არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყოს. საფუძვლად ბოლო პერიოდში გავრცელებული რამდენიმე ჩანაწერი მოჰყავთ რომლებიც სავარაუდო მძიმე კორუფციული დანაშაულისა და ქონების უკანონოდ გადაცემის მოთხოვნის შემცველ ფაქტებს ასაჯაროებს. განცხადებას 9 არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს. ისინი მიიჩნევენ, რომ გავრცელებულ მასალებში მაღალი თანამდებობის პირების სახელები ფიგურირებს და კორუფციაში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩართულობის ნიშნები იკვეთება. შექმნილი მდგომარეობა ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.
რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა უზრუნველყონ საქმის გამოძიება; სახელმწიფო აუდიტმა შეისწავლოს მმართველი პოლიტიკური პარტიის სავარაუდოდ არაკანონიერი გზით დაფინანსების საკითხი; ხელისუფლებამ საჯარო დისკუსია წამოიწყოს, რომელშიც ბიზნეს წრეების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან და ა.შ.
კვლავ მიუახლოვდა თუ არა საქართველოში კორუფცია საშიშ ზღვარს, ამ თემაზე, უფლებადამცველი, ლია მუხაშავრია გვესაუბრება.
კორუფცია ჩვენი ქვეყნისთვის უცხო და ახალი არ არის, შევარდნაძის ხელისუფლების შემდეგ, სააკაშვილის პერიოდში რაღაც ჩარჩოებში მოექცა, თუმცა არ აღმოფხვრილა; ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად ისმის კორუფციაზე საუბარი - ეს გადაჭარბებულია და ოპოზიციის პიარკამპანიის ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს, თუ სიტუაცია მართლაც შემაშფოთებელია?
- ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ყველას და მათ შორის, მეც მაფიქრებინებს, რომ ელიტური კორუფცია სისტემური და ინსტიტუციური ხასიათის ყოფილა, იმიტომ, რომ ლაპარაკია ბიზნესების მიერ მმართველი პარტიის ბიუჯეტში გარკვეული თანხების ჩარიცხვაზე. ვფიქრობ, რომ ნაცმოძრაობის მიერ შექმნილი სისტემა ამათ სრულყვეს და კიდევ უფრო დახვეწეს. შექმნეს ინსტიტუციურად მყარი კორუფციული სისტემა.
დროდადრო ხელისუფლება საკუთარ რიგებში კორუფციაში მხილებული ჩინოვნიკების წმენდას ახორციელებს. ქრთამის აღების ფაქტზე არაერთი დაკავებაც განხორციელდა. ეს სიმბოლური ბრძოლაა და არ ჩანს პოლიტიკური ნება, რომ კორუფციას რეალურად ებრძვის ხელისუფლება?
- არ მგონია, პოლიტიკური ნება არსებობდეს ამ ტიპის კორუფციის დასამარცხებლად ქვეყანაში, რადგან ეს არ არის დაბალ დონეზე. მგონია, რომ პირიქით, ძალიან მაღალ ეშელონებშია შექმნილი და იმართება სწორედ უმაღლესი პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ. ამას ადასტურებს მთავრობის საკვანძო მინისტრების, პრემიერ-მინისტრების ცვლილებები. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს არ აქვს არც ნება და არც სურვილი, რომ ეს სისტემა შეცვალოს.
სხვა საკითხია - მედია თუ სათანადო ყურადღებას დაუთმობს და საზოგადოებას ექნება სათანადო, ადეკვატური რეაქცია, შესაძლოა, საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით, შეეცადონ, ფასადურად, მაგრამ მაინც რაღაც შეცვალონ.
როდესაც მასშტაბურ კორუფციაზეა ლაპარაკი, არც თუ შორეულ წარსულში ვნახეთ, შევარდნაძის ხელისუფლება როგორ შეეწირა სწორედ კორუფციას - ასე მალე დაავიწყდა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ეს ძალზე სახიფათო გზაა?
- არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ დაამარცხა კორუფცია, უბრალოდ მოიშალა ქვედა დონეზე, ხოლო ელიტური კორუფცია დარჩა. უბრალოდ, დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს სათანადო უნარი მართვისა და მენეჯმენტისა. ამიტომ, ელიტური კორუფცია მათ შეინარჩუნეს და რაკი სათანადოდ ვერ მართავენ, ის ქვედა ფენებშიც ჩამოვიდა და უფრო თვალსაჩინო გახდა.
სააკაშვილის პერიოდში ჩვენი საზოგადოების გარდა ყველას ეგონა, რომ სააკაშვილმა დაამარცხა კორუფცია, როცა ეს ასე არ იყო. ახლა უფრო მეტად მოედო ყველაფერს, რადგან სახელმწიფო მის საწინააღმდეგოდ არაფერს აკეთებს. პირიქით, ეს არის ხელისუფლებისგან მართული და დაკანონებული სისტემა და დამარცხებაზე რანაირად იქნება ლაპარაკი, როცა შენ თვითონ ქმნი და ამყარებ ამ სისტემას კორუფციის მიმართულებით?!
