„ოქუაშვილი თავს ვერ აარიდებს იმ გადასახადებს, რომელიც მის კომპანიას აქვს დაგროვილი“

„ოქუაშვილი თავს ვერ აარიდებს იმ გადასახადებს, რომელიც მის კომპანიას აქვს დაგროვილი“

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ადასტურებს ზაზა ოქუაშვილთან შეხვდას, სადაც მისი ბიზნესის პრობლემების შესახებ მოისმინა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დახმარების მიზნით ბიზნესმენები მას ხშირად მიმართავენ ისევე, როგორც ხელისუფლებაში მყოფ პირებს. ივანიშვილის განცხადებით, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებები ღიმილის მომგვრელია. მან ასევე მოუწოდა მმართველი პარტიის წევრებს, რომ როდესაც ოქუაშვილის განცხადებებზე კითხვებს დაუსვამენ, მოითხოვონ ივანიშვილთან შეხვედრის დამადასტურებელი ჩანაწერის წარდგენა.

„მართლაც შევხვდი ერთხელ და დავეხმარეთ მას ისევე როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს და მე ეს ვალდებულება დღესაც გამაჩნია, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემამდე ან მიდის პრემიერამდე ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს და ხელი შევუწყოთ. მაგრამ სხვა დანარჩენი, გასაგებია, ეს ღიმილის მომგვრელია მხოლოდ.

ჩანაწერის ოსტატი ყოფილა ეს კაცი, ყველას და ყველაფერს იწერდა, რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს და თუ ვინმეს შეგეკითხებიან და გკითხავენ წუხანდელ გადაცემაზე, პირველი რაც უნდა უპასუხოთ, რომ სად არის ჩანაწერები, ყველას იწერდნენ და გამოიტანოს ეს ჩანაწერებიც და გვაჩვენოს ამ საუბრის და შეხვედრის შესახებ“,– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუ გადაცემა „კვირის აქცენტებში“ გავიდა, სადაც მან ისაუბრა იმ რეკეტზე, რომელსაც მისი თქმით, ივანიშვილი ახორციელებს. მისი თქმით, პირადად ივანიშვილმა მოსთხოვა 4 მილიონის გადახდა და ასევე, ამ დროს მის გვერდით მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, მათ შორის, გიორგი გახარია.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ჯგუფის წევრმა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ბიზნესის ლობირებისთვის 4 მილიონის გადახდა მოსთხოვა. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, გახარიას ხელმძღვანელობით, თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალიდან ფარცხალაძესთან ერთად 4 მილიონი ქეშად გაიტანეს.

ოქუაშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს „თიბისი ბანკი“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბანკი უმაღლესი სიმკაცრით იცავს კომერციული ბანკებისთვის დადგენილ ყველა მოთხოვნას.

„ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით. „თიბისი ბანკს“ გააჩნია კანონიერი ვალდებულება, დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება, ამიტომ ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროვება. „თიბისი ბანკი“ მიმართავს ყველა სამართლებრივ ზომას აღნიშნული ცრუ ინფორმაციის მასშტაბირების საპასუხოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს „საქართველოს ბანკი“, სადაც აღნიშნულია, რომ ბანკის მიმართ„ომეგა ჯგუფს“ აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. განცხადების თანახმად, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის და მფლობელის ზაზა ოქუაშვილის მცდელობა, ორ კერძო კომპანიას შორის სამართლებრივი დავა პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს, „საქართველოს ბანკისთვის“ მიუღებელია.

„საქართველოს ბანკის“ მიმართ „ომეგა ჯგუფს“ აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. „ომეგა ჯგუფი“ ბანკის მიმართ ვალდებულებებს 2016 წლიდან მოყოლებული არ ასრულებს და ამ დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს დავა. „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელები მიზანმიმართული ქმედებებით მაქსიმალურად ცდილობენ სასამართლო პროცესის გაჭიანურებას.

ამასთან „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის და მფლობელის ზაზა ოქუაშვილის მცდელობა, ორ კერძო კომპანიას შორის სამართლებრივი დავა გადაიყვანოს პოლიტიკურ ჭრილში - „საქართველოს ბანკისთვის“ მიუღებელია. „საქართველოს ბანკი“ კვლავ გამოიყენებს დავალიანების ამოღების მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნესმენის ბრალდებაზე გამოძიება უკვე დაიწყო პროკურატურამ. ყველა მასალა, რაც საჯარო გახდა სხვადასხვა მედიასაშუალებით, დაერთვება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების საქმის მასალებს. პროკურატურის გადაწყვეტილებებს ელოდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ კითხვები მასთან დაკავშირებით არ იქნება.

„ჩემი შემხებლობა არც ერთ ნაწილში არ იკვეთებოდა. ეს ყველაფერი დიდი ალბათობით პროკურატურის დასკვნის შემდეგ გამოჩნდება. ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა ამაზრზენია. არავისთან არანაირი კითხვა არ მაქვს. პროკურატურის გადაწყვეტილებებს ველოდები და ვფიქრობ, კითხვები ჩემთან დაკავშირებით არ იქნება“, – აცხადებს ანზორ ჩუბინიძე.

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, „ომეგა ჯგუფის“ მიმართ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, 11– ჯერ მოახდინა შემოსავლების სამსახურმა იმ ნაბიჯების გადავადება, რომელიც ასეთ შემთხვევაში დგება. მამუკა ბახტაძის განცხადებით, არ არსებობს ინდულგენცია იმისთვის, რომ გადასახადი არ გადაიხადო. როგორც ბახტაძე აცხადებს, ოქუაშვილი ვითარების გამწვავებას ცდილობს და სწორედ ამიტომ არ მიაქვს მასალები საგამოძიებო უწყებაში.

