სალომე ზურაბიშვილი იმ კამპანიაზე საუბრობს, რაც მის საწინააღმდეგოდ აგორდა ოპონენტების მხრიდან - ამბობს, რომ კანაფის დედოფალი კი არა, ნარკოტიკების საწინააღმდეგო კამპანიის დედოფალი იქნება, რომ ათასგვარი ხმა გავრცელდა მასზე, თითქოს არც მართლმადიდებელია, ერთსქესიანთა ქორწინების მომხრე, პრორუსი და პუტინის აგენტია. ცოტა უფრო ადრე ამ თემაზე ისაუბრეს დედაქალაქის მერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც ჩანს, პოლიტიკურ ველზე მიმდინარეობს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წესების გარეშე. ვინ რას მოიგებს და რას დაკარგავს კონკურენტის ტრიუმფით - ამ თემაზე ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.
კეთდებოდა პროგნოზები, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლა ძირითადად, მშვიდ ვითარებაში ჩაივლიდა, თუმცა საარჩევნო კამპანიის სიმწვავე უკვე სახეზეა. გამომდინარე იქიდან, რომ საპარალამენტო რესპუბლიკის უფლებაშეკვეცილი პრეზიდენტი არ ზის იმ წონის სავარძელში, რომელიც ასეთ გააფთრებულ ბრძოლად ღირს, რაზე იდება ფსონი?
- ფაქტია, რომ ძალიან მძაფრი ბრძოლაა, სიმართლე გითხრათ, ანალიტიკოსები უფრო წყნარ არჩევნებს ველოდით სწორედ იმიტომ, რომ არ არის ეს თანამდებობა ასეთი ბრძოლის შესაბამისი. სიტუაცია იმდენად რთულია, რომ გაბედულად ვერ იტყვი ვერაფერს, ამიტომ ვვარაუდობ, ნაციონალებისთვის რამდენიმე მიზეზია წამყვანი - თუ მათი კანდიდატი გავიდა, ეს იქნება პრაქტიკულად, მათი პირველი გამარჯვება 2012 წლის შემდეგ. მათ ყველა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ იმაზე მეტი წინსვლა, ვიდრე ამის საშუალება ერთგულმა ამომრჩეველმა მისცა, ვერ მოიპოვეს. ამ დროს, მათ ირგვლივ კონსოლიდაციისთვის მათ სჭირდებათ ამომრჩეველთა დარწმუნება, რომ წარმატების უნარი აქვთ. ის, რომ მათი წარმატებულობა დამაჯერებელი გახდეს, ძალიან სერიოზული მიზეზია მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. თუ მათმა ამომრჩეველმა დაიჯერა, რომ ნაციონალებს გამარჯვების უნარი აქვთ, შეიძლება, 2020 წლის პოლიტიკური სურათი საგრძნობლად განსხვავებული იყოს.
ანუ, თუ პრეზიდენტის სავარძელს ნაციონალები მიიღებენ? მეორე და მთავარი ოპოზიციური ძალის საპატიო ადგილზე აღარ არის ლაპარაკი?
- თუ გახსოვთ, ფეხბურთზე იყო ხოლმე ასეთი ლაპარაკი, ქართველებს გამარჯვება მოგვენატრაო და თუ გაიმარჯვებდნენ, იყო ქუჩებში ერთი ამბავი.... უბრალო გამარჯვების ფაქტიც კი არის ტონუსის ამწევი ნებისმიერ შემთხვევაში და სწორედ ტონუსის აწევა სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“.
ხელისუფლების დაბრუნების იმედი ამოძრავებს? - სავარაუდოდ ასეთი გათვლა უნდა ჰქონდეს საპარლამენტო არჩევნებისთვის, რაკი საპრეზიდენტო სავარძლისთვის ასე თავგანწირული იბრძვიან, მაგრამ საზოგადოება ამას რამდენად მიიღებს? ამ ხელისუფლებით ბევრი უკმაყოფილოა, მაგრამ ის იყო სხვა მმართველობა და სულ სხვა რეჟიმი...
- შეიძლება ილაპარაკო ამ ორი რეჟიმიდან რომელი გაწყობს, მაგრამ მათი ერთმანეთთან შედარება წარმოუდგენელია. „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების დღეს დაბრუნება კი არა, იმ პირობის შექმნა სჭირდება, რომ ხვალ და ზეგ ხელისუფლების სადავეებს როგორმე მიუახლოვდეს და ეს იქნება საპარლამენტო არჩევნები.
