ქვეყანაში არსებული დაძაბული წინასაარჩევნო ფონი, ვარაუდები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, ოპოზიციის იერიში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატზე და ხელისუფლების მხრიდან გადადგმული არაპოპულარული ნაბიჯები. რა პროგნოზები კეთდება არჩევნაბამდე ერთი თვით ადრე. ამ და სხვა აქტუალურ თემებზე for.ge-ს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ესაუბრა.
ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმშია, საპრეზიდენტო არჩევნები კი ოპოზიციისა და ხელისუფლების დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, გასული წლის არჩევნებისგან განსხვავებით, კიდევ უფრო მეტად დაძაბაულია წინასაარჩევნო ფონიც. არადა, ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელსაც კონსტიტუცით ყველა მთავარი უფლება ჩამორთმეული აქვს. რა იცვლება პრეზიდენტის არჩევით პოლიტიკურ ველზე და რა მიზანი აქვს ხელისუფლებას ან, ოპოზიციას?
- დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც პრეზიდენტი საერთო-სახალხო არჩევნებით აირჩევა. შესაბამისად, მას ექნება ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია, რაც ახალი კონსტიტუციით უფლებების მნიშვნელოვანი შეკვეცის პირობებშიც კი, მაინც უტოვებს იმის შესაძლებლობებს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგზე გარკვეული გავლენა მოახდინოს - საგარეო პოლიტიკურ არენაზე იაქტიუროს, საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის მობილიზაცია მოახდინოს კონკრეტულ აქტუალურ საკითხებზე და შესაძლოა, ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას შეეცადოს. ანუ პრეზიდენტს, შეუძლია ხელისუფლება დისკომფორტში ამყოფოს. სწორედ ეს და სხვა ფაქტორებიც იწვევს იმას, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ასეთი მძაფრი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, რადგანაც ფსონი მაღალია.
გააჩნია, ვინ დაეუფლება პრეზიდენტის სავარძელს, იქნება თუ არა ის, ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული და შეძლებს თუ არა, ახალი მიზიდულობის ცენტრი გახდეს. გარდა ამისა, ამჟამინდელი საპრეზიდენტო არჩევნები სავსებით ლოგიკურად განიხილება როგორც ერთგვარი პრელუდია ან ძალების მოსინჯვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. შესაბამისად, ხელისუფლების მიზანია რომ პრეზიდენტი იყოს ისეთი ფიგურა, რომელიც არ შექმნის დამატებით პოლიტიკურ პრობლემებს. იმოქმედებს კონსტიტუციის მიხედვით და დაკავებული იქნება მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებით. ხოლო ოპოზიციას, ვგულისხმობ მათ, ვისაც გარკვეული შანსები აქვს, სურს პრეზიდენტის თანამდებობის დაუფლების შემდეგ დაიწყოს მისი მიზნების რეალიზება - პოლიტიკურ ველზე შეავიწროვოს მმართველი პარტია და შეეცადოს საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატება საპარლამენტო არჩევნებზეც განავრცოს.
მას შემდეგ რაც მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო არჩენებში მხარი პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა საკმაო დრო გავიდა, თუმცა არ წყდება ბრალდებები სალომე ზურაბიშვილის მიმართ. როგორ ფიქრობთ, ახერხებს მმართველი გუნდი იმ ბრალდებების გაბათილებას, რაც ზურაბიშვილის და მისი მხარდამჭერი გუნდის მიმართ ისმის?
- მმართველი გუნდის ძალისხმევა გააბათილონ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ოპონენტებისგან წამოსული ბრალდებები, აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს. თუმცა ჩანს, რომ ზურაბიშვილთან ხელისუფლების პოლიტტექნოლოგები და სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ და თუ საკითხს წმინდა პოლიტიკური და სტრატეგიული კომუნიკაციის და იმიჯური კუთხით შევხედავთ, მისი ბოლო სატელევიზიო გამოსვლები შედარებით უკეთესი იყო, ვიდრე ადრინდელი. თუმცა, როგორც იტყვიან გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
ოპოზიცია სულ უფრო ხშირად საუბრობს ვადამდელ საპარალამეტო არჩევნებზე. თქვენ რამდენად რეალურად მიგაჩნიათ მოვლენების ამ სცენარით განვითარება?
- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პირობები და მიზეზები გაწერილია კონსტიტუციაში და ჯერჯერობით არც ერთი მათგანი სახეზე არ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა რამდენიმე არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღო, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამოსაძიებლად შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ირგვლივ საკმაოდ არაჯანსაღი სიტუაცია შეიქმნა და ამას სხვა ნეგატიური ფაქტორებიც დაემატა, მაინც ვერ ვიტყოდი, რომ ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური და სახელისუფლებო კრიზისის განვითარების ნიშნებია. შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის გამოხატულ წინაპირობებს, თუმცა ჩვენი არამდგრადი პოლიტიკური სისტემის გამო ბოლომდე ამ სცენარს მაინც არ გამოვრიცხავდი.
ექსპერტთა ნაწილი სერიოზულად ამტკიცებს, რომ ივანიშვილი და „ოცნების“ ნაწილი „ევროპელი დემოკრატების“ კანდიდატის დავით ბაქრაძის გაპრეზიდენტებაზე იზრუნებს. მეტიც, ზოგი იმაზეც საუბრობს, რომ ივანიშვილი „ევროპელი დემოკრატებისთვის“ ძალაუფლების გადაცემისთვის ემზადება. რამდენად შესაძლებელია სცენარის ამგვარი განვითარება და თქვენ თუ ხედავთ ამის ნიშნებს?
- ეს უფრო კონსპიროლოგის სფეროდან არის, მაგრამ რაკი ექსპერტთა ნაწილი ასე ფიქრობს და სჯერა, მაშინ მათ საზოგადოებას ასეთი მოსაზრებების თუ პროგნოზების გამამყარებელი ობიექტური არგუმენტებიც უნდა წარმოუდგინონ. სხვანაირად ასეთ პროგნოზებს ვერ ექნება პრეტენზია ექსპერტულ პროგნოზზე.
მე ჯერჯერობით ასეთ ნიშნებს ვერ ვხედავ, თუმცა ვხედავ იმას, რომ სახელისუფლებო კანდიდატის საარჩევნო კამპანია უჩვეულოდ დუნედ და უგერგილოდ მიმდინარეობს.
გაერთიანებული ოპოზიცია და „ევროპული საქართველო“ სიებთან დაკავშირებით ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. საქმე ეხება ოპოზიციის მხარდამჭერი სიების გადამოწმებას. ბრალდება კი იმაში მდგომარეობდა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი სიების გადამოწმება, „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რაც შემდგომ, პოლიტსაბჭოს წევრმა უარყო. ამ დღეების მანძილზე არ წყდებოდა ბრალდებები ერთმანეთის მიმართ. ამ მოცემულობაში ოპოზიციის ეს ორი ფრთა ერთმანეთის კონკურენტად რამდენად აღიქმება? ცნობილია, რომ მათ ერთმანეთზე თავდაუსხმელობის შეთანხმებაზე მოაწერეს ხელი.
- სხვათა შორის, „ევროპის სახალხო პარტიის“ მედიატორობით ხელმოწერილი შეთანხმება წინასაარჩევნო პერიოდში ერთმანეთზე თავდაუსხმელობის შესახებ, ისე მალე დაირღვა, რომ მგონი ხელმოწერილ დოკუმენტზე, როგორც იტყვიან, მელანიც კი არ იყო შემშრალი. ასე რომ, ეს დოკუმენტი ფარატინა ქაღალდად იქცა. რაოდენ პარადოქსულად და ირონიულადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, დღეს „ნაცმოძრაობის“ ეს ორი ფრთა ერთმანეთთან კონკურენციის რეჟიმშია. ისიც საკითხავია, თუ მეორე ტური შედგა და იქ ამ ორი პარტიიდან ერთ ერთის კანდიდატი გავიდა, მიიღებს თუ არა ის მხარდაჭერას ნაცმოძრაობის მეორე ფრთიდან.
