„ყოველწლიურად, მარტო 5000 იურისტი ამთავრებს უნივერსიტეტს და სად გვაქვს ამდენი კომპანია, რომ ისინი დასაქმდნენ? ეს ხომ აბსურდია!“

„ყოველწლიურად, მარტო 5000 იურისტი ამთავრებს უნივერსიტეტს და სად გვაქვს ამდენი კომპანია, რომ ისინი დასაქმდნენ? ეს ხომ აბსურდია!“

ყოველ წელს, საქართველოში, 40 000-მდე ახალგაზრდა სტუდენტი ხდება და მათი აბსოლუტური უმრავლესობა უნივერსიტეტს ამთავრებს. ქვეყანას ყოველწლიურად, მარტო 5000 იურისტი ემატება. რეალურად კი ამდენი უმაღლესდამთავრებული არათუ საქართველოს, არამედ გაცილებით დიდი და მძავრი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს არ სჭირდება. ეს უცნაური პარადიგმა ქვეყანაში არასდროს იცვლება. 1960-იანი წლებიდან დაწყებული „სადიპლომო ავანტიურა“ დღემდე გრძელდება.

2024-25 სასწავლო წლის მონაცემებით, უმაღლეს სასწავლებლებში სულ 187 800 სტუდენტია ჩარიცხული. „თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, მათგან 37 000-ზე მეტი უცხოელი იყო, ხოლო არარეზიდენტების ნახევარზე მეტი ინდოეთიდანაა.

„2024-25 სასწავლო წლის მონაცემებით, უმაღლეს სასწავლებლებში სულ 187 800 სტუდენტია ჩარიცხული. ბაკალავრის საფეხურის სტუდენტები საერთო რაოდენობის 67%-ს შეადგენს, ხოლო 31% მაგისტრატურის საფეხურზე სწავლობს. სტუდენტების 42% კერძო უნივერსიტეტებში სწავლობს და ეს წილი დროთა განმავლობაში მზარდია.

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა, ასევე, მიმზიდველია არარეზიდენტი სტუდენტებისთვის. 2024-25 აკადემიურ წელს საქართველოს უნივერსიტეტებში 37 100 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, მათი 85% კი კერძო უნივერსიტეტში ირიცხებოდა (2019-20 წლებში - 78%). არარეზიდენტი სტუდენტების 55% ინდოეთიდანაა.

კერძო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამის საშუალო საფასური 4 909 ლარს შეადგენს. შემოთავაზებული პროგრამებიდან 56%, 4 000 ლარამდე საფასო კატეგორიაში ხვდება. პროგრამების 22%-ის საფასური 4 001-6 000 ლარამდე მერყეობს, ხოლო 6 000 ლარს პროგრამების 22% აჭარბებს“, - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.

წელს 39 000 აბიტურიენტი აბარებს უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებს. ეს რიცხვი ყოველ წელს, დაახლოებით, ამ ფარგლებში ტირალებს, არადა ქვეყანას ამდენი უმაღლესდამთავრებული სულაც არ სჭირდება. აკადემიკოს ზურაბ ვახანიას მოსაზრებით, 5 000 არის მაქსიმალური რაოდენობა იმ სტუდენტებისა, რაც ყოველწლიურად სჭირდება ქვეყანას. მანვე იმ პროფესიებზეც ისაუბრა, რომლის სიჭარბე და ნაკლებობაც არის დღესდღეობით ქვეყანაში.

„მაგალითისთვის რომ გითხრათ, კომუნისტების დროს, ახალგაზრდების რაოდენობა ორჯერ და კიდევ უფრო მეტიც იყო. მაშინ სტუდენტი ხდებოდა, საშუალოდ, 8000 აბიტურიენტი. ასე რომ, 5000 არის მაქსიმუმი, რაც დღეს ნორმალურ საზოგადოებას შეიძლება სჭირდებოდეს. საქმე ისაა, რომ არც პროფესორ-მასწავლებლები გვყავს ჩვენ იმ რაოდენობით. ამდენ სტუდენტს ვინ უნდა ასწავლოს“, - აღნიშნა მან.

„ფაკულტეტი, რომელზეც საშინელება ხდება და რომელზეც ყოველწლიურად უამრავი აბიტურიენტი აბარებს, არის იურიდიული. წარმოიდგინეთ, რამდენი ათასი სამუშაო ადგილი უნდა გამოჩნდეს ყოველწლიურად, რომ რამდენიმე ათასი კურსდამთავრებულის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს?!

