დაძმარდება, თუ დაღვინდება ქართული დიპლომატია?

დაძმარდება, თუ დაღვინდება ქართული დიპლომატია?

“დიპლომატს კარგი ღვინოსავით უნდა დაყენება. როგორც ღვინოს და კონიაკს სჭირდება მრავალი წელი, რომ გახდეს ის, რაც არის – ძვირფასი კონიაკი და ძვირფასი ღვინო – დიპლომატს ასე უნდა მოუარო და მოეფერო. რადგან შენ ამ დიპლომატის აღზრდაში ფული გაქვს ჩადებული, კადრები უნდა შეინარჩუნო და თვალისჩინივით გაუფრთხილდე”, - დაახლოებით ასე ჟღერდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, როცა ის თანამდებობაზე დაინიშნა.

 

გრიგოლ ვაშაძის ეს მრწამსი, პრაქტიკაში, ბევრი “ნაციონალური” დოგმის წინაშე უძლური აღმოჩნდა. ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, როგორ მისცა შენიშვნა ბელგიის სენატის ყოფილმა თავმჯდომარემ, ან-მარი ლიზინმა ჩვენს ელჩს ბელგიასა და ევროკავშირში - სალომე სამადაშვილს: “შენ არ ხარ სააკაშვილის ელჩი, შენ ხარ ქვეყნის ელჩი”. ეს შენიშვნა სამადაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც მან  ევროპაში ერთ-ერთ გავლენიან პოლიტიკოსს ოპოზიციაში გადასული საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის “მარგინალობასა” და “რუსეთის აგენტობის” შესახებ დაუწყო საუბარი.

 

ნაციონალურიდოგმა დიპლომატებისთვის...

რა ემართებათ ელჩებს, თუ ისინი არ არიან “სააკაშვილის ელჩები და უბრალოდ ქვეყნის ელჩები” არიან? დაახლოებით ასეთი რამ: არც 27 წლის ასაკში დანიშნავენ ელჩად, არც პროფესიულ გამოცდილებას დაუფასებენ და სამსახურსაც უფრო ერთგული “ნაციონალის” გამო დაატოვებინებენ. გერმანიასა და ნიდერლანდებში საქართველოს ყოფილი ელჩი მაია ფანჯიკიძე უკვე გახდა ამ დოგმის მსხვერპლი.

 

ფანჯიკიძის გათავისუფლების ოფიციალურ ბრძანებაში სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი მითითებული არ არის. ტელევიზიებით გაჟღერებული სამთავრობო ვერსიით, ელჩის ვადაზე ადრე გამოწვევა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსის ჰოლანდიური ვიზიტისა და იქ მომხდარი ინციდენტი გამო მოხდა. თუმცა, არაოფიციალური ვერსიით, ფანჯიკიძეს სიძის, ირაკლი ალასანიას ოპოზიციაში წასვლის გამო დაატოვებინეს თანამდებობა.

 

თანამდებობიდან გათავისუფლებულმა სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა, მაია ფანჯიკიძემ, მინისტრ ვაშაძეს უთხრა: “ბატონო მინისტრო, 16 წლის მანძილზე თუ მეტი ვერფერი მიპოვნეთ, რაზეც შარი შეგეძლოთ, მოგედოთ, ე.ი. ძალიან მაგრად მიმუშავია”. “ამაზე მას არაფერი უთქვამს და მე ჩავთვალე, რომ მან ეს გაიზიარა” – იხსენებს ფანჯიკიძე.

 

ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ფანჯიკიძის თანამდებობიდან გათავისუფლების ისტორიას მოგიყვებით, შედარებისთვის, გერმანიაში დანიშნული ყოფილი ელჩის ისტორიას მოგითხრობთ.

 

ელჩისთვის გამოცდილება აუცილებელია, მაგრამ არიან ქართველი ელჩები, რომლებიც ყველა პრეზიდენტის დროს არიან ელჩები, ანაც ერთი და იგივე ქვეყანაში დიდხანს რჩებიან ამ რანგში, მაგალითად კოტე გაბაშვილი, გრიგოლ ქათამაძე. მათ თანამდებობიდან არავინ ათავისუფლებს...

