1993 წლის 27 სექტემბერს, 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებით განიარაღებულმა ქართულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ვეღარ გაუწიეს წინააღმდეგობა მოწინააღმდეგის სამმხრივ შემოტევას (ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთიდან) და სოხუმი დატოვეს. შედეგად, აფხაზმა სეპარატისტებმა დე-ფაქტო დამოუკიდებლობა მოიპოვეს, რასაც 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მიერ აფხაზეთის ცალმხრივად აღიარებაც მოჰყვა. მართალია, იმ დღიდან 17 წელი გავიდა, მაგრამ ქართულ სახელმწიფოს არც მაშინ და არც დღეს არც დამარცხების მიზეზები გამოუძიებია და არც სათანადო გაკვეთილები გამოუტანია. უფრო მეტიც, ჯერჯერობით მხოლოდ იმაზე მსჯელობენ, როდის იყო უფრო მწარე დამარცხება 1993-ში თუ 2008-ში. შესაბამისად, ვერც დრომ დაარქვა ჯერჯერობით ყველაფერს თავისი სახელი, ამიტომაც საქართველოს იმჟამინდელი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა კვლავაც, ძირითადად, ერთმანეთისკენ იშვერს ხელს.
1992-1993 წლებში იჩქერიის მთავრობის აწ უკვე ყოფილი წევრი და ახმეტის პრეფექტის ყოფილი პირველი მოადგილე მათე ციხესაშვილი ხშირად ჩადიოდა აფხაზეთში და ბევრი ისეთი მოვლენის უშუალო მომსწრეა, რომელსაც მკითხველის ყურამდე ჯერაც არ მიუღწევია. გთავაზობთ მის განსხვავებულ ვერსიას, რომელშიც ბევრი რამ არის საკამათო, თუმცა, სჯობს მკითხველმა თავად განსაჯოს.
როგორ აღმოჩნდით აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს?
– ზვიადმა დამიბარა და მითხრა, ჩემთან ჩამოდიან ადამიანები, მეუბნებიან, აფხაზეთი იკარგება, თითქოს სოხუმის ქართული მოსახლეობა არ იბრძვის და მე მაბრალებენ. საჭიროა, ჩახვიდე, რომ დაიწყოს მოლაპარაკება აფხაზურ მხარესა და შევარდნაძის მთავრობას შორის, რომ ომი შეაჩერონო. სამი თვისა და შვიდი დღის განმავლობაში ვიყავი სოხუმში, ოღონდ მუდმივად არა, მივდიოდი და ისევ უკან ვბრუნდებოდი. იმ პერიოდშივე ჯოხარმა სამი თვითმფრინავი გამოყო და ჰუმანიტარული ტვირთი გამოგზავნა საქართველოში: ერთი – სოხუმში, მეორე – თბილისშ, მესამე – ბათუმში. ბათუმში მიმავალ თვითმფრინავს მე გავყევი, მაგრამ ისე მოხდა, რომ თბილისში დამსვეს. ჩემი ვინაობა დავმალე და სხვა სახელი და გვარი ვთქვი.
რა ჰუმანიტარული ტვირთი მოგქონდათ?
– 20 ტონაზე მეტი ფქვილი, 5 ტონაზე მეტი მედიკამენტები, ძალიან დიდი რაოდენობით პლედები, 1 200 საძილე ტომარა და გენერატორები, მაშინ თბილისში უშუქობა იყო. ერთი სიტყვით, ჰუმანიტარული ტვირთი სოხუმშიც ჩავიტანეთ და თბილისშიც, მხოლოდ ბათუმში ვერ მოვახერხეთ ჩატანა.
აფხაზეთში ვისთან ცხოვრობდით ომის დროს?
– სოხუმსა და გუდაუთას შორის დავფრინავდით ვერტმფრენით. თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი არძინბას, ცხოვრებით კი ოზგანის ოჯახში ვცხოვრობდი. ყველა, უცხოელი და კონფედერაციის წარმომადგენლები, გუდაუთაში იყო.
არძინბას რაზე ელაპარაკებოდით?
– როგორც გითხარით, თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით და ვეუბნებოდით, რომ ვასრულებდით ჯოხარის დავალებას. ჯოხარს მკაცრად ვყავდით გაფრთხლებული: უკან რომ დაბრუნდებით, არ დამიწყოთ ფილოსოფიური ლაპარაკი, ეს არ გამოვიდა, ის არ გამოვიდა და ზვიადის მიერ დაყენებული მოთხოვნების შესრულება შეუძლებელი იყოო.
