არასოდეს თქვა „არასოდეს“

არასოდეს თქვა „არასოდეს“

რუსეთის სათათბიროს დსთ–ს კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსეი ოსტროვსკი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი აფხაზი და ოსი ხალხების პრეროგატივაა. მისივე აზრით, 2013 წლამდე ამ საკითხს არავინ დაუბრუნდება. ოსტროვსკის თქმით, პოლიტიკოსის მიერ „არასოდეს“ თქმა არაპროფესიონალურია. ამის შესახებ სააგენტო „რესს“ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს და თანამემამულეებთან კავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი ოსტროვსკიმ განუცხადა .

 

„თუ ეს ხალხები ისტორიულ პერსპექტივაში შესაძლებლად იმას მაინც ჩათვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, ეს მათი სუვერენული უფლებაა. ამაზე გავლენის მოხდენის უფლება კი არც საქართველოს და ქართველ ხალხს და არც რუსეთსა და რუს ხალხს აქვს. ბაღაფშსა და კოკოითის პერსპექტივაში ამაზე ფიქრისთვის საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ხალხების მანდატი უნდა ჰქონდეთ“, - აცხადებს ოსტროვსკი.

 

რუსი დეპუტატი მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ამ საკითხის განხილვა შესაძლებელია, თუმცა, როდის და ვის მიერ, ამის თქმა უჭირს.

 

„ჩემი აზრით, 2013 წლამდე ამ საკითხს არავინ დაუბრუნდება. პოლიტიკოსის მიერ „არასოდეს“ თქმა არაპროფესიონალურია. მიმაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის მეთაურმა 2008 წლის აგვისტოში სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მეტიც, ვფიქრობ, მომხდარში ერთადერთი დამნაშავე ბატონი სააკაშვილია, რომელმაც ხალხის წინაშე პასუხი უნდა აგოს“, - განაცხადა ოსტროვსკიმ.

 

ბოლო დროს თითქმის იგივე ტექსტით გამოდის ანტიქართული გამოხდომებით ცნობილი რუსი ექსპერტი სერგეი მარკოვი.

 

„საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უნიტარული და ფედერაციული ფორმით შეუძლებელია“, – ეს განცხადება რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი მარკოვმა სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

 

მისი თქმით, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც ქართველი დევნილების უფლებებს ეხება, თბილისის წარმატება სულაც არ არის. მისი განცხადებით, ეს „წვრილი და უმნიშვნელო გამარჯვებაა“.

 

„მაინც მგონია, რომ კურსი უნდა ავიღოთ ორი ისტორიულად მეზობელი ხალხის შერიგებაზე. ამას ყოველთვის ვიმეორებთ: მოაწერეთ ხელი თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უნიტარული და ფედერაციული ფორმით შეუძლებელია“, – აცხადებს მარკოვი.

 

მისი თქმით, არის შესაძლებლობა აფხაზეთის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის, სომხეთისა და რუსეთის თანაცხოვრებისა და ამას რუსეთმა 21-ე საუკუნის პრიზმიდან უნდა შეხედოს, როდესაც წინ ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროექტებია და არა ისეთი „წვრილი გამარჯვებები, როგორიცაა გაეროს მიერ რეზოლუციების მიღება და მხარდაჭერა“.

 

რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებაში მარკოვი და ოსტროვსკი ბევრს არაფერს წყვეტენ და ამ საკითხში მთავარი პარტია კრემლის რეალურ ბატონ–პატრონ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. დროის დინებასთან ერთად გარკვეულ მეტამორფოზას პუტინის გამოსვლებიც განიცდის. ამ განცხადებათა მოკლე ქრონოლოგია კი ასეთია:

 

2008 წლის ომის შემდეგ პუტინმა შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა: „რომ არა თბილისის აგრესია სამხრეთ ოსეთის მიმართ, რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალისხმევას არ დაიშურებდა“.

 

„ეს აგრესია რომ არ მომხდარიყო, რუსეთი ალბათ, მართლაც არ დაიშურებდა ძალისხმევას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ყველანაირი პირობა შეექმნა, მაგრამ ამ აგრესიის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ეს შეუძლებელია, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება ამ რეგიონში მომავალი სისხლისღვრის ასაცილებლად იყო საჭირო“ - განაცხადა პუტინმა მოქალაქეეების კითხვებზე პასუხის საჯაროდ გაცემისას.

 

ამასთან, მისივე თქმით, „საქართველოს საზოგადოება თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორი პასუხისმგებლობა დააკისროს მთავრობას, რომელმაც ქვეყანა ასეთ სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა“.

    

ამის შემდეგ პრემიერმა პუტინმა ევგენი პრიმაკოვის 80 წლის იუბილესთვის მიძღვნილ საღამოზე განაცხადა, რომ საქართველოს გაერთიანების საკითხი გადაწყვეტილია და არ არსებობს საკითხი, რომლის გადაწყვეტაც მათ არ შეუძლიათ. საქართველოზე კი ევგენი პრიმაკოვი იზრუნებს. პუტინმა იცოდა, რომ იმ დარბაზს გასცდებოდა მისი სიტყვები, თუმცა, მისი სურვილიც ეს იყო. ამ გახმაურებულ წვეულებას კი არც თუ ისე ცოტა ქართველი ესწრებოდა. ერთ–ერთი საჯარო გამოსვლისას კი პუტინმა საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალთან დიალოგისკენ მოუწოდა. ამის შესახებ პუტინმა „პაკლონნაია გარაზე“, დიდი სამამულო ომის მუზეუმში სტუმრობისას განაცხადა.

 

ბოლოს ხანს მსოფლიო მედიაში გახმაურდა ვლადიმერ პუტინის კიდევ ერთი მოსაზრება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასთან  დაკავშირებით, რომელმაც უცხოელი ექსპერტები ერთობ გააკვირვა. მომავლის ხედვა, რომელიც რუსეთის პრემიერმა მათ გაუზიარა, განსხვავდებოდა ოფიციალური მოსკოვის დეკლარირებული პოზიციისგან და საქართველოს მთლიანობის შესაძლო აღდეგენაზე მნიშვნელოვან მინიშნებასაც შეიცავდა.

 

6 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა სოჭში ყოფნისას უცხოელ სტუმრებს უმასპინძლა. შეხვედრაზე სადისკუსიო კლუბ „ვალდაისთან“, რომელიც დასავლელ ჟურნალისტებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს აერთიანებს, რუსეთის პრემიერი საქართველოს თემასაც შეეხო. შეხვედრის მონაწილეებმა მედიას პუტინთან საუბრის დეტალები გაუზიარეს.

 

„მას თითქოს უნდოდა ეთქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზები არსებობს“, - განუცხადა „Wall Street Journal“-ს რობერტ ლეგვოლდმა, კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, და დასძინა, რომ „პუტინის სიტყვებით საქართველოს შესახებ გაკვირვებული დარჩა“.

 

ხოლო სემიუელ ჩარალმა, „ამერიკული პროგრესის ცენტრის“ რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში შემდგარი საუბრის დეტალები დააზუსტა:

 

„პრემიერ-მინისტრმა საქართველოს შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რომ ოდესმე ამ სამს (აქ ჩარალმა აღნიშნა, რომ არ იცის სამივეს რა „კოლექტიური სახელი“ მოუძებნოს) - საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მოუწევთ, ერთად გადაწყვიტონ მათი მომავალი ურთიერთობის ფორმა და მან არ იცის, იქნება ურთიერთობები სახელმწიფოთაშორისი თუ არა, ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მარადიულ დამოუკიდებლობაზე არც ერთი სიტყვა არ თქმულა“, - თქვა ჩარალმა, რომელმაც პუტინის გამოსვლის ეს მონაკვეთი შეაფასა როგორც „ახალი მომენტი“.

 

„ამერიკის ხმის“ კორესპონდენტის კითხვაზე - ხომ არ გაჩნდა რაიმე ეჭვი რუსეთის მიერ რეგიონში გატარებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით - სემიუელ ჩარალმა უპასუხა: „იგულისხმება, რომ პრეზიდენტი არასდროს ცდება. შეცდომებს არავინ აღიარებს, მაგრამ ის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მიდგომა შეარბილა, უკვე ჩანს, რადგან თავად რუსეთს ამ ე. წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან ძალიან რთული ურთიერთობები აქვს“.

 

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პრემიერი პუტინი მსგავსი შინაარსის განცხადებას აკეთებს. პირველ მინიშნებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობაზე (ყოველივე ევგენი პრიმაკოვის იუბილეზე ხდებოდა) გასული წლის ნოემბერში, „gazeta.ru“-ს ჟურნალისტი ასე აღწერდა:

 

„პუტინმა იმთავითვე გაგვაფრთხილა, რომ მას კარგად ესმის, რომ ყოველივე თქმული დარბაზის ფარგლებს გასცდება. მეტიც, სწორედ ამის იმედი აქვს. რის შემდეგაც გაახმიანა თავზარდამცემი განცხადება, რომ საქართველოს გაერთიანების საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია. და არ არსებობს საკითხები, რომლის გადაწყვეტა არ შეგვიძლია. „დაე, მან (პრიმაკოვმა) იზრუნოს ამ საკითხზე“.

 

რაც შეეხება წვეულებებს გარეთ ცივ გონებაზე გაკეთებულ განცხადებებს, „რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე აღიარებს“ – ამ ფრაზის მუდმივ რეჟიმში გამეორება კი საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვის პრეროგატივაა.

 

„საქართველომ აგრესია განახორციელა. ჩვენ ვაღიარეთ ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკა – ეს იყო ერთადერთი საშუალება, შეგვენარჩუნებინა ამ რესპუბლიკების მცხოვრებლების სიცოცხლე და მათი უსაფრთხოება უზრუნველგვეყო“, – აცხადებს ლავროვი და დასძენს: „ჩვენ კარგად ვიცით სააკაშვილის ოინები“.

 

„აგრესიის ჩახშობის შემდეგ შემუშავდა მედვედევი-სარკოზის გეგმა. ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ იმ საერთაშორისო დისკუსიებზე, რომელიც ჟენევაში მიმდინარეობს, განგვეხილა არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ სტატუსის საკითხებიც. ჩვენ არ გვქონდა არავითარი გეგმა საქართველოში შეჭრისა და ცალმხრივად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება“, – ამბობს ლავროვი.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზს უსვამს იმასაც, რომ „რუსეთი აღიარებს და პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხოლოდ იმ საზღვრებში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დააწესა – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ჩვენ არ გაგვიწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები თბილისთან და არ ვართ დამნაშავე იმაში, რომ თბილისთან ოფიციალური ხაზით კონტაქტები მწირია“, – განაცხადა ლავროვმა.

 

და ბოლოს, მოსკოვი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი სიტუაციისთვის

„წერტილის დასასმელად“ თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის

ხელმოწერას მოითხოვენ.

 

„საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის ხელმოწერამ, შესაძლოა, თბილისი-მოსკოვის მოლაპარაკებებს ჩაუყაროს საფუძველი“, – როგორც სააგენტო „რესი“ იუწყება, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანდრეი კელინმა განაცხადა.

 

„ჩვენ საქართველოსთან დიალოგის მომხრე ვართ, მაგრამ უნდა არსებობდეს განსახილველი საგანი. თუ ჩვენ განსახილველად აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას გვთავაზობენ, ეს არ არის განხილვის საგანი. ამის გაკეთება არ შეგვიძლია. შედეგად იგივე სიტუაციას მივიღებთ, რაც იყო 2008 წლის აგვისტომდე – ამ სახელმწიფოებზე მუდმივ საფრთხეს, თავდასხმის მუდმივ რისკს, ისინი ისევ აღმოჩნდებიან დროისა და სივრცის მიღმა და თანდათანობით დაიღუპებიან“, - ამბობს კელინი.

 

რუს დიპლომატს ასევე მიაჩნია, რომ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში საქართველოს მიერ ტერმინ „ოკუპირებული ტერიტორიის“ გამოყენება უადგილოა. მისივე აზრით, განცხადებები, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ნებისმიერი საკითხის განსახილველად არის მზად, ხელოვნურია.

 

„როცა ისინი მზად იქნებიან, ხელი მოაწერონ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ჩვენს მიერ შეთავაზებული ნებისმიერი ფორმით, ეს წერტილს დაუსვამს იმ სიტუაციას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიქმნა. დღემდე არ გვაქვს საფუძველი, რომელზეც მოლაპარაკებებს შევძლებდით. ამ საფუძველში პირველი აგური შეიძლებოდა ეს შეთანხმება გამხდარიყო“, - აცხადებს კელინი.