[მიხეილ ნანეიშვილი]
ამ ბოლო ხანს კვლავ გამოცოცხლდა დისკუსია სახელმწიფო მმართველობის ფორმის შესახებ, თუ რომელი მათგანი – საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო – უფრო შესაფერისია დღევანდელი საქართველოსთვის. დისკუსიაში, როგორც ეს მოსალოდნელიც იყო, ჩართული არიან, უმთავრესად პოლიტიკური პარტიები და, მათი ”მიმდებარე” საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
ხოლო თქმა იმისა, რომ ამ დისკუსიას ”საერთო სახალხო” რეზონანსი აქვს და რომ ჩვენებური ”დემოკრატია” (”ხალხი”) დიდად იყოს დაინტერესებული პრეზიდენციალიზმისა და პარლამენტარიზმის ავკარგიანობის პრობლემით, აშკარა გადაჭარბება იქნებოდა.
მე მგონია, ეს უთუოდ გასათვალისწინებელი გარემოება აიხსნება არა იმდენად იმით, რომ ხალხს არც ინტელექტუალური, არც მორალური თვალსაზრისით, რომ იტყვიან, ”თავი” არ აქვს ასეთ საგნებზე ფიქრისთვის, რამდენადაც ”რიგითი” ადამიანისთვის ესოდენ ნიშნეული იმ საღი აზრით, რომელიც ეუბნება მას, რომ ჭეშმარიტი სათავე არსებული სავალალო მდგომარეობისა ახლანდელი მმართველობის ფორმაში კი არაა, როგორც ასეთში, საძიებელი, არამედ სულ სხვა, უფრო ”მატერიალურ” რამეში, რის მოუგვარებლადაც ქვეყანას არაფერი ეშველება, თუნდაც ერთ მშვენიერ დღეს იგი გარდაიქმნას, როგორც ეს ზოგს ეოცნებება, საპარლამენტო რესპუბლიკად, სახელმწიფოს ”დეკორატიული” მეთაურის როლში – პარლამენტისავე არჩეული პრეზიდენტით.
და მეც, ვაკვირდები რა ჩვენს სინამდვილეს, ბუნებრივად მებადება კითხვა: ნუთუ ვისმე სერიოზულად ჰგონია (ვგულისხმობ იმათ, ვისაც სერიოზულობა ასე თუ ისე მაინც მოეკითხება), რომ ის, რაც დღეს ხდება ჩვენგანვე გაუბედურებულ საქართველოში, რამენაირად მართლაც გამოსწორდება ქვეყანაში საპარლამენტო რეჟიმის დამყარებით? – პირიქით, გამოსწორდება კი არა, კიდევ უფრო ”გამრუდდება”, რაში დასარწმუნებლადაც საკმარისია, ადამიანმა ცოტა დაძაბოს საკუთარი გონებრივი წარმოსახვის უნარი და წარმოიდგინოს ხელისუფლებისთვის მებრძოლი ჩვენებური ”პარტიები” პარლამენტარიზმის პირობებში: რა დღე დაადგება მაშინ საქართველოს.
საერთოდ, უნდა ითქვას, ძალიან უყვართ დღევანდელ საქართველოში აქაურ პოლიტიკოსებს და მათ ”თანამგზავრ” მოპოლიტიკოსე ”ინტელექტუალებს” იმპროვიზაციები, სპეციფიკურად დამახასიათებელი ჩვენში საზოგადოდ გავრცელებული ინტელექტუალური უპასუხისმგებლობა და სიზარმაცისთვის, რის გამოც არაერთხელ მოგვტეხია კისერი, მაგრამ, ჩანს, არც მთლად ”შთამბეჭდავად”, რადგან ჭკუა მაინც ვერა და ვერ ვისწავლეთ.
მაგრამ დავანებოთ ამას თავი და მივხედოთ, გვინდა – არ გვინდა, ამ ჩვენს სადღეისო ჰამლეტურ კითხვას: პრეზიდენციალიზმი თუ პარლამენტარიზმი? ხოლო, სანამ დასმულ კითხვაზე პასუხს უშუალოდ შევუდგებოდე, მსურს, ზოგიერთი მოსალოდნელი ”გაუგებრობის” თავიდან ასაცილებლად, გარკვევით მივუთითო, რომ მმართველობის ხსენებულ ფორმებს, თავისთავად, მე განვიხილავ როგორც ალტერნატიულს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მათგანს თავისი პლუსები და მინუსები აქვს და პრობლემაც ისაა, რომ გულდასმით და ჭკვადამჯდარად ავწონ-დავწონოთ (საერთოდ, და არა, ცხადია, ასეთი პატარა წერილის ფარგლებში) ავ-კარგი ერთისაც და მეორისაც, ქვეყნის როგორც საშინაო, ასევე საგარეო მდგომარეობის გათვალისწინებით, რათა ამის შემდეგ გამოვიტანოთ ჩვენი ”ვერდიქტი” ან ერთის, ან მეორის სასარგებლოდ.
