ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე გახსნილია. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებული არიან კუდ–ის მაღალჩინოსნები – გიორგი მერაბიშვილი; ლევან ქარდავა; რევაზ შიუკაშვილი.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ე.წ. „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“, ერთ–ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, აღმოჩენილ იქნა შსს–ს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ 2007 წლის 4 და 5 თებერვლის ორი ჩანაწერი, კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხებოდა.
კერძოდ, 2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდ–ის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე (მასტერა) ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს. საუბრისას დგებუაძე ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდმა უნდა განახორციელოს.
რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, რომელიც 2007 წლის 5 თებერვლით თარიღდება, მასში ასახულია ე.წ. „მოდულის“ შენობაში გამართული თათბირი, რა დროსაც კუდის მაღალჩინოსანი გიორგი დგრბუაძე, მის დაქვემდებარებაში მყოფი ასევე კუდის თანამშრომლები და ამჟამად ბრალდებულები ლევან ქარდავა, რევაზ შიუკაშვილი და გიორგი მერაბიშვილი პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებენ.
საუბრის მიხედვით, ისინი განიხილავენ პატარკაციშვილის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, მათ შორის დაცვის თანამშრომელთა სიის მოპოვების და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობებს. ასევე მსჯელობენ მკვლელობის სხვადასხვა გზებზე, კერძოდ, მისი ისეთი ნივთიერებით მოწამვლაზე, რაც ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს. ამავე საუბრის თანახმად დგინდება, რომ ყველა საკითხი, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესაბამისი მეთოდები თანხმდება კუდის იმდროინდელ ხელმძღვანელ დათა ახალაიასთან.
გარდა იმისა, რომ შიუკაშვილი სისტემატურად აგროვებდა დაცვის წევრების შესახებ მონაცემებს, ასევე, კუდ–ის თანამშრომლები, მათ მიერვე დაკავებულ პატარკაციშვილის დაცვის რამდენიმე წევრს, მკვლელობის მომზადებისთვის საჭირო პირობების შექმნის სანაცვლოდ, მათ მიმართ დაწყებული დევნის ნაწილში სხვადასხვა სახის შეღავათებს სთავაზობდნენ.
აუდიოჩანაწერები, რომლებიც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით გასაჯაროვდა, 2016 წლის დეკემბერშია მოპოვებული. თუმცა, რატომ არ მოხდა ბრალის წარდგენა ორი წლის განმავლობაში, პროკურორი კოკა კაციტაძე აცხადებს, რომ ამოღებულია ათეულობით ფაილი, თითოეულ ფაილს სჭირდებოდა შესწავლა და ექსპერტიზა.
„ძალიან მარტივი პასუხია. ათეულობით ფაილია ამოღებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს. თითოეულ ფაილს სჭირდებოდა შესწავლა და ექსპერტიზა. გარდა ამისა, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიები მოქმედება და როდესაც გამოძიება მივიდა იმ სტანდარტამდე, რომ შესაძლებელი იყო ბრალის წარდგენა, ჩვენ ბრალი წარვუდგინეთ ამ პირებს, მოვითხოვეთ აღკვეთის ღონისძიება და საზოგადოებასაც ვაცნობეთ ეს ინფორმაცია“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.
ბრალს არ აღიარებს დაკავებული რევაზ შიუკაშვილი და საქმეს ფალსიფიცირებულს უწოდებს. ბრალდებული დაინტერესდა არჩევენამდე ორი კვირით ადრე რატომ უყენებენ ბრალს.
„2016 წელს საპარლამენტო არჩევნები იყო და ორი კვირით ადრე 26 მაისის საქმეზე წამიყენეთ ბრალი. 2 წელია საქმე სასამართლოში განიხილება და 20 მოწმეა მხოლოდ დაკითხული, მთავარი დამნაშავე და დამრბევი კი გარეთაა. ახლა ეს ბრალი და აგერ 11 დღეში კიდევ არჩევნებია.
ყველაფერი ფალსიფიცირებულია და თქვენ ყველაფერზე მოგეთხოვებათ პასუხი ძალიან მალე. მინდა ვაღიარო მარტო ერთი რამ – ბავშვობაში მეზობლის ფანჯარა ჩავამტვრიე და დღესაც არ იციან ეს. როდის წამიყენებთ ამაზე ბრალს?“, – ასე მიმართა სახელმწიფო ბრალდებას რევაზ შიუკაშვილმა.
ბრალს არ აღიარებს კუდ–ის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი გიორგი მერაბიშვილი, რომლის განცხადებით, არ იცნობს არც ერთ პირს, ვინც მის წინააღმდეგ საქმეზე ჩვენებას აძლევს და მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა იჯდეს ციხეში.
