სააკაშვილის „პუტინიზაციის“ გავლით „შევარდნაძიზაცია“ და „ათათურქიზაცია“

სააკაშვილის „პუტინიზაციის“ გავლით „შევარდნაძიზაცია“ და „ათათურქიზაცია“

საქართველოში უკვე დიდი ხანია სააკაშვილის შესაძლო „პუტინიზაციაზე“ საუბრობენ. თავად პრეზიდენტი როგორც იტყვის ხოლმე – ნურას უკაცრავად. აღმოჩნდა, რომ სააკაშვილი ყბადაღებული „პუტინიზაციის“ გზით, ერთდროულად „შევარდნაძიზაციის“ და „ათათურქიზაციის“ გრძელ „ავტობანზე“ გასვლას ლამობს. 

 

პრეზიდენტს „დიდი ცხოვრებისეული გეგმები“ აქვს. მისივე თქმით, 2013 წლისთვის საქართველოში ძალაუფლების მხოლოდ ერთი ცენტრი არ იქნება, „რადგან ძლიერდება პარლამენტის როლი, ასევე, დარჩება პრეზიდენტის ძლიერი ინსტიტუტიც“. სააკაშვილს „ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ პრინციპით „სუპერპრემიერის“ მომავალ თანამდებობაზე ბევრი არაფერი უთქვამს.

 

პრეზიდენტი ამბობს, რომ პოლიტიკოსის წარმატება რეიტინგით კი არა, რეზულტატით იზომება. მისივე თქმით, რეზულტატი 30 წლის შემდეგ იქნება: „პოლიტიკოსს 30 წლის შემდეგ შეაფასებენ (როგორც მაგალითად შვარდნაძეს. ლ.ჩ.) ან ასი წლის შემდეგ, როგორც ათათურქს“.

 

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიზანია, იდეოლოგია და გუნდი, რომელსაც ის წარმოადგენს, ხელისუფლებაში დარჩეს, - ამის შესახებ, სააკაშვილმა ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ ეთერში, ნიუ-იორკიდან ჩართვისას განაცხადა .

 

ჟურნალისტის კითხვაზე - აპირებს თუ არა 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, პრემიერის პოსტის დაკავებას, პრეზიდენტმა უპასუხა:

 

„ჩემს მომავალ პროფესიებზე ნაკლებად ვფიქრობ, მაგრამ მაქვს დიდი ცხოვრებისეული გეგმები. თუმცა, ახლა იმაზე უფრო ვართ კონცენტრირებული, რა მოხდება 2013 წლამდე და ნაკლებად იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები 2013 წლის შემდეგ“.

 

საკაშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ გადაიტანა დაძაბულობები, ემბარგო, ომი, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი.

 

„ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარება შეუქცევად პროცესად ვაქციოთ. ჩამოვაყალიბოთ მდგრადი პოლიტიკური სისტემა, რომელიც დემოკრატიულ და ევროპულ სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.

 

მისივე თქმით, 2013 წლისთვის საქართველოში ძალაუფლების მხოლოდ ერთი ცენტრი არ იქნება, რადგან ძლიერდება პარლამენტის როლი, ასევე, დარჩება პრეზიდენტის ძლიერი ინსტიტუტიც.

 

„მაგრამ მე არ შემეძლება არჩევნებში მონაწილეობის მიღება. პარლამენტი შეძლებს მთავრობის სრულ კონტროლს და შესაძლოა პრემიერები პრეზიდენტებთან შედარებით უფრო ხშირად შეიცვალონ. ასეთი იქნება ქართული პოლიტიკური სისტემა. ჩვენი გუნდის ძალისხმევა და გეგმები 2013 წლამდე პერიოდზეა ფოკუსირებული. მოხარული ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი - რეფორმატორთა ჯგუფი, ის იდეოლოგია და პროგრამა, რომელმაც საქართველოს წინსვლა უნდა უზრუნველყოს, დარჩეს“, - აცხადებს სააკაშვილი.

 

ამავე დროს პრეზიდენტმა ჟურნალ „GQ“-ს საკუთარი „წარმატების საიდუმლო“ გაუმხილა. სააკაშვილთან ინტერვიუ პოპულარულმა რუსმა ჟურნალისტებმა, ქსენია სობჩაკმა და ქსენია სოკოლოვამ ჩაწერეს.

 

ჟურნალისტების კითხვას, როგორია მისი რეიტინგი, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ მას ახლა მაღალი რეიტინგი აქვს, რაც ომით არ მოიპოვება.

 

„რეიტინგი იგივეა, რაც ფული, ვალუტა. აგროვებ ვალუტას და ხარჯავ მას რეფორმებზე, რეიტინგიც შესაბამისად იკლებს. მთავარია, მოასწრო მომდევნო არჩევნებისთვის მისი დაგროვება, რომ ხალხი ისევ წამოგყვეს. პოლიტიკოსის წარმატება რეიტინგით კი არა, რეზულტატით იზომება. რეზულტატი კი 30 წლის შემდეგ იქნება. პოლიტიკოსს 30 წლის შემდეგ შეაფასებენ ან ასი წლის შემდეგ, როგორც ათათურქს“, - აცხადებს სააკაშვილი.