კერძოდ, რაც შემეხება მე, პირადად, ყოველთვის მხარს ვუჭერდი საპრეზიდენტო დემოკრატიის მოდელს და აი რა მოსაზრებით. დავიწყებ საკითხის პრინციპული (ასე ვთქვათ, ”წმინდა თეორიული”) ასპექტით, რომლის კონტექსტშიც, ვიტყვი წინასწარ, პრეზიდენციალისტური სისტემა თითქმის შეუვალად მეჩვენება კრიტიკისთვის.
პოლიტიკური თავისუფლების პრობლემას (აქ სწორედ მასზე არის, არსებითად საუბარი), როგორც მკითხველს, ალბათ, თავადაც მოეხსენება, ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომლის სათავეებსაც შეიძლება თვალი მივადევნოთ ანტიკურ საბერძნეთამდე და რომამდე, სადაც (ჯერ საბერძნეთში, შემდეგ – მის ”მემკვიდრე” რომში) პირველად დაიწყეს ფიქრი ადამიანის თავისუფლების, უკეთ, მისი (თავისუფლების) უფლების, უზრუნველმყოფ პოლიტიკურ-სამართლებლივ პრინციპებსა და მექანიზმებზე.
უკვე მაშინ ესმოდათ, რომ იმისთვის, რათა ხელისუფლება, როგორც ასეთი,იყოს უსაფრთხო საზოგადოების თავისუფლებისთვის და ამავე დროს შეიქმნას ქმედით ინსტრუმენტად თავისუფლების (მისი უფლების) დასაცავად შინა თუ გარე ხელყოფისგან, საჭიროა თვითონ ხელისუფლების სათანადო ორგანიზება ამ მისი ძირითადი დანიშნულებისამებრ. ასე დაიბადა აზრი, თავდაპირველად, ცხადია, ოდენ ჩანასახობრივი, ხელისუფლების გაყოფა-გაწონასწორების შესახებ. შემდგომ ამ იდეამ, კარგა ხნით წაძინებულმა, განახლებული ძალით იწყო აღორძინება გვიან შუა საუკუნეებში, გადავიდა, რენესანსისა და რეფორმაციის ეპოქებზე გავლით, ახალ დროში და, ბოლოს XVII საუკუნის ინგლისში, უმთავრესად ჯონ ლოკის წყალობით, მიიღო ის სახე, რომელიც მოგვიანებით (XVIII საუკუნეში) საფუძვლად დაედო მონტესკიეს მოძღვრებას ხელისუფლებათა – ურთიერთგამიჯვნისა და ურთიერთგაწონასწორების (resp. –შეკავების) შესახებ.
და ამ დროიდან მოყოლებული, ხელისუფლების სწორედ ეს მონტესკიესეული მოდელი იგულისხმება, ჩვეულებრივ, როდესაც საუბარია ხოლმე ხელისუფლების გაყოფა- გაწონასწორების პრინციპზე. დედააზრი კი (პრინციპი) ამ მოდელისა ისაა, რომ ხელისუფლების სამი შტო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, ან, უფრო ზუსტად, ერთმანეთისადმი დაუქვემდებარებელი უნდა იყოს და, მაშასადამე, არცერთი მათგანი უფლებრივად არ უნდა ფარავდეს დანარჩენს. ასე ჩამოყალიბდა ხელისუფლების ის უმაღლესი ტრიადა, ერთარსება და სამგვამოვანი, რომელიც, მართლაც ძალიან მაგონებს თეოლოგიურს: საკანონმდებლო – მამა, აღმასრულებელი – ძე, სასამართლო – სული წმიდა.
ჩემი მთავარი, პრინციპული არგუმენტი საპრეზიდენტო დემოკრატიის სასარგებლოდ, საპირისპიროდ საპარლამენტოსი, სწორედ ის არის, რომ ხელისუფლებათა გაყოფა-ურთიერთშეკავშირების (-გაწონასწორების) პრინციპი სწორედ საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაშია დაცული, მაშინ როდესაც საპარლამენტო სისტემა ამ პრინციპს, სახელდობრ, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა ურთიერთმიმართების საკითხში არ იცავს: პარლამენტარიზმის პირობებში ადმინისტრაცია (აღმასრულებელი ხელისუფლება) არაა ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო, იგი მხოლოდღა განშტოებაა იმავე საკანონმდებლო ხელისუფლების, რომელიც ამდენად გამოდის კიდეც ერთდროულად კანონმდებლისა და ქვეყნის მმართველის ორმაგ როლში.
