ევროკომისია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის. წერილში იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, გაუქმდეს კანონები - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“, ასევე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. ბრიუსელი თბილისს იმასაც მოუწოდებს, შეიტანოს შესწორება ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა უზრუნველჰყოს.
ევროკომისიის განცხადებით, საქართველომ საკუთარი სავიზო პოლიტიკა ევროკავშირისთვის მესამე ქვეყნების სიის შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. განსაკუთრებით ეს ეხება იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ევროკავშირის უსაფრთხოებას და არალეგალურ მიგრაციას უწყობენ ხელს. საქართველოს ევალება, გაააქტიუროს ღონისძიებები თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნის პრობლემის აღმოსაფხვრელად და დააწესოს მკაცრი კონტროლი უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოებისას.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შექმნას აქტივების დაბრუნებისა და მათი მართვის ოფისები, გააგრძელოს მუშაობა აქტივების მონიტორინგის, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და უტილიზაციის კუთხით. დაამტკიცოს კორუფციასთან ბრძოლის ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველჰყოს საკმარისი რესურსები მათი რეალიზაციისთვის და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს კორუფციული სქემების გამოძიებას ხელისუფლების უმაღლეს დონეზე, სამართლებრივ დევნასა და განხილვებს.
ბრიუსელის მოთხოვნით, თბილისმა შესწორებები უნდა შეიტანოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში და ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციები გაითვალისწინოს, რომელიც ბიუროს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და ეფექტიან საქმიანობას უზრუნველჰყოფს. ბოლო რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, პერსონალური მონაცემების შესახებ კანონის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაა.
რას დაუპირისპირებს ხელისუფლება ბრიუსელის ულტიმატუმს - ამ საკითხთან დაკავშირებით, for.ge შოთა გლურჯიძეს ესაუბრა.
ბატონო შოთა, კაია კალასმა მორიგი ულტიმატუმი წაუყენა ხელისუფლებას და ერთ-ერთი, რასაც ითხოვს, არის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების გაუქმება, აგრეთვე, მოუწოდებს შეიტანოს შესწორება ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა უზრუნველჰყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას ემუქრება უვიზო მიმოსვლის შეჩერებით. როგორ ფიქრობთ, ამ ულტიმატუმის ფონზე, როგორი იქნება ხელისუფლების შემდგომი ნაბიჯი?
შოთა გლურჯიძე: ანუ, თუ ამ კანონებს გააუქმებენ, მაშინ მოსახლეობა არჩევნებში აღარ მისცემს ხმას; თუ არ გააუქმებენ, ასეთ შემთხვევაში, სანქციებს დაადებენ და შეჩერდება უვიზო მიმოსვლა. რეალურად, ეს არის ხელისუფლების გადმოგდების წაუგებელი ამბავი. იქით წავლენ - გადაიჩეხებიან, აქეთ წავლენ - გადაიჩეხებიან. ამ ჩვენმა დაუძინებელმა მეგობრებმა ისე ააწყვეს ერთობა, რომ კომუნიკაცია არ აქვთ ხალხთან. ეს არის ძალიან ადვილი თემა, როდესაც შეგიძლია, ხელისუფლებასა და ხალხს შორის გქონდეს ზიზღი, დაპირისპირება და ამით მოაწყო ვითარების აფეთქება, როცა გინდა. ყველა ასეთი ქვეყანა, რომელიც არის მარიონეტული, სწირედ ასე იმართება.
ანუ, ჩვენ მათთვის მარიონეტები ვართ?
- იცით რა, სულ რომ ყველაფერი მიიღონ, რასაც გვეტყვიან, მაინც არ უნდათ ეს ხელისუფლება. ჩვენ ვიცით, რომ მათი მთავარი მიზანი, სურვილი არის, სააკაშვილით ჩაანაცვლონ ეს ხელისუფლება.
ეს გასაგებია, მაგრამ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის, რომ მოზარდებში გავრცელდეს ლგბტ პროპაგანდა და რა კავშირშია ეს უვიზო მიმოსვლასთან?
- ჩვენი ახალგაზრდობის დროს, როდესაც საბჭოთა კავშირში უკვე აირია სიტუაცია, ვინც მანქანით მგზავრობდა, ქუჩაში ხვდებოდნენ მობანდიტო ადამიანები, რომლებსაც ხელში აგური ეჭირათ და ეუბნებოდნენ, ეყიდათ ეს აგური. თუ არ იყიდდნენ, იმ აგურით მანქანას აზიანებდნენ. პრინციპში, ეს არის შანტიჟი, ძალიან ბინძური შანტაჟი. ვურჩევდი ხელისუფლებას, რომ არც იფიქროს ამ ულტიმატუმის შესრულებაზე, აზრი არ აქვს არაფრის შესრულებას იმიტომ, რომ მაინც უპირებენ გადაგდებას.
