პრემიერის ინიციატივას იმის თაობაზე, რომ 34 ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში ბიზნესი გამარტივებულად უნდა აწარმოოს, უკვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები. ისინი მიიჩნევენ, რომ უცხოელებისთვის საქართველოში ბიზნესის გამარტივება კარგი იდეაა, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ უცხოელები საქართველოში თავიანთ მუშახელს წამოიყვანენ და ქართველებს სამსახურის გარეშე დატოვებენ.
თავის მხრივ, მამუკა ბახტაძე უცხოელებისთვის შემუშავებულ ახალ ინიციატივას ისტორიულს და რევოლუციური მნიშვნელობის მქონეს უწოდებს. მისი თქმით, უცხოელებს საშუალება ექნებათ, ჩამოუსვლელად ელექტრონულად დაარეგისტრინონ საქართველოში კომპანიები, გახსნან საბანკო ანგარიშები და ისარგებლონ სხვადასხვა შეღავათით. პრემიერის თქმით, ეს წინაპირობაა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი. თანაც, აქ საუბარია, იმ 34 ქვეყანაზე, რომლებიც ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოებად ითვლებიან.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თავისთავად, ამ ტიპის ინიციატივების საწინააღმდეგო არაფერი აქვს. სხვათა შორის, დროდადრო პრემიერს საინტერესო იდეებიც გააჩნია ამ მიმართულებით, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ამის პარალელურად სკანდალური თემები მოდის წინა პლანზე. ამ სკანდალურ თემებს კი, აგრეთვე, უყურებენ ინვესტორები. ამდენად, როგორი კარგი პირობებიც არ უნდა შევუქმნათ ქაღალდზე, თუ ინვესტორებს ექნებათ განცდა, რომ საქართველოში არსებობს კორუფცია, არსებობენ მონოპოლიური ჯგუფები, რომლებიც დომინირებენ სხვა ჯგუფებზე და, შესაბამისად, მათ ინვესტიციებს გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება საფრთხე შეექმნას, ასეთ ქვეყანაში არ წამოვლენ.
„ოქუაშვილის ქეისი რომ ავიღოთ, ისმის კითხვები და ამ კითხვებზე პასუხის ნაცვლად ვისმენთ წარმოუდგენელ რიტორიკას. ნუ ეგონება ვიღაცას, რომ ამას არ უყურებენ პოტენციური ინვესტორები. ისინი ამას უყურებენ. სულ რომ გაათავისუფლონ გადასახადებისგან, სულ რომ ოქროს კოშკები აუგონ, ისინი ასეთ გარემოში მაინც არ ჩამოვლენ, რადგან დაცულობის განცდა არ ექნებათ. როდესაც რაღაც წილებზე, ფონდებზეა საუბარი, მათ შორის, პარტიულ წილებზეც და ამის სრულფასოვანი დენონსირება არ ხდება, მხოლოდ ხელის აქნევით და სირაქლემის პოზით კმაყოფილდება ხელისუფლება, ბუნებრივია, ეს ინვესტორს აფრთხობს და მისთვის ყველა შეთავაზება არადამაჯერებელია“, - აცხადებს გია ხუხაშვილი და მიიჩნევს, ჩვენ თუ არ განვავითარებთ ეკონომიკის რეალურ სექტორს, სადაც ადგილობრივი მეწარმე შექმნის პროდუქციას, ისე როგორი პრეფერენციებიც არ უნდა გვქონდეს, ასეთ ეკონომიკას პერსპექტივა არასდროს ექნება.
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უცხოელებისთვის შეღავათის დაწესება მისასალმებელია, მაგრამ საქართველოს მწარმოებლებს სურთ, ადგილობრივ წარმოებას მეტი ინსტრუმენტი ჰქონდეს განვითარებისთვის.
„ინვესტიციების წინააღმდეგ ნამდვილად არ ვართ. არასწორად გაიგეს, თითქოს მე ვთქვი, რომ უცხოელები თავის მუშახელს ჩამოიყვანენ. უბრალოდ, აპრობირებული პრაქტიკაა, რომ, როდესაც ჩამოდიან კომპანიები, იმ პოზიციაზე, სადაც შესაბამისი კვალიფიკაციაა საჭირო, უცხოელი სპეციალისტები ჩამოჰყავთ, რადგან იმ კვალიფიკაციის სპეციალისტები არ გვყავს საქართველოში. ცხადია, ასეთ შემთხვევაში, უცხოელებმა თავიანთი სპეციალისტები უნდა ჩამოიყვანონ, მაგრამ ჩვენს პირობებში უნდა ჩაიდოს, რომ იმ პოზიციებზე, სადაც შესაძლებელია ცოდნის მიცემა ჩვენი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისთვის, ანუ ოდნავი გადაკვალიფიცირება, ადგილობრივმა მუშამ და ჩვენმა მომსახურე პერსონალმა იმუშაოს. ეს არის ჩვენი პოზიცია, რადგან ტექნოლოგია და ცოდნა ძირითადი პრიორიტეტია. თუ მხოლოდ უცხოელი სპეციალისტები ჩამოიყვანეს, მხოლოდ მათ იმუშავეს და ჩვენებმა კვალიფიკაცია არ მიიღეს, ვერასოდეს განვითარდებით“,-აცხადებს ლევან სილაგავა.
მისივე თქმით, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ისედაც არსებობს პრობლემები. მარტო ის რად ღირს, რომ ჩვენთან შემოტანილი პროდუქციის 80% იმპორტზე მოდის, ადგილობრივი პროდუქცია კი მხოლოდ 20%-ია. არის ქვეყნები, რომლებიც ახალისებენ თავიანთ ექსპორტს, მათ შორის, სუბსიდირებითაც. როდესაც აქ წარმოებას ავითარებ და ცდილობ, დაეხმარო შენს მოსახლეობას პროგრამებით, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში“, მაშინ მათ საშუალებაც უნდა მისცე, სწორი კონკურენციის პირობები ჰქონდეთ ადგილობრივ ბაზარზე.
ლევან სილაგავას აზრით, საქართველოში არსებული პრობლემის დასტურია „ჰაიდელბერგ ცემენტის“, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შემთხვევები. საქართველოზე რა უნდა ვთქვათ, როცა მსოფლიოში დღეს სავაჭრო ომები მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს სერიოზული პოზიცია დაანახა და ემბარგოები გამოუცხადა. შესაბამისად, ჩინური პროდუქცია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში თავის თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასად გავა.