„არც იმ სცენარს გამოვრიცხავ, რომ ზურაბიშვილი მეორე ტურში ვერ გავიდეს და ოპონენტებად დარჩნენ ბაქრაძე და ვაშაძე“

„არც იმ სცენარს გამოვრიცხავ, რომ ზურაბიშვილი მეორე ტურში ვერ გავიდეს და ოპონენტებად დარჩნენ ბაქრაძე და ვაშაძე“

სალომე ზურაბიშვილის თითქმის ყველა განცხადება დიდ აჟიოტაჟს იწვევს საზოგადოების სხვადასხვა ფენებში - ეს არის მის მიერ არჩეული ტაქტიკა თუ ოპოზიცია უბრალოდ, ჩასაფრებულია ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ; მოახდენს თუ არა გავლენას არჩევნების შედეგებზე ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ შექმნილი საზოგადოებრივი განწყობები და ვის უნდა ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა შექმილ სიტუაციაზე - საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესზე ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.

ხათუნა ლაგაზიძე: სამ, ყველაზე მნიშვნელოვან განცხადებაზე გავამახვილებ ყურადღებას, როდესაც გამოდის ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს იყოს ქვეყნის მთავარსარდალი და საკუთარ ჯარს დებს ბრალს საკუთარი მოსახლეობის დაბომბვაში, მე ყველანაირად ვეცდებოდი, რომ ის საქართველოს მთავარსარდალი არ გამხდარიყო, იმიტომ რომ ეს არის საკითხისადმი კაპიტულანტური მიდგომა.

მან დაადანაშულა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა და არა ქართული სახელმწიფო და ალბათ, ამაში არის სხვაობა...

- მან თქვა, რომ ჩვენ დავბომბეთ ჩვენი ხალხი. მთავარსარდლობის მოსურნე ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარს ადანაშაულებს საკუთარი ქვეყნის დაბომბვაში, შეუძლებელია, იყოს ქვეყნის პრეზიდენტი. მეორეც - თუნდაც ადანაშაულებდეს მიხეილ სააკაშვილს, ირიბად ის მაინც ურტყამს საკუთარ სახელმწიფოს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს გეგმა, რომ სააკაშვილი დააყენონ ჰააგის ტრიბუნალთან.

ვიცით რომ, ვისაც არ ეზარება, ყველა სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშულებზე ლაპარაკობს. აგვისტოს ომთან დაკავშირებითაც არაერთგვაროვანი შეფასებები არსებობს, თუმცა ყველა ელოდება საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას... თუ სააკაშვილს აქვს დანაშაული ჩადენილი, მან არ უნდა აგოს პასუხი?

- შეიძლება ხელისუფლებას ჰქონდეს მიზანი, რომ რაკი სააკაშვილი ვერ წარსდგა ქართული სასამართლოს წინაშე, ჰააგის სასამართლოს წინაშე მაინც გახადონ პასუხისმგებელი, მაგრამ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები ამ შემთხვევაში ნიშნავს სქართველოს წინააღმდეგ ბრალდებებს.. როდესაც საქმე ეხება საომარ დანაშაულს, ეს ნიშნავს, რომ წინასწარ დგები ჩოქბჯენში შენი ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინაშე. ეს არის შურისაძიება სააკაშვილის მიმართ და რა დანაშაულიც არ უნდა მიუძღვოდეს, არ შეიძლება, მასზე შურისძიებას გადავაყოლოთ ქვეყანა.

შეიძლება სააკაშვილი ავტორიტარი იყო და იყო კიდეც, ნამდვილად, მაგრამ ამტკიცო, რომ სააკაშვილის ან ნებისმიერი ლიდერის, სამჭკუაშვილის თუ გორგასალის ხელმძღვანელობით დავბომბეთ საკუთარი მოსახლეობა, სრულ აბსურდამდე მიდის.

კეთილი ინებოს ამ ხელისუფლებამ და დაუმტკიცოს სააკაშვილს ის დანაშაულები, რომელიც ჩადენილი აქვს საკუთარი მოქალაქეების წინაშე და პასუხი აგებინონ. დაარწმუნონ საერთაშორისიო საზოგადოება, რომ სააკაშვილი მართლაც დამნაშავე იყო და დაიწყოს ქართულ სასამართლოში მისი გასამართლება! თორემ სალომე ზურაბიშვილის განცხადებების გამო ავდგეთ და ვაღიაროთ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ჩვენ დავესხით თავს? მე მაქვს ცალსახა პოზიცია - რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ.

