მმართველი გუნდისთვის გავრცელებული ჩანაწერები მტკიცებულებას არ წარმოადგენს. მეტიც, „ქართული ოცნება“ ჩანაწერის მთავარ ფიგურანტთან ლევან ყიფიანთან კავშირს უარყოფს. უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი სპეკულირებით და გაუგებარი ჩანაწერების გავრცელებით ცდილობს ჩრდილი მიაყენოს ხელისუფლებას.
„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლი, ზაზა ოქუაშვილი რომელმაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიბრუნა ბიზნესი და ტელევიზია „იბერია“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ წაართვა, დღეს აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა 4 მილიონი მოსთხოვა, მაგრამ ეს ჩანაწერი რატომღაც არ აქვს, ეს მაშინ, როცა ყველა შეხვედრა ფარულად აღბეჭდა.
ზაზა ოქუაშვილმა სკანდალური განცხადებები „კვირის აქცენტებში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები ბიზნესზე ზეწოლით მისი ბიზნესის მითვისებას ცდილობდნენ. ოქუაშვილი ამბობს, რომ საქმეში შუამავალი იყო სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და მის ბიზნესზე ზეწოლა ყიფიანთან შეხვედრით იწყება, რომელიც მას როგორც კონსულტანტი ტელეკომპანია „იბერიას“ მართვაში დახმარებას სთავაზობდა. მოგვიანებით, ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დაქირავებული კონსულტანტიც ხდება, რაშიც ის შესაბამის გასამრჯელოს იღებს.
ბიზნესმენის მტკიცებით, ის ძალიან მალე ხვდება, რომ ყიფიანი მის კომპანიაში ივანიშვილისგან არის მოგზავნილი, ამის დასტურად ოქუაშვილს ის ფაქტი მოჰყავს, რომ სწორედ ყიფიანის შუამავლობით ხდება მისი ივანიშვილთან შემდეგი შეხვედრა. ოქუაშვილი ამტკიცებს, რომ ყიფიანის „მიგზავნის“ მთავარი მიზანი მის ბიზნესში არსებული სუსტი წერტილის მონახვა იყო.
მისივე თქმით, ამის შემდეგ ყიფიანი ოქუაშვილს ახვედრებს ბიძინა ივანიშვილს, შეხვედრას მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი და შს მინისტრი გიორგი გახარია ესწრებოდა. ამის შემდეგ ოქუაშვილს ვანო ჩხარტიშვილი ხვდება ლონდონში და ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი ფარცხალაძესთან შეხვედრას სთხოვს. ოქუაშვილის განცხადებით, ფარცხალაძესთან შეხვედრაზე ის ყიფიანთან ერთად მივიდა, სადაც ფარცხალაძემ უთხრა, რომ ზარალის 25 მილიონის მიღების სანაცვლოდ წინასწარ 4 მილიონის გადახდა სწორედ ამ დღეს მოსთხოვეს.
ბიზნესმენის მტკიცებით, ფარცხალაძემ მას პირდაპირ უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და უჩა მამაცაშვილის დავალებით მივიდა. ოქუაშვილი ამტკიცებს, რომ ამის შემდეგ, რადგან მან 4 მილიონი არ გადაიხადა, საქმეში პირადად ივანიშვილი ჩაერთო. შეხვედრას, სადაც მას ივანიშვილმა 4 მილიონი მოსთხოვა, ოქუაშვილის თქმით, გიორგი გახარია, უჩა მამაცაშვილი და ვანო ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ. მისივე განცხადებით, პარალელურად გრძელდებოდა ლევან ყიფიანისგან მუქარა „ომეგა ჯგუფის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიების დირექტორებთან.
ამის შემდეგ ერთი დღის გახსნილი კომპანიის ანგარიშზე ზაზა ოქუაშვილის მტკიცებით, მან 4 მილიონი გადარიცხა. ოქუაშვილი ამბობს, რომ გახარიას ხელმძღვანელობით, თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალიდან ფარცხალაძესთან ერთად 4 მილიონი ქეშად გაიტანეს. ოქუაშვილი მიუთითებს, რომ არსებობს ჩანაწერები, სადაც მოქმედი პირი თავად ბიძინა ივანიშვილია.
ბიზნესმენის ბრალდებაზე გამოძიება უკვე დაიწყო მთავარმა პროკურატურამ. გამოძიების პარალელურად მედიისთვის განცხადებას გააკეთებს ბრალების მთავარი ადრესატი ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება ბრალდების მეორე ადრესატს, შს მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს ბიზნესმენთან შეხვედრას და აცხადებს, რომ ოქუაშვილი გადაიხდის ბოლო ლარს ბიუჯეტში.
„თუ სერიოზულად ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს ერთი მსახიობის თეატრი ღიმილის მომგვრელია. ყველა კითხვას გაეცემა პასუხი თბილისშიც, ლონდონშიც და ბატონი ოქუაშვილი თუ მოინდომებს – ბომბეიშიც. არანაირი პრობლემა არ არის. თუმცა ბატონ ოქუაშვილს მოუწევს თითო თეთრის გადახდა იმ ვალიდან, რაც მას ეკუთვნის.
შეხვედრა შედგა, მე მაშინ ვიყავი ბიზნესომბუდსმენი, როგორც ჩანს, ძალზედ ძლევამოსილი ბიზნესომბუდსმენი და ვერ ვგრძნობდი. შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი ბიზნესის საკითხი და იმ გაუბედურებული კომპანიის მხარდაჭერა, რომელმაც დააგროვა ამხელა ვალი სახელმწიფოს წინაშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ბიზნესმენის ბრალდებას „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე უპასუხა თბილისის მერმა, კახი კალაძემ, რომელის განცხადებით, უსუსური „ფარული“ ჩანაწერებით „ქართულ ოცნებას“ ბიზნესზე ზეწოლას აბრალებს კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ბიზნესის რეკეტი ყოველდღიური მოვლენა იყო.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ არსებობს ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლის არც ერთი შემთხვევა და შესაბამისად, ვერავინ წარმოადგენს ამგვარი ფაქტის ვერც ერთ მტკიცებულებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მედიასაშუალებების უსუსური მცდელობა, განახორციელონ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია, წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – განაცხდა კახი კალაძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარი არის დესტაბილიზაცია, ქაოსი, პროვოკაციები, მაგრამ ხელისუფლება ამას არასოდეს დაუშვებს. დეპუტატი დაინტერესდა ჩანაწერების ავთეტურობით.
„მინდა ყველას გითხრათ, არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი, რომელიც ჩვენ გავამკაცრეთ და ვთქვით, რომ უკანონო ჩანაწერის როგორც მოპოვება, ისე გავრცელება არის აკრძალული და დასჯადი. მე ვსვამ პირველ კითხვას –მაინტერესებს ამ ჩანაწერების ავთენტურობა და კანონიერება. შინაარსამდე მე ამ კითხვაზე მინდა პასუხის მიღება. არის თუ არა ეს ჩანაწერები სასამართლოს ბრძანებით გაკეთებული? როცა ამ კითხვებზე პასუხებს მივიღებ, ამის შემდეგ ვისაუბრებ შინაარსზე“, – აცხადებს ეკა ბესელია.
დეპუტატის განცხადებით, მისთვის როგორც იურისტისთვის არსებობს გადაულახავი ბარიერი, რომელსაც არასოდეს გადააბიჯებს.
„თუ ამ სტანდარტს არ დავიცავთ, მოქალაქეების უფლებას ვერ დავიცავთ. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირი სცენარი, რომ შექმნას ქვეყანაში დესტაბილიზაცია, ქაოსი, რადგან მათ თავისუფალ არჩევნებში გამარჯვება ვერ წარმოუდგენიათ. მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ამისთვის ყველა სამართლებრივი და კანონიერი გზა იქნება გამოყენებული“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ბრალდებას პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა, რომელიც არსებული ჩანაწერების სრულად გამოქვეყნებასა და დროულ რეაგირებას ითხოვს. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, აუციელბელია პროკურატურამ არსებული ჩანაწერები უმოკლეს დროში შეისწავლოს და გამოძიება დაასრულოს.
„ეჭვი მაქვს საქმე გვაქვს მძიმე მოვლენასთან და რაც უფრო სრულად გამოაშკარავდება უკეთესია. არ მესმის რას აკეთებს დღეს პროკურატურა, არ მესმის, როგორ ამბობენ მთავრობის წევრები კი ბატონო წავალთ ლონდონში და იქ ვისაუბრებთ თუ საჭიროაო. რაზე საუბრობენ, საქართველოს მთავრობა ლონდონში უნდა ჩავიდეს და იქ ამტკიცოს დამნაშავეა თუ არაა დამნაშავე? თუ საქართველოს პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს საქმე და ყველაფერს თავის სახელი დაარქვას?“, – ამბობს დავით უსუფაშვილი.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი პირობას დებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აუცილებლად გამოიძიებენ ზაზა ოქუაშვილზე ზეწოლის ფაქტებს. მეტიც, დავით ბაქარაძე ირწმუნება, რომ პოლიტიკური შურისძიების გამოსარიცხად ამ პროცესში ჩაერთვებიან პარტნიორი საგამოძიებო ორგანოები.
„ამისი გამოცდილება საქართველოში არსებობს. არსებობს საქართელოში საქმეები, რომელსაც იძიებდა ამერიკის ფედერალური უსაფრთხოების ბიურო. ჩვენი პოლიტიკური განაცხადია, აუცილებლად დავამარცხოთ არჩევნებში „ქართული ოცნება“ და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აუცილებლად გამოვიძიოთ კორუფციის და რეკეტის საქმე. ამას გავაკეთებთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად, რომ გამოძიებას ჰქონდეს სანდოობა და გამოირიცხოს პოლიტიკური ანგარიშსწორება და რევანში“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
ბიზნესმენს მხარდაჭერას უცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ „ქვეყანას მართავს მაფიოზურ–ქურდულ–ოლიგარქული კლანი, ადამიანების კასტა, რომელსაც არ აინტერესებს სახელმწიფო, არ აინტერესებს სახელმწიფო ინტერესები და გადავიდა პირდაპირ ძალადობაზე ბიზნესთან“.
გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ ბიზნესზე რეკეტის სათავეში ბიძინა ივანიშვილი დგას. ბრალდების მიუხედავად, ვაშაძე ვერ აკონკრეტებს რის საფუძველზე აკეთებს ამ ხმაურიან განცხადებას.
„საქართველოს მართავს კანონიერი ქურდი, ბიძინა ივანიშვილი მის დაჯგუფებასთან ერთად. ქვეყანაში აღარ გვაქვს ინსტიტუციები, ქვეყანაში აღარ არსებობს არაფერი და წარმოიდგინეთ, ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ მოვითხოვოთ ამ საქმეების გამოძიება, ვის უნდა მოვთხოვოთ? რომელ პროკურატურას უნდა მოვთხოვოთ, რომელ სამართალდამცავ უწყებებს უნდა მოვთხოვოთ? რომელს შს მინისტრს უნდა მოვთხოვოთ, რომელიც თურმე პირადად იღებს ამ ქურდულ გარჩევებში მონაწილეობას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.