ლონდონის ერთ–ერთმა საექსპერტო ბიურომ დადო დასკვნა, რომ „იბერიასა“ და „რუსთავი 2“–ის ეთერში ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული ჩანაწერები მონტაჟია. ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა ექსპერტისგან მიიღო დასკვნა, სადაც წერია, რომ ჩანაწერები, რომელიც „იბერიამ“ და „რუსთავი 2“–მა გაავრცელა, ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული და დამონტაჟებული.
შესაბამისად, ზაზა ხატიაშვილი ტელეკომპანიებს – „იბერიას“ და „რუსთავი 2“–ს ვანო ჩხარტიშვილისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. ბიზნესმენის ადვოკატი ასევე გეგმავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა პროკურატურას გადასცეს, რათა უწყებამ დაადგინოს, ვინ და როგორ დაამონტაჟა აღნიშნული ჩანაწერი. ის ასევე მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დაადგინონ და გამოიკვლიონ, ვინ მფარველობდა ზაზა ოქუაშვილს სამი წლის განმავლობაში, როდესაც მან ბიუჯეტში თანხები არ გადაიხადა.
ჩხარტიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ტელეკომპანიების ეთერში გასული სიუჟეტები ვანო ჩხარტიშვილთან მიმართებაში არ შეესაბამება სინამდვილეს და ეს იყო მონტაჟი. სწორედ აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მიმართეს ლონდონის ყველაზე ცნობილ საექსპერტო ბიუროს. ექსპერტიზა ჩაატარა ერთ–ერთმა ყველაზე ცნობილმა ექსპერტმა – ბეიკერმა.
„ჩემი პროფესიული დასკვნით, სამივე ჩანაწერზე, ამ სფეროში მოღვაწე სტანდარტული შემოწმებისა და გამოკვლევის ჩატარებით, აღმოვაჩინე იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ჩანაწერები ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული და დამონტაჟებული. ჩემი დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ სამივე ჩანაწერი იძლევა ძალიან მყარ საფუძველს, რომ აუდიოჩანაწერებზე აღინიშნება წყვეტა“, – წერს ბეიკერი ექსპერტიზის დასკვნაში.
როგორც ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, დაცვის მხარემ გააგზავნა სამი ფაილი, სადაც ფიგურირებდა ვანო ჩხარტიშვილი.
„პირდაპირ სურათები გამოაგზავნა ბეიკერმა, სადაც აღნიშნულია სად ხდება მონტაჟი. მესამე ჩანაწერზე ფიქსირდება სკანდალური ფაქტი – ორწუთიან და ექვსწამიან მონაკვეთში დაფიქსირებულია ექვსი მონტაჟი და შვიდი სხვადასხვა საუბრის გაერთიანება. ეს არის ჩემი აზრით უპრეცენდენტო სიბინძურე, რომელსაც ქართულ მედიაში ანალოგი არ ჰქონია. ეს რომ მე სამხარაულში შემეკვეთა, ვიტყოდი, გარკვეულწილად სამხარაულმა გასცა არასწორი დასკვნა, მაგრამ ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტიზის ბიურო“, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
გარდა ამისა, როგორც ხატიაშვილი აცხადებს, მას ასევე ოთხ სხვადასხვა გავლენიან ექსპერტიზის ბიუროში აქვს შეკვეთილი უფრო დეტალური ექსპერტიზა. დეტალური დასკვნის გამოქვეყნებამდე ხატიაშვილი ტელეკომპანიებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
„მინდა მოგმართოთ ორ ტელეკომპანიას, რომელთა მაყურებელი მეც გახლავართ, „იბერიას“ და „რუსთავი 2“–ს, ამ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ თქვენ უნდა მოუხადოთ ბოდიში ვანო ჩხარტიშვილს, რომ გაავრცელეთ ინფორმაცია, რომელიც შეიცავდა მის პატივისა და ღირსების შემლახავ ინფორმაციას“, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ საკითხზე კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში „თბილისის თამბაქოს“ დამფუძნებელი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან საუბარში კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს, რომელიც თითქოსდა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გავლენით დალაგდა.
როგორც საუბრიდან ჩანს, ირაკლი ჩუბინიშვილმა ფინანსთა სამინისტროში მომუშავე ერთ–ერთი პირისგან მიიღო ინფორმაცია, რომ უწყების იმდროინდელ ხელმძღვანელ დიმიტრი ქუმსიშვილს გამზადებული ჰქონდა დასკვნა, სავარაუდოდ, ვანო ჩხარტიშვილის კომპანიის 26 მილიონით დასაჯარიმებლად. ჩანაწერის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ვანო ჩხარტიშვილი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, რამაც შემდგომ ივანიშვილსა და ქუმსიშვილს შორის დაპირისპირება გამოიწვია.
ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის განცხადებით, მედიით გავრცელებული ხმოვანი ჩანაწერი, რომელიც კომპანია „ომეგა“ – ს საქმეს ეხებოდა არის ორი წლის წინანდელი. მისი თქმით, ზაზა ოქუაშვილი დახმარების თხოვნით მასთან თავად მივიდა.
„მას უნდოდა, რომ როგორღაც ინტეგრაცია მომხდარიყო. ჩვენ შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი მისი წინადადებების წარმოდგენის შემდეგ, ეს შეთანხმება არ შედგა და თუ რამე პრეტენზია ჰქონდა ორი წელი რას ელოდებოდა? ბიზნეს წარმომადგენელი, რომელიც მიკროფონებით დადის, იმ ადამიანებთან მადლობა უფალს, რომ არ შედგა ურთიერთობა. რაც შეეხება ფოტოს, რომელიც გავრცელდა, ჩემი ნებართვით იყო გადაღებული“, – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.
უახლოეს დღეებში განცხადების გაკეთებას გეგმავს „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე სკანდალური აუდიო ჩანაწერების მთავარი ფიგურანტი ლევან ყიფიანი, რომელიც დეტალურად ისაუბრებს გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერზე, სადაც ისმის, რომ ლევან ყიფიანს ერთ–ერთ სარდაფში ოთარ ფარცხალაძის თანდასწრებით სცემეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ. როგორც ყიფიანის ადვოკატი აცხადებს, არის უამრავი დეტალები, სადაც ამოჭრილი და კონტექსტიდან იქნა ამოგდებული ფრაზები.
„ჩვენ არ გვინდა ამ რაღაც გაუგებრობაში ამოვყოთ თავი. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ერთობლიობაში რამდენიმე დღეში, არ გამოვრიცხავ, ხვალ–ზეგ, გავაკეთებთ საკმაოდ მნიშვნელოვან განცხადებას“, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის ერთ–ერთმა საექსპერტო ბიურომ დადო დასკვნა, რომ „იბერიასა“ და „რუსთავი 2“–ის მიერ გავრცელებული ჩანაწერი მონტაჟია, ტელეკომპანიები პარალელურ რეჟიმში ავრცელებენ აუდიოჩანაწერებს. ამჯერად, „კურიერმა“ „სანდო წყაროზე“ დაყრდნობით გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ „თიბისი ბანკიდან“ 4 მილიონის გატანის ოპერაციაში უშუალოდ ჩართულები იყვნენ შს მინისტრი, გიორგი გახარია, რომელიც მაშინ ბიზნესომბუდსმენი იყო და ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.