ხელისუფლება კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან შეფერხებას ვარაუდობს

ხელისუფლება კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან შეფერხებას ვარაუდობს

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დემოგრაფიული მანიპულაციები, აფხაზეთში და ცხინვალში ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულებები, ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფინანსური კრიზისის შესაძლო გაღრმავება, კიბერ-უსაფრთხოება, –  

საქართველოს საფრთხეების შეფასების 2010-2013 წლების დოკუმენტის არასაიდუმლო ნაწილში მთავარ გამოწვევებად არის დასახელებული.

 

გრძელდება რუსი სამხედროების ოჯახების ოკუპირებულ რეგიონში ჩამოყვანა და მათი დასახლება. სოხუმში და ცხინვალში ადგილი აქვს მასობრივი განადგურების იარაღის კომპონენტების უკანონო გადატანას, იარაღით და ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობას, ყალბი ვალუტის დამზადებას და შემოტანას, ადამიანების გატაცებას, გატაცებული ავტომობილებით ვაჭრობას და სხვა.

 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საფრთხის შემცველია რუსეთის მოქალაქეების ჩამოსახლებისთვის ხელშემწყობი გარემოებების შექმნა, რაც ოკუპაციის გახანგრძლივებას გამოიწვევს და დეოკუპაციის პროცესს მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

 

„ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ის სამართლებრივი ნაბიჯები, რომელსაც დგამენ მარიონეტული რეჟიმები და რომელთა მიზანიცაა სხვა ქვეყნების მოქალაქეებს მისცეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრებისა და უძრავი ქონების შეძენის საშუალება, ხოლო მეორე მხრივ, ე.წ. სამხედრო ქალაქების მშენებლობა და ინფრასტრუქტურის აღდგენა, რაც ხელს უწყობს რუსი სამხედროების ოჯახების ოკუპირებულ რეგიონში ჩამოყვანას და მათ დასახლებას“, – ნათქვამია დოკუმენტში, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დემოგრაფიული მანიპულაციები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ პროცესად არის დასახელებული.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკონტროლო და კრიმინალური სიტუაცია სხვადასხვა სახის ტრანსნაციონალური დანაშაულის ზრდისთვის ნიადაგს ქმნის.

 

განსაკუთრებული რისკების შემცველად კი, აღნიშნულ დოკუმენტში ისეთი სახის დანაშაულებებია დასახელებული, როგორიცაა მასობრივი განადგურების იარაღის კომპონენტების უკანონო გადატანა, იარაღით და ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობა, ყალბი ვალუტის დამზადება და შემოტანა, ადამიანების გატაცება, გატაცებული ავტომობილებით ვაჭრობა და სხვა.

 

„საქართველოს ხელისუფლება მსოფლიო ფინანსური კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან შეფერხებას ვარაუდობს“, – ამის შესახებაც, საქართველოს საფრთხეების შეფასების 2010-2013 წლების დოკუმენტის არასაიდუმლო ნაწილშია არის ნათქვამი.

 

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შესაძლო გაღრმავება ან განმეორება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების განვითარებაზე ნეგატიურად აისახება.

 

„კრიზისის შემდგომმა გაღრმავებამ ან განმეორებამ შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად შეაფერხოს“, – ნათქვამია საფრთხეების დოკუმენტში.

 

ხელისუფლება ასევე ვარაუდობს, რომ კრიზისის გაღრმავებისას მისი გავრცელების მთავარი მიმართულება ფინანსური ბაზრები გახდება. იმ გარემოების გათვალისწინებით კი, რომ საქართველოს საბანკო სექტორი სწრაფად ვითარდება, ფინანსური კრიზისის შესაძლო გაღრმავება საქართველოს საბანკო სექტორზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს:

 

„მსოფლიო ფინანსური კრიზისის შესაძლო გაღრმავება გავლენას იქონიებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაზეც. საქართველოს ეკონომიკური განვითარება მნივნელოვნად უკავშირდება კერძო უცხოური კაპიტალის შემოდინებას და ამ კაპიტალით შექმნილ საწარმოო სიმძლავრეებს“.

 

ზოგადად კი, კრიზისის განმეორების ან გაღრმავების შემთხვევაში, ხელისუფლება ელოდება ისეთ კონკრეტულ ეკონომიკურ საფრთხეებს, როგორიცაა ერთობლივი მოთხოვნის შემცირება, უცხოური ინვესტიციების შემცირება, კრიზისი საბანკო სექტორში, საბიუჯეტო შემოსავლების კლება და სხვა საფრთხეები.

 

კიბერ-უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს ერთ-ერთ გამოწვევად რჩება .

როგორც საქართველოს საფრთხეების შეფასების 2010-2013 წლების დოკუმენტშია ნათქვამი, საერთაშორისო არენაზე ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რაოდენ რთულია ამ ტიპის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა ან მათი პრევენცია. ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება ისეთი გამოწვევები, როგორიცაა სახელმწიფოთა კიბერ-სივრცის დაცვა და ზოგადად, კიბერ უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

 

რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შეტევების პარალელურად კონცენტრირებული და მასირებული კიბერ თავდასხმები განხორციელა.

 

საქართველოს სელისუფლების აზრით, აღნიშნულმა კიბერ შეტევებმა აჩვენა, რომ კიბერ სივრცის დაცვა ეროვნული უსაფრთხოებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სივრცეების დაცვა.

 

„2008 წლის გამოცდილება მიუთითებს, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით კიბერ-თავდასხმების განხორციელება თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში რეალურ საფრთხეს წარმოადგენს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

 

სააკაშვილის დამტკიცებული საფრთხეების შეფასების დოკუმენტის არასაიდუმლო ნაწილი უკვე გამოქვეყნდა. ამ ღია ჩამონათვალითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, ქვეყანა რამდენი „საიდუმლოდ შენახული“ საფრთხის წინაშე იმყოფება.