ჩინეთი აშშ-ს წინააღმდეგ: ვისი ერა იწყება ცენტრალურ აზიაში?

ჩინეთი აშშ-ს წინააღმდეგ: ვისი ერა იწყება ცენტრალურ აზიაში?

დონალდ ტრამპის იზოლაციურმა პოლიტიკამ მიზანმიმართული დარტყმა მიაყენა ამერიკულ გავლენას ცენტრალურ აზიაში. 2025 წელს, როდესაც ვაშინგტონმა საბოლოოდ გადაწყვიტა USAID-ის საქმიანობის შეწყვეტა რეგიონში, ცხადი გახდა, რომ ამერიკა კარგავდა პოზიციებს არა დროებით, არამედ - სამუდამოდ.

ბოლო წლებში, აშშ თანდათან კარგავდა სიძლიერეს, ჩინეთი კი პირიქით - ძლიერდებოდა. USAID-ის წასვლა სიმბოლურ მოვლენად იქცა, სკოლები და საავადმყოფოები მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ, ხოლო კულტურული, საგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი პროექტები - დაფინანსების გარეშე, თუმცა ვაკუუმი დიდხანს არ გაგრძელებულა. რამდენიმე თვეში გაირკვა, თუ ვინ იყო მზად ცარიელი ადგილის დასაკავებლად. ჩინეთმა ის სწრაფად, სისტემატურად და ყველა სფეროში შეავსო - ეკონომიკიდან და ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, ტექნოლოგიებითა და უსაფრთხოებით დამთავრებული. ახლა კი ის არა მხოლოდ თავის გავლენას აძლიერებს, არამედ რეგიონის არქიტექტურასაც აღადგენს.

რიცხვები ჩინურად საუბრობენ

დღეს უკვე აშკარაა, რომ არც აშშ და არც რუსეთი არ თამაშობენ გადამწყვეტ როლს ცენტრალური აზიის ეკონომიკაში. ამერიკის ყოფნა შემოიფარგლება იზოლირებული პროექტებით და 2024 წელს, მისი მთლიანი სავაჭრო ბრუნვა მთელ რეგიონში, 6 მილიარდ დოლარს არ აღემატებოდა. ყაზახეთშიც კი, რომელიც ვაშინგტონის მთავარი პარტნიორია რეგიონში, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. უზბეკეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო დაბალია.

რუსეთი უფრო თვალსაჩინო პოზიციას ინარჩუნებს, განსაკუთრებით ენერგეტიკის, მიგრაციისა და ვაჭრობის გარკვეულ სექტორებში. თუმცა, მისი შესაძლებლობები შეზღუდულია უკრაინაში ომის ფონზე არსებული შიდა ეკონომიკური სირთულეებით, ასევე ცენტრალური აზიის ელიტების მზარდი სიფრთხილით.

ჩინეთი, პირიქით, ყველა ფრონტზე ძლიერდება და ამას ზეწოლისა და ხმამაღალი ლოზუნგების გარეშე, მხოლოდ კონკრეტული პროექტების მეშვეობით აკეთებს. 2024 წელს, ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ რეგიონის ხუთ ქვეყანასთან, 94.8 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით, 5 მილიარდ დოლარზე მეტია. ყაზახეთმა ამ თანხის თითქმის ნახევარი - 43.8 მილიარდი დოლარი უზრუნველჰყო. ჩინეთი ტრანსპორტში, ენერგეტიკასა და ლოგისტიკაში ინვესტირებას ახორციელებს;

ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის პროექტი წინ მიიწევს; რუსეთის გვერდის ავლით, გაზსადენის მეოთხე განშტოების მშენებლობა დასასრულს უახლოვდება; რეგიონში პეკინის კონტროლის ქვეშ მყოფი გადამამუშავებელი ცენტრები, საწყობები და სამრეწველო პარკები ჩნდება.

2023 წლის მაისში, სიანის სამიტზე, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ცენტრალურ აზიასთან თანამშრომლობის განვითარებისთვის 26 მილიარდი იუანის გამოყოფის პირობა დადო. ეს თანხები განკუთვნილია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ვაჭრობის გაფართოებისთვის, ლოგისტიკისთვის, გასაციფრულებლად, ასევე ბიზნესინიციატივებისა და ჰუმანიტარული პროგრამების მხარდასაჭერად. ჩინეთმა ნათლად განაცხადა, რომ ის არა მხოლოდ სავაჭრო პარტნიორია, არამედ მომავალში, რეგიონის ინვესტორიც კი. მხოლოდ 2025 წლის პირველ თვეებში, ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დამატებით 10%-ით გაიზარდა.

