საქართველოს ფედერალიზაცია – ეროვნული თვითმკვლელობა?

საქართველოს ფედერალიზაცია – ეროვნული თვითმკვლელობა?

[მიხეილ ნანეიშვილი]

(მეორე ნაწილი)

როგორც ვიცით, საქართველოს ფედერალიზაციის გეგმა არ იფარგლება აფხაზეთითა და „სამხრეთი ოსეთით“. მართალია, ამ ბოლო ხანს “ფედერალისტები” ამჯობინებენ, ილაპარაკონ დანარჩენი საქართველოს რეგიონალიზაციაზე, მაგრამ საფუძველი გვაქვს ეჭვისთვის, რომ ეს მათი ვერბალური „რეგიონალიზმი“ ფედერალიზმის ის „ნეგატივია“, რომელიც ცხოვრებაში მის „პოზიტივად“ გამჟღავნდება. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ “ფედერალისტები” თვითონ საუბრობენ „ასიმეტრიული ფედერალიზმის“ შესახებ, რაც ნიშნავს დანარჩენი საქართველოს აგრეთვე ფედერალიზაციას, შესაბამის სუბიექტთა თუმც „შეზღუდული“, მაგრამ მაინც სახელმწიფოებრივი უფლებებით. საინტერესოა, რა ჩანაფიქრი უდევს საფუძვლად ამ, ჩვენში უკვე არახალ, იდეას? – ვითომდაც „განეიტრალება“, ამგვარი „ტოტალური ფედერალიზაციით“, აფხაზეთისა და „სამხრეთი ოსეთის“ სტატუსების, ამათი „ვიზუალური შთანთქმა“ (სინამდვილეში ილუზორული) სხვა სუბიექტთა სიმრავლეში, ერთიანად ფედერალიზებული საქართველოს „საერთო სურათში“. ასეთი „გამოსავლის“ მქადაგებელნი გვაგონებენ ადამიანს, რომელიც თავისი სხეულის ერთი რომელიმე ნაწილის სატკივარს „იყუჩებს“ მთელი სხეულის განზრახ ატკივებით.

 

სწორედ ასეთია ის „პოლიტიკური მედიცინაც“, რომლის წარმომადგენლებიც არიან ჩვენი “ფედერალისტები”, სეპარატიზმის „მკურნალნი“ „ფედერალისტურად მოდერნიზებული“ გვიანფეოდალური პარტიკულარიზმის ხელოვნური დანერგვით (გავიხსენოთ მათი წმინდა ობსკურანტისტული დამოწმებები სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებული საქართველოს უშავბნელესი ხანის, სადაც მათ, ჩანს, ეგულებათ საბაზისო პრეცედენტი ახალი „ქართლის ჭირის“ – საქართველოს ფედერალიზაციისთვის). და აი ეს „ექიმბაშები“, ხელში სკალპელით, საქართველოს სხეულის დასასერად ახალ-ახალ სუბიექტებად, რომელთა მორალურ კვალს ვეღარაფერი წაშლის ერის სულში, ხალხს ამშვიდებენ, ნუ გეშინიათ, ფედერაციის დანარჩენ სუბიექტებს (იგულისხმება: ქართლი, კახეთი, იმერეთი...) არ ექნებათ ისეთი „ფართო უფლებები“, როგორიც აფხაზეთსო („სამხრეთ ოსეთზე“ ჯერ დუმან, თუმცა ერთხელ „მაღლით“ გაისმა, ჩრდილოეთ ოსეთზე მეტი უფლებები ექნებაო).

 

