ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ფარული ჩანაწერებით უპირისპირდება. ჩანაწერების მთავარი შემოქმედი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანია. იგი პროკურატურას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროიდან შემორჩა და მაშინდელ ხელისუფლბაშიც გახმაურებულ საქმეებს ანდობდნენ - სუბელიანი იყო 26 მაისის საქმის პროკურორი. სუბელიანმა მაღალი თანამდებობდა დაიკავა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაშიც. სოზარ სუბარმა მას სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის უფროსის თანამდებობა ჩააბარა, რაც მალევე პრობლემა გახდა ხელისუფლებისთვის და ამის შედეგებს „რუსთავი 2“–ის ეთერიდან ისმენს.
ხელისუფლებასა და ოპოზიციის მიერ დაშვებულ შეცდომებზე for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფარული ჩანაწერების ომი წარმატებით გრძელდება. ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ უმძიმეს ბრალდებას ხელისუფლების მიმართ. როგორ ფიქრობთ, რა პროცესებამდე შეიძლება მივიდეს ვითარება?
რამაზ საყვარელიძე: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება მექმნება – სახელმწიფო არ არის. დანაშაული ორივე მხრიდან არის დანაშაულებრივი. ოპოზიცია მიდის ამ ტიპის დანაშაულზე, მაგრამ პროკურატურა რომ ერთვება ამ ომში, ეს საერთოდ ქმნის ურთულეს ვითარებას. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის ყველაზე მტკივნეული იყო ფარული ჩანაწერების მოძრაობა ციხიდან ტელევიზიამდე და პროკურატურიდან - ტელევიზიამდე, ეს საერთოდ არაფერს არ ჰგავს, ეს ნიშნავს, რომ ერთ–ერთი ყველაზე დაცული ორგანიზაცია, დაცული არ არის. დიდი ინტერესით ველოდი რას იტყოდა წულუკიანი, მაგრამ მისი პოზიცია ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, თავისი რიტორიკა გადაიტანა პოლიტიკურ ჭრილში.
ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ამ შემთხვევაში არ იყო პრობლემის სწორად დანახვა? ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმ მეთოდით ებრძვის ხელისუფლებას, რა მეთოდითაც გადაირჩია ამომრჩეველმა...
– დღეს ხომ წულუკიანის განკარგულებაშია ციხე?! მისი ხარვეზია ის, რაც ხდება და ამის ფონზე პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა მხოლოდ არასწორია. ფარული ჩანაწერები რომ თავისუფლად მოძრაობენ წინ და უკან, ეს არის დიდი პრობლემა. ჯერ ამაზე უნდა იყოს პროტესტი და მერე იმაზე რაზეა საუბარი ჩანაწერებში.
როგორ ფიქრობთ, რამდენად სანდოა ჩანაწერების შინაარსი?
– ეს ცალკე საუბრის თემაა. მე არ ვამბობ რეალურია თუ არა, არ ვგულისხმობ მის ავთენტურობას, მაგრამ ადამიანი, რომელიც ჩანაწერის გამოქვეყნებიდან ორი დღის მერე თვითმკვლელობაზე მიდის, იმ ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა არ ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ მისი ნათქვამი სიტყვა იყოს სანდო.
როდესაც ყოფილი კადრების საკითხი დგას, ხელისუფლების არგუმენტია, რომ შეუძლებელი იყო მთლიანი სისტემის ცვლილება. ხელისუფლების ეს არგუმენტი მისაღებია, როდესაც ისეთი ოდიოზური ფიგურები როგორიცაა სუბელიანი, მურუსიძე, დარბაისელი, ზარდიაშვილი და ა.შ. დაუშვა ხელისუფლებამ? კოაბიტაციის შედეგი დღეს რამდენად არის პრობლემა ხელისუფლებისთვის?
– ეს პრობლემა თავიდანვე იყო. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლებამ არ იზუნა, რომ ქვეყანა დაეყნებინა უკეთეს რელსებზე, ვიდრე იქამდე იდგა. შეიძლება თუ არ შეიძლება – ამ კითხვას რომ დავუბრუნდეთ – ამერიკაში დიდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე მშრალი კანონი იყო, რომელმაც პარტია გახადა უძლიერესი, პოლიცია აბსოლუტურად კორუმპირებული და მაფიის სამსახურში ჩამდგარი.
