როგორც ცნობილია, „ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატს მომავალ კვირას დაასახელებს, თუმცა დიდი ალბათობით, მმართველი პოლიტიკური გუნდიდან დედაქალაქის მერობის კანდიდატი, მესამე ვადით, კახა კალაძე იქნება. ამის ფონზე, ოპოზიციური სპექტრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოქმედი მერის ნაცვლად, მერობის ახალი კანდიდატი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე იქნება. ექსპერტულ წრეებში, მსგავსი ტიპის ინფორმაციების გავრცელებას საინფორმაციო ომს უწოდებენ, რათა ოპოზიციონერმა ლიდერებმა საკუთარი დღის წესრიგი შექმნან.
„უახლოეს დღეებში, მომავალ კვირას გაიგებთ, ვინ იქნება (თბილისის მერობის) კანდიდატი. გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ „აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ?“ - გეუბნებით! დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ, მალე! რაც შეეხება ოპოზიციას, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანებულები იქნებიან, დაშლილები იქნებიან, ვინ ვისთან იქნება. ბევრი ასეთი გაერთიანება გვინახავს ახლო წარსულში, შედეგი - ნული. ვიცით ეს ადამიანები, გინდ ცალ-ცალკე აღებული, გინდ გაერთიანებულები, რას წარმოადგენენ, ვის და რას ემსახურებიან. საქართველოსთან, ქართველ ხალხთან და ქართველი ხალხის ინტერესებთან, გინდ გაერთიანებულებს და გინდ დაშლილებს, ამ რადიკალურ დაჯგუფებას არანაირი საერთო არ აქვს“,- განაცხადა კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბარში.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ „ქართული ოცნება“ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებდა თავს, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციები რომ გაევრცელებინათ მერობის შესაძლო კანდიდატთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს, მისი სასიკეთო ამინდი შექმნას წინასაარჩევნოდ:
„ეს არის აპრობირებული მეთოდი, რომ გაუშვან ასეთი საინფორმაციო სატყუარა საზოგადოებაში, ჭორები დატრიალდეს მედიაში და ცოტა ხანი შექმნან საინფორმაციო დღის წესრიგი. კახი კალაძემ განაცხადა, რომ ის იბრძოლებს მის პოსტზე ხელახლა. როგორ ფიქრობს ოპოზიცია, ის ამ განცხადებას გააკეთებდა ისე, რომ ეს ყველაფერი არ იქნებოდა შეთანხმებული გუნდში, ყველა რგოლთან?! თავად „ქართული ოცნება“ როგორ მდგომარეობაში ჩაიგდებს საკუთარ თავს, რომ ქალაქის მერი აცხადებდა, თავად იქნებოდა მერობის კანდიდატი, უცებ გამოვიდეს და თქვას, რომ შეეშალა კალაძეს და მათი კანდიდატი სხვა იქნება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, თითქმის ყველაფერი მოსალოდნელია პოლიტიკურ გათამაშებებს შორის, მე ეს სცენარი ნაკლებსავარაუდოდ მეჩვენება“, - განაცხადა ანჯაფარიძემ.
მისი შეფასებითვე, მმართველმა გუნდმა კალაძეზე შეაჩერა არჩევანი, რადგან ის მეტად კონკურენტუნარიანია. რაც შეეხება ოპოზიციის შესაძლო კანდიდატს, ანჯაფარიძის თქმით, რთულია იმის თქმა, ვის წარადგენს გახარია-ხაზარაძის დუეტი თბილისის მერობის კანდიდატად, თუმცა თუკი
ალეკო ელისაშვილი დასახელდა, ეს ოპოზიციური პარტიებისთვის წამგებიანი იქნება:
„მმართველმა პარტიამ კალაძეზე შეაჩერა არჩევანი, რადგან მას აქვს ის, რასაც ჰქვია სახელისუფლებო ქარიზმა, როდესაც უკვე რამდენიმე წელიწადია იკავებ აღნიშნულ თანამდებობას, უკვე ფესვები გაქვს გადგმული და კონკურენტული უპირატესობა გაგაჩნია მეტოქეებზე.
ელისაშვილს, კალაძესთან შერკინება 2017 წლის თბილისის მერობის არჩევნებზე მოუხდა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს მნიშვნელოვანი გარემოება: მაშინ ელისაშვილს ზურგს უკან ჰქონდა საკმაოდ სერიოზული სოციალური კაპიტალი - მოსახლეობის ერთი ნაწილის ნდობა და ის არ იყო გარეული იმ საქმიანობაში, რა საქმეებშიც მოგვიანებით გაეხვა, როდესაც პოლიტიკაში შეაბიჯა. შესაბამისად, მაშინ მისი რეიტინგი განსხვავებული იყო იმასთან შედარებით, რაც შესაძლოა, დღეს ჰქონდეს. ვფიქრობ, დიდ შეცდომას დაუშვებს ხაზარაძე-გახარიას დუეტი, თუ ელისაშვილს წარადგენენ მერობის კანდიდატად - ამასთან, ეს იქნება მათ მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის გადახვევა, რადგან იქ ცალსახად წერია, რომ პარტიები თანხმდებიან, წარადგინონ არაპარტიული კანდიდატები, ელისაშვილი კი პოლიტიკური პარტიის ლიდერია“, - განგვიცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
ოპოზიციამ რომ მოახერხოს და ვინმე დამოუკიდებელი, გაუსვრელი და ცნობადი კანდიდატი წამოაყენოს, კალაძე უშანსოდ დამარცხდება. მე რომ მქონდეს ხმა, ოპოზიციას არა, მაგრამ არც კალაძეს დავუჭერდი მხარს.
მართალია ანჯაფარიძე. კალაძეს ფესვები აქვს უკვე გადგმული.