მაგრამ, როგორც უნდა იყოს, თუ „ფედერალისტების“ გეგმას შესრულება უწერია, საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ხელახალ დამფუძნებელ სუბიექტებად, მის ხელახალ, უკვე ერების მოშლაზე ორიენტირებული ნეომარქსისტული „ლიბერალიზმის“ რეცეპტით, „ავტორებად“, თანაც „შეზღუდული საავტორო უფლებებით“, „ფართო უფლებების“ მქონე აფხაზეთსა და, საფიქრებელია, „სამხრეთ ოსეთთანაც“ შედარებით, მოგვევლინებიან ქართლი, კახეთი, იმერეთი და ა.შ., – თითქოს საქართველო ჯერ არ არსებობდეს, თითქოს ქართლი, კახეთი, იმერეთი და ა.შ. ჯერ არ შეადგენდნენ საქართველოს, თითქოს ამ „ცალკეულ ქვეყნებს“ (ქართლს, კახეთს, იმერეთს...) გადასაწყვეტი ჰქონდეთ, შექმნან თუ არა ერთი ქვეყანა, სახელად „საქართველო“, ჯერ არარსებული, არშემდგარი, მხოლოდპროექტი. – ვამბობთ რა ამას ერთგვარი „პრევენტიული“ მოსაზრებით, ვეკითხებით „ფედერალისტებს“, თუ რას გულისხმობს მათი „რეგიონალიზმი“: არის თუ არა „რეგიონი“, მისი პრინციპით მოწყობილი, ფედერაციის სუბიექტი? თუ ჰო, არის თუ არა იგი, როგორც ასეთი, პოლიტიკური ერთეული და, შესაბამისად, სახელმწიფოებრიობის გარკვეული ნიშნის მქონებელი, თუნდაც „შეზღუდული უფლებებით“? თუ ესაა „სუბიექტი“, სინამდვილეში კი ავტონომია, ცენტრალური ხელისუფლების მიერ შექმნილი და „ფედერაციის სუბიექტად“ მხოლოდღა ფიქტიურად ცნობილი (თუ ჰო, რა მიზეზით, რა მიზნით)? ხოლო, სანამ ამ კითხვაზე პასუხს მოვისმენდეთ, ჩვენ ჩვენსას განვაგრძობთ.

 

მართლაც, როდის იქმნება ხოლმე, რა შინაგანი პირობების (გეოპოლიტიკურის გარდა) გათვალისწინებით, ფედერაცია? – წინასწარ შევნიშნავთ, რომ სანიმუშოდ თანამედროვე გერმანია არ გამოგვადგება, რომლის ფედერალიზაციაც სრულიად განსაკუთრებულ გარეშე პირობებში მოხდა: ცნობილია, რომ ომისშემდგომი დასავლეთი გერმანიის საოკუპაციო ხელისუფლებამ, იმ დროისთვის სავსებით გასაგები შიშით, კვლავ არ აღორძინებულიყო (ყურადღება მივაქციოთ ამასაც) ძლიერი გერმანული სახელმწიფო, მიზანშეწონილად მიიჩნია მისი მკვეთრად ფედერალისტურ საწყისებზე მოწყობა (თუ როგორ განვითარდა შემდგომი მოვლენები, ეს კიდევ სხვა ამბავია, ყოველ შემთხვევაში “ფედერალისტების” სასარგებლოდ არანაირი არგუმენტის მომცემი, პირიქით). ხოლო ჩვეულებრივ, „ნორმალურად“, ფედერაცია იქმნება მაშინ, როდესაც ცალკეულ ტერიტორიებზე მოსახლე ხალხებს სურთ ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება, მაგრამ იმ პირობით, რომ დამოუკიდებლობის გარკვეულ ნაწილს თავისთვის დაიტოვებენ, რაც იმით აიხსნება, რომ მათში ადგილობრივი პატრიოტიზმი უფრო ძლიერია, ვიდრე საერთო ეროვნული („მე პირველ ყოვლის ქართლელი ვარ (კახელი, იმერელი...) და მხოლოდ ამის შემდეგ ქართველი“). ამ ეროვნული გრძნობის დასაწყისში არარსებობა, ან სისუსტე, რაც შეუძლებელყოფს უნიტარული სახელმწიფოს შექმნას (რომლისთვისაც აუცილებელია, რომ ადამიანები უპირველესად მთელი ქვეყნის შვილად გრძნობდნენ თავს და არა თავისი რაგინდ საყვარელი კუთხის), თავისთავად გასაგებია, რადგან იგულისხმება, რომ საერთო სახელმწიფოს დაარსების მომენტში თვითონ ერი, როგორც ასეთი, ჯერ არ არსებობს, იგი ჯერ კიდევ უნდა შეიქმნას საერთო სახელმწიფოს ჭერქვეშ გაერთიანებული ხალხების თანაცხოვრების პირობებში. ასე, მაგალითად, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები იქმნებოდა, ამერიკელი ერი, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, ჯერ არ არსებობდა, არამედ იყვნენ ვირჯინიელები, მერილენდელები, ნიუორკელები და ა.შ., თავ-თავიანთი შტატების თავგადაკლული პატრიოტები.