აი, ასეთი ამერიკა იყო ჩამოყალიბებული, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი. ახალმა მოსულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეეცვალა სიტუაცია. ყველაფერი დაიწყო 5–6 კაციანი ჯგუფიდან. სანდო საგამოძიებო ჯგუფი აიყვანა, დაიწყო მაფიის შერყევა და მიაღწია იმას, რომ ერთ–ერთი ყველაზე სამართლებრივი და კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა ჩამოყალიბდა.
ასე რომ, კოაბიტაცია აუცილებლად უნდა მომხდარიყო, მოგონილი არგუმენტია. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებას არგუმენტად არ გაუხდია სახელმწიფოში სიტუაციის შეცვლა და ეს არის ძირითადი შეცდომა, არა ბოროტი განზრახვის გამო, არამედ კონცეფციის გამო. მართლა თვლიდნენ, რომ შეუძლებელი იყო ერთი ხელის მოსმით ძველი კადრებისგან განთავისუფლება.
ამ ხელისუფლებამ უკვე იწვნია თავის ზურგზე კოაბიტაციის შედეგი. დაინახეს, რომ ნაციონალების სისტემის ისე დატოვება, როგორც იყო, სახიფათოა. ეს სისტემა ნებისმიერ მომენტში შემოტრიალდება და მათ დაარტყამს და ტრიალდება და არტყამს კიდეც, როგორც კი ამის დროს აქვს. ეს არის ჩანაწერების და ძალადობის სისტემა და ერთი და ორი კონკრეტული ადამიანი კი არა, ეს ერთი და ორი ადამიანი არის სისტემად ქცეული, იმდენად მოდებული არიან ყველა სტრუქტურაში. წესით, ხელისუფლება უნდა ხედავდეს, რომ სისტემა მისთვის სახიფათო გახდა.
არ ფიქრობთ, რომ სისტემასთან შეგუებას ცდილობენ?
– თუკი სისტემასთან შეგუებას ეცდებიან, როგორც ამას 2012 წლიდან მოყოლებული ცდილობდნენ, სისტემას ჭკუაში ვერ ატყუბენ. პირიქით, სისტემა ატყუებს მათ, უჩლუნგებს სიფხიზლეს, მერე უტყამს იქ, სადაც სუსტი წერტილია. სააკაშვილის დატოვებული სისტემა მტრად რჩება ივანიშვილის ხელისუფლებისთვის.
ივანიშვილის ხელისუფლება საუბრობდა ძალადობრივი სისტემის შეცვლაზე, მაგრამ ამისთვის პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. პარლამენტის ტრიბუნიდან გვესმოდა, რომ საბოტაჟს გვიწყობენო; იგივე ჭიკაიძეს შს მინისტრობის დროს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო გადატრიალებაზე, მაგრამ ბოლომდე არ ვიცით რა ხდება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ან არაფერი არ იყო, ან ხელისუფლებამ ვერ გაბედა სააკაშვილის მიერ დატოვებულ სისტემასთან დაჯახება...
– შეიძლება სისტემამ ანუ იმ გადატრიალების ავტორებმა ნახეს, რომ ხელისუფლების მხრიდან რაღაცა ემუქრებათ, ამიტომ ხელისუფლებასთან გარიგების ხერხები შეარბილეს და გააგრძელეს არსებობა მაგრამ ის, რომ დროებით შეარბილეს ვითარება, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარდა.
ანუ, ხელისუფლება დროებითი შედეგზეა ორიენტირებული?
