ისევ ფარული ჩანაწერი და ისევ „რუსთავი 2“–ის ეთერში. ზაზა ოქუაშვილის შემდეგ მთავარი მოქმედი გმირი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანია. სკანდალური ჩანაწერების ავტოტების უსაფრთხოების აუცილებლობაზე „რუსთავი 2“– ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საუბრობს.
სკანდალურ ჩანაწერში მირზა სუბელიანი იმ მეთოდებზეც საუბრობს, რომლითაც წლების განმავლობაში ხელისუფლებისთვის საქმეებს ალაგებდა. სუბელიანი ამბობს, რომ თავის „შემადგენლობასთან“ ერთად მოწმეებს იტაცებდა და სცემდა სასურველი ჩვენებების მისაღებად, მათ შორის, გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენობის დროს. ამბობს, რომ ბაჩო ახალაიას საქმის მოწმეებს იტაცებდა და აწამებდა.
ჩანაწერში ნახსენები არიან ყოფილი მთავარი პროკურორები – არჩილ კბილაშვილი და ირაკლი შოთაძე. ასევე ყოფილი პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლებიც სუბელიანის განცხადებით, მასთან საქმეების მოსაგვარებლად დადიოდნენ. ამავე ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და უდოს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც იყო.
ასევე ნახსენებია ვანო მერაბიშვილის საქმე და ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილი და დაარქივებულია. სკანდალური ჩანაწერში საუბარია ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზეც. ჩანაწერის მიხედვით, ის დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს სთხოვს, შეახსენოს შს მინისტრს გიორგი გახარიას მათი გარიგების პირობები.
„იმაში დარწმუნებული ვარ რო, იმას ეტყოდნენ სხვანაირად, მტკიცებულებები გვაქვსო, ბიჭო „ოცნებამ“ მიიღეთ ძმაო, თქვენი გუნდის პატიმარი, თქვენი გუნდის, ამხელა შეცდომა ბოზიშვილი ვიყო მიშას არ დაუშვია, შენ ხვდები ეს რამხელა შეცდომაა?! არ მინდა, არც დაკლება მინდა, ვიჯდები ეს ერთი წელი მჭირდება, ეს ნეგატიური პოზიცია რო გავდევნო, თორე მე რო ეხლა გავიდე გარეთ შეიძლება სასწაულები ჩავიდინო. რა უთხარი იცი გახარიას? ერთად რომ ვქეიფობდით მე, ვასაძე და მთელი კამანდა, თურმე შორიდან იცნობდნენ ესენი-თქო? კარგი–თქო მართლა. ამაზე უფრო მეტად არის გაგიჟებული-თქო“, – საუბრობს ფარულ ჩანაწერში მირზა სუბელიანი.
ჩანაწერის თანახმად სუბელიანი დეპუტას სთხოვს მესიჯი მიუტანოს სწორად ხელისუფლების წარმომადგენლებს, ნათქვამი სიტყვა შეასრულონ და ახალ წლამდე გამოუტანონ განაჩენი.
მირზა სუბელიანი: „ასე უთხარი სიტყვა–სიტყვით, ქალაქის პროკურორი რო იყო ეგ ყ..ეთქო, ქალაქის პროკურორი რო იყო და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეები რო იყო და ვერ ტეხდნენ, მოგვყავდა და ვცემდით, იმიტო რო ამათ გაეხსნათ, აბა როგორ იძლეოდნენ ჩვენებებს და აბა როგორ გაიხსნა?! თეთრაძის საქმე როგორ გაიხსნა?! ქალაქის პროკურატურა იძიებდა საქმეს და ოპერატიულად უზრუნველყოფას ჩვენ უზრუნველვყოფდით, ჩემი პირადი შემადგენლობით. დედა მ...მა პროკურორებმა წამოიღეს თავისი ლეპტოპები და მოვიდნენ ჩვენთან, გენინსპექციაში.