საქმე ისაა, რომ პარლამენტარისტულ სახელმწიფოში ადმინისტრაცია (მთავრობა) კომპლექტდება საპარლამენტო უმრავლესობიდან, იგი დელეგაციაა პარლამენტისა აღმასრულებელ ხელისუფლებაში,რომელსაც, როგორც წესი შეადგენენ ამიტომაც იგივე პარლამენტარი მინისტრები. ამგვარად საპარლამენტო რეჟიმი იმით ხასიათდება ნიშანდობლივ, პარლამენტი არა მარტო კანონმდებლობს, არამედ თან მართავს სახელმწიფოს თავისი რიგებიდან, თავისივე წევრების სახით, გამოყოფილი სამთავრობო ”კომისიის” მეშვეობით, ანუ არსებითად აერთებს თავის თავში როგორც საკანონმდებლო, ასევე სამთავრობო (ადმინისტრაციულ) ფუნქციებს.
ამიტომაცაა, სხვათა შორის, რომ საპარლამენტო სისტემაში ხალხს (”სუვერენს”!) ადმინისტრაციის ფორმირების საქმეში ”ხმა” უკვე აღარ აქვს, რაკიღა მთავრობას, როგორც ითქვა, თვითონ პარლამენტი აყალიბებს თავისვე, საკუთარი უმრავლესობის, წიაღში.
შენიშვნა. მართალია, საპარლამენტო სისტემაში არსებობს ერთგვარი ”მაკომპესირებელი მექანიზმი” ხელისუფლებათა, საკანონმდებლოსი და აღმასრულებელის, თვითშეკავებისა თითოეულის შიგნით, როგორიცაა, საკანონმდებლოს განზომიელებით – მაწონასწორებელი ”ძაბვა” ქვედა და ზედა პალატებს შორის და აღმასრულებელის განზომილებით – მთავრობასა და მის ოპოზიციურ ე.წ. ”ჩრდილოვან კაბინეტს” შორის, მაგრამ მე წინამდებარე წერილში ამაზე კი არ მაქვს საუბარი, არამედ თვითონ პრინციპზე ხელისუფლებათა იმ ურთიერთ-დამოკიდებულების, რომელიც გულისხმობს, შესაბამისად, მათს ურთიერთ-შემაკავებელ მიმართებებს ურთიერთ-შორის, რასაც ჩემს თვალში პრინციპულად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებათა ურთიერთ-გაწონასწორების თვალსაზრისით, აღარას ვლაპარაკობ რა იმაზე, თუ რა პერპექტივა შეიძლება ჰქონდეს ზემოხსენებულ ავტონომიურ გარანტიებს ჩვენს სინამდვილეში.
მახსოვს, ყურს არ დავუჯერე, როდესაც ერთ თავყრილობაზე, სადაც ეს საკითხი განიხილებოდა , მოვისმონე, პარლამენტარიზმი უფრო დემოკრტიულიაო. ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რატომაა ის სისტემა, სადაც ადმინისტრაციის შექმნაში ელექტორატი (ხალხი) უშუალო მონაწილეობას არ იღებს, ”უფრო დემოკრატიული” (ან, გნებავთ, უფრო ”კოლექტივისტური”, რადგან ვეჭვობ, ამის მთქმელს მისი სწორედ კოლექტვისტური ცნობიერება ალაპარაკებდა...), ვიდრე სისტემა, სადაც ხალხი (ელექტორატი) ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოშიც თვითონ ირჩევს თავის წარმომადგენლებს და სამთავრობოშიც (აქ – ადმინისტრაციის მეთაურის სახით), როგორიცაა კიდეც საპრეზიდენტო დემოკრატია.
ხოლო გარდა ამ ”დოგმატური” (ვგულისხმობ, ხელისუფლებათა გაყოფის პრინცოპს) და დემოკრატიული უპირატესობისა, პრეზიდენციალიზმს, აქედან გამომდინარე, ის უპირატესობაც აქვს, რომ იგი პოლიტიკურად უფრო სტაბილურიცაა. და ეს იმიტომ, რომ ამ სისტემაში არც პრეზიდენტს აქვს უფლება, დაითხოვოს პარლამენტი, და არც პარლამენტს – პრეზიდენტის გადაყენების ე.წ. პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე (ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შეიძლება დადგეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, ესაა ბრალდება სისხლის სამართლის დანაშაულში).