– დიახ. დროებითი შედეგი აკმაყოფილებს. თქვენ იკითხეთ – რატომ? უფრო მძიმე ვარაუდი მაქვს, ვიდრე თქვენ გულისხმობთ, უუნარობის გამო. ეს მძიმე არის იმ მხრივ, რომ ადამიანი უფრო ადვილად იტანს იმას, რომ ბოროტად ჩათვალო და ბოროტი განძრახვა დააბრალო, ვიდრე იმას, რომ უუნარობა დააბარლო. გრძელვადიანი მოფიქრება იმისა, როგორ უნდა გადაწყვიტო ის პრობლემა, რასაც ახალი სახელისუფლებო სისტემის დამკვიდრება ჰქვია, ამას მოფიქრება და სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა. კადრების მოხსნა- დანიშვნით ეს პრობლემა არ გადაწყდებოდა. თუმცა, არც ეს უქნიათ თანმიმდევრულად. სახელმწიფოს კეთებაში გადამწყვეტი როლი არაკომპეტენტურობამ ითამაშა.
შს მინისტრი აცხადებს, რომ დეტალურ დონეზე იცის, ვინ, სად, როდის, რას გეგმავდა და რას გეგმავს. როგორ ფიქრობთ, ფარული ჩანაწერების ომის ფონზე, ოპოზიციის რეალური მოტივი რა არის. ნაციონალების გეგმა გრძელვადიან შედეგზეა გათვლილი, თუ ამ შემთხვევაშიც მოკლევადიან შედეგზე არიან ორიენტირებული?
– მთელი ჩვენი უბედურება ის არის, რომ რა ხარვეზიც არის ხელისუფლების მხარეს, ზუსტად იგივე ხარვეზი არის მთელი ოპოზიციის მხარეს. პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც გრძელვადიანი აზროვნების უნარი აქვს, რომელიც აგებს არჩევნებს, ასეთი პარტიისგან ელი, რომ დაჯდება და გაიაზრებს რატომ აგებს არჩევნებს, მერე ეცდება ნაკლი მოიშოროს და პლუსი გაიძლიეროს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალადობის გამო წააგო არჩევნები და ყველა საარჩევნო პროცესში ძალადობაზე აქვს აქცენტი. ტყუილის და დაბრალებების გამო წააგო, ამ დროს ვაშაძე ზურაბიშვილს აბრალებს, რომ რუსეთზე მუშაობსო. ამომრჩეველი ძალიან იდიოტი უნდა იყო, რომ ეს არ დაინახოს და ამის მიმართ უარყოფითი გრძნობა არ გაუჩნდეს. ვერ მოიფიქრა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორ მიიზიდოს ამომრჩეველი. მისთვის უფრო ადვილია აკეთოს ის, რასაც შეჩვეულია. ანალოგიურად, „ქართული ოცნება“ შეჩვეულია ისეთ სახელმწიფოს, როგორიც იყო, არაფერი არ შეიცვალოს, ეს ქართული მენტალიტეტის პრობლემაა.
ჩვენ გვეამაყება, რომ „შუშანიკის წამებას“ დღესაც ვკითხულობთ, ოღონდ ეს საამაყო არ არის იმ ფონზე, როდესაც დღევანდელი ინგლისი შექსპირს ვერ კითხულობს. იმდენად შეიცვალა ენა, რომ შექსპირის დროინდელი ენა სხვა რამეა. ენა თუ შეიცვალა ე.ი. აზროვნება შეიცვალა. ჩვენ თუ 17 საუკუნის მანძილზე ვკითხულობთ მაშინდელ წიგნებს ე.ი. უცვლელობაზე ვართ ორიენტირებული და გვეამაყება როცა არაფერი არ იცვლება. აი, ეს ბაცილა არის ერთშიც, მეორეშიც, საზოგადოებაშიც და თან ყველგან ვჩივით, რომ ცუდად ვართო. თუ ცუდად ხარ, მაშინ უნდა შეცვალო. თუ არ ცვლი, ისევ ცუდად იქნები. თითოეულ ჩვენთაგანს აქვს აზროვნებაში ეს ავადმყოფობა.
ამ ვითარებაში საინტერესოა ისიც, რომ არც ამომრჩეველი ცვლის თავის პრიორიტეტებს...
– გეთანხმებით. ერთს დავამატებ – არსებითად არ ცვლის არაფერს. ნაციონალებზე თქვა უარი იმიტომ, რომ ცოცხი დაინახა, თორემ არსებითად, მას თვითონ აქვს ეს ქვეყანა გასაკეთებელი და ეს აზროვნება თუ არ შეიცვალა, სულ ასეთი პრობლემა იქნება.