ფილარმონიაში ხელისუფლების გაშვებას დაგეგმავენ?!

ფილარმონიაში ხელისუფლების გაშვებას დაგეგმავენ?!

არაერთვაროვანი მოლოდინია ფილარმონიაში დაგეგმილი სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოსამზადებელ კონფერენციასთან მიმართებაში. პრესა.გე ესაუბრა, როგორც ამ ღონისძიების ორგანიზატორებს, ისე მიწვეულ სტუმრებს.

 

პირველად ნონა გაფრინდაშვილს დავუკავშირდით, რომელიც ხვალინდელი ღონისძიების ერთ–ერთი მთავარი ორგანიზატორია და ვეცადეთ მისგან გაგვეგო ვინ არიან მოსამზადებელი კონფერენციის საინიციატივო ჯგუფში. ქალბატონმა ნონამ სახალხო წარმომადგენლობითი კრების საინიციატივო ჯგუფის პრესსამსახურთან, თინათინ მჟავანაძესთან გადაგვამისამართა. როგორც მჟავანაძემ გვითხრა, “ფილარმონიაში დაგეგმილი ღონისძიების საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან:

გოგი ქავთარაძე, რეზო ესაძე, ნონა გაფრინდაშვილი, სოსო ცისკარიშვილი; ერთი თვის წინ შემოგვემატა ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც “რესპუბლიკური პარტიიდან“ წამოვიდა; ასევე გია ბურჯანაძე (მსახიობი. პრესა.გე). თუ გვარების ჩამოთვლისას ვინმე ჩემდაუბნებურად გამომრჩა, წინასწარ ბოდიშს ვიხდი“.

 

ჩვენს კითხვაზე – რას ელოდებით ხვალინდელი ღონისძიებისგან, ნონა გაფრინდაშვილმა მოგვიგო:

 

“ველოდები იმას, რისთვისაც შევიკრიბეთ – ყველაფერი იქნება ნორმალურად! ესაა დიდი კრებისთვის მოსამზადებელი კონფერენცია. ეს არის და ეს. სახალხო კრების მიზანია ამ ხელისუფლების გაშვება. ამის ფორმა და გზა როგორი იქნება, ამაზე ტელეფონით არ საუბრობენ. ფორმა რომ ვიცოდე, როგორ და რას გავაკეთებ, ახლა რა, ვიტყვი ხმამაღლა?! ეს დასაგეგმია. ჯერ ჩავატაროთ მოსამზადებელი კონფერენცია. წინააღმდეგობის ფორმები უნდა მოიძებნოს. ჯერ მთავარია საზოგადოების გამოღვიძება“.

 

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ხვალინდელი ღონისძიების შესახებ ტელეფონით შეატყობინეს და უთხრეს, რომ მოსაწვევს მიუტანენ. პრესა.გე–სთან საუბრისას ამბობს, რომ თუ რაიმე სხვამ ხელი არ შეუშალა, ხვალინდელ ღონისძიებას დაესწრება. რაც შეეხება ხვალინდელ დღესთან დაკავშირებულ საყვარელიძისეულ მოლოდინს, იგი ასეთია:

 

“საინტერესო პროცესია. ოთხმოცდაათიან წლებში მიტინგები, რომ დაიწყო, ყველა მიტინგს ვესწრებოდი, რადგან პროცესები მაინტერესებდა, მიუხედავად იმისა, სად, რომელ მხარეს იყო აქციები. რა თქმა უნდა, ხვალინდელი ღონისძიებაც საინტერესოა;  გამოჩნდება საზოგადოებაში არის თუ არა პოლიტიკური დინამიკისთვის საჭირო მუხტი. პოლიტიკურ ლანდშაფტს თვალს, რომ გადაავლებ, რაიმე სხვა აქტივობის პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს და რადგან ამათმა თავის თავზე ასეთი ღონისძიების მოწყობა აიღეს, ეტყობა რაღაც სიახლის შემოთავაზებას აპირებენ. საინტერესოა რა იქნება ეს სიახლე და როგორი იქნება იქ მყოფი საზოგადოების რეაქცია შემოთავაზებაზე“.

