ოქუაშვილის ბიზნესმენ გოგიტიძის ქონების წართმევაში ადანაშაულებენ

ოქუაშვილის ბიზნესმენ გოგიტიძის ქონების წართმევაში ადანაშაულებენ

სკანდალების ავტორი ზაზა ოქუაშვილი სკანდალში თავად გაეხვა. პარლამენტის წევრი კობა ნაკაიძე „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელს ქობულეთში მცხოვრები ბიზნმესმენის, გურამ გოგიტიძის ქონების ხელყოფაში ადანაშაულებს და სამართალდამცავებს ამ საქმით დაინტერესებისა და რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„მინდა ზაზა ოქუაშვილს შევახსენო ქობულეთში მცხოვრები ბიზნესმენის გურამ გოგიტიძის ისტორია. ახსოვს თუ არა მას როგორი მაქინაციებითა და ვისი ხელშეწყობით მოახერხა ხელში ჩაეგდო ამ ბიზნესმენის ქონება. კერძოდ, ოქუაშვილმა ქობულეში, გელაურის დასახლებაში, პოპოვის ქN17-ში არსებული ქარხანა შეიძინა. საუბარია 2007 წელზე.

მაშინდელი ხელისუფლების ხელშეწყობით ისე მოხდა, რომ ჩატარებული აუქციონით მისამართი შეიცვალა და პოპოვის N5-ში არსებული ქონება ოქუაშვილმა გაიფორმა. მან მოგონილი დავალიანებით წაართვა და დააყადაღა გურამ გოგიტიძის საცხოვრებელი ფართები ქობულეთსა და თბილისში, ასევე ფირმა „მატრიქსის“ მიერ დაყადაღებული იყო ძვირადღირებული ავტომობილები, რომელიც გურამ გოგოტიძის მფლობელობაში იყო. ეს ყველაფერი 2007-2010 წლებში ხდებოდა - გასაგებია, ვისი ხელშეწყობითა და დაკვეთით“, – განაცხადა კობა ნაკაიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სკანდალურ ბრალდებაზე ბიზნესმენს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე უკომენტაროდ დატოვა ბიზნესმენის მეუღლემ, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არავითარი წვლილი არა აქვს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესის დაბრუნებაში, მათ შორის ტელეკომპანია „იბერიას“ დაბრუნებასა და თვით ზაზა ოქუაშვილის დაბრუნებაში. ჩხეიძის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მთავრობას არაფერი სასიკეთო ზაზა ოქუაშვილის მიმართ არ მოუმოქმედებია, მათ შორის არც სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით – „სულ პირიქით კი, რამდენიც გნებავთ“.

„მიხეილ ჯავახიშვილმა ერთხელ ბახჩო ქობულოვს უთხრა –კალმის წვერზე მიზიხარო. მართალია, მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წელს დახვრიტეს, მაგრამ ეს კალმის წვერი თაბახის ფურცლებად იქცა და ახლა ყველამ ვიცით, ვინ არის მიხეილ ჯავახიშვილი და რა არის ბახჩო ქობულოვი.

უნდა მივმართო მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს: კალმის წვერზე მიზიხართ! ბატონი ირაკლი კობახიძე უნდა ვამხილო ჩემი ოჯახის მიმართ მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებაში. უნდა განვმარტო, რომ „ქართულ ოცნებას“ არავითარი წვლილი არა აქვს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესის დაბრუნებაში, „იბერიას“ დაბრუნებაში და თვით ზაზა ოქუაშვილის დაბრუნებაში, როგორც ამას წარბშეუხრელად ბრძანებს პარლამენტის თავმჯდომარე“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ჩხეიძის ინფორმაციით, ზაზა ოქუაშვილის ბიზნესი სრული შემადგენლობით 2004 წლის 18 დეკემბერს ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც თითქმის ერთი წლის განმავლობაში გაჩერებული იყო „ნაციონალური“ ხელისუფლების მიერ ყალბი აქციზური მარკების ბეჭდვის ბრალდებით.