რა დაწერა ტალიავინმა, არ მაინტერესებს, იმის გამო, რომ არ ვიცი, არის თუ არა იგი იმ ჩინოვნიკებს შორის, რომელიც რუსეთმა თავისი ჰიბრიდული ომის ფარგლებში სხვადასხვა გზებით საკუთარი ზეგავლენის ქვეშ მოაქცია. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, ვიცი, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო.

რუსეთის აგრესორობა საკამათო თემა ნამდვილად არ არის, თუმცა თუკი ევროპული სასამართლო ფაქტებს დაეყრდნობა, ეს იქნება არა სალომე ზურაბიშვილის მიერ წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებები, არამედ ოფიციალური დოკუმენტები, რომელიც არსებობს და სხვადასხვა დონეზეა მომზადებული...

- სალომე ზურაბიშვილმა ილოცოს, რომ ჰააგის სასამართლო არ დაეყრდნოს მის განცხადებებს, თორემ, როგორც მოღალატეს ისე მოუწევს გასამართლება.

არანაკლები ვნებათაღელვა მოჰყვა ეკლესიის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს - აქაც მართებდა თავშეკავება? ეკლესია უნდა ერეოდეს საერო საქმეებში?

- ზოგადად, ეკლესია არის პასუხისმგებელი ერის და სახელმწიფოს სულიერ განვითარებაზე. ეკონომიკური, სოციალური პრობლემები, პოლიტიკური და თავდაცვის საკითხები არის საერო ხელისუფლების პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, შეიძლება კითხვის ნიშნები გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, რატომ ერევა წინასაარჩევნოდ ეკლესია ასე აქტიურად პროცესებში.

პირდაპირ გკითხავთ - უნდა ერეოდეს ეკლესია სარჩევნო აგიტაციაში?

- არ უნდა ერეოდეს და ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეკლესიამ ხმა ამოიღო მაშინ, როცა დღის წესრიგში დადგა კანაფის მოყვანა-კულტივაციის თემა. სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ თავად გაუძღვებოდა კანაფის საინფორმაციო კამპანიას. საერთოდაც, სრულიად გაუგებარია, რატომ გაააქტიურეს ეს თემა მაინც და მაინც წინასაარჩევნოდ - არჩევნებამდე დარჩენილ თვენახევარში ააშენებს კანაფი ქვეყნის ეკონომიკას?

როგორ ფიქრობთ, რაში დასჭირდათ ეს სვლა?

- იმიტომ გამოიტანეს, რომ ეგონათ, ეკლესია წელში იყო გადატეხილი და პროტესტს ვერ გაბედავდა. აღმოჩნდა, რომ საკუთარი მოსახლეობის მიმართ პასუხისმგებლობა ეკლესიას კიდევ ჰქონია.

როდესაც ეკლესიამ დაიწყო ამ თემაზე საუბარი, მეორე დღეს გამოდის ზურაბიშვილი და აცხადებს, რომ კანაფის კულტივირების პოპულარიზაციის კამპანიას მე ჩავუდგები სათავეშიო - ადეკვატურია ეს განცხადება?! წინასაარჩევნოდ კანაფის პოპულარიზაციის ლობისტია თუ საპრეზიდენტო კანდიდატი?! აცნობიერებს სად არის და რას აკეთებს?!

ზურაბიშვილს ევროპაში აქვს მიღებული განათლება და როგორც ჩანს, მისი მენტალიტეტი ქართული მენტალიტეტისგან განსხვავებულია. სავარაუდოდ, ის ამჯობინებს თქვას ის, რასაც ფიქრობს... შესაძლოა, ის წინააღმდეგობები, რაც ქართულ საზოგადოებაში ხვდება სწორედ აქედან მოდის?

- ამერიკულ პრესაში საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ამერიკელი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ კანადის იმ მოქალაქეებს, ვინც კანაფის მოყვანითაა დაკავებული, შეეზღუდებათ აშშ-ში თავისუფლად გადაადგილება, მიუხედავად იმისა, რომ თავად ამერიკის რამდენიმე შტატში არის დაშვებული კანაფის წარმოება.

თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სალომე მეტისმეტად ევროპელია, დამისახელეთ რომელიმე ევროპელი ლიდერი, ისტორიულად ან თანამედროვეობაში, რომელიც საკუთარ სახელმწიფოს და ჯარს ბრალს სდებს იმაში, რომ ომი დაიწყო საკუთარი მოქალაქეების წინაშე და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ ზურაბიშვილის ცნობიერება-განათლებაზე.