საპარლამენტო არჩევნებს რაც შეეხება, არც მათი გამარჯვებაა რეალური და არც „ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედებს ყოველთვის ადეკვატურად, მაგრამ მეორე მხრივ, რა უნდა გააკეთონ? მათ ხომ მოქმედების რესურსიც კი აღარ გააჩნიათ!
ეს ბრძოლაც არც თუ უაზროა, ბოლოს და ბოლოს, რაც უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ, მით მეტ დაფინანსებას მიიღებენ ბიუჯეტიდან.
სალომე ზურაბიშვილს რაც შეეხება, საკმაოდ ეფექტური კამპანია აგორდა მის წინააღმდეგ და ერთი პერიოდი ეკლესიისთვისაც მიუღებელი გახდა, მაგრამ ეს ტალღა თითქოს უკვე გადაგორდა. ეს იყო ნაციონალების სტრატეგიის დამსახურება თუ ზურაბიშვილმა ვერ გათვალა, რისი თქმა შეიძლებოდა ქართული საზოგადოებისთვის და რისი არა?
- მაინც მგონია, რომ უფრო სალომე ზურაბიშვილმა ვერ გათვალა, რადგან მას ანალოგიური შეფასება სხვა დროსაც გაუკეთებია და ამას განსაკუთრებული ხმაური არ მოჰყოლია. ისევე, როგორ სხვა დროსაც ულაპარაკია აგვისტოს ომის დაწყებაზე, ახლაც იგივე გაიმეორა, მაგრამ რატომღაც, სწორედ ახლა აფეთქდა ბომბი.
მეორე მხრივ, სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად არ არის გამოცდილი ფიგურა საჯარო პოლიტიკურ ბრძოლებში. ამიტომ ჩემთვის მოულოდნელი არ არის, რომ სიტყვები არა თუ არ მოზომოს, არამედ არც იფიქროს, იმაზე, რომ მოზომვა საჭიროა.
ანალოგიური ხასიათი აქვს ივანიშვილსაც - ძალიან ხშირად ამბობს ხოლმე იმას, რასაც ჩვეულებრივ, არ ამბობენ და ატყდება ხოლმე რია-რია, რომ შეეშალა თუ რაღაც ჩანაფიქრი ჰქონდა - არადა, ისევე ლაპარაკობს ეკრანის წინ, როგორც მეგობრების წრეში.
პრინციპში, გულწრფელობა არ აწყენდა მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს - ყოველ შემთხვევაში, ამომრჩეველთან გაცილებით ახლოს იქნებოდნენ...
- ამომრჩევლისთვის მართლაც უფრო ხელსაყრელია ის მომენტი, რისკენაც სალომე ზურაბიშვილმა გადადგა ნაბიჯი.
ამ არჩევნების ფონზე საინტერესოა ვანო მერაბიშვილის თემაც - აღმოჩნდა, რომ დღის წესრიგში დგება მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი. ის თუ მართლაც სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს, შეიძლება დავუშვათ, რომ ამ მომსახურების მიღებას თუნდაც ციხეში ვერ შეძლებს? - ის არ არის ჩვეულებრივი პატიმარი - ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის მდგომარეობას ყველა ლუპით აკვირდება... ხომ არ არის ოპოზიციისგან წინასაარჩევნოდ წამოსული პოლიტიკური თემა?
- ჯერ ერთი, ციხეშიც არსებობს მკურნალობის საშუალება, მაგრამ ისიც უნდა დავუშვათ, რომ არის შემთხვევები, როდესაც პრობლემა არ იკურნება. მე უკვე იმ ასაკში ვარ, რომ ვიცი არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება, ვერ გიმკურნალონ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ავყევით იმ კამპანიას, რომ არიქა, მერაბიშვილი ცუდად არის და არ მკურნალობენ... მინდა ყველას შევახსენო, რომ თუკი ვინმეს ინტერესშია მერაბიშვილს ბეწვი არ ჩამოვარდეს თავიდან, ეს სწორედ „ქართული ოცნებაა“. ალბათ, ძალიან გაუჭირდება „ქართულ ოცნებას“ მერე ვინმე დაარწმუნოს იმაში, რომ მერაბიშვილს თუ რამე დაემართა, მისი ბრალი არ არის. არაფერს არ უშავებს ციხეში მყოფი ცოცხალი მერაბიშვილი ხელისუფლებას და ამიტომაც ურჩევნია, იყოს ისე და იქ, სადაც არის.
როგორც ჩანს, ნაციონალებისთვის არის ვადამდელი გათავისუფლების თემა მნიშვნელოვანი, რადგან ათასგვარი შეთქმულების თეორია ისმის, - როგორიცაა არჩევნების შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირების მოწყობა და ა.შ. ამის საფუძველს იძლევა ის სცენარები რაც სხვადასხვა დროს თავად ნაციონალებისგან ვრცელდებოდა, იგივე, სააკაშვილის მოწოდებები, რომელიც დროდადრო ისმის... რამდენად რეალურია ასეთი გეგმის არსებობა?
