარდაჭერა. გამოდის რომ მათ უნდათ. თუ დანარჩენს არ უნდა, ესე იგი არ უნდათ ამ პოლიტიკური პროცესის კონსოლიდირება. ასეთ პოზიციაზე მყოფთ პერსპექტივა არ აქვთ; ხელისუფლების სატელიტად, ცრუ ოპოზიციურ პარტიად უნდა გადაიქცნენ.
ამგვარ პოზიციაზე ყოფნა საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებას ხელს არ შეუწყობს. ნებისმიერი ჩემი კომენტარის, პუბლიკაციის დროს ყოველთვის კონსტრუქტივიზმის შეტანას ვცდილობ – მაინც, იმედი მაქვს, რომ გონიერი საწყისი ხელისუფლებაშიც არსებობს და ოპოზიციაშიც.
რას გულისხმობთ გონიერ საწყისში?
– სახელმწიფოებრივ აზროვნებას, სახელმწიფოს, ერის წინაშე პასუხისმგებლობას; ვიღაცას მეტი აქვს, ვიღაცას ნაკლები და იქნებ ვიღაცაში რაღაცამ გაიღვიძოს. წარმომადგენლობითი კრება და ამის მსგავსი პროცესები, ვფიქრობ, იმის მასტიმულირებელია, რომ გონიერი საწყისი წარმოიქმნას, როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში. ჩემს გამოსვლებში ოპტიმიზმი ნახეთ?! – მგონი არა. დიდი ოპტიმისტი არა ვარ, მაგრამ რაღაც იმედი მაინც არსებობს.