ორ შვილს ვფიცავარ, მანქანებიდან ვაბრუნებდი ქალაქის პროკურორის მოადგილეს და მაშინ არ დამიზღვევია თავი და ახლა ვიზღვევ თურმე ამ ყლეობაზე. იმიტომაც ვთხოვე სოზარის ამ ბიჭებზე დასაქმებულიყვნენ, სპეცოპერაციაც ამათი გაკეთებული იყო, ყველაფერი ამათი გაკეთებულია, ამხელა თემები რო კაცს აქვს გაკეთებული, ჩვენ ხალხს ვიტაცებდით და დედას ვუ...ვდით და წინ არ დახვედრიათ არაფერი.
სავაჭროდ კი არ ვამბობ, ეს დავალებები რაც გვაქ ჩვენ შესრულებული დაფაილებული და შენახული გვაქ, ასე იდგნენ მუხლისჩოქა, შოთაძე და იმას, ნიკამ უარი უთხრა და გამოყარა, მოდი თქვენ შეასრულეთო, კბილაშვილი შემომყავდა, ღარიბა იყო, სადმე გაბაზრდა?! და ბოლო-ბოლო ვანოს თემა, მინდოდა ეს ტ..ში შემეტენა?!
იმან ვერ გადაწყვიტა ღარიბამ?! იმდენი გვაქვს ოპერატიულად გაკეთებული ძმაო, ჩვენ ერთი გზა გვაქ, ესენი რო თავს იზღვევენ ძმაო, ისინი რო მოვიდნენ დედას მოგ...ნავენ სათითაოდ და მე ჩემებმა მომ..ნეს დედა, სანამ ისინი მოვიდოდნენ. მაშინ ცრუ ჩვენებაზე კი არ წამიყენონ მუხლი, ადგნენ და წამებაზე წამიყენონ, ბაჩო ახალაიას მოწმეებს რო ვაწამებდით და როგორ მისცეს... ციხის ბუნტის თემა გაიხსენე, მე და გიომ გავხსენით ძმაო, მე და გიომ, ცხონებულმა, გიო შევუშვი ქურდებთან, ქურდები მყავს გაბოზებული მაგის დედას შე..ცი, ქურდებს მივაცემინე ჩვენებები, უპრეცედენტო რაღაცა მოხდა, ვაბშე ისტორიაში რო არ ყოფილა, მარტო ერთი საქმე რად ღირს, მარტო იმ საქმეზე დაუყენეს ბაჩოს განაჩენი“.
ასეთია ფარული ჩანაწერის სრული ვერსია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ მორიგი სპექტაკლი უწოდა. სკანდალურ აუდიო ჩანაწერი ბიუროს სხდომაზე დაპირისპირების მიზეზი გახდა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა კითხვით, რა როლი ექნება ამ აუდიოჩანაწერის შესწავლის და გამოძიების დროს პარლამენტს. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, აუდიო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის მონაწილე მოზარდები სამართალდამცავებმა სცემეს და ამ საქმის „დალაგება“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა სუბელიანს სთხოვეს.
„მაინტერესებს, პარლამენტის წევრები „ქართული ოცნებიდან“ ელემენტარულად მაინც, პარლამენტის მუნდირის ღირსებას თუ აპირებენ რომ დაიცვან, ეს ერთი. მეორე, კითხვა მაქვს, ცოტა უფრო რიტორიკულია, იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ მირზა სუბელიანი ხომ არის ციხეშიო და აი, ხომ დადგა სამართლიანი შედეგიო, ცოტა მაინც თუ გრცხვენიათ, ახლა მაინტერესებს. კომისიის დასკვნების განხილვისას რომ ამბობდით, რომ იძახდით, რომ შედეგი არ დამდგარა და ყველაფერი არასწორად წავიდა და მცირე დარღვევები იყოო. გუშინდელის შემდეგ ოდნავ მაინც შეგრცხვათ?“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
კაპანაძის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნა, რომ პარლამენტი თავის როლს ასრულებს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ვიხილეთ ერთი სპექტაკლი, რომელიც წარუმატებლად უკვე დასრულდა და შემოგვთავაზეთ ახლა უკვე მეორე სპექტაკლი, რომელიც ასევე წარუმატებლად დასრულდება.