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე: “მთელი ცხოვრება ადამიანი შეიძლება, იყოს ელჩი. ეს არ არის პრობლემა, რის ფასად რჩები მთელი ცხოვრება ელჩად, ეს არის პრობლემა. ამაზე მეტ კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ იმიტომ, რომ დანარჩენი - მთელი საქართველოსთვისაა ცნობილი. რაც შეეხება თანამდებობიდან გათავისუფლებას, ერთეული შემთხვევების გარდა, როგორც წესი, თუ სააკაშვილის სურვილი რომელიმე ელჩმა ვერ შესრულა, ან ვერ მოაწყო უმაღლესი რანგის შეხვედრა, იმიტომ, რომ არ უნდათ სააკაშვილთან შეხვედრა, ან უფრო უარესსაც გეტყვით, ვერ დახურა რომელიმე ღამის კლუბი, როგორც ეს ერთხელ ინგლისში მოხდა, შეიძლება, ელჩს თანამდებობა დაატოვებინონ.

 

თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ ქართველ ელჩზე საყვედური გამოგზავნა რომელიმე ქვეყანამ? გასაგებია, რომ, როგორც წესი, ასეთ უკიდურეს ფორმას სახელმწიფოები არ მიმართავენ.

- მართალია, როგორც წესი, ასეთი რამ არ ხდება დიპლომატიურ პრაქტიკაში. იმ ქვეყნებში, სადაც ნორმალური დიპლომატიური სამსახურია, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ელჩებს შენიშვნებს არ აძლევენ. თუმცა, იყო შემთხვევა, როცა რუსეთში ელჩად დაინიშნა ადამიანი, რომლის მიმართაც არამარტო იქაურ ხელისუფლებაში, არამედ რუსეთის ბიზნეს-წრეებშიც ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები გაჩნდა. ამ ადამიანის ელჩობით რუსეთის ხელისუფლება თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა (ბურჯანაძე არ ასახელებს, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, საქმე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, შემდეგში კი საქართველოს ელჩს რუსეთში – ირაკლი ჩუბინიშვილს ეხება - პ.გ).

 

ასევე იყო გერმანიაში, როდესაც ელჩად დანიშნეს ადამიანი, რომელიც თავის დროზე გერმანიის საელჩოში ტექპერსონალად მუშაობდა. რაც არ უნდა პოზიტიური შეხედულება ჰქონოდათ ამ ადამიანზე, ბუნებრივია, გერმანია ვერ აღფრთოვანდებოდა ასეთი ელჩით, რომელიც ტექნიკური პერსონალი იყო და შემდეგ ელჩად დაინიშნა სუპერსახელმწიფოში.

 

როგორ უნდა მოახერხო ისე, რომ იმ ქვეყანაში, რომელთანაც ასეთი ახლო ურთიერთობა გვაქვს და ლამისაა, კონფედერაციაზე ლაპარაკობ, დანიშნო ისეთი ელჩი, რომელსაც აგრემანს (უცხო ქვეყნის თანხმობა ელჩის კანდიდატურაზე - პ.გ) არ აძლევს აზერბაიჯანის მხარე? როგორც კი აზერბაიჯანში ელჩობის კანდიდატად ირაკლი ქავთარაძე გამოცხადდა, იმ წუთში ვიცოდი, რომ ის აგრემანს ვერ მიიღებდა. რა თქმა უნდა, ეს იცოდა ხელისუფლებამ. რომ ეფიქრათ და ეაზროვნათ, მიხვდებოდნენ, მაგრამ იმდენად გათავხედებულები არიან, ამათ ჰგონიათ, რაც სურთ, ის უნდა გაუვიდეთ და გადადგეს კიდეც ეს ნაბიჯი. ეს სამარცხვინოა.

 

იმდენად ბეცი ხარ საერთაშორისო პოლიტიკასა და დიპლომატიაში, რომ აგერ, ყურისძირში უახლოესი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი რომ გყავს, იქ ნიშნავ ელჩს, რომელსაც აგრემანს არ აძლევენ. ეს არის დიპლომატიის კრახი.