„როდესაც ვიყავი ფინანსთა მინისტრი, ამ ორგანიზაციას უკვე ჰქონდა დავალიანება, შესაბამისად, ეს დავალიანება კიდევ უფრო გაიზარდა. სახელმწიფომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთა და 11–ჯერ მოახდინა შემოსავლების სამსახურმა იმ ნაბიჯების გადავადება, რომელიც ასეთ შემთხვევაში დგება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, კეთილგანწყობაზე.

თუმცაღა, როგორ დააგროვა ორგანიზაციამ ეს დავალიანება, აქ შეიძლება ობიექტური კითხვის ნიშნები გაჩნდეს და აუცილებლად უნდა გაეცეს ამ კითხვის ნიშნებს პასუხი. ეს შემთხვევა არის ძალიან კარგი მაგალითი ზოგადად ბიზნესის მიმართ განწყობის, როგორი მეგობრული და ყოველთვის მაღალი მხარდაჭერები ვართ ნებისმიერი გადასახადის გადამხდელის მიმართ, მითუმეტეს, როცა სამუშაო ადგილებზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი თვლის, რომ აუცილებელია ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს პასუხი გაეცეს როგორც სამართალდამცველი უწყებების მხრიდან, ასევე პოლიტიკური ხელმძღვანელებისგან.

„ძალიან მძიმე ბრალდებები მოვისმინეთ. აუცილებელია, რომ ამ ბრალდებებს პასუხი გაეცეს. აქ სამართლებრივი კომპონენტია, რომელიც სამართალდამცავი უწყებების კომპეტენციას მიეკუთვნება, მაგრამ ამ კითხვებს პოლიტიკური ხელმძღვანელების მხრიდან გაცემული პასუხები სჭირდება, რომელიც დამაჯერებელი იქნება და საზოგადოებაში კითხვებს აღარ დატოვებს.

პრეზიდენტს და ადმინისტრაციას რა კითხვები აქვს, ეს ამ შემთხვევაში პირველხარისხოვანი არ არის. პირველხარისხოვანია ძალიან მძიმე შთაბეჭდილება, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს გუშინდელი ეთერის შემდეგ დაგვრჩა. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ამ უმძიმეს ბრალდებებზე დამაჯერებელი პასუხები მიეცეთ. ეს უსწრაფესად უნდა მოხდეს“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ხელისუფლებისგან იმის ახსნას ითხოვს 11–ჯერ როგორ მოხდა „ომეგა ჯგუფისთვის“ გადასახადების გადავადება. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, შთაბეჭდილება იქმნება, რომ წლების განმავლობაში „ომეგა ჯგუფის“ წარმოამდგენლებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს შორის გამალებული კორუფციული საუბრები და მოქმედებები მიმდინარეობდა.

„გატანილი და გამოტანილია უზარმაზარი თანხები. რა ვიცი, რა კომპანია შეიქმნა, რატომ შეიქმნა, ის დირექტორი ვინ დანიშნა და ფული სად წავიდა. ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში ეს ყველაფერი მოხდა. ხელისუფლება გვეუბნება, 11–ჯერ გადაუვადეთ მრავალათეულმილიონიანი გადასახადებიო, რომელ მოქალაქეს გადაუვადდა 11–ჯერ გადაუხდელი ვალი, რომელსაც ბინა ჰქონდა დაგირავებული ან სხვა პრობლემები ჰქონდა.

თუ ამას მართლა აკეთებდა ხელისუფლება და მთავრობა, რაღაცის სანაცვლოდ, რაღაცის მოლოდინში აკეთებდა. ჩვენ გვაქვს სინამდვილეში სიმპტომური საქმე, რომლის გამოძიება აუცილებელია ქვეყნის სახელმწიფოს და ბიზნესის გასაჯანსაღებლად. ქართული ოცნებიდან ვინც ამბობს, ეს ყველაფერი არ ყოფილაო, მაშინ იქნებ აგვიხსნან 11–ჯერ როგორ მოხდა გადასახადების გადავადება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი გამორიცხავს ივანიშვილის მონაწილეობას, მაგრამ მისი თქმით, ეს არ გამორიცხავს ვიღაცების მხრიდან მისი სახელის გამოყენებით თაღლითობას. ხუხაშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლება სირაქლემას პოზიციიდან „სისხლიანი ცხრა წლის“ ექსპლუატაციით გააგრძელებს საკუთარ პოლიტიკას, მაშინ მას არანაირი მომავალი არ აქვს. როგორც ხუხაშვილი აცხადებს, მმართველი გუნდისთვის ღირსების საკითხია საქმის დროული და ეფექტური გამოძიება მოხდეს.

„დღეს ხელისუფლებას იმ ავადსახსენებელ წარსულზე სურს ააშენოს საკუთარი პოლიტიკური კეთილდღეობა, რაც აბსოლუტური უგუნურებაა. ჩვენ მათგან წარსულის მუდმივი შეფასებები კი არა, მომავალი გვაინტერესებს. ეს არის ინტელექტუალური კატასტროფა ხელისუფლების, რომ ამით ციტირებს და ვერაფერი ახალი ვერ შექმნა.

მე ფანტასტიკის სფეროდან მგონია, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა რაღაც რეკეტში. ეს წარმოუდგენლად მეჩვენება, თუმცა რადგან ყველა ვექტორი მასთან მიდის, მისი ღირსების საქმეა, რომ ყველაფერი იქნას გამოძიებული და დასასჯელი დასჯილი. ჩვენ შეიძლება ვერ დავიჯეროთ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვერ დავიჯერებ ვიღაცების მხრიდან მისი სახელის გამოყენებით თაღლითობის მცდელობა არ ხდებოდეს“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.