ხოლო, რაც შეეხება, ამ თვალთაზრისით, პარლამენტარიზმს, არ შეიძლება ადამიანს, მის წარმომსახველს ჩვენს პირობებში, არ წარმოუდგეს ”მთავრობათა კონვეიერის” ის სურათი, რომელიც ერთ დროს დამახასიათებელი იყო პოლიტიკური კულტურით ჩვენზე გაცილებით მაღლა მდგომი იტალიისა და საფრანგეთისთვის (ცხადია, ვავლებ ასეთ პარალელს მხოლოდ ”ოპტიმისტებისთვის”). შეგვიძლია, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ, თუ საქართველოში, როგორიცაა იგი დღეს, შემოღებულ იქნება საპარლამენტო მმართველობა, ჩვენ შევიქმნებით მუდმივი სამთავრობო კრიზისის მოწმენი.
და, რომ ეს ასე იქნება, სრულებითაც არაა მომავლის ”განჭვრეტა”, საკმარისია, გავიხსენოთ ის, რაც ახლა ხდება ჩვენს პარლამენტში: გამუდმებული ლაპარაკი პრეზიდენტის გადაყენების (”იმპიჩმენტის”) თუ ნებაყოფლობითი გადადგომის შესახებ, – გამომხატველი ანარქიატული უგულებელყოფისა მოქმედი კონსტიტუციის, თითქოს ის არც არსებობდეს. თანაც დააკვირდით ვინ აქტიურობს ამ საქმეში ყველაზე მეტს? – ადამიანები, დჭჯგუფებები, რომლებსაც წესიერ ქვეყანაში არც გააკარებდნენ პარლამენტს.
ან იქნებ ჰგონია ვისმე, რომ, თუ საქართველო შეიქმნება საპარლამენტო რესპუბლიკად, მისი პარლამენტი თვალის დახამხამებაში მოგვევლინება ”მამულიშვილთა საკრებულოდ”? – ვაი, რომ, რაც ამჟამადაა, იმის უარესს უნდა მოველოდეთ: როგორც კი დაინახავენ, რომ მთელი ძალაუფლება თავს იყრის პარლამენტში, მთელი პოლიტიკური ”ანთროპოფაუნა”, დღეს ასე თუ ისე ”განშტოებული”, ერთიანად მოაწყდება პარლამენტს და, ნუ მოვიტყუებთ თავს, კიდევაც დაისადგურებს იქ.
შემდეგ. როდესაც უთითებენ ხოლმე, ერთგვარი დაძინებით, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების უზურპაციის საშიშროებაზე, რატომღაც ავიწყდებათ, რომ პარლამენტიც შეიძლება შეიქმნას ბუდედ ასეთივე უზურპაციის, ან ადგილად ისეთი ბრძოლისა ხელისუფლებისთვის, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას განუკითხაობის სათარეშოდ ხდის. საზოგადოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ე.წ. შეკავებას ხელისუფლების ორივე შტო მოითხოვს, საკანონმდებლოც და აღმასრულებელიც, რისთვისაც საჭიროა კიდეც, რომ თითოეული მათგანი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი იყოს, რადგან მხოლოდ ასე შეძლებენ ისინი, შემაკავებელი ზეგავლენა იქონიონ ერთმანეთზე. რა თქმა უნდა, ამ საქმეში განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება სასამართლოს, რომელსაც სწორედ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა გამიჯნულობისა და კონკურენციის პირობებში შეეძლება, უფრო ეფექტიანად იმოქმედოს.
ასევე, რაც შეეხება აღმასრულებელი ხელისუფლების საკუთრივ პოლიტიკურ კურსს, ამ შემთხვევაშიც პარლამენტი სრულებითაც არაა განიარაღებული საპრეზიდენტო რესპუბლიკაში (აქაოდა ეს პრზიდენტის პრეროგატივააო), რადგან მას შეუძლია, თავისი საკანონმდებლო პოლიტიკით კონტროლქვეშ იყოლიოს ადმინისტრაცია და, თუ წარმმართველი არა, ყოველ შემთხვევაში შემაკავებელი ზემოქმედება ჰქონდეს მასზე. მოკლედ, მთავარია, თვითონ პარლამენტი იდგეს თავის მოწოდების სიმაღლეზე, და მაშინ მისი უფლების ვერც უზურპაციას, ვერც იგნორირებას ვერ შეძლებს ვერავინ.