 

იგივე ითქმის, მეტნაკლებ, შვეიცარიასა და სხვა ფედერაციულ ქვეყნებზეც. სწორედ ასეთს პირობებში წარმოდგება და მოქმედებს ე.წ. ფედერალიზმის გრძნობა, რომლის ამოსავალი ფორმულაცაა: გვინდა ერთად ყოფნა, მაგრამ არა ერთობა (.. ერთ ერად სრული შერწყმა). ხოლო ამასთან ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ სულ სხვაა, ვთქვათ, კონფედერაციიდან გადასვლა უფრო მჭიდრო ფედერაციაზე, როდესაც უპირატესობას იძენენ ცენტრისკენული ძალები (აქედან – ამერიკული „გამაერთიანებელი ფედერალიზმიც“), და სულ სხვაა უნიტარულიდან გადასვლა ნაკლებად მჭიდრო ფედერაციულ სისტემაზე, როდესაც, პირიქით, უპირატესობას იძენენ ცენტრიდანული ძალები (რის გამოც ფედერალიზმის არანაირ „გამაერთიანებელ“ ფუნქციაზე არ შეიძლება, ამ შემთხვევაში, საუბარი; გერმანიის მაგალითი ამჯერადაც ვერ გამოადგებათ ჩვენს „ფედერალისტებს“, რადგან იქ აღინიშნება, როგორც ამბობენ, ფედერალიზმის საპირისპირო უნიტარისტული ტენდენციები, გაპირობებული სპეციფიკურად გერმანული საშინაო და საგარეო ფაქტორებით, რომლებსაც ჩვენს სინამდვილესთან არაფერი აქვთ საერთო).

 

ყოველივე ამის შემდეგ თვითონ მკითხველმა განსაჯოს, რას უქადის „დანარჩენ“ საქართველოს ფედერალიზაცია (გნებავთ, „რეგიონალიზაცია“, ასიმეტრიული ფედერალიზმის კონტექსტში) თავისი, სხვას რომ თავი დავანებოთ, ერის ცნობიერებაზე ზეგავლენით, მასში „ფედერალიზმის გრძნობის“, ჩვენი ქვეყნისთვის სრულებითაც არა „გამაერთიანებლის“, არამედ სწორედ დამანაწევრებლის, ფსიქოიდეოლოგიური „კოდის“ ჩადებით („მე, კახელი, რატომ უნდა ჩავერიო იმერეთის საქმეებში?“ – იკითხა ერთმა წინამბრძოლმა „ფედერალისტმა“).

 

საქართველოს პირობებში ფედერაცია მხოლოდ მახინჯი და მანკიერი ფორმით იარსებებს, რადგან ფედერალიზმი, საერთოდ, სრულიად უცხოა ქართველი ერის ისტორიულად შემუშავებული პოლიტიკური კულტურისთვის, მისი დროთა ქარცეცხლში გამოვლილი და გამოცდილი სახელმწიფოებრივი ტრადიციისთვის, რომლის გარეშეც ქართველთა სახსენებელი დღეს კარგა ხნის აღგვილი იქნებოდა მიწის პირისგან. განა არაფრის მთქმელია ის გარემოება, რომ, როდესაც საქართველოს დაშლა ცალკეულ სამეფო-სამთავროებად, რაშიც ერთი უმთავრესი როლი საგარეო ფაქტორებმა შეასრულეს, ქვეყნის ცხოვრების „შემდგარ ფაქტად“ იქმნა აღიარებული, ქართულ პოლიტიკაში გაჩნდა ტერმინი „საქართველოები“ ამ განთვითებულ სამეფო-სამთავროთა აღსანიშნად, რაც იმას გულისხმობდა, რომ ყველა ისინი ერთნი არიან და რომ, ამიტომაც, როდესაც საამისო დრო დადგება, ეს მრავლობითი „საქართველოები“ კვლავ ერთ განუყოფელუნიტარულსაქართველოდ უნდა შეირწყან. ის მართლაც საკვირველი შიდაქართული კულტურული მრავალფეროვნება, რომელსაც ქმნიან ჩვენი ქვეყნის მხარეები და რომელიც გვაძლევს საფუძველს, ვილაპარაკოთ პატარა „ქართულ მსოფლიოზე“, ქართველი ერის ის უძვირფასესი საუნჯეა, რომლის ღირსეულ მოვლა-პატრონობას სრულებითაც არ სჭირდება ქვეყნის ფედერალიზაცია და მისი „გასუბიექტებული“ მხარეების პოლიტიზაცია, არამედ საჭიროა ფართო ადგილობრივი თვითმმართველობის, ასე ვთქვათ, „ქვემოდან“ აღმოცენებულის (და „ზემოდან“ ხელშეწყობილის), განვითარება და, ამასთან, სახელმწიფოს მხრიდანაც, დიახაც, „უნიტარული“ ზრუნვა თითოეულის, რაგინდ მცირე მხარის, როგორიც არიან, მაგალითად, ფშავი და თუშეთი, თვითმყოფადობაზე.

