საპრეზიდენტო არჩევნებამდე 12 დღით ადრე საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ–მინისტრს მთავრობის სხდომის მოწვევის ინიციატივით მიმართავს და მასზე პირადად დასწრებას გეგმავს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ინსიტუტების ეფექტური ფუნქციონირების, ასევე მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის საკითხით წარსდგება.
„ჩვენ გვჭირდება ვითარების ადეკვატური შეფასება და ადეკვატური ზომების განხორციელება. არაადეკვატური ღიმილი ან სიცილი ამ ვითარებას უკეთესობისკენ არ შეცვლის. არაადეკვატური ღიმილის ფონზე არსებული არჩევნები ვერ გახდება ქართული დემოკრატიის გარღმავების შემდგომი ნაბიჯი. აქედან გამომდინარე, გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან, მთავრობასთან ვითათბიროთ ვითარების სწორი შეფასებისა და შესაბამისი ზომების გატარების თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მთავრობის სხდომის მოწვევის აუცილებლობას ვერ ხედავს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი თუ კრიზისს ეძახის იმას, რომ 2 თვეში გასდის თავისი უფლებამოსილების ვადა, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ კრიზისზე.
„პრეზიდენტი დღეს საუბრობდა კრიზისზე, თუ კრიზისს ეძახის იმას, რომ 2 თვეში გასდის თავისი უფლებამოსილების ვადა, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ კრიზისზე, თუმცა კრიზისზე საუბარი არის ნამდვილად სუბიექტური მოსაზრებებით ნაკარნახევი. ვიცით, რომ მას აქვს თავისი სუბიექტური პოზიციები, სუბიექტური ინტერესები და ამით ხელმძღვანელობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვიცე–პრემიერი მაია ცქიტიშვილი პრეზიდენტს საკუთარ უფლებამოსილებას ახსენებს და მიუთითებს, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია მთავრობის სხდომის მოწვევის უფლებას არ აძლევს. მისი თქმით, პრეზიდენტმა შეიძლება გამოთქვას სურვილი და იმსჯელოს ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ეს არის მისი, როგორც მოქალაქის და პოლიტიკოსის სურვილი.
„პრეზიდენტმა შეიძლება გამოთქვას სურვილი და იმსჯელოს ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ეს არის მისი, როგორც მოქალაქის და პოლიტიკოსის სურვილი. როგორც პრეზიდენტს მას არ აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ მიმართოს პრემიერს მთავრობის სხდომის მოწვევის მიზნით. პრეზიდენტის ეს განცხადება კვლავ ცოტა აცდენილია იმ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც მთავრობის სხდომას აქვს რეგლამენტით გათვალისწინებული“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტს არავინ შეუშვებს მთავრობაში, მიუხურავენ ცხვირწინ კარს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, პრეზიდენტის სურვილი, რომ მივიდეს მთავრობის სხდომაზე, არ არის სერიოზული, რადგან პრეზიდენტს არავინ შეუშვებს მთავრობაში, ცხვირწინ კარს მიუხურავენ.
„ქვეყანა არაფორმალური კრიმინალური წესით იმართება. პრეზიდენტმა უნდა მოიწვიოს უშიშროების საბჭო, ვინაიდან ეს საკითხები უკვე ეხება ქვეყნის სტაბილურობას. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში არ არსებობს კონსტიტუცია, მოხდა ძალაუფლების მიტაცება, კონსტიტუციისა და კანონებს გარეთ მდგომი ადამიანების მიერ ქვეყანა იმართება არაფორმალური კრიმინალური წესით, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები აღარ ტარდება. მიმდინარეობს ძალაუფლებისათვის სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა წესების გარეშე, როცა არ ვიცით ვინ იქნება ამ ბრძოლაში გამარჯვებული, მაგრამ როგორც უსუფაშვილი აცხადებს, ვხედავთ, როგორ მარცხდება საქართველო და ქართველი ხალხი.