- სააკაშვილი ახსენეთ და აქვე დავსვამ კითხვას - რამდენად არის რეალობასთან ახლოს სააკაშვილის ჩართვები? - ბევრი დამეთანხმება, რომ რეალობას მოწყვეტილია, მაგრამ ის მაინც თავისას გაიძახის. არამარტო მარცხის შემდეგ, არამედ 2012 წელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან ბევრი ისეთი რამ გააკეთა, რაც წესით, ნორმალურ პარტიას არ უნდა გაეკეთებინა. ვგულისხმობ ტელევიზორის ანტენების დაპატიმრებას და ა.შ. უზარმაზარი რისკი იყო ნაციონალების მხრიდან ბევრი რამ, მაგრამ მაინც გააკეთეს - მეორე მხრივ, სურვილი აქვთ, რომ აირჩიონ.
როდესაც ერთ ყოფილ ნაციონალს ვკითხე, რატომ არ შეცვალეს სტრატეგია, ანუ რატომ არ გაჩუმდნენ, აგრესია არ შეამცირეს, რათა ამომრჩეველს სიმპათია გასჩენოდა, მიპასუხა, რომ სხვანაირად მოქცევა მათ არ იციან - ასე ამიხსნა ნაციონალების დაუფიქრებელი სტრატეგია.
თავიდანვე მცდარი სტრატეგია ჰქონდათ, მაგრამ წაგების შემდეგ ნებისმიერი პარტია ცვლის სტილს - მათ ეს სტრატეგიაც არ შეუცვლიათ.
ეს ყველაფერი ერთი მიზეზის გამო გავიხსენე - იმაზე ლაპარაკი, რომ ნაციონალებს რაღაც ჩანაფიქრი აქვთ, მგონია, რომ მათზე გადაჭარბებულ წარმოდგენას გულისხმობს - მათ არც ჩანაფიქრი აქვთ და არც ისეთი გათვლა შეუძლიათ, რომელიც წარმატებას მოუტანს, თორემ ბევრი შანსი ჰქონდათ, რომ უფრო წარმატებული ნაბიჯები გადაედგათ.
პარალელურად, მიმდინარეობს კამპანია იმის შესახებ, რომ სახელისუფლებო შტოებში არის კორუფცია. „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული ფარული ჩანაწერები სწორედ ნაციონალებთან ასოცირებულმა ტელეკომპანიამ გაავრცელა. მეორე მხრივ, ხელისუფლებამ საქმის გამოძიება დაიწყო - შეიძლება ითქვას, რომ ესეც წინასარჩევნო პოლიტიკური თემაა? 2003 წელსაც კორუფციის თემა იყო დომინანტი და არც ე.წ რევოლუციის მოლოდინი არსებობდა. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ამ თემის წამოწევას მართალია, სხვა პარტიის სახელით, მაგრამ იგივე ავტორები ჰყავდა...
- ჩემი აზრით, ესეც არის პოლიტიკური ბრძოლის თემა და ამას ხელს უწყობს როგორც მედია, ისე არასამთავრობო სექტორი. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამას ხელს უწყობს თავად სახელისუფლებო გუნდი, რომელიც თვითონვე იძლევა იმის საბაბს რომ კორუფციის შესახებ იყოს მძაფრი შეფასებები. ამის მიუხედავად, მაინც ვთვლი, რომ ამ თემის წამოწევა პოლიტიკური თამაშის ნაწილია.
ვამბობთ, რომ დასავლური სტანდარტის მქონე პატიოსან ქვეყანას ვაშენებთ, შეიძლება ასეთი ქვეყანა კორუფციაზე საუბრობდეს ისე, ერთხელაც არ ახსენოს, რომ თურმე, კომპანიას, რომლისგანაც ეს თემა წამოვიდა, გადასახადები აქვს გადასახდელი? თუ დასავლური სტანდარტებისთვის იბრძვი, ამ სტანდარტში გადასახადის გადახდა არ შედის? ამიტომ მგონია, რომ ალბათ, კორუფცია მნიშვნელოვანი პრობლემაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, დომინანტი მაინც პოლიტიკური ბრძოლაა, რადგან მხოლოდ იმას ხედავენ რაც სჭირდებათ. როდესაც ადამიანი რაღაცას ვერ ხედავს, ყოველთვის თავისი მიზეზი აქვს ხოლმე ამ სიბრმავეს.