რა მოთხოვნები დაგაბარათ?
– დაგვაბარა, რომ ომი აუცილებლად უნდა შეჩერდეს და არძინბა უნდა მოელაპარაკოს შევარდნაძის მთავრობასო. ოზგანი ამბობდა, შევარდნაძე კრიმინალია, ომი დაიწყო და როგორ უნდა მოვილაპარაკოთ მასთანო.
არძინბა რას ამბობდა?
– ყველას აქვს ნებისმიერ ადამიანზე თავისი შეხედულება. არძინბა კითხულობდა, რაში მამტყუნებთო. თქვენი აზრით, რაში ტყუოდა არძინბა?!
იმაში, რომ მომენტით ისარგებლა და გააკეთა ის, რისგანაც მისგან ელოდნენ რუსები. შორს წაგვიყვანს ამაზე ლაპარაკი, უკეთესია, მიამბოთ, რა ხდებოდა მაშინ გუდაუთაში.
– მე ამას გეკითხებით არა დღევანდელი, არამედ იმ დროინდელი გადასახედიდან. საბოლოოდ, არძინბამ გვითხრა, ყველაფერზე ვხუჭავ თვალებს და, რასაც მეტყვით, ვაკეთებო. შექმნილი იყო აფხაზეთის სახელმწიფო კომისია და იმ კომისიის წინაშე დავაყენეთ საკითხი, რომ დამსხდარიყვნენ მოლაპარკების მაგიდასთან შევარდნაძესთან ერთად.
შორს წაგვიყვანს ამაზე ლაპარაკი, უკეთესია, მიამბოთ, რა ხდებოდა მაშინ გუდაუთაში.
– საბოლოოდ, არძინბამ გვითხრა, ყველაფერზე ვხუჭავ თვალებს და, რასაც მეტყვით, ვაკეთებო. შექმნილი იყო აფხაზეთის სახელმწიფო კომისია და იმ კომისიის წინაშე დავაყენეთ საკითხი, რომ დამსხდარიყვნენ მოლაპარკების მაგიდასთან შევარდნაძესთან ერთად.
რატომ ვერ შედგა ეს მოლაპარაკება?
– სანამ ამაზე მოგახსენებთ, მანამდე მინდა, ერთ საკითხზე შევჩერდე: დღესაც იმეორებს შევარდნაძე, რომ ჩეჩნებმა ქართველებს თავები დააჭრეს და შემდეგ იბურთავესო. მე სპეციალურად ჩავედი იმ სტადიონზე ქართველი ჟურნალისტებიც გახლდნენ. შევხვდით ხალხს და გამოვკითხეთ, თუ გსმენიათ მსგავსი რამე-მეთქი. ყველამ იუარა. ისიც კი ვთქვი, გავთხაროთ მიწა და შევამოწმოთ, მართლაც, მოხდა თუ არა მსგავსი რამ-მეთქი. თქვენი საშუალებით მივმართავ პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლებს, რომლებიც მაშინ ჩემთან ერთად იყვნენ, თქვან, რაც მაშინ თავიანთი თვალით ნახეს, იმიტომ რომ შევარდნაძე თავის ყველა ინტერვიუში სულ ამაზე ლაპარკობს.
ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ომის დროს ჩეჩნები მრავლად იბრძოდნენ მონაწილეობას ქართველების წინააღმდეგ ომში. სოხუმშია გამოცემული წიგნი, „გეროი აბხაზიი“,, რომელშიც ჩამოთვლილია ის ჩრდილო კავკასიელები, რომლებმაც თავი ისახელეს ქართველების დახოცვაში. სახელები და გვარებია დასახელებული და ისიცაა აღწერილი, ვინ რამდენი ქართველი დახოცა და სად. იქ არიან ჩეჩნებიც, ყველა ჩრდილო კავკასიელი, ინგუშებისა და ბალყარელების გარდა?
– ხშირად ისმის კითხვა, რატომ მიიღეს მონაწილეობა ჩეჩნებმა ქართველების წინააღმდეგ ომში, როდესაც ბატონი ზვიადი გროზნოში იყოო. ომს აქვს თავისი სპეციფიკა და, როდესაც მოხალისე მიდის ომში, ის აღირიცხება სამხედრო შტაბში და იქიდან ანაწილებენ. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით: აფხაზეთის ომის დროს 83 ჩეჩენი იღებდა მონაწილეობას ქართველების წინააღმდეგ ომში. 83-მა კაცმა დაამარცხა საქართველო?!
