ელიტური კორუფცია ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ისევ აქტუალურია. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს IDFI და მიუთითებს, რომ ბოლო წლებში მედიისა და სამოქალაქო სექტორის მიერ გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, სადაც შესაძლო კორუფციის შემთხვევები დამატებით გამოკვლევას საჭიროებდა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ქვეყანაში არსებულ „ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით“ ინფორმაციას აქვეყნებს და აღნიშნულია, რომ საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება. განცხადებაში ის საქმეებია ჩამოთვლილი, სადაც ა–ო აზრით, შესაძლო კორუფციული ნიშნები იკვეთება, მათ შორის არის „ომეგა ჯგუფისა“ და ყოფილ გენერალურ აუდიტორზე ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმეები.
ორგანიზაციამ როგორც შესაძლო კორუფციის, ისე თანამდებობის ბოროტად გამოყენების და სამოხელეო დანაშაულის შესახებ არსებული ფაქტები გაასაჯაროვა. კერძოდ, – სამ მილიონ ლარამდე თანხის მითვისების საქმე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან, სადაც მაღალი თანამდებობის პირების გარდა, ყოფილი პრემიერ–მინისტრის ახლო ნათესავები ფიგურირებენ;
ასევე, ანგარიშში მოხვდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების მიერ დიდი ოდენობით ქონების დაუფლება; ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მონაწილეობა თბილისის მერიასთან დაკავშირებულ საეჭვო გარიგებებში, რასაც აუდიტის სამსახურის მიერ ფაქტის გამოვლენის შემდეგ მოყვა იმ დროს მოქმედ გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა ფარცხალაძის მიერ.
საქართველოს ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში არსებული შესაძლო დარღვევები, სადაც საეჭვო პროექტებთან და შესყიდვებთან მიმართებაში მინისტრების სახელები ფიგურირებს; ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას საქმე, სადაც ერთ-ერთი ბიზნესმენი მერს კორუფციაში ამხელდა და მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვდა; საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვა, სადაც მინისტრის მოადგილე და მისი ძმის საკუთრებაში არსებული კომპანია ფიგურირებს.
აქიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი ანტიკორუფცული სამსახურის შექმნაზე საუბარი „ომეგა ჯგუფის“ სკანდალური საქმის შემდეგ გააქტიურდა, რომელშიც ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს. ასევე აქტიურია და ამავე დროს ბუნდოვანია ფარცხალაძის უეცრად გამდიდრების საქმე.
ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძემ სოლიდური შემოსავლები ახლადგახსნილი საავიაციო ქარხნიდან მიიღო. თუმცა სააქციო საზოგადოება „აეროსტრუქტურების ტექნოლოგიების“ დირექტორი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე მათთან არ მუშაობს. ქარხანა, რომელზეც ფარცხალაძის ადვოკატმა ისაუბრა, 10 მაისს გაიხსნა, თუმცა, ჯერ, პროდუქცია არ გაუყიდია და არც შემოსავალი მიუღია.
ოთარ ფარცხალაძესთან კავშირს უარყოფს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე და ამბობს, რომ ფარცხალაძეს არც საპარტნიორო ფონდთან და არც მასში შემავალ კომპანიებთან კავშირი არ აქვს. საგანელიძისთვის გაუგებარია ფარცხალაძის ადვოკატის გუშინდელი განმარტებები, სადაც ის ყოფილი პროკურორის გამდიდრების წყაროდ საავიაციო ქარხანას ასახელებს.
„გეტყვით ერთს, რომ არანაირი შეხება არც თავიდან მშენებლობის პროცესში, არც მუშაობის პროცესში, არც როგორც დამფუძნებელს, არც როგორც კონსულტანტს, ბატონ ფარცხალაძეს ფონდთან არ ჰქონია არ აქვს და რა იქნება მომავალში, ამაზე ახლა არ ვისაუბრებ. არ მაინტერესებს, რომელიღაცა ადვოკატი, რომელიც პირველად ვნახე ცხოვრებაში, რას საუბრობს“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნესზე განხორციელებულ რეკეტთან ოთარ ფარცხალაძის სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია და კონკრეტული პირების გამოკითხვა მათი პრეროგატივაა.
„თუ საჭიროა ფარცხალაძის დაკითხვა, დაიკითხება, თუ საჭიროა ვინმე სხვა კონკრეტული პირის დაკითხვა, დაიკითხება. ფარცხალაძის შემოსავლებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ფარცხალაძეს მერიაში არ უმუშავია“, – აცხადებს კახი კალაძე.
ოთარ ფარცხალაძის შემოსავლებით ინტერესდება საპარლამენტო უმრავლესობა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია არ გამორიცხავს, რომ ფარცხალაძისა და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე აგორებული სკანდალის უკან კონკრეტული პირების პოლიტიკური დაინტერესება იდგეს. თუმცა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ამ საქმეში ისეთი სიცხადე უნდა შეიტანოს, შეეძლოს მაღალი ხარისხით ამტკიცოს, რომ ელიტური კორუფცია არ არის.
„ხელისუფლებამ მყარი არგუმენტები უნდა წარმოადგინოს. უმრავლესობის წევრებს უნდა შეგვეძლოს იმის მტკიცება, რომ მმართველ გუნდში ელიტური კორუფცია არ არის. ცხადია ამ ყველაფრის მერე გონივრული ეჭვიც ჩნდება და მოთხოვნაცაა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციაც იყოს დაცული. შესაძლოა, ამ აგორებულ სკანდალში ბევრი პოლიტიკურად დაინტერესებული პირი მონაწილეობდეს და ინფორმაციის მოწოდების ინტესივობა ქმნიდეს ამ საზოგადოებრივ აზრს.