არ წყდება ბრალდებები ცესკოსა და ხელისუფლების მიმართ. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები მას ბრალს ნეპოტიზმში სდებენ და მეტ გამჭვირვალობას მოითხოვენ. მაშინ როცა საერთაშორისო ორგანიზაციები ცსკ-ს მუშაობას ძირითადათ დადებითად აფასებენ. რამდენად გამართულად მუშაობს ცესკო და ხდება თუ არა მომზადებული საპრეზიდენტო არჩევნებს?
- ჩვენ შეგვიძლია მარტივი შედარება გავაკეთოთ, თუ როგორ მუშაობდა ცესკო, მაგალითად, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და როგორ მუშაობს ის ახლა. გვახსოვს საკმაოდ მძიმე ფაქტები. ასე რომ, პოზიტიურ განსხვავებას დაინახავს ნებისმიერი მიუკერძოებელი ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ რჩება დასახვეწი რიგი ასპექტები. დავიმოწმებ გარე დამკვირვებლებს, რადგანაც ჩვენში მათი უფრო სჯერათ ხოლმე. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრუბელებელმა ახლახანს საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს სისტემის განვითარების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამით სულაც არ მსურს რაღაც იდილიური სურათი შვქმნა ცესკოს მუშაობაზე და არსებულ პრობლემებზე, ეს თავად ცესკოში უწყიან ყველაზე უკეთ. მაგრამ მდგომარეობა რომ ნელნელა უკეთესობისკენ იცვლება, იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც საჯარო სივრცეშია და თავად ცესკოც აქტიურად ავრცელებს, ვფიქრობ, რომ მზადყოფნა არის. რაც მთავარია, დანერგილია რიგი ახალი სერვისები ამომრჩევლისთვის. ნიშანდობლივია ისიც, რომ მცირდება ცესკოზე შეტანილი საჩივრების რაოდენობაც.
ოპოზიცია ბრალს დებს ხელისუფლებას რომ ის, მათ მიმართ მიმზანმიმართულ „შავ პიარს“ ახორციელებს. მიზეზად ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით, სოც ქსელებში ფეიკ- ნიუსების განთავსებას და კომუნიკაციების მარეგულრიებელი კომისიის მიერ ოპოზიციის საარჩევნო კლიპების, მასში უცენზური სიტყვების გამოყენების მოტივით აკრძალვას ასახელებს, რაც ოპოზიციამ ცენზურად შერაცხა. ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ოპოზიციის მიმართ მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს და ხელს უშლის წინასაარჩევნო აქტივობებში.
- საარჩევნო კამპანიის პროცესში მეტოქე სუბიექტების მიერ ერთმანეთზე მიტანილი საინფორმაციო თუ ფსიქოლოგიური შეტევები ჩვეულებრივი მოვლენაა და ზოგჯერ ჭირს კიდეც იმის დადგენა, იყო თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეული კანონი ან დადგენილი ეთიკის ნორმები. ისე კი, თუ გადახედავთ, რა წრეგადასულ „შავ პიარს“ აწარმოებენ სახელისუფლებო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ და რა სიხშირით, როგორც იტყვიან, კომენტარიც კი ზედმეტია. სავსებით შესაძლებელია ხელისუფლების მხარდამჭერებიც აქტიურობენ სოც-ქსელებში, მაგრამ ტერმინი- „მიზანმიმართული კამპანია“ რა შინაარსობრივ დატვირთვას ატარებს ოპოზიციისათვის, ცოტა არ იყოს გაუგებარია.
დიახაც, წინასაარჩევნო ბატალიების დროს ნებისმიერი კამპანია არის მიზანმიმართული, რომ საკუთარი წამოაჩინო რაც შეიძლება უკეთ, ოპონენტი კი უარესად. ეს, ყველა ქვეყანაში, ასე ხდება.
როგორ შეიძლება გავიგოთ ხელისუფლების არაპოპულარული ნაბიჯები წინასაარჩევნოდ - მაგ: „იბერიასა“ და „მედიაპალიტრის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ტაქსოპარკის განახლება, მარიახუანას კულტივაციის თემა, სადაც ეკლესია ხელისუფლებას დაუპირისპირდა, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის გადაწყვეტილება, რამაც ქუთაისელები გაანაწყენა და ა.შ. ყველა ეს ახალი ინიციატივა ბოლო ერთი თვის მანძილზე გაახმოვანა ხელისუფლებამ.. რასთან გვაქვს საქმე?
