ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნილია - სუს-მა ურანის უკანონო რეალიზაცია აღკვეთა!

ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნილია - სუს-მა ურანის უკანონო რეალიზაცია აღკვეთა!

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე გახსნილია. სუს-მა ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ამ დანაშაულის სხვადასხვა მიმართულების შესაძლო განვითარება აღკვეთა. ბირთვული მასალის, კერძოდ, რადიოაქტიური ქიმიური ელემენტის - ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე, ბათუმში, საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავეს. სპეცოპერაციას კონტრდაზვერვის დეპარტამენტი და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი ერთობლივად აწარმოებდა.

დაკავებულთა შორის დადებული გარიგების თანახმად, ურანის უკანონო რეალიზაცია 3 000 000 აშშ დოლარად იგეგმებოდა. გამოძიება სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება აღნიშნულ ბირთვულ მასალას - რადიოაქტიური ალფა და გამა გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და წყაროს რაობის გათვალისწინებით, როგორც კომპონენტი, გამოსადეგია სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად, ან სხვა მძიმე მასობრივი და ფატალური შედეგისთვის.

ბათუმში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალიან გააქტიურებულია ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა კრიმინალთან ბრძოლის კუთხით და ამის შედეგები ჩანს ყოველდღიურად.

„აქტიურად მუშაობს, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო. ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად აღვკვეთოთ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგიც ამის მორიგი დადასტურებაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, სხვა დამატებითი დეტალები უცნობია. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ ამ საქმეში დამატებითი პრობლემა არის თანხა. საინტერესოა, რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ამას? - იმიტომ, რომ ექსპერტის განცხადებით, ფული საზღვრებს გარეთ რომ გაეტანათ, ან უცხო ქვეყნის საზღვარზე დაფიქსირებულიყო, პრაქტიკულად, ეს იქნებოდა საქართველოს სპეცსამსახურებისა და ქვეყნის ხელისუფლების კომპრომეტაცია.

„ამიტომ, შესაძლებელია ერთ-ერთ ვერსიად განვიხილოთ ის, რომ თუ მეორე პირი არის ისეთი სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელი სახელმწიფოც მტრულადაა განწყობილი საქართველოს წინააღმდეგ, არც ის ვითარება უნდა გამოვრიცხოთ, რომ შესაძლებელია, ერთ-ერთი ძირითადი ვერსია ყოფილიყო, სწორედ საქართველოს ხელისუფლების კომპრომეტაცია იმ ძირითად მიზნებთან ერთად, როგორიცაა საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის მოქმედება საქართველოში, ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული შეღწევადობა ამ მიმართულებით, საქართველოში არსებობს. ვწუხვარ, მაგრამ ალბათობის მაღალი ხარისხით, შესაძლებელია ასეთი ტიპის შეღწევადობა ხორციელდება დაინტერესებული სახელმწიფოების ქოლგის ქვეშ.

როდესაც ვსაუბრობთ ტერორიზმთან დაკავშირებით,  კიდევ ერთხელ, ამ მიმართულებით ერთი რამ უნდა აღვნიშნოთ - საერთაშორისო საზოგადოება არ არის დაინტერესებული ამ საფრთხის წინააღმდეგ კოლექტიური ბრძოლისთვის იმიტომ, რომ ამ სიტუაციაში, საინტერესოა, რა მიმართულებით უნდა წასულიყო? ჩვენზე დიდი შესაძლებლობის ქვეყნებს, რომლებსაც გააჩნიათ კოსმოსური დაზვერვა, მათ აქვთ უფრო მეტი გაძლიერებული რადიაციული, სხვა ტიპის ატომური დაზვერვა და ა.შ. ეს არის სადაზვერვო საქმიანობის მიმართულებები, მათ აქვთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები.

რატომ არ ხდება გაერთიანება ამ მიმართულებით? - იმიტომ, რომ პირველი - ეს არის პოლიტიკური კომპრომეტაციისათვის ხელსაყრელი პირობა, მით უფრო, თუ ასეთი ფაქტები დაფიქსირდება საქართველოსთან მიმართებაში, ან ნებისმიერ, სხვა სამიზნე ქვეყანაში და მეორე - ზოგადად, ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობა კვლავ წინ არის წამოწეული და განსაკუთრებით იმ მოვლენების შემდეგ, როდესაც სახელმწიფოთა შორის, ჩვენ გვქონდა ძალიან მოკლე მასშტაბიანი, რამდენიმედღიანი საბრძოლო მოქმედებები. საუბარია ისრაელსა და ირანს შორის ომზე. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს უკრაინაში განვითარებული მოვლენები“, - აცხადებს კუხალაშვილი.

მისივე შეფასებით, ალბათობის მაღალი ხარისხით არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, შესაძლებელია, იმ დაინტერესებული სახელმწიფოს წარმომადგენელი იყოს, რომელის მიზანია საქართველოს ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების კომპრომეტაცია. ასევე, კუხალაშვილის განცხადებით, როდესაც ამ სახეობის დანაშაულზეა საუაბრი, ეს ნიშნავს, რომ ვართ სამიზნე და ქვეყანა მოწყვლადია ამ საფრთხისადმი.

„ჩვენ არ გვაქვს მონაცემები, საიდან მოხვდა, უბრალოდ, სხვა ქვეყნიდან შემოვიდა და ტრანზიტი არის, თუ ჩვენს ქვეყანაში მოხდა მისი მოძიება, ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩვენს ქვეყანაში მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, გარკვეული აქტიურობა მართებს ჩვენს სპეცსამსახურებს, პოლიციურ უწყებებსა და გენერალურ პროკურატურას. ეს არის მიმართულება, სადაც კონტრსადაზვერვო რეჟიმები ძალიან მაღალ დონეზე უნდა იყვნენ, მათ შორის, სადაზვერვო სამსახურებს უნდა გააჩნდეთ წინმსწრები, მნიშვნელოვანი ინფორმაციები. არ ვიცი, ბოლო შედეგები რამდენად დაიდება, მაგრამ სიღრმისეული ანალიზი დამატებით და მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვცემს, რა ტიპის მოწყვლადობაზეა საუბარი საქართველოში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას, დავით კუხალაშვილმა.