არჩილ გეგეშიძე: ”ოპოზიციას სამოქმედო სივრცე მხოლოდ გაერთიანების შემთხვევაში გაუჩნდება”

არჩილ გეგეშიძე: ”ოპოზიციას სამოქმედო სივრცე მხოლოდ გაერთიანების შემთხვევაში გაუჩნდება”

”ეროვნულმა ფორუმმა” და საარჩევნო გარემოს შეცვლის მომხრე ოპოზიციურმა პარტიებმა ამ მოთხოვნით პარლამენტში 130 000 ხელმოწერა შეიტანეს. მიუხედავად ამისა, მთლიანობაში, ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ოპოზიციას ”საღათას ძილით” სძინავს და გაღვიძებასაც არ აპირებს. საზოგადოების საპროტესტო ნაწილში გამეფებული აპათია თითქოს მათაც გადაედოთ. რატომ სძინავს ოპოზიციას ”საღათას ძილით” და უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს მომავალში მათ გამოფხიზლებას? ”პრესა.გე” პოლიტიკურ ექსპერტს, არჩილ გეგეშიძეს ესაუბრა.

 

- არჩევნებში ვერ აჩვენეს კარგი შედეგი და შესაბამისად, როგორც ყოველთვის - სხვა არჩევნები მაქვს მხედველობაში - ასეთი შედეგის ფონზე, ოპოზიცია ერთის მხრივ დათრგუნულია. მეორეს მხრივ, მიდის მომხდარის გააზრება და მესამეც, შესაძლოა, მიმდინარეობს მზადება გადაჯგუფებებისთვის... ეს ყველაფერი დღეს, გარკვეულწილად, ჩრდილში ამყოფებს ოპოზიციას.

 

როდესაც არჩევნებში შედეგს ვერ აჩვენებ - რბილად რომ ვთქვათ; თუ უფრო კატეგორიულად ვიტყვით, როდესაც არჩევნებს წააგებ - მერე იწყება გადაბრალება, დამნაშავეების ერთმანეთში ძებნა და სუსტ ადგილებზე აქცენტირება რათა როგორმე გაიმართლონ თავი საკუთარი თავის წინაშეც და ელექტორატის წინაშეც. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ოპოზიციის დამახასიათებელი ნიშანი გახდა.

 

ოპოზიციის მთავარი სისუსტე გახლავთ ის, რომ კრიტიკულ მომენტებში, სერიოზული საკითხების ირგვლივ გაერთიანებას ისინი ისევ ვერ ახერხებენ. მათ ყოველთვის სძლევთ ან განსხვავებული აზრი ან ლიდერობის ამბიცია. ასეთი დაქსაქსულობა, სახელისუფლებო გუნდთან ჭიდილისას, მათ ყოველთვის წამგებიან მდგომარეობაში ამყოფებს. ამიტომაცაა, რომ უკვე მერამდენე არჩევნებია, თვალს ვადევნებთ, რომ ოპოზიცია ძალიან სერიოზულ შანსებს უშვებს ხელიდან.

 

შეიძლება ვილაპარაკოთ არასამართლიან საარჩევნო გარემოზე, სხვადასხვა დარღვევებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და ა.შ... კი, არც უმაგისობაა, მაგრამ ოპოზიცია რომ ყოფილიყო ამბიციადაოკებული და საერთო ხედვის ირგვლივ შეკრული, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უკეთეს შედეგს აჩვენებდა უკვე ჩავლილ არჩევნებში.

 

სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან  ჯერ არაფერი შეცვლილა და ამიტომაც, ხელისუფლებამ მუნიციპალური არჩევნები მე ვიტყოდი, უპირობოდ მოიგო. შესაძლოა, სხვადასხვა ეშმაკობებით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მმართველმა გუნდმა შეძლო, რომ თავისი ამომრჩეველი სრულად გამოეყვანა. ოპოზიციამ ეს ვერ მოახერხა, რადგან მათ გარკვეულწილად იმედი  გაუცრუა თავის ელექტორატს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ამომრჩეველი თავისი მსოფლმხედველობით ხელისუფლების მხარეს ”გადაბარგდა”. რა თქმა უნდა არა! თუმცა, ის ახლა აპათიაშია. სწორედ ამის გამო არ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში და შესაბამისად, ოპოზიციამ არჩევნები წააგო. 