ხელისუფლებამ კავშირი უნდა დაამყაროს ხალხთან, საკუთარ მოსახლეობასთან, რომელიც იქნება მათი მხარდაჭერის გარანტი და არა ბრიუსელი. თუმცა, ბევრ რაღაცაში, ამ ხალხსაც უმტყუნეს. აქედან გამომდინარე, ძაფზე ვართ ჩამოკიდებულნი. ძალიან რთული გარემოა იმიტომ, რომ აგერ, რეგიონში სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი გაერთიანდნენ. რეალურად, ჩვენ მარტო ვრჩებით, რაც ხშირად იყო საქართველოს ისტორიაში. არ ვიცი, მაგრამ უნდა გადავიტანოთ. სამწუხაროდ, ხალხში ხელისუფლების მიმართ, სიმპატიები ნაკლებადაა იმიტომ, რომ მათი ქონებრივი დეკლარაციები არის მარაზმი, უკვე ზღვარს გავიდნენ - 25 სახლი, 9 მანქანა. მე მომხრე ვარ კორუფციის, მაგრამ საყოველთაო კორუფციის - ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.
რა იქნება საბოლოო ჯამში, მიიღებენ თუ არა საბოლოო გადაწყვეტილებას უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ?
- მგონია, რომ ეს შანტაჟია, რადგან საქართველოს ასეთი დასანქცირებით, ევროკავშირს ვერაფერი ხეირი ექნება! ხალხიც ხედავს, რომ ეს ძალიან ნათელი შანტაჟია, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს, რომელიც მათ ძალიან სჭირდებათ, როგორც ცენტრალური ქვეყანა რეგიონში. ამიტომ, არ მგონია, რომ გააუქმონ უვიზო მიმოსვლა. ეს არის ბანდიტური ხელწერა, როდესაც 90-იან წლებში აშინებდნენ ბიზნესმენებს, რომ გამოეძალათ თანხა. თუ ცოტა ვაჟკაცურად მოიქცევიან, გაუძლებენ, მაგრამ არის მეორე ფაქტორი, ხალხთან ურთიერთობა უნდა აღადგინონ და კორუფცია უნდა შეწყვიტონ, რაც ცოტა რთულია.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, აქ საინტერესო არის ოპოზიციის დაპირისპირება, „ლელო“ და „გახარია“ ერთვებიან საარჩევნო კამპანიაში, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უპირისპირდება და აქცენტს აკეთებენ ქუჩაზე...
- დოსტოევსკის არაჩვეულებრივი მოთხრობაა „სოფელი სტეპანჩუკოვა და მისი მობინადრები“, რომელშიც აღწერილია იმდროინდელი რუსეთის მდგომარეობა. იქაც თავდახრილობაა ევროპულობისკენ, რომ ევროპა წინ არის, ძმობა, ერთობა, თავისუფლება და ასეთი ლოზუნგები გვხვდება, რაც ეფუძნებოდა ამ პატრიარქალურ რულს პატარა სოფელზე. ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, საერთოდ, ოპოზიციის არსებობაც, მართალი ვთქვათ და ხელისუფლების არსებობაც ძალიან ფელეტონია.
რატომ?
- იმიტომ, რომ რეალურად ეს ამბავი წყდება დიდ მოთამაშეებს შორის. არ ჩანს, რომ მდინარაძე აწარმოებს ქართულ პოლიტიკას, ან ვიღაც, ასეთი კაცი. ისინი ცდილობენ, რომ გარკვეულ ტრენდში ჩასხდნენ. იქ, რაღაც პერიოდში, შეეშალათ და კლინტონს გადაურიცხეს დიდი ფული, შედეგად, ამ ლიბერალურ ტრენდში შეტენვას ცდილობდნენ, მაგრამ იქაც არ გამოუვიდათ. მოკლედ, ღამურასავით არიან - არც იქ იღებენ და არც - აქ, რადგან ლეგიტიმაციას ეძებენ გარეთ და არა თავის ხალხში. როდის შეგიძლია მართო შენი ქვეყანა? - როდის და, როდესაც საკუთარ ხალხში გაქვს ავტორიტეტი. ავტორიტეტი კი ამდენი ბინებითა და მანქანებით არ გექნება.