„რატომ? იმიტომ, რომ იქ სადაც არ არის გადაცდომა, იქ სადაც არ არის დანაშაული, ვერ შეიქმნება ხელოვნურად ვერანაირი კომპრომატი. ამ ჩანაწერში ამოვიკითხე სუბელიანის მუქარა. ამ მუქარის არავის არ ეშინია, ვერც ნიკა გვარამიას მიერ მინიჭებული იმუნიტეტი ვერ დაიცავს ვერავის, როდესაც ის ემუქრება ხელისუფლებას. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხები კითხვაზე და ამ კითხვებს პასუხები აუცილებლად გაეცემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას მიმართა, რომ მირზა სუბელიანს ნიკა გვარამიამ იმუნიტეტი მიანიჭა. კობახიძემ ნიკა მელიას შეახსენა, რომ მიშა სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ხმას არ უნდა იღებდეს.
ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის კამათი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაიწყო. ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძეს განუცხადა, რომ როდესაც მირზა სუბელიანის შვილი და მისი ცოლის დის შვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მონაწილეები აღმოჩნდნენ, მათ სუბელიანს ხელი ვერ მოჰკიდეს.
„თქვენ მართლა თუ წარმოგიდგენიათ სად ხართ?! იმ ხელისუფლების უდიდესი ნაწილი თქვენს რიგებშია. ჩამოგითვალოთ სახელები და გვარები? უდიდესი ნაწილი, ყველა დონეზე, თვითმმართველობის დონეზე ხომ საერთოდ. ყველა რიგითი პარლამენტის წევრი ამ მდგომარეობიდან გამოძვრება, თქვენ კი ვეღარ გამოძვრებით, იმიტომ, რომ პასუხისმგებელი ხართ ამ მკვლელების მფარველობაში“, - მიმართა ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძეს და ამის შემდეგ პარლამენტის ბიუროს სხდომა დატოვა.
ჩანაწერი, რომ ძალიან მძიმეა უმრავლესობა ამაზე თანხმდება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თვლის, რომ ჩანაწერის 1%–იც კი, სინამდვილეს რომ შეესაბამებოდეს, ამას ბოლომდე უნდა ჩაყოლა და როგორც დეპუტატმა ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, ყველას ვალია, ჩანაწერს ბოლომდე ჩაყვნენ.
„არაადეკვატურები უნდა ვიყოთ ახლა ჩვენ, რომ ვთქვათ საერთოდ არაფერი არ მომხდარა. მაგრამ თუ იმის დაჯერებას ცდილობთ, „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა დანაყოფები, რომ ქუჩებში დათარეშობენ კრიმინალური დაჯგუფებები და ე.წ. „ავტომატჩიკები“ – როგორც სუბელიანმა ახსენა, დარბიან ქუჩებში და იქ ვიღაცას აწამებენ და ჩვენებები წამებით მოიპოვეს, მაშინ ჩვენ ყველანი ერთად და ვინც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობს, თურმე სხვაგან ცხოვრობს და არაფერი არ იცის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძეს განცხადებით, ჩანაწერებით ყველა ეჭვი დადასტურდა, რაც ხელისუფლების მიმართ გახმაურებული საქმეების გამოძიების პროცესში არსებობდა.
„დადასტურდა ყველა ეჭვი, რაც კი არსებობდა – მერაბიშვილის გაყვანა, არასრულწლოვნების მკვლელობა, ინფორმაციისა თუ ჩვენებების ძალადობრივი თუ წამების გზით გამოძალვა, არაფორმალური შეიარაღებული რაზმების არსებობა, ბიზნესისა თუ სხვა საკითხებში წილების გადანაწილება თუ სხვა რამ, ხელისუფლების გარეთ მდგომი პირების ასევე მონაწილეობა“, – აცხადებს რომან გოცირიძე.