 

სამწუხაროდ, დღესაც, რასაც ვადევნებ თვალ-ყურს, ოპოზიციის მხრიდან ჯერ კიდევ ვერ ვხედავ ”გაკვეთილის სწავლის” და სერიოზული დასკვნების გამოტანის ნიშნებს. იმის, რომ იქნებ ამ ჯერად მაინც გამოიტანონ სწორი დასკვნები და გაერთიანებისკენ გადადგან ნაბიჯი.

 

რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- რასაც ვუყურებ, მე ვერ ვხედავ ოპოზიციის კოლექტიურ ძალისხმევას გაერთიანებისაკენ. კი, ჩვენ ვხედავთ მათ ერთად ტელევიზიით, კადრებში, როდესაც ისინი რომელიმე მაღალი რანგის სტუმარს ხვდებიან. ისინი სხედან ერთი მაგიდის ირგვლივ, მაგრამ არა იმიტომ, რომ რაღაც საერთო ხედვა აქვთ, რომ სტრატეგია და მიზანი აერთიანებთ, არამედ იმიტომ რომ ისინი ამ შეხვედრაზე უბრალოდ ერთად მიიწვიეს ამ შეხვედრაზე.

 

ოპოზიციის მხრიდან მე ვერ ვხედავ ინტერესთა ურთიერთმორგებაზე აგებულ, ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე ორიენტირებულ ქმედებას. ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით მაინც. თუმცა, 2012 წლის არჩევნებამდე ჯერ მაინც ადრეა.

 

საუკეთესო შემთხვევაში წინასაარჩევნო პროცესი ალბათ, მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყებს ”გახურებას”; ან შესაძლოა, მომავალი  წლის შემოდგომიდან. აი მაშინ, შესაძლოა, კიდევ რაღაც გაერთიანება მოხდეს. თუმცა, სამწუხაროდ, მთელი ოპოზიციის სინერგიის მიღწევა ალბათ მაინც ვერ მოხერხდება. პატარ-პატარა დაჯგუფებები ალბათ შეიქმნება, ვიღაცეები გაერთიანდებიან, მაგრამ ეს არ იქნება ფართომასშტაბიანი ერთიანობა.

 

თქვენ ბრძანეთ, რომ ჯერ ადრეა... ხელისუფლებისთვის არ არის ადრე? პრეზიდენტი მუდმივად აქტიურია, სულ ეთერშია; აქტიურობს გიგი უგულავაც; ვანო მერაბიშვილი გამოჩნდა რამდენჯერმე ზედიზედ ეთერში... ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ხელისუფლება უკვე წინასაარჩევნო რეჟიმში ცხოვრობს.

- შესაძლოა, და ეს მხოლოდ ხელისუფლების სასარგებლოდ მეტყველებს. ისინი ხვდებიან, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებენ კამპანიას, მით უფრო ძლიერები შეხვდებიან არჩევნების დღეს. მათ აქვთ ამის რესურსი.

 

მმართველ პარტიას გაერთიანება არ სჭირდება - ისინი გაერთიანებულები არიან. გარდა ამისა, მათ ხელშია სახელმწიფო რესურსი. შესაბამისად, ეს მშენებლობები, სახელმწიფო ვიზიტები, დასავლეთის მიერ გამოცხადებული მხარდაჭერა, ყველაფერი მათი ”ფიარ-კამპანიის” ფარგლებში ექცევა. ოპოზიციის პასიურობის ფონზე - როდესაც მხოლოდ ხელისუფლება ჩანს, კიდევ უფრო იზრდება მათი შანსები იმისა, რომ მორიგ არჩევნებს მომზადებულები შეხვდნენ.    

 

პირად საუბრებში, ოპოზიციონერები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილები და ამბობენ, რომ 2012-ში ისინი არჩევნებში გამარჯვებას შეძლებენ. რა აძლევთ მათ ამ ოპტიმიზმის საფუძველს?

- გააჩნია ოპოზიციიდან ვის გულისხმობთ, ანუ რას ნიშნავს მათთვის არჩევნებში გამარჯვება. ზოგადად, არჩევნებში გამარჯვება პარლამენტში უმრავლესობით მოსვლას ნიშნავს. დღეს ამას ვერ შეძლებს ვერც ერთი ცალკე აღებული ოპოზიციური ძალა. თუ ვინმესთვის გამარჯვება  პარლამენტში რამდენიმე დეპუტატის გაყვანას და პატარა ფრაქციის შექმნას ნიშნავს, ეს სხვა საქმეა. ასეთი წარმატების იმედი და ობიექტური საფუძველი ცალკეულ ოპოზიციურ ძალებს მართლაც შეუძლიათ ჰქონდეთ. თუმცა, ეს ვერ იქნება ნამდვილი გამარჯვება. ისინი ვერ ისაუბრებენ მთელი ოპოზიციის სახელით და ასეთ მოკრძალებულ ”გამარჯვებას” მთელი ოპოზიციის გამარჯვებას ვერ დაარქმევენ. არჩევნებამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდნ, ოპოზიციას ოპტიმიზმის საფუძველი არ აქვს.

 

ბოლო წლებში გაუთავებლად ვადევნებთ თვალ-ყურს, რომ ხელისუფლების შემოტევების წინაშე ოპოზიცია სრულიად დაუცველია. მმართველი პარტია ”წერს” მათთვის მოქმედებათა გარკვეულ სცენარებს, უგეგმავს ოპოზიციას სვლებს და ისინიც, ზუსტად იმას აკეთებენ რაც ხელისუფელბას სჭირდება. დარჩა რაიმე რესურს ოპოზიციას - მის ნებისმიერ ფლანგს - რომ ასე მარტივად აღარ ”ჩაეწეროს” ხელისუფლების სცენარებში?

- დღეს ოპოზიცია ძალიან სუსტია და ამიტომ ამის შესაძლებლობა არ აქვს ცალკე აღებულ არც ერთ ოპოზიციურ პარტიას. სუსტი კი იმიტომაა, რომ ერთიანი არ არის. ცალკე აღებულ არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ აქვს იმის რესურსი, რომ ხელისუფლების მიერ დაგებულ ხაფანგში თუ როგორც თქვენ ბრძანეთ, ხელისუფლების მიერ დაწერილ სცენარებში არ აღმოჩნდნენ. ერთ, ცალკე აღებულ ოპოზიციურ პარტიას ამის რესურსი არ აქვს.

 

მაშინ, მოჯადოებული წრე გამოდის...

- გნებავთ მოჯადოებული წრე დაარქვით, გნებავთ - ფატალური ვითარება. სახელებს მნიშვნელობა არა აქვს. ფაქტია, რომ ასეთი მოჯადოებული წრე იქნება ყოველთვის, სანამ ოპოზიციას გაერთიანების უნარი არ ექნება. ხელისუფლება, მათგან განსხვავებით, ერთიანია. თან, ასევე ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველი პარტია იაზრებს თავის შეცდომებს და აექდან გამომდინარე, აკეთებს სწორ დასკვნებს რაც ოპოზიციას ვერაფრით მოუხერხებია.

 

ხელისუფლებისგან განსხვავებით, ოპოზიცია ვერ სწავლობს საკუთარ შეცდომებზე. შედეგად, ხელისუფლების გაერთიანებული ინტელექტუალური რესურსი სჭარბობს ოპოზიციური პარტიების ცალკ-ცალკე  აღებულ  ინტელექტუალურ რესურსს. თან კიდევ საკითხავია, ერთიანი ოპოზიციის ინტელექტუალური რესურსი იქნება თუ არა ხელისუფლებისაზე მეტი. ამიტომაცაა, სამართლიანად თუ უსამართლოდ, მაგრამ ხელისუფლება ოპოზიციაზე ყველა პარამეტრით ბევრად უფრო ძლიერია. მათ შორის, იგივე საერთაშორისო მხარდაჭერის თვალსაზრისით, რაც ასევე მნიშვნელოვანია.

 

არადა, ოპოზიცია ხშირად ამბობს, რომ ხელისუფლებას საერთაშორისო მხარდაჭერა აღარ აქვს...

- გააჩნია რა ტიპის მხარდაჭერაზეა საუბარი. იმ დონის და იმ ინტენსივობის კონტაქტები რაც ადრე, ბუშის დროს, იყო შესაძლოა აღარ არის, მაგრამ ზოგადად საქართველოს მხარდაჭერა ხომ არის. ძალიან რთულია გამოყო, გამიჯნო ერთმანეთისაგან ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერისაგან. კი, დღეს ეს მნიშვნელოვნად დეპერსონიფიცირებულია, მაგრამ მთლიანად დეპერსონიფიცირებული არ არის.  ხელისუფლებას იმ რაოდენობით მხარდაჭერა ნამდვილად აქვს, რომ  ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებში ინიციატივა დათმოს. ოპოზიციას ასეთი მხარდაჭერა არ აქვს.

 

ოპოზიციის ცალკეული ძალები ფრაგმენტულად, დასავლეთის სიმპათიებს იმსახურებენ, მაგრამ ეს არის და ეს. სერიოზული მხარდაჭერა, რომელიც ოპოზიციას ხელისუფლების დამამარცხებელ რესურსს შესძენდა, დასავლეთის მხრიდან არ ჩანს. ამის მიზეზი ისევ და ისევ ისაა, რომ მათ მიერ ოპოზიცია ფრაგმენტულად, დაქსაქსულად აღიქმება და არა ერთიან ძალად. შესაბამისად, ხელისუფლების ალტერნატივად ვერ იქნებიან აღქმულნი.

 

თქვენ ოპოზიციის მომხრეთა შორის არსებული აპათია ახსენეთ... მთლიანად ამ განწყობის დაძლევას ოპოზიციური პარტიები ალბათ ვერ შესძლებენ, მაგრამ არსებობს რამე რაც ოპოზიციამ უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საპროტესტო ელექტორატში ცვლილებების იმედის ნაპერწკალი მაინც გააჩინოს?

- სამი რამ... ჯერ ერთი, ამას დრო სჭირდება. ძალიან დიდი ფსიქოლოგიური და მორალური ენერგია დახრჯა საპროტესტო ელექტორატმა იმ საპროტესტო აქციებში რომლებიც ბოლო წლებში იმართებოდა. ამ ენერგიის აღდგენას დრო სჭირდება. ის ხალხი სახლში იგივე მსოფლმხედველობითა და პრობლემებით შებრუნდა რომლებითაც ქუჩაში გამოვიდა - მათი პრობლემები არ მოგვარებულა. კამათმა ქუჩიდან სამზარეულოებში გადაინაცვლა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ეს ენერგია აღდგება და ვითარებათა დამთხვევისას, ეს აქტივობა გამოიხატება - საარჩევნო ყუთთან ან ქუჩაში გამოსვლით.

 

არის მეორე პირობაც. ხელისუფლებამ რაიმე მეტისმეტად სერიოზული შეცდომა უნდა დაუშვას - 7 ნოემბრის ან აგვისტოს მოვლენების მსგავსი. თუმცა, ვეჭვობ, რომ მათ ამ ტიპის შეცდომა კიდევ დაუშვან. როგორც გითხარით, ხელისუფლება ძალიან კარგად იაზრებს თავის შეცდომებს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს.

 

მესამე პირობა ოპოზიციის გაერთიანებაა, ისინი კი ვერ ერთიანდებიან. სწორედ ეს იწვევს ამ იმედგაცრუებას. როდესაც კოლექტიურად ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ელექტორატი ოპოზიციაში დაქსაქსულობას, ურთიერთკონკურენციასა და ერთმანეთის კრიტიკას ხედავს, ცხადია, მათში აპათია ისადგურებს. ის არ არის ხელისუფლების მეხოტბე, მაგრამ ასეთი ოპოზიციაც მიუღებელია მისთვის. ამიტომ, რათა სულ მთლად არ გადახაზოს ოპოზიცია, ის საერთოდ აღარ მოდის არჩევნებზე.

 

თუმცა, შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ ოპოზიციაში მრავლად იქნებიან პირველი პირის პოსტის დაკავების მსურველები. უკვე დღეს, ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ლიდერები აქედანვე ემზადებიან 2013 წლისთვის. შესაბამისად, საეჭვოა, რომ ვინმემ პირადი ამბიციები დათმოს ანუ საეჭვოა, რომ ოპოზიციის გაერთიანება მოხერხდეს...

- არა, ვერ დაგეთანხმებით, ისინი ჯერ-ჯერობით მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობენ. ჯერ საპრეზიდენტოს არ ახსენებენ და ეს სწორია, რადგან მათ შედეგი ჯერ საპარლამენტო არჩევნებში უნდა აჩვენონ.

 

მაგალითად, ირაკლი ალასანია ამბობს, რომ მისი მიზანია, ”ნაციონალური მოძრობა” პარლამენტში უმრავლესობიდან უმცირესობაში გადაიყვანოს. კი ბატონო, მაგრამ ვისი მიზანია ეს? ცალკე აღებული მისი პარტიის თუ მთლიანად ერთიანი ოპოზიციის? ვფიქრობ, ერთიანი ოპოზიციის უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ მათ გამარჯვების შანსი. ვიმეორებ: ცალკე აღებული ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ვერ შესძლებს, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” უმცირესობაში გადაიყვანოს.

 

ნინო ბურჯანაძე აქტიურად უჭერს მხარს სახალხო-წარმომადგენლობითი კრების იდეას. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ხალხში არსებული აპათიის დაძლევას ის სწორედ ამ თემის პოპულარიზებით ცდილობს. მართლაც ასეა თუ არა და თუ ასეა, რამდენად სწორი გათვლაა მისი მხრიდან ეს ნაბიჯი?

- მისი პოზიციის გათვალისწინებით, ეს სწორი გათვლაა, რადგან ყველასათვის ცნობილია, რომ ბურჯანაძე არსებულ უსამართლო საარჩევნო გარემოში, არჩევნებს უნდობლობას უცხადებს. ამიტომაც გაჩნდა სახალხო-წარმომადგენლობითი კრების იდეა; იმისათვის, რომ ლეგიტიმაციის სხვა, ალტერნატიული წყარო მოიძებნოს. ამიტომაც, მისი პოზიციის გათვალისწინებით, ეს იდეა ლოგიკურია. თუმცა, ვეჭვობ რომ ამან იმუშავოს.

 

 ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენი ადამიანი გაიზიარებს ამ კრების იდეას. თუ სახალხო-წარმომადგენლობითმა კრებამ ვერ შესძლო მოსახლეობის ფართო მასების მხარდაჭერის მოპოვება, მაშინ მას არ ექნება იმ დონის ლეგიტიმაცია რისი იმედიც შესაძლოა, კრების ორგანიზატორებსა და მომხრეებს ჰქონდეთ. კრების მხარდამჭერთა რაოდენობის გასარკვევად კი, საპროტესტო ელექტორატის ქუჩაში გამოყვანა საჭირო არ არის - ამის გაკეთება მაგალითად, სოციოლოგიური კვლევებითაც შეიძლება.

 

სახალხო-წარმომადგენლობითი კრების მთავარი სისუსტე ისაა, რომ მისი  იდეოლოგები  და მხარდამჭერები საზოგადოებას ვერ უხსნიან თუ რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება დადგეს ამ კრების ორგანიზების შემდეგ. რატომ და როგორ შეიძლება იქცეს ეს კრება ლეგიტიმაციის წყაროდ...

