„ივანიშვილის, უსუფაშვილისა და ზურაბიშვილის ტრიუმვირატი იდეალური იქნებოდა“

„ივანიშვილის, უსუფაშვილისა და ზურაბიშვილის ტრიუმვირატი იდეალური იქნებოდა“

დავით უსუფაშვილი ეპისტოლარულ ჟანრში მიმართვებს განაგრძობს. თუ ამ რამდენიმე ხნის წინ უსუფაშვილმა გიორგი მარგველაშვილს ეპისტოლარულად ერთობისკენ მოუწოდა, ახლა მისი უსტარის ადრესატი ბიძინა ივანიშვილია.

პრეზიდენტობის კანდიდატი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანისა და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივის შესანარჩუნებლად საკუთარ ხედვას სთავაზობს. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა უნდა გამოაცხადოს ძალაუფლებაზე „ქართული ოცნების“ მონოპოლიის დათმობის კომპლექსური გეგმა, რომელიც უნდა დასრულდეს 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული სისტემით ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით.

დავით უსუფაშვილი იმასაც განმარტავს, თუ რამ განაპირობა მისი ასეთი შეთავაზება ბიძინა ივანიშვილისადმი. მისი არგუმენტით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ ტარდება, არამედ მიმდინარეობს ძალაუფლებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წესების გარეშე.

„ჯერ არ ვიცით, ვინ იქნება ამ ბრძოლაში გამარჯვებული, მაგრამ მარცხდება საქართველო და ქართველი ხალხი. ამ ვითარებაში ჩემთვის, როგორც სახელმწიფოს მეთაურობის კანდიდატისთვის, მთავარი ამოცანაა ქვეყნისთვის უმძიმესი განსაცდელის არიდება. ვეღარ შემოვიფარგლები მხოლოდ კონკურენტებთან საარჩევნო პაექრობით“...

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, დავით უსუფაშვილი პროგნოზირებს, რომ ძალაუფლების მონოპოლიის დათმობის შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ ექნება პოლიტიკურ სივრცეში დარჩენის შანსი და ქვეყანა წავა წინ. ხოლო, თუ ხელისუფლება გააგრძელებს ძალაუფლებაზე მონოპოლიის გაძლიერების მცდელობას, საპრეზიდენტო არჩევნებში ნებისმიერ ფასად გამარჯვების ჩათვლით, მაშინ „ოცნება“ სრულად შეელეწება ამ პროცესს და ქვეყანას დესტაბილიზაციის ჭაობში ჩატოვებს.

იმის გათვალისწინებით, რომ დავით უსუფაშვილი საკუთარ თავს განიხილავს, როგორც ახალი პოლიტიკური ძალების შემომყვანს, საინტერესოა, ექნება თუ არა უსუფაშვილისეულ ამ გეგმას გაგრძელება და გაითვალისწინებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მის არგუმენტებს?!

ანალიტიკოსი, უსაფრთხოების სპეციალისტი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დღეს დავით უსუფაშვილი თითქოს მესამე ძალად ყალიბდება. პრინციპში, ეს კარგიცაა, რადგან იგი საკმაოდ რაციონალურია და გამაწონასწორებელი პიროვნებაც ჩანს. მართალია, მას ქარიზმა არ გააჩნია, მაგრამ გააჩნია ის პოლიტიკური უნარი, პოლიტიკური სიბრძნე და პოლიტიკური რაციონალიზმი, რაც სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს აკლიათ.

ვახტანგ მაისაიას აზრით, ბიძინა ივანიშვილისა და დავით უსუფაშვილის ტანდემი ყველაზე კარგი იქნებოდა. სალომე ზურაბიშვილის ფაქტორიც არ უნდა გამოგვერიცხა და ეს იქნებოდა ტრიუმვირატი, ანუ სალომე ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, დავით უსუფაშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრი, ხოლო ბიძინა ივანიშვილი, როგორც პოლიტიკური პარტიის რეალური ბერკეტების მქონე პიროვნება.

„ეს იქნებოდა ყველაზე იდეალური ვარიანტი. ქალბატონ სალომეს საკმაოდ ძლიერი რენომე აქვს საგარეო პოლიტიკაში, რასაც მას ვერავინ წაართმევს, როგორი ხმალამოღებული ბრძოლაც არ უნდა გააჩაღონ მის წინააღმდეგ. სალომეს გააჩნია დიდი პოლიტიკური გამოცდილება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, რაც ჩვენ ჰაერივით გვჭირდება, რადგან ასეთი ქარიზმატული პიროვნება საგარეო პოლიტიკური მიმართულებით საქართველოს არ ჰყავს. მას კარგი ურთიერთობა აქვს დასავლეთის სახელმწიფოებთან-ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რუსეთთანაც შეუძლია ღირსეული მოლაპარაკების წარმოება და დიალოგის წარმართვა. უსუფაშვილი კი საკმაოდ კარგი პოლიტიკოსია. მას შეუძლია მართოს ქვეყანა პრემიერ-მინისტრის რანგში. რაც შეეხება ბატონ ბიძინას, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერს, მას შეუძლია, ამ პოლიტიკოსებს შეუქმნას ძლიერი ფუნდამენტი განვითარებისთვის“, - მიიჩნევს ვახტანგ მაისაია და შეკითხვის საპასუხოდ, რატომ არ ისურვა ბიძინა ივანიშვილმა სიტუაციის ასე დალაგება, განმარტა: „არ ვიცი, მოგეხსენებათ, „ქართულ ოცნებაში“ იყო შიდა ძვრები“.

მანვე გაიხსენა, რომ „ოცნების“ შიგნით რამდენიმე დაჯგუფება გაერთიანდა და, როგორც ჩანს, აპირებდნენ ბიძინა ივანიშვილის გადაყენებას. ამ დროს კი იგი დაბრუნდა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარედ. ვახტანგ მაისაიას მოსაზრებით, კვირიკაშვილთან დაპირისპირებაში აშკარად ჩანდა, რომ მზადდებოდა შიდა კარის გადატრიალება. თუმცა დღეს სიტუაცია კვლავაც დაულაგებელია.

შეელევა თუ არა „ქართული ოცნება“ ძალაუფლების დათმობას და უსუფაშვილის სქემით სიარულს, ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ყველა გეგმა უნდა იყოს განხილული. მით უმეტეს, სიტუაცია უკვე იქამდე მივიდა, ნებისმიერი იდეა ხავსის მოკიდების ვარიანტად შეიძლება ჩაითვალოს.

„სიტუაცია კრიზასამდე მიდის. ალბათ, „ოცნებას“ მოუწევს დავით უსუფაშვილის შეთავაზების გათვალისწინებაც“.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უსუფაშვილს ასეთი სქემები სჩვევია ხოლმე, თუმცა ამას უფრო საფუძვლიანი მსჯელობა სჭირდება.

„კონსენსუსი ასეთ თემებზე, გარკვეულწილად, მიღწეულ იქნა. ყველამ ვიცით, რომ პროპორციული სისტემა იქნება შემდგომ პერიოდში, ახლა კი გველის კიდევ ერთი არჩევნები და შერეული სისტემა. რამდენად გააუქმებს „ქართული ოცნების“ მონოპოლიას მაჟორიტარული არჩევნების მოხსნა, ამას ვერ გეტყვით. მთავარი ის არის, რომ უსუფაშვილმა ივანიშვილს კი არ უნდა მისწეროს წერილი, არამედ, ზოგადად, კონსტრუქციული ოპოზიციის როლი ვისაც შეუძლია ითამაშოს ამ ქვეყანაში, პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა ეძებონ ის მიზეზები, რის გამოც ისინი ვერ ჩამოყალიბდნენ ხელისუფლების ალტერნატივად. ცხადია, ამ კონსტრუქციულ ოპოზიციაში ნაცებს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ უსუფაშვილს. ეს არის მთავარი პრობლემა, თორემ ახლა გინდა მაჟორიტარული არჩევნები ჩაატარონ, გინდა პროპორციული, უსუფაშვილი ვის დასვამს პარლამენტში? ისევ ნაცები მოხვდებიან, ან ქოცები, ოღონდ სხვა პროპორციით. ამიტომ უსუფაშვილის მხრიდან გაკეთებული შეთავაზება გამოსავალი არ არის“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.