სამაგიეროდ, მკვეთრი ნაკლებობაა იმ სპეციალობებში, რომლებიც მართლა საჭიროა, მათ შორის ისეთ ტრადიციულ დარგებში, როგორებიცაა ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ისტორიაც კი. ეს სპეციალობები ქრება. მალე დადგება დრო, როცა არ გვეყოლება დიპლომიანი მასწავლებლები, რადგან ამ მიმართულებით სწავლა პოპულარული აღარ არის. ჩვენ ძალიან გვჭირდება აგრონომები, ვეტერინარები, ინჟინრები და ა.შ. უბრალოდ, აქ მართლა სწავლაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ დიპლომი აიღო. დიდი განსხვავებაა ამ ორ ცნებას შორის.

სამწუხარო ფაქტი მოხდა ორი წლის წინ: საკმაოდ მაღალანაზღაურებადი ვაკანსია იყო გამოცხადებული ერთ-ერთი კომპანიის მხრიდან, რომლებიც ინჟინერს და ბიოლოგს ეძებდნენ. ვერცერთმა ქართველმა ვერ გაიმარჯვა კონკურსში, რადგან იქ მართლა საქმის გამკეთებელი სჭირდებოდათ და ორივეგან მიიღეს უცხოელი. იმდენად სავალალოა სიტუაცია განათლებაში, რომ ქართველები საქართველოშიც ვეღარ უწევენ კონკურენციას უცხოელებს და ეს დიდი კრიზისია“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ვახანიამ.

მისი შეფასებით, ქართველები ჯერ კიდევ ვერ მივიდნენ იმ შეგნებამდე, რომ უცოდინრობაში ფული არ უნდა გადაიხადონ.

„სისულელეა, უცოდინრობაში იხდიდე ფულს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არ გყავს ძლიერი მფარველი, რომელიც ნეპოტიზმით მიგიღებს სამსახურში. პრობლემა მოდის სკოლიდან და ოჯახიდან. საზოგადოებას მცდარი შეხედულებები აქვს, რადგან ოჯახმაც უკრიტიკოდ გაიზიარა საზოგადოებაში მოარული შეხედულებები და სტერეოტიპები.

ევროპელი ახალგაზრდა, რომელიც მისაღებ გამოცდებში ვერ მოაგროვებს საჭირო ოდენობის ქულებს, ხვდება, რომ არ არის მზად ამ პროფესიის დასაუფლებლად. მაგრამ ქართველი ოთხი წელი ტყუილად „ისწავლის“, თან იცის, რომ სპეციალისტი ვერ გახდება, ხარჯავს ფულს და ეს საკმაოდ არაპრაგმატული საქციელია, რადგან თავიდანვე იცი, რომ წამგებიანია ეს მიდგომა. ეს იგივეა, ექიმს ანალიზებში ჩაწყობით ჩააწერინო ის პასუხი, რაც გაწყობს და არა ის, რაც რეალურად არის“, - განაცხადა ზურაბ ვახანიამ.

განათლების სფეროს ექსპერტი, მუხრან გულიაშვილიც ფიქრობს, რომ აუცილებელია იმ მავნე სტერეოტიპების დანგრევა, რაც წლებია, აზიანებს მომავალ თაობას. ყოველწლიურად ამდენი უმაღლასდამთავრებული არათუ საქართველოს, არამედ გაცილებით დიდი და მძავრი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს არ სჭირდება.

„დღეს ტურიზმი, მეღვინეობა და მსგავსი მიმართულებები ვითარდება. დიდი მოთხოვნაა ხელობაზეც. საჭიროა სტატისტიკას დაუკვირდნენ და ადვილად დაინახავენ იმას, თუ რა სჭირდება ქვეყანას რეალურად. ცუდია, რომ ეს მავნე ტენდენცია წლიდან წლამდე არ იცვლება. სადაც რეალურად კადრები გვჭირდება, იქ უცხოელებს ვასაქმებთ. ვის უნდა ამდენი დიპლომატი, ან იურისტი, ვერ ვხვდები, რატომ არ იცვლება ეს პარადიგმა. დიდი სახელმწიფო კამპანიაა საჭირო, ალბათ, იმისთვის, რომ ცნობიერება შეიცვალოს.

ვის რაში სჭირდება ბიზნესის სფეროს ამდენი სპეციალისტები, იურისტები და ჟურნალისტები. ყოველწლიურად, ვთქვათ, 5000 იურისტი ამთავრებს. სად გვაქვს ამდენი კომპანია, რომ ისინი სათითაოდ დასაქმდნენ? ეს ხომ აბსურდია! სამწუხაროდ, ყველაფერი აცდენილია ერთმანეთს. ეს ახალგაზრდებიც დროს კარგავენ“, - აღნიშნა მუხრან გულიაშვილმა.