ვერ ვიტყვით, რომ ჰააგის სასამართლოს წინაშე პასუხი არავის უგია და პრეზიდენტების გასამართლების მაგალითებიც მოიძებნება, მაგრამ ეს თემა შორს წაგვიყვანს...

- არ ვამბობ, რომ პრეზიდენტი არ უნდა გასამართლდეს, მაგრამ სააკაშვილის შემთხვევა არის ამ ხელისუფლების უსუსურობის დასტური. სააკაშვილი უნდა გასამართლებულიყო იმ დანაშაულებისთვის, რაც მან და მისმა ხელისუფლებამ ჩაიდინა 9 წლის მანძილზე, თუ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს ამის მტკიცებულებები და ამ კატეგორიაში აგვისტოს ომი არ შედის. ჩვენ ვიბრძოდით შემოჭრილი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. თუ ამ ხელისუფლებას არ აქვს იმის თავი, დასავლეთი დაარწმუნოს, რომ გადმოსცეს სააკაშვილი, ეს მისი პრობლემაა - თავისი უსუსურობის გამო საკუთარ ქვეყანაზე არ უნდა იძიონ შური.

სალომეს რა პასუხი გინდა მოსთხოვო?! - რასაც უნდა, იმას იტყვის, მაგრამ მის უკან უზარმაზარი სახელისუფლებო მანქანა დგას. ამიტომაც დადგა ეკლესია მის წინააღმდეგ. ამასაც თავი რომ გავანებოთ, თავისი გამოსვლებით და განცხადებებით ზურაბიშვილი არანაირად არ ჯდება წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში.

გახდი პრეზიდენტი და გინდა კანაფს გაუწიე ლობირება და გინდ სხვა პრობლემით დაკავდი! რატომ იღებს წინასაარჩევნოდ საკუთარ თავზე ამ მასშტაბის უარყოფით მუხტს, სრულიად გაუგებარია.

როგორც ჩანს, ზურაბიშვილი თვლის, რომ გულწრფელობა განასხვავებს ქართველი პოლიტიკოსებისგან...

- მერე არ უნდა ამ ეკლესიას ისეთი ლიდერი, რომელიც საკუთარი ჯარის დასჯით დაკავდება და საკუთარ ეკლესიას უპირებს ლაგამი ამოსდოს.

ვაშაძე არ ემუქრება ეკლესიას, ბაქრაძე იცავს კიდეც, გამოდის რომ მათ უჭერენ მხარს? ეკლესიის მხარდაჭერის გარეშეც ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის შემდეგ სწორედ მათ გააჩნიათ ის რესურსი, რომ წინასაარჩევნო კამპანიაც აწარმოონ და გარკვეული შედეგიც დადონ არჩევნებზე...

- ეს ეკლესიას უნდა ჰკითხოთ. მე თუ მეკითხებით, არც ვაშაძე მინდა პრეზიდენტად და არც ზურაბიშვილი. ხელისუფლებას მხარი დავით უსუფაშვილისთვის უნდა დაეჭირა - ეს იქნებოდა მისი მხრიდან ერთადერთი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. უსუფაშვილის მხარდაჭერის შემთხვევაში ეკლესიაც მის გვერდით იქნებოდა და საზოგადოებაც.

ის, რომ დღეს ვაშაძეა ხელისუფლების ალტერნატივა, მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და არა ეკლესიის, იმიტომ, რომ სალომესნაირი კანდიდატის წამოყენებით მიიყვანა საქმე აქამდე. მით უმეტეს, ყველა ეუბნებოდა ხელისუფლებას, მათ შორის საკუთარი წევრებიც, რომ უსუფაშვილის მხარდაჭერა გაცილებით ჯანსაღი გადაწყვეტილება იქნებოდა. დღესაც არ არის გვიანი. სანამ დროა, ჩაეხსნან სალომეს და მერე უსუფაშვილი თავის საქმეს თვითონ მიხედავს.

უსუფაშვილს ის რესურსი აქვს, რომნაციონალურ მოძრაობასმოუგოს არჩევნები? მის უკან დგას ახლადშექმნილი პარტია, რომელსაც არც საკმარისი ფინანსები აქვს და არც განვითარებული რეგიონული ქსელი...

- არც ზურაბიშვილს ჰქონდა, შანსი თავისი ნულოვანი რეიტინგით, მაგრამ ხელისუფლება დაუდგა გვერდით.

როგორ ფიქრობთ, რა იყო ხელისუფლების მიზანი, როდესაც ზურაბიშვილზე შეაჩერა არჩევანი?