 

საქართველო უნდა იყოს არა „მოზაიკა“, არამედ ალმასივით მტკიცე და მკვრივი, კულტურულად (და არა პოლიტიკურად) დაწახნაგებული თავის მხარეებად... ხოლო ამის ნაცვლად რას უმზადებენ “ფედერალისტები” საქართველოს? – იმას, რაც უკვე ითქვა: თუ მათი განზრახვა განხორციელდა, ის პროვინციული პარტიკულარიზმი, რომელსაც საუკუნეთა განმავლობაში ებრძოდნენ საქართველოს საუკეთესო შვილები – სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწეები, მთელი ქართული მწერლობა და რომელმაც ქვეყანა მიიყვანა 1801 წლის კატასტროფამდე, რეანიმირებული და ლეგიტიმირებული იქნება ვითომდაც „ცივილიზებული ფედერაციული“ სახელმწიფოს სახით, სადაც ვიხილავთ ისეთს „სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს“, როგორიც არიან ქართლი, კახეთი, იმერეთი და სხვანი და სხვანი. ადვილად წარმოსადგენია, რა ზარ-ზეიმი შეექმნებათ ყოველივე ამის ზეგარდმო მხედველ ჩვენს დიდ წინაპრებს, რა სიხარული შეუდგება მათ სულებს.

 

წარმატებული თავისუფალი საზოგადოება ყოველთვის დიდწილად იქნება ტრადიციას მიბმული საზოგადოება, – ამბობს „ტრადიციონალისტი“ ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი. ამ ცხადი ჭეშმარიტების საპირისპიროდ, ვხედავთ, რომ ჩვენი „ულტრალიბერალი ფედერალისტები“ ქართული სახელმწიფოებრიობის უნიტარისტული ტრადიციის არათუ სრულ იგნორირებას, მის ფალსიფიკაციას და უკვე ამდენად დისკრედიტაციასაც ეწევიან. უნდა გვახსოვდეს, რომ, საერთოდ, საზოგადოებებს მათი ტრადიციების ხელაღებით, ნეომარქსისტ „ლიბერალთა“ ენაზე რომ ეთქვათ, „კულტურრევოლუციური“, უარყოფა კულტურული და, შესაბამისად, ეროვნული გადაგვარების ფასად დასჯდომიათ (რეალური საშიშროება თანამედროვე ერებისთვის...).

 

ერთი უპირველესი პირობა, რომ ფედერალისტური სისტემის შემოღება მხოლოდ სათანადო პოლიტიკური მენტალიტეტის მქონე საზოგადოებაშია შესაძლებელი, ჩვენი „ფედერალისტებისთვის“, უკეთეს შემთხვევაში, ცარიელი სიტყვაა. იტალიამ, რომელსაც, საქართველოსაგან განსხვავებით, არასდროს ჰქონია, XIX საუკუნის 60-იან წლებამდე, ერთიანი ეროვნული სახელმწიფო, როდესაც დადგა მისი კონსტიტუციურად დაფუძნების სანატრელი დღე, ერთხმად უკუაგდო ფედერალიზმის იდეა და ხმა მისცა ქვეყნის უნიტარისტულ მოწყობას, რისი მიზეზიც იტალიელთა პოლიტიკური მენტალიტეტი იყო, მათი ტრადიციული ეროვნული თვითშეგნების გამომხატველი. და ამნაირადვე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებისას, არავის, არც პოლიტიკოსებს, არც იურისტებს, არც ისტორიკოსებს, რომელთა შესადარიც ნიჭით და ცოდნით დღევანდელ საქართველოში, სამწუხაროდ, არ მოიძებნება, აზრადაც არ მოსვლია ფედერაციული სახელმწიფოს შექმნა.

 

დღეს კი რას არ გაიგონებთ საქართველოში, ლაპარაკობენ ყველაფერს, რაც ენაზე მოადგებათ, ოღონდაც ხალხი გააბრუონ და თავისას მიაღწიონ: საქართველოს ფედერალიზაციას. ამ სურათის შემყურეთ, არ გაგვიკვირდება, რომ “ფედერალისტებმა”, თუ მათ გამარჯვება იზეიმეს, ძეგლებიც დაუდგან დადიანებსა და გურიელებს მათს ყოფილ სამთავროებში, როგორც „ქართული ფედერალიზმის მედროშეებს“, და, ჩვენი „ფედერალისტური ტრადიციების“ მეტი სიძველის დასტურად, საგვარეულო ძეგლი აღუმართონ „პროგრესისტ-ფედერალისტ“ კლდეკარის ერისთავებს „რეაქციონერ“- უნიტარისტ დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილას, თბილისსა და „ისტორიულად საქართველოს სახელმწიფოს ჩამომყალიბებელ ერთ-ერთ სუბიექტ“ აფხაზეთის დედაქალაქ... ქუთაისში (მოგეხსენებათ, რომ „ფედერალისტთა“ ერთი ჯგუფის მიერ გაზეთში გამოქვეყნებული „კონცეფციით“ შუა საუკუნეებში აფხაზეთის „ისტორიული სუბიექტობა“ ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნაში თურმე იურიდიული საფუძველი ყოფილა ახლანდელი აფხაზეთის, რომელიც მათ, თანაც, ის აფხაზეთი ჰგონიათ, „ფედერაციის სუბიექტის განსაკუთრებული სტატუსისთვის“). მაინც საიდან ასეთი „ენთუზიაზმი“? საიდან წარმოდგება იგი? –

 

ეს ჩვენი XXI საუკუნის დასაწყისი ძალიან გვაგონებს XX საუკუნის დასაწყისს. წიწამურის ტრაგედიის დღეებში ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოკლავენ“. სწორედ ამათ გულისხმობდა მიხეილ წერეთელი, როდესაც თქვა, „გარეშე სატანა“ „შინაური იდიოტების“ მეშვეობით მოქმედებსო. საუბედუროდ, ეს გამონათქვამი ამჟამად კიდევ უფრო აქტუალურია.

 

ჩვენს ახლანდელ ხელისუფლებას ერთგვარ ზნედ სჭირს თავისი ლამის ყოველი ნამოქმედარის თვისდა სასიქადულოდ მოხსენიება, როგორც „უპრეცედენტოსი“ და „უნიკალურის“. ხოლო შევახსენებთ მას, ამასთან დაკავშირებით, რომ, თუ იგი საქართველოს ფედერალიზაციის ამ არსაქმნელ საქმეს მაინც მოიმოქმედებს, ეს იქნება ჭეშმარიტად უპრეცედენტო და უნიკალური, ისტორიაში ნამდვილად უმაგალითო მაგალითი იმისა, თუ როგორ უღალატა ერს საკუთარმა მთავრობამ, მის მიერვე არჩეულმა. და აქ სრულიად უადგილო იქნება სტალინისა და ორჯონიკიძის გახსენება, რადგან ისინი რუსეთის სახელმწიფო მოღვაწეები იყვნენ, რომლებსაც მისთვის არც უღალატიათ.

 

საქართველოს, როგორც არასდროს, მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი უდგას. თუ წარსულში მახვილით წართმეულს მახვილით იბრუნებდნენ, დღეს, რასაც კანონი დაგვაკარგვინებს, მას ვეღარ დავიბრუნებთ. ნუ დავუშვებთ ამ მართლაც არნახულ და არსმენილ საქმეს – „ერის კონსტიტუციურ თვითმკვლელობას“.