ვაკვირდები რა ამ მხრივ დღევანდელ პარლამენტს, მე სხვა დასკვნის გამოტანა არ შემიძლია: ის, რომ იგი გადაქცეულია ერთსა და იმავე დროს ვითომც ”პოლიტიკური” ბრძოლის შოუ-არენად და თან მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივათა (თუ ინსტრუქციათა) სარეგისტრაციო ბიუროდ, – ამის ნამდვილი მიზეზი გარეთ კი არაა საძიებელი, ვთქვათ, პრეზიდენტის კანცელარიაში, არამედ თვითონ ამ პარლამენტში, მის შიგნით. შეიძლება მითხრას ვინმემ, პარლამენტში პრეზიდენტის უმრავლესობაა გაბატონებულიო, რაზეც ვუპასუხებ:
– საპარლამენტო რესპუბლიკაში (ვგულისხმობ, ცხადია ”ჩვენებურს”) რა სასწაული უნდა მოხდეს, რომ პარლამენტი გადაიქცეს სახელმწიფო შემოქმედების კერად და მაშინაც არ გაბატონდეს იქ, როგორც ახლაა, ბავშვივით, ცოტა არ იყოს, ურჩი, მაგრამ მაინც თავისი ”ქარიზმატული” ლიდერისა და ”მისი” პარტიის მორჩილი უმრავლესობა? ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია, სჯობს, არსებობდეს ერთგვარი Luft-ი (სასუნთქე არე) ერთმანეთისგან გამიჯნულ პარლამენტსა და ადმინისტრაციას შორის, ვიდრე შეიქმნას ის საპარლამენტო ”ჩახუთულობა” ერთმანეთში, რომელიც, ვშიშობ, შემყურე ჩვენებურ ”პარტიულ” ზნეთა, არ გადაიზარდოს ნამდვილ ”პოლიტიკური პრომისკუიტეტის ორგია”-ში.
და, რაკიღა ”პარტიები” ვახსენე, მსურს, აქვე კიდევ ერთ საკითხს შევეხო. პარლამენტარიზმის დამცველთაგან მსმენია, თითქოს ჯანსაღი პარტიული სპექტრის შექმნას საპარლამენტო სისტემა უფრო შეუწყობდა ხელს. რატომ? ჩემი აზრით, საპრეზიდენტო ამ მხრივაც უფრო ეფექტიანი უნდა იყოს, რადგან მის პირობებში პარტიებს მიეცემათ საშუალება იბრძოლონ როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებში, რაც – ეს აქტივობა ორ ფრონტზე (პარლამენტარის ”სავარძლის”-თვისაც და პრეზიდენტის ”გვირგვინის”-თვისაც) – უფრო გამომაცოცხლებელი და გამომაჯანსაღებელიც უნდა იყოს ამ ”სპექტრისა”-თვის.
საპირისპიროდ გავრცელებული შეხედულებისა, რომ სწორედ საპრეზიდენტო სისტემაა დამნაშავე პარტიული სპექტრის არარსებობაში, მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე თვით ეს ოპოზიციური პარტიები არიან (ჩვეულებრივ, ესენი იგულისხმებიან ხოლმე ”სისტემის მსხვერპლად”), რომელთაც ეკუთვნით, სხვათა შორის, ”საპატენტო” პატივი (თუ მართალი არაა მოარული ხმა, გააბრიყვესო, მაგრამ ”ბრიყვი პარტია” რაღაა?) ჯერ 5%-იანი, მერე 7%-იანი ბარიერის შემოღებისა ჩვენს საარჩევნო კანონში (ბოროტი ენები ამბობენ, რომ ამ დღეს ”ჩაგრულ” პარტიულ წრეებში ტრიალებდა აზრი პარტიული სპექტრის, ჩანს, კიდევ უფრო ”გამაჯანსაღებელი” 10%-იანი ბარიერისაც!).
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ჩვენი პარტიული სისტემის განუვითარებლობასა და იმასაც, რაც იყო, მოშლაში თანაბარი ”დამსახურება” მიუძღვის ხელისუფლებას და მის ”ოპოზიციურ” პარტიებს, რაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს თვალნათლივ, თუ რა მდგომარეობაშია, თავისთავად, ჩვენი პოლიტიკური კულტურა, რომელმაც დაბადა კიდევაც ის, რასაც ახლა ვუჩივით და რის მიზეზსაც ზოგიერთი მაინცდამაინც საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაში ხედავს. თუ ვისმე მართლა ჰგონია, რომ პარლამენტარიზმის პირობებში, როდესაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებები ერთ ჭერქვეშ მოიყრიან თავს, მორალურ-პოლიტიკური ატმოსფერო უფრო ჯანსაღი შეიქმნება და ეს პარტიები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას ააღორძინებენ, – ამის მოიმედე, უკეთეს შემთხვევაში, ”დიდი ილუზიების” ტყვეობაში ყოფილა, თუმცა მე, თავად მიმაჩნია, რომ ამ ”ახალი კურსის” ძიება სულ სხვა სულისა და სუნის მქონე ჯგუფურ-”პარტიული” (და, რა თქმა უნდა, პირადი) ინტერესებით უნდა იყოს ნაკარნახევი, რომლებსაც საქვეყნო ინტერესთან საერთო არაფერი აქვს, რაზეც აქ სიტყვას არ გავაგრძელებ: გამგები ისედაც გაიგებს.