„თქვენს მიერ ჩამოთვლილი პირები ჩემთვის უცნობია და საერთოდ არ ვიცნობ მათ. უკანონო არაფერი ჩამიდენია არასდროს. რაც შეეხება მიმალვას, რატომ უნდა მივიმალო? ვისაც ოპერატიულ საქმიანობასთან და ძებნილებთან ჰქონია შეხება, იცის, რომ მიმალვაში ყოფნა ძალიან დიდ მატერიალურ სახსრებს მოითხოვს. მე კი ასეთი სახსრები არ გამაჩნია“, – განაცხადა გიორგი მერაბიშვილმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს ლევან ქარდავას, ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ საუბარის იმ ნაწილში სადაც პატარკაციშვილის მკვლელობის შესახებ არის საუბარი, ლევან ქარდავა არ მონაწილეობდა. ადვოკატის განცხადებით, ქარდავა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოა, რაზეც ბევრი ფაქტი მიანიშნებს.
„ლევან ქარდავასთვის ხმის ნიმუში არ აუღათ. ექსპერტიზა, რომელიც ჩატარდა, არ არის სინამდვილე და ობიექტური. ექსპერტიზა ჩატარდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში, მატუშევსკაიას მიერ, იქ სადაც ყველა დასკვნა ყალბდება თითქმის ყველა საქმეზე. ყალბი დასკვნაა გაცემული რობაქიძის საქმეზე სწორედ ამ ექსპერტიზის მიერ და ასევე უამრავ სხვა საქმეზე.
ამ ჩანაწერში არ არის დანაშაულის შემადგენლობა. იქ არის საუბარი, რომ ჩეჩნებს რაღაც საწამლავი აქვთ, რომელიც ორ–სამ დღეში კლავს, მერე რა? იმ ჩანაწერში არ არის, რომ ეს უნდა გამოიყენონ პატარკაციშვილის, პეტრეს თუ პავლეს მოსაკლავად“, – აცხადებს მალხაზ ველიჯანაშვილი.
რაც შეეხება ბარლდებულ შიუკაშვილის განცხადებას, რომ მისი დაკავება საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება, არ ადასტურებს საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე, რომლის განცხადებით, არჩევნების პერიოდს ნამდვილად არ უკავშირდება პროკურატურის მიერ ვინმეს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმეში ჩანაწერების გარდა, სხვა მტკიცებულებებიც არსებობს, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები.
„73 დისკი იქნა მოპოვებული, ყველა დისკის დათვალიერება ხდებოდა, ასევე ამ ბრალდებასთან დაკავშირებით ჩვენ ჩავატარეთ არაერთი საგამოძიებო მოქმედება სხვა ეპიზოდებთან მიმართებაში, თუმცა საბოლოოდ დადგინდა, რომ ამ მოზარდების ნაწილში ის ქმედებები, რაც ბრალდებას უკავშირდებოდა, ჩადენილია ამ სამი პირის მიერ.
არჩევნების პერიოდს ნამდვილად არ უკავშირდება პროკურატურის მიერ ვინმეს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. მიმაჩნია, რომ უფრო მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, რა მძიმე დანაშაულს ამზადებდნენ ეს პირები, ვიდრე ვთქვათ, იმ პერიოდზე, როდის დაიწყო ბრალდების მხარემ ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე დევნა“, – აცხადებს ზვიად გუბელაძე.
პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთაში ბრალდებული ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კუდ–ის თანამშრომლებს არ იცნობს. ამბობს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აგონიაში და ეს განუკითხაობა მალე დასრულდება.
„ამ დადგმაში როგორ არის კუდ–ის ვიღაც 2 თანამშრომელი ამბობს: სააკაშვილი ამბობსო. 2007–ში კუდ–ის 2 თანამშრომელი არასოდეს გვარით არ მახსენებდა რაც არ უნდა მომხდარიყო. იტყოდნენ პირველმა, პრეზიდენტმა, სააკაშვილმა. ვინც მუშაობდა სისტემაში, ეს ხომ კარგად იცის, გარდა იმისა, რომ ესეთ დავალებებს არ იღებდნენ, რა თქმა უნდა. სრულ აგონიაში არიან. მე სულ ვფიქრობდი, რომ ეს საოცრება სასწაული ზურაბიშვილი როგორ დააყენა კანდიდატად, ამან როგორ უნდა გაიმარჯვოს? თურმე იმედი ჰქონდა თავისი იაფფასიანი ბებიის სკივრიდან ამოღებული ტრიუკების ივანიშვილს, მართლა ყველა დებილი ჰგონია. იქ, სადაც ბიზნესმენები დაჰყავთ სარდაფში, ციხეში მყოფ ადამიანს რასაც გინდა იმას ჩააწერინებ. ივანიშვილი ახლა იმყოფება სრულ ჩოქბჯენში, არ უნდა მივცეთ საშუალება იქიდან ადგეს. მთავრდება ყველაფერი 28–ში, მისი ბოგინი, სიცრუის, ტყუილების განუვითარებლობის, გაღატაკების, ქურდობის ეპოქა მთავრდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.