- ვფიქრობ, ხელისუფლებამ შეარჩია ისეთი კანდიდატი, რომელიც საკუთარი პრეზიდენტობის პერიოდში ვერ შეძლებს ოპოზიციური ძალების გაერთიანებას და პოლიტიკურად და პრაგმატულად, ხელისუფლების მიზანი მესმის. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი თავისი კონფრონტაციული ბუნებით და ექსცენტრული ხასიათით ამ როლს მშვენივრად ერგება. ის ვერავის გამაერთიანებლად ვერ მოგვევლინება.

სხვა ტიპის ლიდერი იქნებოდა საზოგადოების გამაერთიანებელი და ღერძი, რომელზეც სწორებას მოახდენდა ოპოზიციური სპექტრი - ეს რესურსი პრეზიდენტს აქვს, თუნდაც უუფლებოს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და სწორედ ამისგან თავის დაზღვევა სურდა ხელისუფლებას.

თქვენ გგონიათ ზურაბიშვილმა საკუთარი ინიციატივით თქვა, კანაფის ელჩი უნდა გავხდეო? ხელისუფლებამ დაავალა და თქვა. უსუფაშვილი ამას არ გააკეთებდა - ამაშია განსხვავება. მაგრამ უსუფაშვილი იმით იქნებოდა ხელისუფლებისთვის კომფორტული, რომ ასეთი დამანგრეველი შედმობისგან დააზღვევდა ქვეყანას. და, როგორც გითხარით, სწორედ ეს იქნებოდა ხელისუფლების კომფორტი.

თანაც, უსუფაშვილს აქვს ის პოტენციალი, რომ იყოს საზოგადოების გამარეთიანებელი და ხელისუფლებას დაუპირისპირდეს პრინციპულ საკითხებში, თუ ამისი საჭიროება იქნება. ანუ იყოს ხალხის და არა - ხელისუფლების წარმომადგენელი ამ პოსტზე.

თუმცა ის რეალობა რაც გვაქვს, არ შეიცვლება და ამ მოცემულობაში მედია და საექსპერტო წრეები ქმნიან საზოგადოებრივ აზრს, რომელიც შემდგომში აისახება არჩევნების შედეგებზე. თუ სალომე ზურაბიშვილი წააგებს არჩევნებს, იქნება თუ არა ჩვენი პასუხისმგებლობა დავუშვათ, ვაშაძის გამარჯვება?

- ეს სხვა თემაა - ეს ის შემთხვევაა, როდესაც საკუთარი პოზიციის გამოხატვის არ უნდა შეგეშინდეს. პირიქით, ვალდებული ხარ, გამოხვიდე და თქვა. როდესაც ასეთი დილემის წინაშე ვდგავართ, ზურაბიშვილი თუ ვაშაძე, ყველა უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ მხარს უჭერს ყველაზე გაწონასწორებულ კანდიდატს. არის ერთი თვე დარჩენილი იმისათვის, რომ სიტუაცია შემობრუნდეს.

რაც მთავარია, ხელისუფლებამ საშუალება უნდა მისცეს ბიზნესს, დააფინანსოს სხვა კანდიდატებიც და ვნახოთ მერე, რა მოხდება. იმის საშუალებას ხომ აძლევს ბიზნესს, რომ მართული ოპოზიციური პარტიები დააფინანსოს?!

ისიც წინასწარ ვიცით, რომ ხელისუფლება ამაზე არ წავა, რადგან მის ინტერესში არ შედის, საზოგადოებამაც ხელი უნდა დაიბანოს პასუხისმგებლობისგან და მუდმივად ერთ წრეზე ვიაროთ?

- თუ ასეა, რატომ არის ის, რაც ხდება, საზოგადოების პასუხისმგებლობა და არა ხელისუფლების? გამოდის, რომ ხელისუფლების ინტერესშია, გრიგოლ ვაშაძე იყოს ერთადერთი რეალური ოპონენტი ზურაბიშვილისთვის. ამიტომაც ხელისუფლებაა ყველაფერზე პასუხისმგებელი და მასთან ერთად, პასიური საზოგადოებაც...

არც იმ სცენარს გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში ვერ გავიდეს და ოპონენტებად დარჩნენ ბაქრაძე და ვაშაძე და ორ უარესობას შორის ნაკლები უარესობის პრინციპით, მერე ყველამ ბაქრაძეს დაუჭიროს მხარი, მათ შორის, ხელისუფლებამაც. არადა, ხელისუფლებისთვის და ხალხისთვის გაცილებით მომგებიანი იქნებოდა, მეორე ტურში რომ უსუფაშვილი და ვაშაძე დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს.