5 დღეში ქართველი ამომრჩეველი რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნები უპრეცედენტო დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დარტყმის მთავარი ობიექტი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილია. ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს კონკურენტები სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ.
ერთადერთი კანდიდატი, რომელიც კონკურენტს პოლიტიკურად უპირისპირება „შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილია, რომელმაც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს მიმართა. უსუფაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდს საკუთარი სურვილით შეუერთდა, შესაბამისად ის პასუხისმგებელია ხელისუფლების ყველა ქმედებაზე. უსუფაშვილის თქმით, ქვეყანაში კრიზისი სუფევს, სალომე ზურაბიშვილმა კი უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებას კრიზისიდან გამოსავლის კონკრეტულ გეგმა შესთავაზოს.
„მივმართავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, იზრუნოს იმისთვის, რომ მმართველმა გუნდმა კრიზისიდან გამოსავლის კონკრეტულ გეგმა შესთავაზოს ქართულ საზოგადოებას, რომლის საყრდენი კომპონენტი უნდა იყოს 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული სისტემით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და ამით ერთპარტიული მმართველობის დასრულება საქართველოში. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, ჯერ კიდევ შეუძლია მმართველ გუნდზე შესაბამისი გავლენა მოახდინოს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის მიმართვის გაზიარებას არ აპირებს თავად ზურაბიშვილი, რომლის განცხადებით, დავით უსუფაშვილის ვარაუდი მისი ვარაუდია და უკვირს რატომ უნდა გააკეთოს კომენტარი.
„ძალიან დიდ პატივს ვცემ ძალიან ბევრ სხვა კანდიდატს, მაგრამ ამის დრო არ არის, რადგან ჩემი პრიორიტეტია შევხვდე საზოგადოების ყველა ნაწილს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილს სამშობლოს ღალატში ადანაშაულებს „ევროპული საქართველო“. პარტიის წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ზურაბიშვილის პრეზიდენტობა იქნება უმძიმესი დარტყმა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. „მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო, რაზე არის საუბარი. რუსეთის ფედერაცია სალომე ზურაბიშვილზე დაყრდნობით სასამართლოში ამბობს, რომ საქართველოს სახელმწიფოს ჰქონდა განზრახვა, დაეწყო ომი, დაეწყო შეტევა თავის მოქალაქეებზე. ამავე დროს, სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ე.წ. თათბირზე, რომლის მიხედვითაც, აგრეთვე, აბრალებს თავის ხელისუფლებას შეტევას საკუთარ მოქალაქეებზე. ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ვინაიდან ჩვენ „ქართული ოცნება“ ამ ქალბატონს გვთავაზობს პრეზიდენტობის კანდიდატად, რაც იქნება უმძიმესი დარტყმა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
ბრალდებას საგანგებო განცხადებით უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა ვერ ან არ გაიგეს და დღესაც იგივე პათოსით აგრძელებენ განცხადებების კეთებას.
„მივმართავთ მათ, სანამ აგვისტოს ომის თემაზე ბრიფინგებს ჩაატარებენ, პასუხისმგებლობა აიღონ და საზოგადოებას პასუხი გასცენ, რატომ არის საქართველოს 20% ოკუპირებული; რატომ არ გაითვალისწინეს მათ ჩვენი დასავლელი პარტნიორების რჩევები; რატომ დაუჭირეს მხარი რუსეთ–საქართველოს ომიდან ორ თვეში ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომლის მე–5 პუნქტში წერია: „2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა“, – ამ ყველაფრის ფონზე, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სხვადასხვა განშტოებებს აქვთ მცდელობა შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, რისთვისაც არ ერიდებიან ტყუილს, დაბრალებას და ანტიეროვნულ კამპანიასაც კი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძე.
ბოლო პერიოდის მოვლენების გათვალისწინებით, გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებზე სალომე ზურაბიშვილისგან პასუხს ითხოვს „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც განცხადებით, რამდენიმე კვირაა, რაც ქვეყანა შეძრა უსამართლობის და უკანონობის მთელმა კასკადმა.
„არც ერთი სიტყვა არ გაგვიგია პრეზიდენტობის სამთავრობო კანდიდატისგან, მისგან მხოლოდ ის ვიცით, რომ მხარს უჭერს საქართველოს მარიხუანის პლანტაციად გადაქცევას და ეთანხმება პუტინ–მედვედევს, რომ 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო. საზოგადოებას აქვს სრული უფლება, მიიღოს პასუხები ხელისუფლების პრეზიდენტობის კანდიდატისგან შემდეგ კითხვებზე: პარლამენტის საგამოძიებო წევრობისას რატომ არ მისცა მხარი დათუნა სარალიძის მკვლელების დასჯას? რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს ციხეში გაკეთებულ მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერებზე, საიდანაც დასტურდება უკანონო შეირაღებული ბანდების მიერ ადამიანების გატაცება, წამება? რატომ არ გამოეხმაურა კომპანია „ომეგას“ დარეკეტებას და „იბერიას“ დახურვას? რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს მედიაში ნაჩვენებ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სასახლეებზე?“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს უპასუხოს „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს.
„არაფერს არ ვუპასუხებ ბატონ ვაშაძეს, რომელმაც მომმართა არაერთხელ და სულ სხვადასხვა ტონალობაში. ამიტომ თავს ვალდებულად არ ვთვლი, რომ ბატონ ვაშაძეს გავცე რამე პასუხი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.