უკრაინის უმაღლესმა რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად იულია სვირიდენკო დანიშნა, რადგან 16 ივლისს, დენის შმიგალს რადამ უფლებამოსილება შეუწყვიტა. 39 წლის იულია სვირიდენკო, იულია ტიმოშჩენკოს შემდეგ, მეორე, დამოუკიდებელი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. თუმცა, მათ შორის უზარმაზარი განსხვავებაა: როდესაც ტიმოშჩენკომ მთავრობის მეთაურის სავარძელი დაიკავა, მას უკვე ჰქონდა უზარმაზარი პოლიტიკური გამოცდილება და საჯარო საპრეზიდენტო ამბიციები. სვირიდენკო კი ამ მხრივ, მისი სრული ანტიპოდია.
სვირიდენკოს მთავრობის სათავეში მოსვლის შესახებ საუბარი გასულ ზაფხულს დაიწყო. ახლა, მისი თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ, გამოუცდელობის ბრალდებები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ხშირად გაჟღერდება.
ჩერნიგოვის პერიოდი
იულია სვირიდენკო წარმოშობით ჩერნიგოვიდანაა. კიევის სავაჭრო-ეკონომიკური უნივერსიტეტის ანტიმონოპოლიური მენეჯმენტის სპეციალობით დამთავრების შემდეგ, ის ცოტა ხნით დედაქალაქში მუშაობდა და შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. დაახლოებით, შვიდი წელი იყო ამ ბიზნესში. მის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი პროექტი იყო პოლიესტერის ბოჭკოვანი ქარხნის მშენებლობა უკრაინაში, რომლის ხარჯებიც 100%-ით უცხოელი ინვესტორების მიერ იყო დაფინანსებული. თავად სვირიდენკო ახალ საწარმოში საგარეო ეკონომიკური საქმიანობის დირექტორის მოადგილე გახდა.
მისი პოლიტიკაში ჩართვის პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა: 2015 წელს, პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან, ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში, ჩერნიგოვის საქალაქო საბჭოში იყარა კენჭი, თუმცა არჩევნები წააგო. იმავე წელს, მან ჩერნიგოვის რეგიონულ ადმინისტრაციაში, თავმჯდომარე ვალერი კულიჩის მრჩევლად დაიწყო მუშაობა. როდესაც 2018 წლის გაზაფხულზე, კულიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რამდენიმე თვის განმავლობაში, იულია სვირიდენკო რეგიონული ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელი იყო. რეგიონული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შემდეგ, მან დატოვა საჯარო სამსახური და დაუბრუნდა ბიზნესს - კომპანია „სიდკო უკრაინას“ შეუერთდა. სვირიდენკომ იქ დირექტორის მოადგილის თანამდებობა მიიღო.
მთავრობაში შესვლა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობა
მალევე, მან ეს სამსახური მიატოვა და კიევში გადავიდა საცხოვრებლად. 2019 წელს, მაშინდელმა მინისტრმა, ტიმოფი მილოვანოვმა იგი ეკონომიკური განვითარების, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიიწვია. ამრიგად, იულია სვირიდენკო, ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველივე მთავრობაში, რვა მოადგილიდან ერთ-ერთი გახდა. მილოვანოვის მემკვიდრემ, იგორ პეტრაშკომ, ის გუნდში შეინარჩუნა და შემდეგ მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა. თუმცა, ის იქ დიდხანს არ დარჩენილა. 2021 წლის ნოემბერში, დენის შმიგალის მთავრობაში, იგი პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილედ - ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა.
იმ დროს, ამ დანიშვნამ მთავრობის ოპონენტებს საბაბი მისცა ეთქვათ, ანდრეი ერმაკის პროტეჟე მთავრობაში იმიტომ გაგზავნეს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მინისტრთა კაბინეტზე კიდევ უფრო დიდი კონტროლი განეხორციელებინაო.
ერმაკის გავლენა?
დიდი ხანია, ბევრი ექსპერტი და პოლიტიკოსი საუბრობს იმაზე, რომ ანდრეი ერმაკი პირადად იყო დაინტერესებული იულია სვირიდენკოს დანიშვნით.
„ქვეყანას ხუთი, ან ექვსი მენეჯერი მართავს. უფრო სწორად, ერთი და მისი სახელია ანდრეი ერმაკი. შმიგალის ჩანაცვლება სვირიდენკოთი, არაფრის შეცვლას არ ნიშნავს“, - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა და ოპოზიციური პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერმა, პეტრო პოროშენკომ მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის მეთაურის შეცვლის განზრახვა გამოაცხადა.
„ჩვენ არ გვყავს სრულად ფუნქციონირებადი მინისტრთა კაბინეტი. ამის ნაცვლად, რაღაც კვაზი-მთავრობა გვყავს, ერმაკის ხელმძღვანელობით, რომელიც აკონტროლებს საპრეზიდენტო დღის წესრიგსა და თავად პრეზიდენტზე წვდომას“, - განუცხადა აპრილში Politico-ს, ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარია კალენიუკმა.
სკანდალები და შემოსავლები
იულია სვირიდენკოს მთავრობის მეთაურად დანიშვნამდე, ოპოზიცია აღშფოთებული იყო იმით, რომ მისი დეკლარაციის თანახმად, 2024 წელს, კიევის ეკონომიკის სკოლაში, ექვსი თვის განმავლობაში სწავლებისთვის, სამ მილიონ გრივნაზე მეტი (70 ათას დოლარზე მეტი, მიმდინარე კურსით) მიიღო.
„ეს თანხა სამჯერ აღემატება წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორების ხელფასს. გარდა ამისა, ეს აღემატება სვირიდენკოს წლიურ შემოსავალს მინისტრთა კაბინეტში“, - განაცხადა რადას დეპუტატმა, ვოლოდიმირ არიევმა.
კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოში კი აღნიშნეს, რომ ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო. ტიმოფი მილოვანოვმა, რომელიც კიევის ეკონომიკის სკოლას (KSE) ხელმძღვანელობს, დაადასტურა, რომ სვირიდენკო სწავლებისთვის თვეში 6000 დოლარს იღებს. დოკუმენტები, რომლებიც KSE-მ გამოცემა „უკრაინსკა პრავდასთვის“ მიაწოდა, აჩვენებს, რომ სვირიდენკო თვეში თითქმის ორჯერ მეტ ანაზღაურებას იღებდა, ვიდრე სხვა ლექტორები, რომლებსაც საერთაშორისო გამოცდილება და გავლენა ჰქონდათ.
2024 წლის შემოსავლების დეკლარაცია საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება: სვირიდენკოს საკუთრებაში ფიქსირდება რამდენიმე პატარა ბინა, ერთი გაქირავებული, 1 496 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, გაქირავებული ავტოსადგომი, ქმრის საკუთრებაში არსებული მანქანა, 400 ათას გრივნაზე ნაკლები და 4 000 დოლარი - საბანკო ანგარიშებზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დამოკიდებულების ბრალდებების მიუხედავად, ექსპერტთა წრეები მიიჩნევენ, რომ იულია სვირიდენკოს ბევრი უპირატესობა აქვს და, უპირველეს ყოვლისა, ეს მისი გამოცდილებაა უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში.
მას კონტაქტები აქვს ევროკავშირში, მონაწილეობდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში. რაც მთავარია, იულია სვირიდენკოს პირდაპირი კონტაქტები აქვს აშშ-ის ადმინისტრაციის წევრებთან.
წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/ckgj0llpx2jo