 

საქართველომ თავისი საგარეო პოლიტიკური ფუნქცია პრაქტიკულად, დაკარგა. ეს არ არის მარტო ელჩების ბრალი, იმიტომ, რომ, როცა შენს პრეზიდენტს არაადექვატურად თვლიან და დასცინიან, ელჩმა რაც არ უნდა სცადოს, ის შეხვედრას ვერ მოაწყობს. როცა ამერიკაში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ობამა სააკაშვილს არ უნდა შეხვდეს, თუნდაც ბირთვული სამიტის ფარგლებში, ყურებზე რომ გაიაროს ელჩმა, ის რა თქმა უნდა, ვერაფერს გააწყობს. არ მინდა, მთელი დიპლომატიური წარუმატებლობის ჯოხი, ან საგარეო საქმეთა სამინისტროზე გადავტეხო, ანდა დიპლომატებზე. ეს უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ბრალია”.

 

ბურჯანაძემ არ დაგვისახელა ელჩი, რომლის ამ თანამდებობაზე დანიშვნაც გერმანულმა მხარემ გააპროტესტა, თუმცა, მისი ვინაობის გარკვევა, არც ისე ძნელი აღმოჩნდა. 2007 წელს გერმანიაში ელჩად ლევან დუჩიძე დაინიშნა. მაშინ დუჩიძე 27 წლის იყო. თუმცა, ის უკვე გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი.

 

დუჩიძე მოულოდნელად დანიშნეს გერმანიაში საქართველოს ელჩად. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დუჩიძის კანდიდატურით გერმანელები იმიტომ გაღიზიანდნენ, რომ რამდენიმე წლის წინ ყოფილი დეპუტატი საქართველოში აკრედიტებულ გერმანიის საელჩოში მუშაობდა თარჯიმნად. ქართული მხარე იძულებული გახდა, სხვა კანდიდატურა მოეძებნა და დუჩიძე უკან, სამშობლოში გამოეწვია.

 

ქართულ დიპლომატიაში არსებული ტენდენციებისა და პარტიული ერთგულების კიდევ ერთი მაგალითია უკრაინის საელჩო და მისი ელჩი.

ფაქტია, ერთგულებას პარტია იმითაც აფასებს, რომ წლების მანძილზე, შეიძლება ისე მართო ერთი ქვეყნის საელჩო, შენს გათავისუფლებაზე არავინ იფიქრებს. სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა საგაზეთო ინტერვიუებში თავად აცხადებს, ვერაფრით შეძლო თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა საქართველოს ელჩი უკრაინაში, გრიგოლ ქათამაძე.

 

თავად სალომე ზურაბიშვილი აიძულეს წასულიყო თანამდებობიდან. აქ არც ისაა დასავიწყებელი, რომ მაშინ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დაპირისპირებული იყო პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან, გრიგოლ ქათამაძეს კი, კარგი ურთიერთობები ჰქონდა, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილთან, გავლენიან პარლამენტარებთან, ასევე ბურჯანაძესთან და მის მეუღლესთან – ბადრი ბიწაძესთან. 

 

მე როგორ მომექცნენ  და სხვას რას უზამენ

ელჩი ქათამაძის შესახებ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ სტატიას, მანამდე კი ერთ კითხვას დავსვამთ, რომელსაც, ალბათ, თავად ჩვენი რესპოდენტი მაია ფანჯიკიძე გასცემს პასუხს საკუთარი ისტორიით: პარტიული უსაფრთხოება, თუ ქვეყნის უსაფრთხოება – რომელი უფრო “ნაციონალური” მცნებაა “ნაცებისთვის”?

 

რა გახდა თქვენი სამსახურიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი და კანცელარიის თანამშრომელს რატომ ვერ დახვდით, როგორც წესია, ისე?

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩი მაია ფანჯიკიძე: “არსებობს ოფიციალური სტუმარი, რომელიც გატყობინებს, რომ ის ჩამოდის იმ ქვეყანაში, სადაც შენ ელჩი ხარ. გეუბნება, რომ მე მაქვს შეხვედრები ამასთან, ამასთან ამასთან, მაქვს ასეთი და ასეთი პროგრამა. ან მეორე ვარიანტი, როცა გირეკავენ და გეუბნებიან, მინდა, ჩამოსვლა და შეხვედრა პიროვნებებთან, გამიკეთე ეს შეხვედრა.

 

ელჩი ვალდებულია ეს შეხვედრა მოუწყოს, ვინც არ უნდა იყოს ეს სტუმარი, რომელი უწყებიდანაც არ უნდა იყოს, მათ შორის - ოპოზიციასაც აქვს თავისი უფლებები და ყველას უნდა შეუწყო ხელი. შენ შეიძლება, ოპოზიციის პოზიციები არ გაიზიარო იმ შეხვედრებზე, მაგრამ, ოპოზიციური ფრაქციის ხელმძღვანელმა პარლამენტიდან რომ დაგირეკოს და გითხრას, ჩამოდის და თავის კოლეგებთან უნდა შეხვედრა, უფლება არ გაქვს, მას ეს შეხვედრები არ მოუწყო. ძალიან ხშირად გვყოლია გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საქართველოში სტუმრად და საქართველოს პარლამენტს მოუწყვია შეხვედრები ისე, რომ არ უკითხავს, ოპოზიციიდან ხარ თუ მმართველი პარტიიდან.

 

თუმცა, როდესაც უცხო ქვეყანაში ჩადის სახელმწიფო უწყების თანამშრომელი, სულ ერთია - რომელი უწყებიდან, პროცედურა არის ასეთი: საგარეო საქმეთა სამინისტროს ატყობინებს, რომ მე მივდივარ ამა და ამ ქვეყანაში, გთხოვთ, დაავალოთ საელჩოს და ჩამოთვლის - რა. იქნება ეს დახვედრა, გაცილება, რაღაცით უზრუნველყოფა, ზოგს მანქანა სჭირდება, ზოგს ტელეფონი, ზოგს შეხვედრების დაგეგმვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დეპარტამენტმა, ჩემს შემთხვევაში ეს არის ევროპული დეპარტამენტი, უნდა მოგწეროს წერილი და გითხრას – “ამ რიცხვიდან ამ რიცხვამდე ჩამოდის ესა და ეს ადამიანი, გთხოვთ, უზრუნველყოთ”. და, ჩამოთვლიან, რითი უნდა ვუზრუნველვყოთ.

 

ეს უკვე არის დავალება და ამ დავალებას ყველა საელჩო უნდა ასრულებდეს. ჩემი დიპლომატიური კარიერის დროს, რომელიც 16 წელი გრძელდებოდა, არ მახსოვს არც საკუთარი თავისგან და არც იმ პერიოდიდან, როცა ელჩი არ ვიყავი, რომ რომელიმე ასეთი სახის დავალება არ შეგვესრულებინოს. რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს შემთხვევას, ბატონი კერესელიძე, რომელიც არის პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი ჩამოვიდა ჰოლანდიაში, მე არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. დღემდე არ ვიცი, რა საქმეზე იყო ჩამოსული, არ ვიცი რა შეხვედრები ჰქონდა და ვისთან ჰქონდა ეს შეხვედრები. თუმცა, იგი იმ წერილში, რომელიც გახდა მთელი ამ ისტორიის საფუძველი, აღნიშნავს, რომ იმყოფებოდა მივლინებაში.

 

არც პირადად დაურეკავს და არც ოფიციალური წერილი მიგიღიათ, რომ კერესელიძე ჩამოდიოდა ჰოლანდიაში მივლინებით?

- არც ოფიციალური წერილი ყოფილა და არც - ზარი. ის ჰოლანდიაში მეუღლესთან ერთად იყო, როგორც შემდეგ ირკვევა, ახლობელთან ჩამოვიდნენ. ან მას, ან მის მეუღლეს, ეს ზუსტად არ ვიცი, ჰყავთ ნათესავი ჰოლანდიაში, ქართველი ჰოლანდიური პასპორტით, რომელიც მათ დახვდათ და რომელთან ერთადაც იყვნენ ჰოლანდიაში. შემდეგ მას ძალიან არასასიამოვნო ინციდენტი შეემთხვა, მაგრამ ის დამნაშავე არ ყოფილა. თუ არ ვცდები, 48 საათი გააჩერეს პოლიციის განყოფილებაში.

 

საელჩოში არ დარეკეს?