ამ შემთხვევაში ხელისუფლებაში ვინ იგულისხმება, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, თუ ჩინოვნიკები?
- რა თქმა უნდა, პირველი პირები.
თუმცა ძალიან საეჭვოა, ივანიშვილი სიგარეტის ბიზნესიდან წილს ითხოვდეს...
- არ ვამბობ, რომ ჯიბეში იდებს, სამაგიეროდ არ ხარჯავს თავის ფულს, რაც დახარჯა 2012 წელს. მაგალითად, თავის რეზიდენციათან მისადგომი გზების გასაკეთებლად არ დახარჯავს თავის ან პარტიის ფულს, არამედ ამას ამოიღებს ბიზნესიდან. ანუ მომჭირნედ იქცევა თავისი კაპიტალის მიმართ და სხვის ხარჯზე აკეთებს იმას, რაც მისი ფულის გარეშე გაკეთდება და რა მნიშვნელობა აქვს, ამას რა ფორმა ექნება?
მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ სისტემის სათავეში დგას, მაგრამ ხანდახან გაექცევა ხოლმე სიტუაცია - კორუფციული სისტემა ძალიან საშიშია, მისი კონტროლი ძალიან რთულია და პრაქტიკულად, შეუძლებელი და ადვილია, სადავეები გაგეშვას ხელიდან. ამიტომაცაა, რომ ასე ხშირად ვიცვლით პრემიერ-მინისტრებს და საკვანძო მინისტრებს.
გამოდის, მთელი ჩვენი ეკონომიკური სისტემაც ამ კორუფციაზე ყოფილა დაშენებული... თუმცა ამის ახსნა სხვაგვარადაც შეიძლება, ჩინოვნიკები პოსტს ინარჩუნებენ იქამდე, ვიდრე გაისვრებიან...
- როდესაც ძალიან დიდ ფულთან გაქვს შეხება, ძნელია ცდუნებას გაუძლო... არ მგონია, ჩვენი პოლიტიკოსები მხოლოდ ასეთი ადამიანების გუნდისგან შედგებოდეს და ეს გუნდი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გარშემო იყოს გაერთიანებული. ბუნებრივია, მინისტრებს ხელიც შეიძლება გაექცეს და ენაც და ეს არის ის, რაც იწვევს სისტემის რყევებს და სისატემის განახლების აუცილებლობას.
თუ ბიძინა ივანიშვილია კორუფციული სისტემის სათავეში, გამოდის, რომ მინისტრების ცვლილებები საჭირო აღარ უნდა იყოს, როგორც ჩანს, სხვა ტიპის ინტერესთა კონფლიქტია, რომლის შეფასება საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ვერ ხერხდება - ანუ არასაკმარისი ინფორმაციაა რეალური სურათის შესაქმნელად...
- ვფიქრობ, როდესაც პრემიერი ან რომელიმე მინისტრი საკუთარი ჯიბის გასქელებაზე გადადის, ის გადის კონტროლიდან, სისტემისთვის საშიში ხდება და ამიტომ ხდება მისი ჩამოცილება. სხვაგვარად ვერ ახსნი პრემიერების იმ ცვლას, რომელსაც დასაბუთებული განმარტება არასდროს მოჰყოლია, თუ რატომ წავიდნენ თანამდებობიდან ან რატომ ინიშნებიან.
საინტერესოა, როგორ ხვდება ფარული ჩანაწერები მაინც და მაინც „რუსთავი2 -ის“ ეთერში? თითქოს ვიღაცამ ანტიკორუფციული კამპანია წამოიწყო და ჩინოვნიკების მხილება ხდება ოპოზიციურ არხზე? - ცხადია ამ პროცესს ვიღაც უნდა მართავდეს - ლოგიკურად ის, ვისაც ხელი მიუწვდება მოსმენაზე და თუ ეს ხელისუფლება არ არის, კიდევ ცალკე უბედურებაა...
- ყოფილ და დღევანდელ ნაცებს კარგად ესმით, კორუფციული სქემა როგორ მუშაობს დღევანდელ საქართველოში. ქოცებს ახალი არაფერი გამოუგონებიათ. ამიტომ ნაცებს შეუძლიათ, ძალიან მარტივად მოიპოვონ ინფორმაცია და საზოგადოებას ამცნონ ამის შესახებ - თვითონ გაცილებით გამოცდილები არიან ამ საქმიანობაში.
ეს ძალიან ჰგავს იმ სისტემას რომელიც არსებობდა, ახლა კი გამოყენებულია ხელისუფლების დასაბრუნებლად ბრძოლაში ნაცების მიერ.
არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი თუ კიდევ ერთხელ ჩაჰყვება ქვეყანა ჩინოვნიკების თავგასულობას?
- საქართველოში უკეთურება დიდხანს ვერ ხარობს და მგონია, ესეც დროებითი მოვლენაა. საზოგადოება უკვე მიეჩვია ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს და აღარ მოითმენს, ვიღაცამ მოსახლეობის ხარჯზე აკეთოს ფული და ჩვენი გაღატაკების ხარჯზე მოიწყოს ცხოვრება.