პრემიერის უარი პრეზიდენტს იმპიჩმენტის დაწყების საფუძველს აძლევს

პრემიერის უარი პრეზიდენტს იმპიჩმენტის დაწყების საფუძველს აძლევს

„მინისტრთა კაბინეტის შეხვედრას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით“, – პრემიერ–მინისტრმა პრეზიდენტს მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევაზე უარი უთხრა. იმ შემთხვევაში თუკი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქნება პრეზიდენტის მიერ წინადადება წარმოდგენილი, რომ ცალკეული საკითხი განხილული იქნას საქართველოს მთავრობის სხდომაზე, ასეთ შემთხვევაში მთავრობა პრეზიდენტის მიმართვას განიხილავს და უზრუნველყოფს.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე აცხადებს, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის მიერ არის წერილი გაგზავნილი, რაც კანონმდებლობით დადგენილ წესს არ შეესაბამება. მიქელაძის ინფორმაციით, თუკი პრეზიდენტი გარკვეული საკითხების მთავრობის სხდომაზე განხილვის მოთხოვნით უშუალოდ თვითონ მიმართავს მთავრობის ადმინისტრაციას და დოკუმენტზეც მისი ხელმოწერა იქნება, მთავრობა ამ უფლებამოსილებას პრეზიდენტს ვერ შეუზღუდავს.

„პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ გაგზავნილ წერილში ის საკითხები, რისი განხილვაც პრეზიდენტს მთავრობის სხდომაზე სურს, ერთი დასათაურებით არის წარმოდგენილი და ინფორმაციულად გაშლილი არ არის. პროცედურული წესის დაცვის შემთხვევაში, მთავრობა მზად არის, რომ განიხილოს მთავრობის სხდომაზე ის საკითხები, რომელსაც პრეზიდენტი ითხოვს...“, – აცხადებს ნათია მიქელაძე.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს კონსტიტუციის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, რომელიც მიქელაძის განცხადებას არაკომპეტენტურს უწოდებს.

„ის პასუხი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ იმდენად არაკომპეტენტურია სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ ამაზე კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. პრეზიდენტმა რომ მიმართა პრემიერს ეს მთელმა საქართველომ ნახა. სამწუხაროდ, ამ მიმართვის საპასუხოდ, ჩვენ ვხედავთ მთავრობის მცდელობას, უგულებელყოს კონსტიტუცია და ამ ძალიან მძიმე ვითარებაში, რომელშიც იმყოფება ქვეყანა, განზე გადგეს და გაექცეს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყანა იმართებოდეს კონსტიტუციური უფლებამოსილი პირების მიერ, კონსტიტუციური ფორმატებით და კანონიერების პრინციპზე დაფუძნებით, რაც არის ძალიან სამწუხარო და ძალიან დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

კონსტიტუციონალისტი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი განმარტავს, რომ არც ერთი ნორმა არ აკონკრეტებს მთავრობის ვალდებულებას, პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი ყველა საკითხი განიხილოს მთავრობის სხდომაზე.

„პრეზიდენტს ამ უფლებას ვერავინ წაართმევს, თუმცა გადაწყვეტილებას, თუ რა საკითხების განხილვა მოხდება მთავრობის სხდომაზე, იღებს პრემიერ–მინისტრი და თავად მთავრობა არის უფლებამოსილი განსაზღვროს დღის წესრიგი. არც ერთი ნორმა არ აკონკრეტებს მთავრობის ვალდებულებას პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი ყველა საკითხი განიხილოს მის სხდომაზე, ასეთი იმპერატიული ჩანაწერი არ არსებობს ამ გადაწყვეტილების მიღება მთავრობის დისკრეციაა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

მთავრობამ პრეზიდენტს უარი უკვე უთხა, თუმცა, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ურჩევს მთავრობას, კონსტიტუციის შესაბამისად, გაიზიაროს პრეზიდენტის შეთავაზება და ჩაატაროს მთავრობის სხდომა. უსუფაშვილი განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმებაა.

„სანამ სახელმწიფო, არჩევნები და ჩვენი ცხოვრება კონსტიტუციას არ დაემორჩილება, მანამ არაფერი გვეშველება. პრეზიდენტი კი არა, ყველა სხვა, გარდა საკუთარი თავისა და მიხეილ სააკაშვილისა, ხელისუფლებას უნდა გააქროს საქართველოდან, საინფორმაციო სივრციდან. მათ არ აწყობთ სხვა მოთამაშის, თანამდებობის პირის, პოლიტიკური ძალის, პოზიციის გამოვლენა და გამომჟღავნება და აგრძელებენ ამ პოლიტიკას.

არადა, პრეზიდენტმა მგონი, საკმაოდ სწორი წინადადებით მიმართა მთავრობას, რომ მიტინგებზე და დემონსტრაციებზე კი არა, საქმიან ფორმატში შედგეს მსჯელობა პრობლემებზე. 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების დაანონსება განმუხტავდა იმ დაძაბულობას, რაც გვაქვს, აარჩევინებდა ქართველ ხალხს პრეზიდენტს და ჩვენც მშვიდად და ცივილიზებულად გადავდგამდით ყველა ერთად ნაბიჯს წინ. მთავრობის სხდომაზე ამ საკითხსაც თუ განიხილავენ, მგონი, სწორი იქნება“, – აცხადებს დავით უსუფაშვილმა.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ თუ პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი საკითხები მთავრობის პირველივე სხდომაზე არ იქნება გატანილი, ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება და პრემიერის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველს ქმნის.

როგორც მენაბდე აცხადებს, კონსტიტუციაში არ არსებობს უფლებამოსილება ვალდებულების გარეშე. როცა კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში, ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ვალდებულია პრეზიდენტის ეს მოთხოვნა გაითვალისწინოს.

„მთავრობის სხდომის დღის წესრიგს პრემიერ–მინისტრი ადგენს და პრემიერი იწვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი საკითხი მთავრობის პირველივე სხდომაზე უნდა გაიტანოს. თუ პრემიერი ამას არ გააკეთებს ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება და არის იმპიჩმენტის საფუძველი.

როდესაც კონსტიტუციაში წერია, რომ ვიღაც უფლებამოსილია რაღაც მოითხოვოს, ეს იმასაც გულისხმობს, რომ არსებობს შემხვედრი ვალდებულება. როცა კონსტიტუციას სურს, რომ შემხვედრი ვალდებულება არ არსებობდეს, მაშინ იქნება ჩანაწერი, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია რაღაც მოითხოვოს, ხოლო პრემიერ-მინისტრს შეუძლია ეს მოთხოვნა უარყოს. რაკი ეს არ წერია, იგულისხმება, რომ ვალდებულია“, – აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

კონსტიტუციონალისტი პრემიერს მოუწოდებს უახლოეს დღეებში შეიტანოს დღის წესრიგში ის საკითხები, რომელიც ქვეყნის პირველმა პირმა დააყენა. ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ პრეზიდენტს უნდა მიეცეს საშუალება დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომაში.

„იმპიჩმენტის წამოწყება არის პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომლის შემდეგაც საკითხი გადადის საკონსტიტუციო სასამართლოში. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს კონსტიტუციის დარღვევას პრემიერის მხრიდან, მაშინ პარლამენტი უკვე კენჭს უყრის და 76 ხმით მას შეუძლია გადააყენოს მთავრობის მეთაური“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.