მაგრამ მე მგონია, რომ მაშინ ხელისუფლებამაც საკუთარი ქმედებების ინტესივობით უნდა დააბალანსოს ეს და ისეთი სიცხადე შემოიტანოს ამ თემაში, რომ მე და სხვა ადამიანებს, რომელსაც არ გვაქვს წვდომა ყველა ინფორმაციასთან, მაღალი ხარისხით შეგვეძლოს იმის მტკიცება, რომ ჩვენს გუნდში მაღალი ხარისხის ეშელონებში არავითარ კორუფციულ ქმედებებს ადგილი არ აქვს“, – ამბობს რომან კაკულია.
ოთარ ფარცხალაძის შემოსავლებისა და ქონების შესახებ ვიცე–სპიკერს. გია ვოლსკი ამბობს, რომ ფარცხალაძის ადვოკატმა ყოფილი მთავარი პროკურორის შემოსავლები დეტალურად განმარტა. დეპუტატის განცხადებით, ოპონენტებმა კორუფციის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა წარადგინონ და ამ შემთხვევაში საქმით პროკურატურა დაინტერესდება.
„ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, ადამინმა უნდა იმუშავოს თუ შეუძლია, მაგრამ ფარცხალაძე სად მუშაობს, რამდენად კანონიერად, ამ საკითხზე მისმა ადვოკატმა ილაპარაკა. მეორე მხარესაც თუ ჰყავს ადვოკატი და თუ აქვს არგუმენტები, მანაც უნდა ილაპარაკოს. თუ რამ კრიმინალურია პროკურატურა ჩაერთვება. ასე ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება ააგორო - თქვენ მაგის ოსტატები ხართ და მერე სულ იყოს ამის თაობაზე საუბარი, ჩვეულებრივი ამბავია სამწუხაროდ“, – აცხადებს გია ვოლსკი.
უმრავლესობისგან განსხვავებით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძეს რამდენიმე წლის წინ ერქვა კეზერაშვილი. უსუფაშვილი ფარცხალაძის ადვოკატისა და საპარტნიორო ფონდის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს, ოფიციალური და არაოფიციალური შემოსავლების არევას უკავშირებს.
„ოთარ ფარცხალაძეს რამდენიმე წლის წინ ერქვა კეზერაშვილი. წინა ხელისუფლების დროს იყო ასეთი თანამდებობის პირი, რომელიც თავდაცვის მინისტრობიდან წასვლის შემდეგ 2–3 თვეში ამ ქვეყანაში უმდიდრეს ადამიანად მოგვევლინა. ოთარ ფარცხალაძეც მთავარი პროკურორის პოსტიდან წასვლის შემდეგ, ისეთივე ტემპებით გამდიდრდა და გაუჩნდა გავლენები ძალიან ბევრი მიმართულებით, როგორც კეზერაშვილს.
ასე რომ, კეზერაშვილი და ფარცხალაძე ეს არის ერთი და იგივე ტიპის შედეგი, იმ არასწორი სახელმწიფო მმართველობის, როდესაც კონკრეტულ პირებს ეძლევათ პრივილეგირებული მდგომარეობა და იმ საკითხების მოგვარების უფლებამოსილება, რომელიც წესით და რიგით, საჯარო სამსახურების მოვალეობაა“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ქარხანას პროდუქცია ჯერ არ აქვს გამოშვებული, საპრეზიდენტო კანდიდატი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ფარცხალაძის პირად ბიუჯეტში ქარხანაში ჩადებული ინვესტიციების ნაწილი მიდის.
„თუ კომპანიას ჯერ მოგება არ მიუღია და ამის ხარჯზე ვიღაც უკვე მდიდრდება, აქ მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ მას წილები აქვს ხარჯის ნაწილში, ანუ ინვესტიციების ნაწილი მის კერძო ჯიბეშიც მიემართება, ალბათ, რაღაცის სანაცვლოდ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადიარაშვილი დარწმუნებულია, რომ ფარცხალაძის გამდიდრების წყარო კორუფციაა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის დავალებით არის ჩართული. ნადირაშვილის განცხადებით, ცხადია, რომ ოთარ ფარცხალაძე მილიონობით შემოსავალს იმ ქარხნიდან ვერ მიიღებდა, რომელსაც ჯერ პროდუქცია არ გაუყიდია.
„ჩვენი ხელისუფლება ძალიან აიჭრა ერთის მხრივ აბსურდული განცხადებები ლევან ყიფიანის, რომელიც ამბობს, რომ დუბლებში წერდა ოქრუაშვილის დავალებით, მეორეს მხრივ ფარცხალაძის ადვოკატის შეუჯერებელი განცხადებები საპარტნიორო ფონდთან.
ისინი ცდილობენ, ჟარგონით რომ ვთქვათ, გააპრავონ ფარცხალაძის მილიონები დიდი ავიაციით, მაგრამ დიდი ავიაცია არ არის ფარცხალაძის გამდიდრების წყარო. მისი გამდიდრების წყარო ეს არის კორუფცია, ის კორუფციული სქემები, რომელსაც ალაგებს ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილის დავალებით“, – აცხადებს ირმა ნადირაშვილი.