თუ აშშ გარე დამკვირვებლის როლში დარჩება და რუსეთი იმპულსს დაკარგავს, მაშინ ჩინეთი რეგიონის განვითარებას უფრო სერიოზულად და ხანგრძლივი პერსპექტივით განიხილავს. მისი ეკონომიკური ბერკეტი პათოსისა და იძულების გარეშე მუშაობს - მხოლოდ ციფრები, კონტრაქტები და გზები, რომლითაც ახალი პარტნიორობის მოდელი მოძრაობს.

უსაფრთხოება ჩინეთის მფარველობის ქვეშ

ცენტრალურ აზიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამერიკული მოდელი წარსულს ჩაბარდა. ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შემდეგ, აშშ-მ რეგიონში სამხედრო პროგრამები შეამცირა, მათ შორის, ერთობლივი წვრთნები, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და პოლიციის თანამშრომლობა. პეკინი მოქმედებს გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის (GSI) მეშვეობით და ხელს უწყობს „განუყოფელი უსაფრთხოების“ იდეას - იდეას, რომ ერთი ქვეყნის უსაფრთხოება არ შეიძლება მიღწეული იქნას მეორის ხარჯზე. ჩინეთი არ აშენებს ბაზებს და არ ერევა პირდაპირ, არამედ პარტნიორებს სთავაზობს ყოვლისმომცველ მიდგომას: უსაფრთხოების ურთიერთგაცვლას, აღჭურვილობის მიწოდებას, წვრთნებს და ნდობის არხების შექმნას.

ამ ასპექტში რუსეთის როლიც შენარჩუნებულია, თუმცა ის გვერდზე გადადის. მოსკოვი კვლავ აკონტროლებს ძალაუფლების კომპონენტს CSTO-სა და SCO-ს მეშვეობით, თუმცა საზღვრების სტაბილურობასთან, ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან და ძალაუფლების შეკავებასთან დაკავშირებული საკითხები სულ უფრო მეტად კოორდინირებულია ჩინეთთან. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია თავად რუსეთში, შიდა არასტაბილურობის ზრდითა და საზღვრებს გარეთ რისკების მართვის უნარისადმი ნდობის შემცირებით.

ჰუმანიტარული გავლენა და რბილი ძალა

USAID-ის გაუქმებით, რეგიონმა დაკარგა არა მხოლოდ ფული, არამედ მისთვის ნაცნობი, მთელი ჰუმანიტარული ეკოსისტემა. ინგლისურენოვანი ცენტრები დაიხურა, საგანმანათლებლო გრანტები შეწყდა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამები შემცირდა. ამის ფონზე, ჩინეთმა განათლების ხელშეწყობა დაიწყო. ჩინეთის უნივერსიტეტები საერთაშორისო რეიტინგებში თავდაჯერებულად მიიწევენ წინა პოზიციებზე. რეგიონიდან ათიათასობით სტუდენტი, ყოველწლიურად, მხოლოდ სამთავრობო სტიპენდიებით სწავლობს.

განათლებას მოჰყვება ჯანდაცვა და ეკოლოგია. ჩინური ინვესტიციები საავადმყოფოებისა და კლინიკების მშენებლობაში იხარჯება, განსაკუთრებით სოფლებში.

ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე, ჩინეთის გავლენის სწრაფ ზრდას ბევრი განვითარების შანსად მიიჩნევს - ინფრასტრუქტურის, ინვესტიციების, ლოგისტიკის ნაწილში. თუმცა, რეგიონში იზრდება ინტერესი კითხვაზე, რა არის ასეთი მხარდაჭერის ფასი?

ჩინეთი ხმამაღალ პოლიტიკურ პირობებს არ აყენებს. აშშ-სგან განსხვავებით, რომელიც ერთ დროს ჰუმანიტარულ დახმარებას რეფორმების, გამჭვირვალობისა და შიდა პოლიტიკაში ცვლილებების მოთხოვნებს უკავშირებდა, პეკინი განსხვავებულად მოქმედებს - სესხების, მშენებლობისა და გაცვლის გზით.

წყარო: https://trt.global/russian/article/dc60efbae5e4