- როგორც თავად ამბობს, მათ არ მისცეს დარეკვის უფლება. მოკლედ, ჩვენ ამის შესახებ არ ვიცოდით. როგორც ჩანს, ჰოლანდიის პოლიციამაც დაუშვა შეცდომები. რაღაცა პერიოდის შემდეგ, ადვოკატს დაარეკინეს საელჩოში. ადვოკატი ესაუბრა კონსულს, იმიტომ, რომ ეს არის საკონსულოს საქმე და ელჩი ასეთ საქმეებში, არ ერევა, თანაც,  ინფორმაცია, მისი ოფიციალური ვიზიტის შესახებ, არ გვქონდა. კონსულმა ზარის შემოსვლიდან 3 საათის განმავლობაში იმუშავა ამ საკითხზე. 3 საათის შემდეგ კერესელიძე და მისი მეუღლე გაათავისუფლეს. ბოდიშიც მოუხადეს და ამითი დამთავრდა ეს ამბავი.

 

თუმცა, ბატონი კერესელიძე უკმაყოფილო დარჩა პირადად ჩემით. მან მე თავად დამირეკა, როცა ციხიდან გამოვიდა. ვკითხე, რამე ხომ არ გჭირდებათ-მეთქი. მიპასუხა, ნათესავთან ერთად ვართ, მისი მანქანით, მასთან ვცხოვრობთ, შესაბამისად, მეც უცნობ ადამიანს აღარ მოვახვიე თავზე ჩემი ყურადღება. ანერვიულებული და აღელვებული იყო ამ ინციდენტის გამო. ვიფიქრე, არ მიცნობს, არსდროს შევხვედრივარ, იქნებ, სულაც არ უნდა, უცხო ადამიანის შეკითხვებს მოუსმინოს-თქო.

 

მეორე დღეს თბილისში მოდიოდა და შესაბამისად, ჩვენი შეხვედრა არ მომხდარა. რასაკვირველია, ვუთხარი, დაგერეკათ, რომ მოდიოდით, მეცოდინებოდა, მოგიკითხავდით-თქო. როგორც ჩანს, სინამდვილეში იგი არ იყო მივლინებაში და თავის საქმეზე ჩამოვიდა ჰოლანდიაში.

 

ეს ჩემი გასარკვევი არ არის – კერესელიძე მივლინებაში იყო, არ იყო, თავის საქმეზე იყო, სახელმწიფო ხარჯზე იყო ჰოლანდიაში თუ – არა, მაგრამ თუ მივლინებაში იყო, სახელმწიფო ხარჯზე მყოფს რა უნდოდა იმ სოფელში, სადაც ეს ამბავი მოხდა და რატომ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში? ეს იმ სამსახურმა უნდა გაარკვიოს, სადაც ის მუშაობს. თუმცა, ფაქტია, რომ იმ სამსახურს ეს ამბავი არ გაურკვევია. ყოველ შემთხვევაში, შედეგი ჩემთვის ცნობილი არ არის, რომ კერესელიძეს ვინმემ საყვედური გამოუცხადა, რატომ იყავი და სად იყავიო. ეს ამბავი გახდა საბაბი იმისა, რომ მე გავეთავისუფლებინე სამსახურიდან.

 

ოფიციალურად რა გითხრეს, რატომ გაგათავისუფლეს თანამდებობიდან?

- აბსოლუტურად არაფერი! პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე დაიწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრძანება, რომელშიც არანაირი მიზეზი არაა აღნიშნული. პირად საუბრებში ყველამ მითხრა და ყველამ ერთნაირად აღიქვა ეს ამბავი, რომ ამ დაძაბულ პოლიტიკურ ფონზე ეს ბევრად უფრო ადრეც იყო მოსალოდნელიო. ასე ვთქვათ, ჩემი გათავისუფლება არავის გაკვირვებია.

 

როდესაც ირაკლი ალასანია წავიდა ოპოზიციაში, მაშინვე რატომ არ  მოხდა თქვენი გათავისუფლება? რატომ შეგინარჩუნეს თანამდებობაზე?

