იმის გათვალისწინებით, როგორ იქცევა კონკურენტები და როგორი კამპანიაც არის გაჩაღებული სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი არჩევნებს მოიგებს და პირველივე ტურში გაიმარჯვებს. ოპონენტები კი ზურაბიშვილს მორიგ სკანდალურ ბრალდებას უყენებენ. ამჟამად მას სახელმწიფო საიდუმლოების გავრცელებაში ადანაშაულებენ.
კერძოდ, საუბარია 2007 წელს, მისი საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის პერიოდში გასაჯაროებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ საქართველო საფრანგეთიდან 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ხომალდების შემოყვანას აპირებდა. „რუსთავი 2“–ის მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებით სწრაფად დაინტერესდა რუსული მედია, რომელთანაც ზურაბიშვილმა თავისი ნათქვამი დაადასტურა და დაამატა, რომ მისთვის უცნობი იყო ვინ იყო მტერი, რომელსაც შეეძლო საქართველოში ზღვიდან შემოღწევა და ამიტომ მისთვის გაუგებარი იყო, რაში სჭირდებოდა ასეთი ხომალდები საქართველოს.
ტელეკომპანიის მტკიცებით, სწორედ ამ განცხადებებიდან ერთ წელში რუსეთმა საქართველოსთან ომი დაიწყო.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრაქტიკულად, ყველა მხრიდან შეტევებია, დისკრედიტაციის მცდელობა გრძელდება საზღვარგარეთაც და ეს განცხადებები შეურაცხმყოფელია. „საიდან მოიტანეს, არ ვიცი, მაგრამ მაინც შეურაცხმყოფელია ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უცხოეთში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას და მართლმადიდებლურ ეკლესიას იცავდა. მამაჩემმა, თავის ძმასთან ერთად დააარსა ერთადერთი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მთელ თავისუფალ სამყაროში მანამ, სანამ საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგებოდა. ეს კარგად ორკესტრირებული კამპანია სწორედ ენას, მამულს და სარწმუნოებას უტევს.
ეს დისკრედიტაცია გრძელდება გარეთ, თუმცა იქაც მიცნობენ და ძალიან ძნელია გაავრცელო აზრი, თითქოს მე ვარ პრორუსი ან პუტინის აგენტი. ვრცელდება ბევრად უფრო ცნობილი ტექსტი, რომ თითქოს დღეს საქართველოში დაპირისპირებულია ორი ძალა, რომელთაც აქვთ ორი სხვადასხვა ნარატივი, მათგან ერთი იცავს რუსულ ვერსიებს და მეორე პროდასავლურს. ეს ძალიან საზიანოა ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და მომავლისთვის იმ დროს, როდესაც ჩვენ ბოლო ნაბიჯებს ვდგამთ ევროკავშირისა და ნატო–სკენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ბრალდებებზე პირველი განცხადება გააკეთა პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, რომლის განცხადებით, რაც დააშავეს თვითონ ცდილობენ ის გადააბრალონ „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს.
„ყველაზე დიდი დანაშაული, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, იყო 2008 წელს ომში მათი პოზიცია და მით უმეტეს არ დაიკარგებოდა ტერიტორიების 20%. გახსოვთ როგორ იქცეოდნენ, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, როგორ უპატრონოდ დატოვეს ცოცხალი ჯარი... მე მახსოვს როგორ პრინციპულობით გამოირჩეოდა ქალბატონი სალომე საგარეო მინისტრის რანგში... ამის შემდგეომ სააკაშვილი პირდაპირი მნიშვნელობით, შემოუძღვა რუსულ ჯარს და დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
როგორც იავნიშვილი აცხადებს, საზოგადოების 27%–დან, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მხარს არ უჭერს, 17% ნაწილდება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ნაწილზე, 10% კი მეორე ნაწილზე.
„ის 27%, რომელიც ბოლო წლებში ჩანს, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ არ ასოცირდება და ვერ გაიგო მისი ხელწერა და არ უჭერს მხარს, ეს ჩვენი საზოგადოების ნაწილია და, რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღესაც ასევე ფიქსირდება, რომ 10% „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ნაწილზე მოდის, ხოლო 17% – მეორე ნაწილზე, დაახლოებით ასე იყოფა. ამის იქით მათ რესურსი არ აქვთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ ორმაგი ღალატის ჩამდენმა ძალამ პრეზიდენტის თანამდებობაზე რუსეთთან ორგანულად შესისხლხორცებული კანდიდატი შემოგვთავაზა, ხოლო სალომე ზურაბიშვილს მოღალატეობა დასწამა. როგორც კალაძემ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ავანტურისტული თუ მოღალატეობრივი ქმედებებით მისცა რუსეთს შესაძლებლობა, აესრულებინა დიდი ხნის წადილი და განეხორციელებინა აფხაზეთისა და ცხინვალის სრული ოკუპაცია.
„ამ ორმაგი ღალატის ჩამდენმა პოლიტიკურმა ძალამ დღეს პრეზიდენტის თანამდებობაზე რუსეთთან ორგანულად შესისხლხორცებული კანდიდატი შემოგვთავაზა, ხოლო ბოლშევიკური ოკუპაციის გამო ემიგრაციაში დაბადებულ, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალს და რუსული ბაზების საქართველოდან გამყვანს, სალომე ზურაბიშვილს მოღალატეობა დასწამა. ფუნდამენტური წინსვლის მიუხედავად, რომელიც საქართველომ გასული 6 წლის განმავლობაში განიცადა, რჩება უამრავი სირთულე და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, – აღნიშნა კახი კალაძემ.
როგორც კალაძე აცხდაებს, ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი წყალგამყოფი სიმართლესა და სიყალბეს, პრინციპულობასა და უპრინციპობას, პროდასავლურობასა და ანტიდასავლურობას – „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.
„სალომე ზურაბიშვილი იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელზეც დგას „ქართული ოცნება“, იზიარებს ჩვენი დღევანდელი განცხადების პათოსს და სწორედ ამიტომ დგას ის დღეს ჩვენთან ერთად. მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ უთხრათ უარი სიყალბეს, უპრინციპობას და ანტიდასავლურ ძალას და არჩევნებში მხარი დაუჭიროთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა კახი კალაძე.