- რთულია, ძალიან რთულია! მაგალიტად, ლეგიტიმაციის კიდევ ერთი წყარო რეფერენდუმი შეიძლება იყოს... მე არ ვარ სამართლის სპეციალისტი, მაგრამ მგონია, რომ 21-ე საუკუნეში მსგავსი ღონისძიებები ლეგიტიმაციის სერიოზულ წყაროდ აღარ მიიჩნევა. ყოველ შემთხვევაში, იმდენად სერიოზულ წყაროდ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ამაზე ყურადღება გაამახვილოს და სახალხო კრების გადაწყვეტილების მიხედვით იქონიოს ურთიერთობა საქართველოსთან და მის ხელისუფლებასთან.

 

საერთაშორისო თანამეგობრობა მაინც, კონსტიტუციურ პროცესს მიანიჭებს უპირატესობას. თუნდაც იმიტომ, რომ სავარაუდოდ, კრებას არ ექნება საზოგადოების გადამწყვეტი რაოდენობის მხარდაჭერა. საეჭვოა, რომ ამ კრების იდეა აიტაცოს მთელმა მოსახლეობამ და მისი ღონისძიებები რაღაც მასობრივიპროტესტის ფონზე წარიმართოს. ამ შემთხვევაშიც, შესაძლოა, ჩამოვიდნენ წამყვანი ჟურნალისტები და მიმომხილველები სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალებებიდან, რამდენიმე დღით საქართველო ისევ იქცევა მათ მთავარ თემად, მაგრამ ვფიქრობ, ამის იქით საქმე არ წავა.

 

თუმცა, რთული წარმოსადგენია, რომ კრების ინიციატორებმა და მომხრეებმა ასეთი ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ორგანიზება შესძლონ...

- არა, ზოგადად ვამბობ, რომ ამ კრების მიმართ მხარდაჭერის გამოხატულება ალბათ, ასეთი ფართომასშტაბიანი ღონისძიებები უნდა ყოფილიყო. ამ შემთხვევაში, მისი გადაწყვეტილებების მიმართ ყურადღებაც სხვაგვარი იქნებოდა.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება უბრალოდ მის იგნორირებას მოახდენს - თითქოს არც არაფერი ტარდება. შესაძლოა, რამეც დაამთხვიონ ამ დღეს - მორიგი ”ლენტის გაჭრა” ან რამე მსგავსი... მოკლედ, უბრალოდ სხვა ღონისძიებით გადაფარავენ. ერთი-ორი დღე კრების შესახებ ალბათ, პრესით იმსჯელებენ; არ მგონია, რომ ეს ყველაფერი რაიმე სერიოზულ აქციებში გადაიზარდოს. ისევ და ისევ გავიმეორებ: ხელისუფლებამ კარგად ისწავლა თავის შეცდომებზე და თავისი სტრატეგიის დაგეგმვისას, რამდენიმე ნაბიჯით წინ ითვლის.

 

მართლაც, ხელისუფლებამ ბევრი რამ ისწავლა და მათ შორის, მოთმინებაც. თუმცა, როდესაც ნინო ბურჯანაძეზე დგება საქმე, მათ მოთმინება ღალატობთ. ამის გათვალისწინებით, შეიძლება, რომ რადგან პარლამენტის ექს-სპიკერი მხარს უჭერს ამ კრების იდეას, ხელისუფლებას ამჯერადაც უღალატოს მოთმინებამ და ამით თვითონვე შესძინონ მნიშვნელობა იმას რაც დღეს, არცთუ ისე მნიშვნელოვანი ჩანს?

- მოთმინებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ხელისუფლებისთვის კარგი გაკვეთილი იყო 7 ნოემბერი. მათ სწორი დასკვნები გააკეთეს და შარშან, 9 აპრილის აქციების დროს, ეს გამოჩნდა კიდეც. ცხადია, თუ იმ ყბადაღებულ ზონდერ ბრიგადებს არ ჩავთვლით, რომლებიც პერიფერიებზე დემონსტრანტებს რაღაც პრობლემებს უქმნიდნენ. ასე რომ მოთმინება ხელისუფლებას ნასწავლი აქვს.

