ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან რეკომენდაციების შესრულებას ითხოვს, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“, „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების გაუქმებას და LGBTIQ პირთა უფლებების უზრუნველყოფას. ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკომისიის დათქმებს ვიზალიბერალიზაციასთან არავითარი კავშირი არ აქვს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება პოზიციას არ ცვლის, თუმცა თანასწორ და სამართლიან პირობებში დიალოგისთვის ყოველთვის მზად არის. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ დადგება საკითხი - მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, საქართველო უპირატესობას მშვიდობასა და სტაბილურობას მიანიჭებს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპაში მოქალაქე ვიზით წავა, თუ უვიზოდ, ეს არ არის ეგზისტენციური საკითხი, ხოლო რასაც გვთავაზობენ, რომ დაგვირღვიონ მშვიდობა და სტაბილურობა, ეს, მისივე თქმით, ეგზისტენციურია.
„ვფიქრობ, რომ კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს ევროპული ბიუროკრატია არ გადადგამს, ეს იქნება აბსოლუტურად ირაციონალური. არ არის სწორი ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. როცა გამჭვირვალობის კანონის მიღებას გვიკრძალავენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის უნდათ მშვიდობისა და სტაბილურობის წართმევა.
როდესაც გვეუბნებიან, რომ შენ არ უნდა მიიღო კანონი, რომელიც უცხო ძალებს უზღუდავს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას, ეს ნიშნავს, რომ გვემუქრებიან სტაბილურობისა და შემდეგ უკვე, მშვიდობის დაკარგვით. თუ ასე დადგება საკითხი, მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ, რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობასა და სტაბილურობას! ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ასე გვიყენებენ საკითხს. ოთხი რევოლუციის მცდელობა გამოვიარეთ, ამ ოთხი წლის განმავლობაში“, - აცხადებს პრემიერი.
რაც შეეხება იმ ტენდენციებს, რაც არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც კობახიძე აცხადებს, ეს ტენდენციები შემაშფოთებელია. მეტიც, პირდაპირი დაფინანსება მოდიოდა, სწორედ ამ ტენდენციების განსავითარებლად და ამას უპირისპირდება კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რა მოთხოვნები წამოგვიყენა ბრიუსელმა.
„ორი საკითხია, ერთი ეხება ოჯახური ღირებულებებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის კანონპროექტს. მთავარი საკითხი, რაც ამ კანონშია, ის არის, რომ ქალი ვერ გახდება კაცი და კაცი ვერ გახდება ქალი, ანუ ბრიუსელი გვეუბნება, რომ ავყვეთ ცრუ იდეოლოგიას და ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. ეს არის, სინამდვილეში, რაც მოწოდებულია ამ კანონთან დაკავშირებით. ამას ეხება, რომ კაცი ვერ გახდება ქალი და ქალი ვერ გახდება კაცი. ეს ცრუ იდეოლოგიაა და არ უნდა ისწავლებოდეს, ამ იდეოლოგიით არ უნდა ხდებოდეს ტვინის გამორეცხვა ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში და ა.შ. ეს იგივეა, რაც ბრიუსელს მოეთხოვა, რომ გვეღიარებინა, გვეთქვა, დედამიწა ბრტყელია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ბრიუსელის მოთხოვნებიდან მეორე საკითხს, რომელიც ეხება გამჭვირვალობას, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, როგორც ჩანს, ბრიუსელს არ სურს გამჟღავნდეს, სად მიდის მათი ფული.
„ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით საქართველოში ფინანსდებოდა რადიკალიზმი, ექსტრემიზმი, პარტიები, პარტიული მედიები და ა.შ. დადასტურებულად ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა და კვლავაც ფინანსდება ექსტრემიზმი საქართველოში. ვიცით იმიტომ, რომ შემთხვევით ვარკვევდით რაღაცებს, როდესაც ვიღაც გაშიფრავდა თავის დაფინანსებას.
როგორც „დროა“-მ გაშიფრა და გავიგეთ, თურმე, პარტიას აფინანსებდა ევროკავშირის ფულით, რაც არის დარღვევა და შემთხვევით ვიგებდით ამ ყველაფერს. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც გამჭვირვალობას ეხება, ამ ყველაფერს მოქალაქეები გაიგებენ. როგორც ჩანს, ზუსტად ეს არ უნდა ბრიუსელს, რომ ვიცოდეთ, სად მიდის მათი ფული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ანალიტიკოსის, ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ითვლება მართლმადიდებლად. ქვეყანაში ძირითადი სარწმუნოება არის მართლმადიდებლობა, რომელიც LGBT ცხოვრების წესს უდიდეს ცოდვად მიიჩნევს და მისი ტირაჟირების წინააღმდეგია. გარდა ამისა, ეწინააღმდეგება სქესის ხელოვნურად შეცვლასაც. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ევროკავშირის წერილით, საქართველოს მოუწოდებენ, გააუქმოს კანონთა პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და უფრო სრულად დაიცვას LGBTQ პირების უფლებები, რაც ბუნებრივად და ლოგიკურად გულისხმობს ქვეყანაში LGBT პროპაგანდას, გეი-აღლუმებს, ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებასაც.
„ვნახოთ, რას მოუწოდებს ევროკავშირის წერილი საქართველოს. ის მას მოუწოდებს გააუქმოს კანონთა პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და უფრო სრულად დაიცვას LGBTQ პირების უფლებები, რაც ბუნებრივად და ლოგიკურად გულისხმობს ქვეყანაში LGBT პროპაგანდას, გეი-აღლუმებს, ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებასაც.
თუ საქართველომ ეს მოთხოვნები დააკმაყოფილა, მაშინ, გამოდის, რომ ჩვენი მართლმადიდებელი მოსახლეობა უნდა შეეგუოს ცოდვის პროპაგანდა-ტირაჟირებას, ცხოვრების წესად დამკვიდრებას... ჩნდება კითხვა, ვრჩებით თუ არა ისევ მართლმადიდებლებად? რელიგიური ფაქტორი რომ ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ, ამ გადაწყვეტილებას თავის სოციალურ-პოლიტიკური განზომილებაც ექნება - საზოგადოებაში სერიოზული განხეთქილება და რყევები, მათ შორის, ეკლესიასთან დაპირისპირებაც. ვიფიქროთ ამაზეც“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.