ის წიგნი იმიტომ მოვიხმე, რომ იქ წერია, მაგალითად, ბასაევმა დახოცა 170 ქართველი ერთდროულად, ვიღაცამ – 50 ქართველი ერთდროულად. შეიძლება, ტყუილები წერია, მაგრამ ასე წერია.
– ჯოხარმა რამდენჯერმე გააკეთა მოწოდება ტელევიზიით, რომ აფხაზეთის ომში იჩქერიის მთავრობა არ აგზავნიდა მებრძოლებს და დააბრუნეთ თქვენი შვილებიო, მაგრამ მოხალისეებს ვერც ერთი მთავრობა ვერ აკონტროლებს. შევარდნაძეს უბრალოდ ხელს აძლევდა ამაზე ლაპარაკი და ამაზე გადაჰქონდა ყურადღება.
არძინბასა და შევარდნაძის შეხვედრას რამ შეუშალა ხელი?
– შევარდნაძემ გაანცხადა, რადგან ამას მიაღწია გროზნოში მჯდომმა გამსახურდიამ, ჩემთვის არ არის ხელსაყრელიო. ახლა კი წერს, ზვიადმა მოულოდნელად მიიღო საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება. სექტემბრის ბოლოს ჩავიდა ოჩამჩირეში და თავის მომხრეებს მოუწოდა, გასულიყვნენ აფხაზეთიდანო. ამით თავიც დაიღუპა და აფხაზეთიც დაგვაკარგინაო, ზვიადი 1993 წლის 24 სექტემბერს ჩავიდა ზუგდიდში. შევარდნაძე როდის გამოიქცა სოხუმიდან?
27 სექტემბერს.
– სხვათა შორის, აფხაზეთში ომის დროს ჩეჩნეთშიც გეგმავდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, მაგრამ ჩვენ ხელში ჩაგვივარდა კასეტა, რომელზეც რუსეთის იმჟამინდელი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ჩეჩენ ოპოზიციონერებთან თათბირობდნენ, როგორ დაემხოთ ჯოხარი. ჯოხარმა დაითხოვა მინისტრთა კაბინეტი, უფლებამოსილება შეუჩერა პარლამენტს, გაუშვა საკონსტიტუიცო სასამართლო და გროზნოში გამოაცხადა კომენდანტის საათი. ასე გადაურჩა ჩეჩნეთი გადატრიალებას. კიდევ ერთ ისტორიას გიამბობთ: ბასაევი ბუდიონოვსკის შემდეგ ისევ გამოჩნდა არენაზე. შემდეგ, როდესაც ჯოხარი აჯილდოებდა საველე მეთაურებს ჩეჩენი ერის ღირსების ორდენით, ბასაევი არ დააჯილდოვა. ხალხს გაუკვირდა, მაგრამ ჯოხარმა თქვა, მე ის კრემლის ასაღებად გავუშვი, მან კი სამშობიარო სახლი აიღო და ამისთვის ჯილდოებს არ ვიძლევიო. ასე რომ, ჯოხარი არჩევდა მებრძოლებს.
ისევ 1993 წლის სოხუმში დავბრუნდეთ: 24 სექტემბერს ზვიად გამსახურდია ჩავიდა სოხუმში. როგორ ჩავიდა, ვინ უზრუნველყო მისი უსაფრთხოება?
– თავდაპირველად, გამსახურდია სენაკის აეროდრომზე ჩაფრინდა და შემდეგ გადავიდა ოჩამჩირეში.
რა მიზნით ჩამოვიდა?
– ხშირად სვამენ ამ კითხვას, რატომ ჩავიდა ზვიადი საქართველოშიო. შევარდნაძე ხომ წერს, რომ არ ჩამოსულიყო, აფხაზეთი არ დაიკარგებოდაო.
აფხაზეთი არ დაიკარგებოდა ან მაინც დაიკარგებოდა, 27 ივლისის ხელშეკრულება რომ არ დაედოთ და არ გაეტანათ მძიმე შეიარაღება ფოთში რუსული გემებით და ასე შემდეგ. ბუნებრივია, შევარდნაძე იყო მაშინ მთავარსარდალი და ხომ არ იტყვის, ჩემი ბრალია ომის წაგებაო.