რასაკვირველია, არიან ადამიანები, რომელთაც, მხედველთ ჩვენს ცხოვრებაში გაბატონებული განუკითხაობისა, გულწრფელად ეშინიათ, არ მოხდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების უზურპაცია, რაც ქვეყანას, ეს რომ მოხდეს, მართლაც უფსკრულის პირას მიიყვანდა. მაგრამ გზა ამ უფსკრულისკენ მარტო ”დიქტატურა”-ზე არ გადის, რომლის შესაძლებლობას საქართველოში, ესეც უნდა ითქვას, მე სრულიად გამოვრიცხავ (ამას არც, ნუ გაიკვირვებთ, ხალხი დაუშვებს და არც ჩვენი საიმედო ”სხვა”...), – უფსკრულამდე ქვეყანა ანარქიასაც მიჰყავს, თანაც, რამდენადაც ვიცი, უფრო ”პირდაპირ”. საფრთხე, რომელიც ჩვენ გვემუქრება, ვისიმე ”დიქტატურა” კი არაა (საქართველოში, ვიმეორებ, უშანსო და უპერსპექტივო), არამედ ანარქია, რომლის მოწმენიც უკვე ვართ: ის განუკითხაობა, რომელსაც ვხედავთ ჩვენს სნამდვილეში და რაშიც დამნაშავე მთელი ხელისუფლებაა და არა მარტო აღმასრულებელი (გავითვალისწინოთ ესეც), სწორედ ანარქიისთვისაა დამახასიათებელი.
და, თუ ეს ასეა, მისგან განმკურნებელ წამლად საპარლამენტო მმართველობა აშკარად არ გამოდგება, რადგან პარლამენტარიზმი, მისთვის დამახასიათებელი ”სიმბიოზით” საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა, ასეთს ვითარებაში, უფრო მოსალოდნელია, შემდგომი ანარქიზაციის კერად იქცეს. აი ამ, მე ასე ვიტყოდი, ინსტიტუციონალიზებული ანარქიის დასაძლევად და, ბოლოს და ბოლოს, თავიდან მოსაშორებლად ერთ, თავისთავად – სულაც არ საკმარის, მაგრამ აუცილებელ ღონისძიებად მიმაჩნია საპრეზიდენტო მმართველობის არა გაუქმება, არამედ მისი სამართლებლივი მოწესრიგება, კანონის ხისტ საზღვრებში პრაქტიკულად ჩაყენება და მით – გაძლიერებაც.
მაგრამ ეს, ცხადია, სრულებითაც არაა, როგორც ახლახან შევნიშნე, საკმარისი, რადგან ასევე ”მოსარჯულებელია” ჩვენი პარლამენტიც და სასამართლოც, რადგან კორუფცია გამჯდარია ხელისუფლების მთელ ტანში, რომლის ოდენ განშტოებანი არიან პარლამენტი, მთავრობა და სასამართლო. ამიტომაც არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამ სამიდან თუნდაც ორი ავდმყოფის ერთ ”პალატა”-ში მოთავსება, გაცილებით ჯობს, თითოეულ ავადმყოფს, ჰიგიენისა და სანიტარიის წესების დაცვით, მის საკუთარ ”პალატა”-ში ვუმკურნალოთ.
პრეზიდენციალიზმის კრიტიკოსები ჩვეულებრივ დიდ ყურადღებას უთმობენ იმ უფლებებს, რომლითაც აღჭურვილია პრეზიდენტი (და რის გამოც ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთ დროს უწოდებნენ კიდეც ”საპრეზიდენტო მონარქიას”), დამვიწყებელნი იმ უდიდესი პასუხისმგებლობის, რომელიც აწევს მას, პირადად, მის მიერ ესოდენ ”სუვერენულად” (და სწორედ ამიტომაც) წარმოებული პოლიტიკისთვის. ეს მორალურ-პერსნალური ასპექტი, ინსტიტუციონალურად გაფორმებული პრეზიდენციალურ სისტემაში (აღმასრულებელი ხელისუფლების კონსტიტუციური ორგანო ხომ პრეზიდენტია), მე ამ სისტემის კიდევ ერთ პრინციპული მნიშვნელობის მქონე უპირატესობად მიმაჩნია, რომელზეც აქ, სამწუხაროდ, ვრცლად ვერ ვილაპარაკებ, თუმცა სათქმელი ამ საინტერესო თემაზე ძალიან ბევრია.