- მე ძალიან მკაცრად გავმიჯნავ ერთმანეთისგან პოლიტიკასა და დიპლომატიას. ვფიქრობ, რომ დიპლომატი წარმოადგენს თავის ქვეყანას მთლიანობაში. აქედან გამომდინარე, არ მქონია მორალური პრობლემა, წარმომედგინა ჩემი ქვეყანა. ყალბი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ამას ძალიან კარგად ვაკეთებდი. მეგონა, ამ მიდგომას იზიარებდა საქართველოს ხელისუფლებაც, რომელიც შეეგუებოდა იმ ფაქტს, რომ ჩემი სიძე წავიდა ოპოზიციაში და მე დავრჩებოდი ჩემს თანამდებობაზე. საქართველოს მთავრობა ვერ დამისახელებს ვერცერთ ფაქტს, როდესაც მე არ წარმომიდგენია ჩემი ქვეყანა, მისი ინტერესების სასიკეთოდ. ეს იყო ჩემი მთავარი მოვალეობა და მე თუ რაღაცა კრიტიკული ვიყავი ვინმეს, ან რაიმე ფაქტის მიმართ, ეს ყველაფერი იყო ქვეყნის სასარგებლოდ გაკეთებული.

 

საინტერსოაანუ, რაღაც კრიტიკული შენიშვნები მაინც გქონდათ ხელისუფლების მიმართ. რას გულისხმობთ?

- შარშანდელ ამბასადორიალზე ძალიან ბევრჯერ გამოვედი კრიტიკული სიტყვით მინისტრების, სამინისტროების მისამართით. მე მიძნელდებოდა ზოგიერთი საქმის გაკეთება იმიტომ, რომ სამინისტროებისგან არ იყო შესაბამისი პასუხი, ან იყო დაგვიანებული. ძალიან ბევრი კრიტიკული რამ ვთქვი შარშანდელ ამბასადორიალზე. თუმცა, ამბასადორიალი არის სამინისტროს შიდა ღონისძიება, რომელიც ტარდება იმისთვის, რომ ჩვენ ვთქვათ ის, რაც გვაწუხებს, დავასახელოთ პრობლემები, გამოვთქვათ კრიტიკული მოსაზრებები, რათა ეს ყველაფერი შემდეგში გამოსწორდეს. მე ასე გავიგე ამბასადორიალის აზრი.

 

შესაბამისად, მე მქონდა რამდენიმე მწვავე გამოსვლა შარშანდელ ამბასადორიალზე, სექტემბერში... დიახ, ირაკლი უკვე იყო წასული ოპოზიციაში. არ ვიცი, ვინმემ თუ არასწორად გაიგო ჩემი კრიტიკა. ამას ვგულისხმობდი, როცა ვთქვი, რომ ყოველთვის იმას არ ვლაპარაკობ, რაც შეიძლება, ვიღაცას მოეწონოს, მაგრამ მე ტელევიზორში არ გამოვდიოდი და ამას იქ არ ვამბობდი.

 

ეს თქვით ამბასადორიალზე, დახურულ ფორმატში

- დიახ, სამუშაო ფორმატში. მერე ერთმა მინისტრმა მიჩივლა კიდეც. დამწამა არაკომპეტენტურობა და რა ვიცი – ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, დაებრალებინათ. არაპროფესიონალიზმი და ა.შ. ეს იმის გამო, რომ მე მისი სამინისტროს მუშაობა გავაკრიტიკე. მაგალითად - დიასპორების საკითხებში სამინისტროსთან მქონდა ასეთი შემთხვევა. იულონ გაგოშიძე იყო მაშინ მინისტრი.

 

ცოტა ხანში, ამ სამინისტრომ ჩემს სამინისტროს წერილი მიწერა, ეს რა დღეში იყო იქო. ამ სიტყვებით არ დაუწერიათ, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე გამოუვიდათ. ეცადნენ თავი ემართლებინათ, რომ მე არ ვიყავი მართალი. ამაზეც ძალიან მწვავედ ვუპასუხე.