„ეს ბრალდება ვერ დაამტკიცეს და ვერც დამტკიცდებოდა, რადგან მსოფლიოში არ არსებობდა ყალბი აქციზური მარკები. ამის მიუხედავად, უკანონოდ დაედო საგადასახადო დავალიანება 24–მილიონი ლარის ოდენობით და ერთი წლის განმავლობაში გაჩერებით ათეულობით მილიონი ლარის ზარალი მიადგა. ამის მიუხედავად, მაშინდელმა მთავრობამ „ომეგა ჯგუფს“ მისცა რესტრუქტურიზაცია, რომლის გადახდაც ხუთი წლის განმავლობაში შესაბამისი კანონის მიხედვით მოხდა.

ზაზა ოქუაშვილი 2005 წლიდან რეგულარულად ჩამოდიოდა თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. 2013 წელს ზაზა ოქუაშვილმა თვითონ „ქართული ოცნების“ დახმარების გარეშე დაიბრუნა ტელეკომპანია. „ქართული ოცნების“ მთავრობას არაფერი სასიკეთო ზაზა ოქუაშვილის მიმართ არ მოუმოქმედებია, მათ შორის არც სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით – სულ პირიქით კი, რამდენიც გნებავთ!“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატის ბრალდებას უპასუხა ირაკლი კობახიძემ და ჩხეიძეს მიმართა, რომ პარლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ყველაფერს იღონებს, რომ 50 მილიონი კაპიკ–კაპიკ ჩარიცხონ სახელმწიფო ბიუჯეტში.

„50 მილიონი, რომელიც არის თქვენი დავალიანება ხალხის მიმართ, კაპიკ–კაპიკ უნდა ჩარიცხოთ სახელმწიფო ბიუჯეტში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ნატო ჩხეიძის საპასუხოდ, დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ყველა ის ქონება დაასახელა, რაც სახელმწიფომ ბიზნესს დაუბრუნა. დეპუტატის განცხადებით, ყველაზე ცინიკურია „ნაციონალური მოძრაობის“ პრეტენზია სამართლიანობის აღდგენასთან მიმართებაში, როდესაც 2004– 2012 წლებში თავად იყვნენ სხვისი ქონების მიტაცებით დაკავებული.

„შემიძლია დაუღალავად, მთელი დღის განმავლობაში ვისაუბრო იმ საშინელ ზეწოლაზე, იმ პირდაპირი გაგებით რეკეტზე და დაყაჩაღებაზე, რასაც ყოველდღიურად ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ეს იცის მთელმა მსოფლიომ. ამ ყველაფრის ფონზე, მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მისივე წართმეული ქონების დაბრუნებაზე ედავება „ოცნებას“ და პრეტენზიას უყენებს, რაღაც ინსინუაციებს იგონებს, დადგმული და მოგონილი სცენარებით ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში.

კარგად გაიხსენეთ, ჩაიხედეთ საკუთარ გულებში, გაიხსენეთ საკუთარი წარსული და ზუსტად მიხვდებით რას ნიშნავს რეკეტი, მაშინ როდესაც უამრავი ბიზნესმენი დარეკეტებული იქნა თქვენს მიერ, ხმასაც კი ვერ იღებდა იმისთვის, რომ რაიმე სახის პრეტენზია ეთქვათ. დღეს არის საუბარი ერთ კონკრეტულ ბიზნესზე, ჯერ კიდევ გაურკვეველ სიტუაციაზე, და იქ აშკარა ნიშნებზე იმისა, რომ ეს ყველაფერი არის ინსცენირებული და იმართება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ექსპერტი, ყოფილი პრემიერ–მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილმა ქონება დაიბრუნა იმიტომ, რომ გარემო შეიცვალა. ადამიანებში გაჩნდა განცდა და მათ შორის ოქუაშვილშიც, რომ რაღაცის გაკეთება შესაძლებელი იყო, რაც მოხდა.