 

რაც შეეხება ბურჯანაძესთან დაკავშირებით მოთმინების დაკარგვას... მართლაც, ხელისუფლება კრიტიკას ყველაზე მტკივნეულად მისგან აღიქვამს. შესაძლოა იმიტომ, რომ სწორედ ბურჯანაძე აკრიტიკებს ამ ხელისუფლების პრობლემებს ყველაზე უფრო მტკივნეულად. იქნებ იმიტომ, რომ  ის დიდ ხანს იყო მათთან ერთად ხელისუფლებაში და ძალიან კარგად იცნობს გადაწყვეტილებათა მიღების მექანიზმებსაც, თითოეულ მათგანსაც პიროვნულად... ანუ მისი კრიტიკა უფრო საქმიანი და ხელისუფლებისთვის უფრო მტკივნეულია. შესაბამისად, ხელისუფლების რეაქციაც სხვაგვარია.

 

როდესაც ოპოზიციას უმოქმედობას საყვედურობენ, მათ შესაძლოა თავი იმით გაიმართლონ, რომ მათთვის ფაქტობრივად  დახურულია ცენტრალური ტელე-მედია; არ აქვთ დაფინანსება... მოკლედ, პოლიტიკური ბრძოლის შესაძლებლობა თითქმის არ აქვთ. არის რაიმე სივრცე, შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებაც კარგად შეიძლება პოლიტიკური ბრძოლისთვის და  რომელთაც ოპოზიცია ვერ ხედავს?

- ცალკე აღებული ერთი ოპოზიციური პარტიისთვის ასეთი სივრცე არ არსებობს. ის მხოლოდ გაერთიანების შემთხვევაში გაუჩნდებათ. წარმოიდგინეთ თუნდაც, საეთერო დრო რომელიც მათ კანონმდებლობით ეკუთვნით - გაერთიანების შემთხვევაში, ეს მწირი დრო სრულიად საკმარისი იქნება იმისათვის რათა მათ თავიანთი საერთო გზავნილები გადასცენ  ხალხს. ცალკეულმა პარტიამ რა განცხადება უნდა გააკეთოს? რა ეფექტი ექნება? არ ექნება!..

 

გაერთიანების შემთხვევაში, ყველამ ერთად, შეიძლება რომ მოქმედებისთვის პოლიტიკური სივრცე შეიძინონ. ახლა ეს სივრცე მთლიანად დახურულია და მონოპოლიზებულია ხელისუფლების მიერ. იგივე ითქმის საარჩევნო გარემოს შეცვლაზეც - გაერთიანებაა საჭირო, რათა საარჩევნო გარემო სამართლიანი გახდეს. იდეალური ვერ იქნება, მაგრამ გაუმჯობესება შესაძლებელია. ასევე გაერთიანებაა საჭირო მედიის და განსაკუთრებით, ელექტრონული მედიის დემონოპოლიზაციისთვის.

 

გაერთიანების მოთხოვნაზე ოპოზიცია როგორც წესი, ასეთი არგუმენტით პასუხობს: ჩვენ არ ვერთიანდებით და ხელისუფლების წინააღმდეგ ცალკ-ცალკე იმიტომ ვიბრძვით, რომ ამით ამომრჩეველს არჩევანის ფართო სესაძლებლობას ვუტოვებთ...

- ეს ტაქტიკა რამდენჯერმე იყო ოპოზიციის მიერ გამოყენებული და ნათლად გამოჩნდა, რომ არ ამართლებს. არ ამართლებს, რადგან საპროტესტო ელექტორატი შესაძლოა, არ იყოს სიმპათიით განწყობილი ერთი რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ, მაგრამ ოპოზიციური ერთობა შესაძლოა პირიქით, მისთვის ძალიანაც მიმზიდველი აღმოჩნდეს. ცალკე აღებული ნათელაშვილი, გამყრელიძე თუ ალასანია შესაძლოა არც მოსწონდეს, მაგრამ არის შანსი, რომ სამივე ერთად, ბევრს მოეწონოს.