შევნიშნავ მხოლოდ, რომ პრეზიდენციალური სისტემა იძლევა ოპტიმალურ შეთანხმებას კოლექტიურ (პარლამენტი) და პერსონალურ (პრეზიდენტი) საწყისთა, რისიც ღრმა მნიშვნელობის, როგორც ზოგადკულტურული, ასევე საკუთრივ პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენგან შეუფასებლობა, მეტი რომ არ ვთქვა, ”მთლად გონივრული” არ იქნებოდა. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მამა-დამფუძნებლები ქმნიდნენ პრეზიდენტის ინსტიტუს, ისინი ხელმძღვანელობდნენ იმ მაღალი მორალური შეგნებით, რომ ქვეყანას უნდა მართავდეს თვითონ ერის მიერ პერსონალურად ხელდებული ”ერის რჩეული” და არა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი. კარგად დავუფიქრდეთ ამასაც, რადგან აქ საუბარია, არც მეტი – არც ნაკლები, პრეზიდენტის ინსიტუტზე, რომელიც ერისგან მოითხოვს სწორედ ასეთს არჩევანს.
პრეზიდენციალური სისტემა ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს ხელისუფლების სამივე შტოს ქმედუნარიანობას და, მათ შორის, იმ სიძლიერესაც, სტაბილურობასთან ერთად, აღმასრულებელი ხელისუფლების, რაც ესოდენ საჭიროა ჩვენისთანა ქვეყნისთვის, რომელიც თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით ძალიან შორსაა შვეიცარიისებური ”საკურორტო” პოლიტიკური გარემოცვისგან. დღევანდელ საქართველოს განსაკუტრებით სჭირდება დინამიკური და ოპერატიული ადმინისტრაცია, რომელიც არ იქნება ყოველ წუთს დამოკიდებული პარლამენტზე და მის სიტუაციურ ”განწყობებ”-ზე, რომელთა შემბოჭველ ზემოქმედებას და, აგრეთვე, იმ სპეციფიკურ ”უხერხულობასა”-ც, რომელიც ახლდა მის ”რანგს”, ვთქვათ, ამერიკის პრეზიდენტთან ურთიერთობაში, გრძნობდა თვით ისეთი ექსტრაორდინალური პიროვნებაც კი, როგორიც უინსტონ ჩერჩილი იყო.
მეც, ამიტომ, იმის მომხრე ვარ, რომ ქვეყნის პოლიტიკას განაგებდეს სახელმწიფოს მეთაური და რომ, თავის მხრივ, სახელმწიფოს მეთაური უბრალო ”სიმბოლო” კი არ იყოს, ერთგვარი ”დეკორატიული” ერთეული, არამედ პირადად პასუხისმგებელი, რამეთუ უფლებამოსილი, ხელმძღვანელი სახელმწიფო პილიტიკის. და, ვამბობ რა ამას, მხედველობაში მაქვს უმთავრესად ის, ვიმეორებ, გარემოცვა, რომელშიც იმყოფება ჩვენი ქვეყანა, მსაჭიროებელი მაქსიმალურად ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლების, სტაბილურისა და დინამიკურის, როგორიც იგი აშკარად ვერ იქნება პარლამენტის ”დელეგატის” ხელში. საერთაშორისო ურთიერთობებში, რომლებსაც ჩვენისთანა ქვეყნისთვის ”ზომაზე მეტი” მნიშვნელობა აქვს, უýხო სახელმწიფოს პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი კი არ უნდა ელაპარაკებოდეს, არამედ მისივე რანგის – პრეზიდენტი საქართველოსი. ხოლო, რაც შეეხება ქვეყნის საშინაო მდგომარეობას, იმავე საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით, აქაც ასევე აუცილებელია ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება, პირველ ყოვლის, საღი რეგიონალური პოლიტიკის წარმოებისთვის ერთიანი, განუყოფელი საქართველოს ფარგლებში. ჩვენს ხალხში ჯერ კიდევ ძლიერია გვიანფეოდალური ხანისთვის დამახასიათებელი ის ანარქისტული პარტიკულარიზმი, რომელშიც, მავანთაგან განსხვავებით, ვერაფერს საპროგრესოს ვერ ვხედავ და ამდენად არც არაფერს საკომპრომისოსაც.