თუკი სხვადასხვა ძალები იბრძვიან საკუთარი მიზნებისთვის, ამ შემთხვევში არ აქვს მნიშვნელობა მეთოდებს, გამოდის, რომ არ ყოფილა მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა და შესაძლებელია, საპარლამენტო არჩევნებისთვის ასპარეზზე რამდენიმე პოლიტიკური ცენტრიც გამოვიდეს, თავისი ბიზნესებით, მედიით და ა.შ? თუ მოჩვენებითია ეს მოძრაობა და მისი განვითრებაც ეჭვქვეშ დგება?
- ძალიან მიჭირს ასეთი პროგნოზის გაკეთება რადგან 2020 წელს დასაბადებელი პოლიტიკური ძალა ჩასახული მაინც უნდა იყოს ახლა. ის ნახტომი, რაც ივანიშვილმა ერთ წელიწადში გააკეთა, სხვისთვისაც მოკლე დროში მიღწევადი ვერ იქნება - ის ივანიშვილი იყო და სულ ცოტა, 20-წლიანი ქველმოქმედება უმაგრებდა ზურგს... თუ ამგვარი დამსახურება არ გიმაგრებს პოზიციას, ერთ წელიწადში პოლიტიკაში ისე ვერ გახვალ, რომ კლიმატი შეცვალო.
რაკი ამჟამად სიჩუმეა, გვაქვს სურათი, როდესაც ძველები კარგავენ რეიტინგს და ახლები არ ჩანან. ამიტომ, ეჭვი მაქვს, რომ პოლიტიკური კრიზისი დადგება იმ მხრივ, რომ ახალი არ იქნება და ძველი არ ივარგებს - ჯერჯერობით მხოლოდ ასეთ პერსპექტივას ვხედავ.
საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის მიხედვით თუ არის შესაძლებელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის პროგნოზირება?
- ბევრი რამ დამოკიდებულია მხარეების მოქმედებაზე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ მიმართულებით უკვე დაუშვა შეცდომა - მან ცხადი გახადა ის, რაც კამპანიის დაწყებისას შეუმჩნეველი იყო - ზურაბიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა ეს არის ბრძოლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ამდენად, ზურაბიშვილმა რაღაც სწორად თქვა თუ არა, უკვე იკარგება „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირების კონტექსტში.
არის ხალხი საქართველოში, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში პრინციპულად წინააღმდეგია, რომ ნაციონალები მოვიდნენ რაიმე სახით ხელისუფლებაში. ეს უკვე ნიშნავს, რომ ეს ხალხი დაირაზმება და დადგება ზურაბიშვილის გვერდით. თუ ვერ მოახერხა „ოცნებამ“ თავისი ამომრჩევლის მობილიზება, მაშინ მივიღებთ მეორე ტურს. თუკი აქამდე მივიდა საქმე, მაშინ უკვე ცხადი იქნება, რომ ორნი არიან ქვეყანაზე „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ და ასეთ შემთხვევაში ზურაბიშვილი მოიგებს არჩევნებს.
ანუ ბაქრაძეს და უსუფაშვილს ამ ველზე უკვე აღარ რჩებათ შანსი?
- ვხედავთ, რომ ფაქტობრივად, რეიტინგების ომი მიმდინარეობს - ამ ბრძოლაში რაიმე ახალი არც ბაქრაძეს შემოუთავაზებია და არც უსუფაშვილს, ასე რომ, მათი რეიტინგი უცებ რომ გაიზარდოს, უკვე გაუგებარი იქნება. რეიტინგების ლოგიკით ვთვლი, რომ მათ არ აქვთ შანსი, ცვლილება შეიტანონ საკუთარ რეიტინგებში, თორემ რაღაც ხმებს აუცილებლად აიღებენ - ეს ხმები იქნება ზუსტად იმდენი, რამდენსაც ამომრჩეველი აძლევს მათ პარტიებს.
„სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად არ არის გამოცდილი ფიგურა საჯარო პოლიტიკურ ბრძოლებში. ამიტომ ჩემთვის მოულოდნელი არ არის, რომ სიტყვები არა თუ არ მოზომოს, არამედ არც იფიქროს, იმაზე, რომ მოზომვა საჭიროა.
ანალოგიური ხასიათი აქვს ივანიშვილსაც - ძალიან ხშირად ამბობს ხოლმე იმას, რასაც ჩვეულებრივ, არ ამბობენ და ატყდება ხოლმე რია-რია, რომ შეეშალა თუ რაღაც ჩანაფიქრი ჰქონდა - არადა, ისევე ლაპარაკობს ეკრანის წინ, როგორც მეგობრების წრეში“.