 

ჩემი კრიტიკა მარტო დიასპორებს არ ეხებოდა. საერთოდ, უნდა გითხრათ, რომ კომუნიკაცია იმ პერიოდში, როცა მე ელჩი ვიყავი, იყო გართულებული. ეს გამოიხატებოდა წერილზე პასუხის დაგვიანებაში და უყურადღებობაში რომელიმე სამინისტროს მხრიდან, რაც ძალიან გიშლის ხელს მუშაობაში. მარტო მე არ მისაუბრია კომუნიკაციის პრობლემაზე იმ ამბასადორიალზე. შეიძლება, მე უფრო მძაფრად ვისაუბრე. მინისტრი შეგვპირდა, რომ მომავლისთვის გაითვალისწინებდა ამ პრობლემას და ყველა მინისტრს შეგვახვედრებდა, რაც მოხდა კიდევაც წლევანდელ ამბასადორიალზე.

 

დავუბრუნდეთ თქვენი გათავისუფლების თემას. სიტყვიერად რა გითხრეს სამინისტროში და ჰოლანდიურ მხარეს რა რეაქცია ჰქონდა ელჩის გაწვევაზე?

– როდესაც ასე გახმაურდა ეს ამბავი, მედიამ მიაქცია ყურადღება, აიღო ინტერვიუები საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისგან, მათ სიტყვიერად აღნიშნეს, ოღონდ ბრძანებაში ეს გაფორმებული არ არის, რომ ჩემი გათავისუფლების მიზეზი იყო საქართველოს მოქალაქის მიმართ უყურადღებობა. ბატონი კერესელიძეც გამოსულა ინტერვიუთი და უთქვამს, მე რომ ასე მომექცნენ, სხვას როგორ მოექცეოდნენო.

 

ერთ-ერთი მთავარი, რაზედაც მე მაშინ ძალიან აღვშფოთდი, ისაა, კერესელიძეს ჰგონია, მას უკეთესად უნდა მოექცე, რადგან თანამდებობის პირია. ვერ გავაგებინე ვერავის, რომ ჩემთვის ყველა მოქალაქე თანასწორია. სულ გაჭირვებული რომ არის, უპატრონო და პურის ფული არ აქვს, იმის მიმართ უფრო მეტ ყურადღებას ვიჩენ, ვიდრე სახელმწიფო მოხელის, რომელიც ყველაფრით უზრუნველყოფილია, ნათესავი ჰყავს იქ, მანქანით მიდი-მოდის და არანაირი პრობლემა არ აქვს.

 

იცით, რითი ვარ გაოგნებული? არავინ არის მთელი სიცოცხლით სადმე დანიშნული, მაგრამ არსებობს რაღაც ვადები. შენ შენს ელჩს ასე რომ ექცევი, ამით იმ ქვეყნის თვალში შეურაცხყოფას აყენებ შენს საკუთარ თავს და ქვეყანას. რასაკვირველია, მათ იცოდნენ ამ ამბის შესახებ. მე ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მუდმივი მუშაობა მქონდა კერესელიძის საქმეზე, ორი თვის განმავლობაში – ფაქტის მოხდენიდან, ჩემს წამოსვლამდე. მათ ყველაფერი იცოდნენ.

 

ძალიან უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ. მათთვის ეს სრულიად გაუგებარი რამ იყო. ოფიციალურად, რა თქმა უნდა, არ გამოუხატავთ, მაგრამ ყველა კერძო საუბარში ძალიან დიდ გაკვირვებას გამოთქვამდნენ. მათი აზრით, აბსოლუტურად მართალი ვიყავი. ყველა წერილი რომელიც საჭირო იყო, კერესელიძის საქმეზე გაგზავნილი მქონდა და ეს ყველაზე უკეთ იცოდნენ იქაურ საგარეო საქმეთა სამინისტროში. გაოგნებულები იყვნენ ამ ფაქტით.

 

თქვენ ფიქრობთ, იმათ არ იცოდნენ, რომ ირაკლი ალასანია ჩემი სიძეა? თბილისში მყოფი ჰოლანდიის ელჩი რომ იყოს ჰოლანდიის ოპოზიციური პარტიის ლიდერის ნათესავი, მე ხომ უკვე ნათქვამი მექნებოდა ჩემი სამინისტროსთვის? ამ ელჩს ყველაფერი ჰქონდა ნათქვამი ჰოლანდიური მხარისთვის, ვინ ვიყავი და რა ვიყავი.