„ამ ვითარებაში, ჩემთვის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურობის კანდიდატისთვის, მთავარი ამოცანა ქვეყნისთვის უმძიმესი განსაცდელის არიდება ხდება და ვეღარ შემოვიფარგლები მხოლოდ კონკურენტებთან საარჩევნო პაექრობით. ამიტომ, მივმართავ საქართველოს მოქმედ ხელისუფალს, ბიძინა ივანიშვილს – მასშტაბური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად და დემოკრატიული განვითრების პერსპექტივის შესანარჩუნებლად გამოაცხადოს ძალაუფლებაზე „ქართული ოცნების“ მონოპოლიის დათმობის კომპლექსური გეგმა, რომელიც უნდა დასრულდეს 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული სისტემით ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
უსუფაშვილის განცხადებით, გეგმის შესაძლო კონკრეტულ კომპონენტებზე საუბარს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ გაზიარებული იქნება დასახული მიზანი და გადასადგმელი ნაბიჯების მიმართულება.
„ძალაუფლებაზე მონოპოლიის დათმობის შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ექნება პოლიტიკურ სივრცეში დარჩენის შანსი და ქვეყანა წავა წინ. აღნიშნული გეგმის მხოლოდ გამოცხადებაც კი საძალაუფლებო ბრძოლის ასპარეზად აქცევს ერთ წელიწადში გასამართ საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს გაათავისუფლებს სახიფათო დატვირთვებისგან.
თუ დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად ხელისუფლება გააგრძელებს ძალაუფლებაზე მონოპოლიის გაძლიერების მცდელობას, საპრეზიდენტო არჩევნებში ნებისმიერ ფასად გამარჯვების ჩათვლით, მაშინ „ქართული ოცნება“ სრულად შეელეწება ამ პროცესს და ქვეყანას დესტაბილიზაციის ჭაობში ჩატოვებს. იმედია, ამ კრიტიკულ მომენტში 2012 წლის „ოცნება“ გახდება ხელისუფლების გზამკვლევი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მმართველი გუნდი შესაძლო დესტაბილიზაციაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2003 წლის მოვლენების განმეორებისთვის ემზადება. დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ვარდების რევოლუციის“ გამეორების სურვილი აქვს.
„ვერ ვხვდები, სამადაშვილმა საზოგადოების სახელით რატომ უნდა ისაუბროს. ვინ ვის გაყრის და ქვეყნისა და ხალხის წინაშე დამნაშავე ვინაა, ეს სხვა საკითხია. „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის წინაშე დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი, არც ის მგონია, რომ „ქართული ოცნება“ იდეალური ხელისუფლებაა და ყველა იმ ტკივილს ადეკვატურად პასუხობს, რაც საზოგადოებას აწუხებს.
მე ჩემს გუნდთან პრეტენზიები მაქვს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთ თავდასხმებს „ვარდების რევოლუციის“ ქვეტექსტი აქვს, რადგან ფიწლებით გაყრა არაკონსტიტუციურია. მათი ამოცანაა, რომ პოლიტიკური ინსტიტუციების მუშაობის შეფერხება მოხდეს და საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის შეფასებით, ნაციონალური მოძრაობა „რუსთავი 2“–ის მეშვეობით აშანტაჟებს და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებს საზოგადოებას დღეს, როდესაც ასეთი საჯაროობაა უზრუნველყოფილი, მსგავსი პრობლემა რომ არსებობდეს, აუცილებლად იჩენდა თავს.
„ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ცდილობს მისთვის დამახასიათებელი ყველა მეთოდით მოახდინოს დესტაბილიზაცია. კვლავ რევანშისტულად განწყობილი ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამისთვის ისინი იყენებენ აბსოლუტურად ყველა საშუალებას და გზას.
ეს იყო სწორედ ამ დღევანდელი ჩანაწერის ერთგვარი ლეიტმოტივი მაშინ, როდესაც ამ სიტყვების ავტორი სწორედ ამას ამბობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ უკავშირდებიან სხვადასხვა შანტაჟით თუ მოქრთამვით და თხოვენ ნებისმიერ ინფორმაციას, მათ შორის ტყუილსაც, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შეასრულონ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.