- რთული სათქმელია და ცალსახა პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. პასუხი, ალბათ, შიდასახელისუფლებო კულუარებსა და მმართველი გუნდის შიდა პოლიტიკურ სამზარეულოში უნდა ვეძებოთ, რადგანაც ეს ქმედებები წინასაარჩევნო კამპანიის ლოგიკას და წესებს ეწინააღმდეგება. მით უფრო, არც ერთი თქვენს მიერ ჩამოთვლილ საკითხებიდან არ განეკუთვნება გადაუდებელ და სასწრაფოდ გადასაწყვეტი საკითხების კატეგორიას. სავსებით შესაძლებელი იყო მათი დაყენება დღის წესრიგში არჩევნების შემდეგაც. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ამით „ქართული ოცნება“ თითქოს გამოცდას უტარებს საკუთარ ამომრჩეველს, რათა დაადგინოს არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიუხედავად, რამდენი გააგრძელებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას.
როგორც გითხარით, ლოგიკის დაჭერა მმართველი პარტიის ასეთი ქცევის წესში, ცოტა არ იყოს რთულია.
პარლამენტში ხმაური მოჰყვა „ხორავას ქუჩის“ საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიისაგან საკმაოდ კრიტიკული რეკომენდაციის წარდგენას. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამ საქმეზე ერთი მხრივ კომისიის დასკვნამ, მეორე მხრივ მასზე მმართველი გუნდის რეაქციამ და ამავე საქმეზე ხელისუფლების სამომავლო გეგმებმა?
- თვენახევრის წინ ერთ -ერთ გამოცემასთან ინტერვიუში პროგნოზი გავაკეთე, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ ვიხილავდით ორ დასკვნას, ერთს -კომისიაში სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებისგან, მეორეს - ოპოზიციის წარმომადგნლებისგან, რომლებსაც ხელისუფლების ნებით კომისიაში უმრავლესობა დაეთმოთ. სამწუხაროდ, პროგნოზი გამართლდა.
დასკვნები ვიხილეთ, მაგრამ პრობლემის გადაწყვეტა, რის გამოც შეიქმნა კომისია - ვერა. თუმცა, კომისიის მუშაობას დადებითი მხარეებიც უდავოდ ჰქონდა. ცოცხალ ეთერში ნაჩვენებმა მისმა სხდომებმა ფართო საზოგადოებას და თავად სამართალდამცავებს მკაფიოდ დაანახა ძირეული სისტემური რეფორმების აუცილებლობა და დაჩქარება. ის, რომ ასეთი რეფორმები უკვე გამოცხადდა კომისიის მუშაობის დასრულების კვალობაზე, ვფიქრობ, გარკვეულწილად კომისიის დამსახურებაც არის. თუმცა, სამწუხაროდ კომისია მაინც ვერ გასცდა პარტიული კინკლაობის ფორმატს, რაც დიდი ალბათობით საზოგადოებაში მას დიდ ნდობას ვერ შესძენდა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვის დაწყებას მოქმედ პრეზიდენტზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ასევე გაფრთხილებაა მომავალი პრეზიდენტებისთვის, რომ მათი უსაფრთხოება იქნება დამოკიდებული მთავრობის კეთილ ნებაზე. როგორ აფასებთ ამ ცვლილებას?
- ცვლილებებს შესაბამის კანონში დადებითად ვაფასებ და მხარს ვუჭერ. სხვათა შორის, ცვლილებები ეხება არა მხოლოდ ამჟამინდელ პრეზიდენტს, ასევე წინა და მომავალ პრეზიდენტებს (ორი მათგანი უკვე გარდაცვლილია), ასევე პრემიერ მინისტრებსაც. ჩვენ ჯერ კიდევ ღარიბი ქვეყანა ვართ და საბიუჯეტო თანხების და ადამიანური რესურსების ასეთი ხელგაშლილი ხარჯვის საშუალება არ გვაქვს, მით უმეტეს, რომ ამის არც მწვავე აუცილებლობა არსებობს.