 

იმაზე, თუ რა დადებითი შედეგი შეიძლება მოიტანოს წარმომადგენლობითმა სახალხო კრებამ, რომლის ჩატარება მომავალშია დაგეგმილი, საყვარელიძე ასეთ ვარაუდს გამოთქვამს:  

 

“ერთ–ერთი სიახლე ისაა, რომ ეს იქნება პოლიტიკურად აქტიური საზოგადოების ყრილობა  (და არა პოლიტიკური პარტიების თავყრილობა), რომელიც ხელისუფლებისთვის ბრძოლას არ აპირებს; ეს საზოგადოება რა ადგილს მიუჩენს  პოლიტიკურ პარტიებს, რა შინაარს ჩადებს თავის აქტივობაში, რა მიზანს დაისახავს და მერე რა თემებს გამოძებნის ამ მიზნის მისაღწევად, ეს ალბათ, გამოჩნდება. მოკლედ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ოღონდ არა პარტიული ნაწილი, ხდება მოქმედი პირი და ეს შემოთავაზება სიახლე იქნება“.

 

როგორც სახალხო წარმომადგენლობითი კრების საინიციატივო ჯგუფის პრესსამსახურში განგვიმარტეს, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი არის საინიციატივო ჯგუფის წევრი, რაზეც თავად პოლიტოლოგი, პრესა.გე–სთან საუბრისას ასეთ კომენტარს აკეთებს:

 

“მე იდეის ინიციატორი გახლავართ – სხვებთან ერთად ვიყავი ასეთი კრების შექმნის ინიაციატორი. ახლა, თუ ჭაბუა ამირეჯიბსაც ამ მოსამზადებელი კონფერენციის მოწყობის საინიციატივო ჯგუფის წევრად თვლიან, მაშინ ამ ჯგუფში მეც მოვიაზრები. ისე, ვიცი რომ მაგ საკითხში ახალგაზრდა ხალხი ტრიალებს“.

 

ხვალინდელი დღისგან დადებით მოლოდინს რაც შეეხება, ამაზე პოლიტოლოგი ამბობს:

 

“დადებითს შეიძლება ველოდოდთ იმას, რომ დავრწმუნდეთ, ეს იდეა სიცოცხლისუნარიანი იქნება თუ არა; ხვალ ალბათ უფრო ამ იდეის შესწავლის პროცესი იქნება, ვიდრე მისი განხორციელების, რადგან ქმედითი ნაბიჯების რეალობა დადასტურებულ იქნება უფრო კრების მომზადების პერიოდში და არა კონფერენციაზე“.

 

იმაზე, თუ რა დადებითი ძვრები შეიძლება მოიტანოს დიდმა კრებამ, რომლის ჩატარება მომავალში იგეგმება, სოსო ცისკარიშვილი ვარაუდობს, რომ ჯერ იქნება პატარა კონფერენცია, მერე დიდი კრება და შემდეგ კიდევ დიდი კრება. პოლიტოლოგი აცხადებს, რომ რაიმე კონკრეტული შედეგის მოლოდინი, არც თუ შედეგიანი შეიძლება გამოდგეს.

 

“ყოველ შემთხვევაში, ვთვლი, რომ გადაჭარბებულ მოლოდინს მინიმალური შედეგი სჯობს. ამიტომ, ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული – როგორ წარიმართება ამ კრების საქმიანობა, როგორ იქნება ჩართული ამ კრების იდეების განხორციელებაში რეგიონების მოსახლეობა... ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც წესით საზოგადოებისთვის საინტერესო უნდა იყოს, ხოლო პოლიტიკოსებისთვის რაიმე დასკვნის გაკეთების საფუძველი“, – მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი და დიდი კრების ჩატარების მიზანს ასე განმარტავს: “დიდი კრების მთავარი მიზანია ისეთი საქართველოს აშენება, რომლის აწმყოც ჩვენ გვწყალობს და მომავალიც ჩვენია“.

 

სახალხო წარმომადგენლობითი კრების საინიციატივო ჯგუფის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განგვიმარტა, რომ ხვალინდელ ღონისძიებაზე დიდი სახალხო შეკრების შესახებ მიღებულ წინადადებებს, შეთავაზებებსა და გადაწყვცეტილებებს გააცნობენ დარბაზში მსხდომ მოწვეულ სტუმრებსა (რომელთა შორის ექსპერტები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები იქნებიან) და სახალხო კრების მოწვევის იდეის მხარდამჭერებს.