„რა თქმა უნდა, პირდაპირ თუ არა ირიბად ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დამსახურებაა და არა მათიკაშვილის და კობახიძის, რომლებიც საერთოდ არსად არ იყვნენ. 2013 წელს ისე წამოვედი ხელისუფლებიდან, რომ საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო კობახიძე. მაგრამ ეს არ არის მთავარი საკითხი, დავუშვათ, რომ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა და მერე რაა? – ამიტომ ახლა უნდა მიადგნენ და უნდა წველონ? ამიტომ ვიღაცას უფლება აქვს მიადგეს და 4 მილიონი მოსთხოვოს, თუ რაზე ვსაუბრობთ?

საკითხი იდგა ასეა – ქონების გადანაწილება და ბიზნესის პარსვა მიდიოდა მიშა სააკაშვილის დროს და იყო ერთი პარტიული სალარო, ერთ სალაროზე მუშაობდა ეს სისტემა. ამაში ჩართული ადამიანები ვერ ბედავდნენ გვერდზე გაესხურებინათ რაღაცა. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩემი ამოცანა იყო ეს მანკიერი სისტემა დაგვეშალა, დაგვეშორებინა ბიზნესი და ხელისუფლება. შეგვექმნა სიტუაცია, რომ ბიზნეს სახელმწიფოს ურთიერთობა მხოლოდ საგადასახადო ნაწილში ექნებოდა, რაც კანონით არის განსაზღვრული და არაფერი მეტი. სანამ იქ ვიყავი ამ ამოცანას წარმატებით ვასრულებდი, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ინტერეს ჯგუფებს ძველსაც და ახალსაც ჰქონდა იმის მცდელობა, რომ ეს სისტემა შეგვენარჩუნებინა“, – ამბობს ხუხაშვილი.

როგორც ხუხაშვილი აცხადებს, რჩება შთაბეჭდილება, რომ მისი წამოსვლის შემდეგ ამ ინტერესჯგუფებმა ახლად გამოჩეკილებმა, თუ ძველებმა ისარგებლეს და ფაქტობრივად უზრუნველყვეს ის, რომ ძველი სისტემა იქნა შენარჩუნებული.

„ერთი შენიშვნით, არა სტრუქტურიზებული და ერთ სალაროზე მომუშავე, არამედ გაკეთდა ბევრი სალარო, გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილს არავის ფული არ სჭირდება და არ მჯერა, რომ ამ სალაროდან რამე სარგებელი აქვს, მაგრამ ივანიშვილის სახელის ბოროტად გამოყენებით შეიქმნა ბევრი სალარო. აქაც იგივე ხდება და არა ისეთი აგრესიული მეთოდით როგორც ადრე ხდებოდა პროკურატურაში მიყვანით, მაგრამ ქონების გადანაწილება, ფულის ახევა არჩევნების საბაბით თუ სხვა საბაბებით. ამის არაერთი ფაქტი მოვისმინეთ.

სისტემამ მძევლად აიყვანა ხელუსუფლება, ანუ ურჩხული რომელსაც მიშა სააკაშვილი მართავდა, დღევანდელმა ხელისუფლებამ გადმოიბარა იმის იმედით და ილუზიით, რომ ამ ურჩხულს თვითონაც მართავდა, ამ ურჩხულმა მძევლად აიყვანა თვითონ ხელისუფლება. ის, ე.წ. კოლექტიური მურუსიძე მართავს უკვე ხელისუფლებას. ლაპარაკია სისტემაზე, რომელიც დომინირებს ხელისუფლებაზე. ურჩხული აღარ არის თანახმა მას ვიღაცა მოაჯდეს და მართოს. მას პრეტენზია აქვს, რომ პარტნიორია და ხშირ შემთხვევაში დომინანტიც. შოკოლადში მოექცა, ის აშავებს და მას კი არ ბრალდება, არამედ ბიძინა ივანიშვილს ბრალდება. აი ამ შოკოლადში მოიწყვეს ამ თაღლითებმა თავისი ცხოვრება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.