შენიშვნა. არგუმენტი, რომ ჩვენს სინამდვილეში სამომავლოდ არ ჩანს ”საპრეზიდენტო კაცი” და რომ შეიძლება ამ თანამდებობაზე აღმოჩნდეს ვინმე უღირსი, – თავისთავად, რასაკვირველია, არაა დამაჯერებლობას მოკლებული, მაგრამ ანალოგიურ არგუმენტს განა არ ექნებოდა ძალა პარლამენტარიზმის პირობებში: არსებიბს კი ამ ჩვენს პრაქტიკულად არარსებულ (როგორც ირწმუნებიან, სხვათა შორის, თვით ეს პარლამენტარიზმის ქომაგნი...) პარტიულ სპექტრში პარტია, მოწოდებული ქვეყნის მმართველობისთვის, და რა გარანტია გვაქვს იმისაც, რომ ელექტორატი ამჯერად არ გააკეთებს, ასევე, ”უარესის არჩევანს”?
ასეთს საქმეებში მარჩიელობა, საერთოდ სახიფათო რამაა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ალბათობა, მოიძებნოს ქვეყანაში საპრეზიდენტოდ ვარგისი (ჩვენს კვალობაზე) ინდივიდუუმი, არანაკლები უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში, ვიდრე შესაძლებლობა იმისა, რომ გამოინახოს საქართველოში დღეს მოქმედ (და ჩვენთვის კარგად ნაცნობ) პარტიათა შორის ნამდვილი სამთავრობო პარტია.
ასეა თუ ისე, მე ვერ გავიზიარებ (ვამბობ ამას არა მარტო ზემოხსენებულ არგუმენტთან დაკავშირებით) ვერჩ იმ კაპიტულანტურ პესიმიზმს, როდესაც პრეზიდენციალიზმზეა საუბარი, და ვერც იმ ავანურისტულ ოპტიმიზმს, როდესაც პარლამენტარიზმზეა საუბარი, რომლებიც დამახასიათებლად მეჩვენებიან, საზოგადოდ, ამ ჩვენ ანტიპრეზიდენციალისტ-პროპარლამენტართა პოზიციისთვის.
ასეთია ჩემი შეხედულება საპრეზიდენტო მმართველობაზე, ცხადია, აქ არასრულად წარმოდგენილი. ამ თემაზე კიდევ ბევრი რისამე თქმა შეიძლებოდა (კერძოდ, მთლიანად გვერდი ავუარე პრობლემის ერთ დიდმნიშვნელოვან ზოგადკულტურულ ასპექტს, რომელზეც საუბარი შორს წაგვიყვანდა), მაგრამ, ვფიქრობ, ნათქვამი ზოგად წარმოდგენას მაინც შეუქმნის მკითხველს ჩემს პოზიციაზე ამ საკითხში. რა თქმა უნდა, საპრეზიდენტო დემოკრატიას გარკვეული სიძნელეები ახლავს, მაგრამ სიძნელეებს, საერთოდ, არც ერთი სისტემა, მათ შორის, არც პარლამენტარიზმი არაა მოკლებული.
ყოველ შემთხვევაში, ეს სიძნელეები სრულებითაც არაა გადაულახავი, როგორიცაა, ვთქვათ, შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტს თანამშრომლობა მოუხდეს ოპოზიციურ პარლამენტთან, რაშიც, სახელდობრ, მე დიდ საშიშროებას ვერ ვხედავ, რადგან, ჯერ ერთი, არ მგონია, რამდენადაც ვიცნობ ჩვენებური ელექტორატის ფსიქოლოგიას, მან პარლამენტში მოიყვანოს ის ძალები, რომლებიც დაუპირისპირდებიან მის მიერვე არჩეულ პრეზიდენტს, და, მეორეც, საპრეზიდენტო მმართველობას მოწინავე ქვეყნებში საკმაოდ აქვს დაგროვილი გამოცდილება ამგვარ საქმეებში და ჩვენც შეგვიძლია, ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, ვისარგებლოდ კიდევაც ამით.
ასე რომ, ეს და სხვა სიძნელეები, რომლებიც დამახასიათებელია საპრეზიდენტო მმართველობისთვის, არ მიმაჩნია მის სისუსტედ, რომელიც გვაიძულებდა, პარლამენტარიზმში გვეძება გამოსავალი. ნათქვამია, კარგი ძნელიაო, და პრეზიდენციალიზმის სიძნელეც მე ასეთად მიმაჩნია. სიძნელე ყოველთვის როდია ნაკლის მაუწყებელი, არაიშვიათად იგი ღირსების ნიშანია.