– ზვიადთან დაკავშირებით ასეთი კითხვაც ისმის, რატომ არ წავიდა ევროპაშიო. ის კავკასიაში დარჩა. ზვიადს ყველანი კავკასიის პრეზიდენტს ვეძახდით, ჯოხარი კი კავკასიის გენერალი იყო. ყველაფერი წინასწარვე იყო გაანგარიშებული: ზვიადი კავკასიაში დარჩა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა შეენარჩუნებინა. აფხაზური მხარე წაიყვანა მოლაპარაკებაზე შევარდნაძის კრიმინალურ ხელისუფლებასთან.
მე არ ვსვამ ამ კითხვას იმ დატვირთვით, რა უფლებით ჩამოვიდა-მეთქი. უბრალოდ თქვენ გეცოდინებათ, რა კონკრეტული მიზანი ჰქონდა მის ჩამოსვლას?
– უზენაემა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომ პრეზიდენტი უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში. სხვა საკითხია, იყო თუ არა მზად საამისოდ ნიადაგი საქართველოში; იჩქარა თუ არა ზვიადმა, მაგრამ, როდესაც საკანონმდებლო ორგანომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, არ უნდა დაბრუნებულიყო?! ლაპარაკობენ, თითქოს ეს მანანას ახირება იყო, რომ ამით ზვიადის ღირსებას მოსცხონ ჩირქი, მაგრამ ეს ტყუილია. ის კანონიერი პრეზიდენტი იყო და რატომ არ უნდა ჩამოსულიყო. რატომ არავინ სვამს კითხვას, რა უნდოდა პრეზიდენტს ტყეში?!
ვვარაუდობ, რომ რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული. ხომ არ იცით, რა?
– რამდენჯერ უთხრა ჯოხარმა ზვიადს, დაგახმარ ძალასო, მაგრამ სულ უარს ამბობდა.
დაგახმარ ძალას შევარდნაძის წინააღმდეგო?
– ზვიადს რომ დახმარება ეთხოვა, ის იჯდებოდა ქუთაისში, როგორც კანონიერი პრეზიდენტი.
მაგრამ ეს ქვეყნის გაყოფას ნიშნავდა.
– არა, შემდეგ ქართველი ხალხი თვითონ გააკეთებდა არჩევანს ზვიადსა და შევარდნაძეს შორის. ზვიადის ჩამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს უზენაესმა საბჭომ და ზვიადი ვალდებული იყო, ჩასულიყო, თორემ იმპიჩმენტს გამოუცხადებდნენ. რატომ არავინ კითხულობს, როგორ გავიდა შევარდნაძე სოხუმიდან?! ვინ გაიყვანა?! რატომ ეხმარებოდნენ რუსები?! 2002 წელს მირიან ქართველის ოჯახში გავიცანი რეზო ასმავა, გამეცნო, როგორც გენერალი. მე ვკითხე, გქონდათ თუ არა ინფორმაცია შევარდნაძის სოხუმიდან გაყვანის შესახებ-მეთქი. მიპასუხა, ჩვენ რომ მაშინ შევარდნაძე მოგვეკლა, ის ეროვნული გმირი გახდებოდაო. სოხუმიდან რუსების მიერ გამოყვანილ შევარდნაძეს შემდეგ ქართველი ხალხი მუხლებზე დაუდგა და შეევედრა, შენს დაფურთხებულს ავლოკავთ, ოღონდ შენ არ წახვიდეო. ვინ დაკარგა აფხაზეთი ზვიადმა თუ შევარდნაძემ?! რაც შეეხება აფხაზეთის მოსახლეობას: ის იმიტომ არ იბრძოდა, რომ აფხაზი ახლობლები ჰყავდათ. არც გროზნოში მცხოვრები რუსები იბრძოდნენ ჩეჩნების წინააღმდეგ. აფხაზებმა ზუსტად იციან, ვინ იბრძოდა და ვინ არა. როდესაც ზვიადი საქართველოში დაბრუნდა, თქვა, ან გავიმარჯვებ, ან დავიღუპებიო. ზვიადი სიტყვის კაცი იყო, შევარდნაძესავით ხომ არ მოიქცეოდა, დღეს რომ ერთს ამბობს, ხვალ – მეორეს. პირველად თქვენ გეუბნებით: ზიადს რომ ერთხელ მაინც ეთქვა ჯოხარისთვის, დამხარება მინდაო, ქუთაისში ჯდებოდა, ბალტინი კი არა, ვინც გინდა, შემოსულიყო და დასავლეთ საქართველო კანონიერ პრეზიდენტს დაემორჩილებოდა.