13 ათასზე მეტი ადამიანი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მოხსნას ითხოვს. ინტერნეტსივრცეში უკვე გავრცელდა პეტიცია, მოთხოვნით „სალომე ზურაბიშვილმა თავისი კანდიდატურა მოხსნას“. პეტიციის ავტორთა თქმით, მათი მოტივაცია კრემლის რიტორიკის წინააღმდეგ ბრძოლაა, რასაც სალომე ზურაბიშვილი საკუთარი განცხადებებით ავრცელებს.
გიორგი კალატოზიშვილი, რომელიც თავის თავს სამოქალაქო აქტივისტს უწოდებს, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს პუტინის სასარგებლო რიტორიკას უწუნებს. აშკარაა, ამ პეტიციის უკან „ნაციონალები“ და „ნაციონალურად“ განწყობილი ადამიანები დგანან, მაგრამ გამორიცხული არც ის არის, რომ პეტიციაზე ხელმომწერთა რიცხვი გაიზარდოს იმის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილმა სასულიერო პირთა ნაწილიც გაანაწყენა და მარიხუანას კულტივაციის მოწინააღმდეგეებიც გადაიკიდა. მისმა ნათქვამმა, მე ვიქნები მარიხუანას შესახებ საინფორმაციო კამპანიის სათავეში, ბოდბელი ეპისკოპოსის - მეუფე იაკობის რისხვაც დაიმსახურა და მეუფემ ზურაბიშვილს „კანაფის დედოფალიც“ უწოდა.
ასევე, კითხვები გააჩინა სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ „მეზობელი“ აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებით, რამაც ირაკლი ოქრუაშვილის მახსოვრობაც გააცხოველა. ოქრუაშვილმა გაიხსენა, თითქოს პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი პირად საუბრებში ამბობდა, „თუ საქართველოს განვითარება უნდა, აფხაზეთი უნდა მოიშოროს“.
ამას ემატება ის ხალხიც, ვინც სალომე ზურაბიშვილს თავიდანვე არ სწყალობდა. საუბარია ე.წ. ზვიადისტებზე. კერძოდ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახს აინტერესებს, პირველი პრეზიდენტის დამხობას ლეგიტიმურად რატომ მიიჩნევდა სალომე ზურაბიშვილი და მას დიქტატორს რატომ უწოდებდა?! ასევე, რატომ მიაჩნდა, რომ თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის დაჯგუფებები კანონიერი იყო?! ეს ხომ არ იყო რუსული სპერცსამსახურების გზავნილი?
ყველაფერ ამის საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილს ერთი პასუხი აქვს, რომ მის წინააღმდეგ შეურაცხყოფის კამპანია დაიწყო, ამიტომ მას უბრალო ხალხის იმედი აქვს.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 13 ათასი ხელმოწერის შეგროვება „ნაცმოძრაობასა“ და მის ირგვლივ გაერთიანებულ პარტიებს არ უნდა გასჭირვებოდათ, თუმცა გამორიცხული არც ის არის, რომ „ნაციონალების“ მხარდამჭერთა გარდა პეტიციაზე სხვების ხელმოწერაც იყოს. გააჩნია, ვინ იყო ამ ხელმოწერების შეგროვების ინიციატორი.
„არ ვიცი, ვინ არის გიორგი კალატოზიშვილი, რომელიც თავის თავს სამოქალაქო აქტივისტს უწოდებს. არ ვიცნობ ამ პიროვნებას, მის პოლიტიკურ პრეფერენციებზეც ვერაფერს ვიტყვი, შეიძლება, ის თავის თავს სამოქალაქო აქტივისტს უწოდებს, თუმცა ჩვენ ბევრი გვინახავს სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც მერე „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი აღმოჩენილა. არა მგონია, ამ 13 ათასის ხმას სალომე ზურაბიშვილისთვის რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს, რადგან, თუ ეს 13 ათასი „ნაცმოძრაობის“ ელექტორატია, ისინი ქალბატონ სალომეს მაინც არაფერში არგია. ისინი მას მაინც არ მისცემენ ხმას და რამდენი ხელმოწერაც უნდათ, იმდენი შეაგროვონ“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე და ფიქრობს, რომ, თუ სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ჭკვიანურად მოიქცევა და მისი პოლიტტექნოლოგები სწორად დაგეგმავენ საარჩევნო კამპანიას, მას შეუძლია, ის ჩავარდნები და დანაკლისები, რაც პირველ ეტაპზე ჰქონდა, აინაზღაუროს და კარგი შედეგი აჩვენოს.
ანალიტიკოს დემურ გიორხელიძეს სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული არაპოპულარული განცხადებები არ უკვირს. მისი თქმით, ქალბატონი სალომე დამოუკიდებელი კანდიდატია და მას კონსტიტუციური უფლება აქვს, განაცხადოს ის, რასაც აცხადებს. უბრალოდ, ქართველი ხალხი აირჩევს თუ არა მას, ეს თავად ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. ისე კი, კანონით ვერავის ავუკრძალავთ მსგავსი განცხადებების გაკეთებას.
„ცხადია, კონკურენტები შეეცდებიან, ყველაფერი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გამოიყენონ. ქალბატონი ზურაბიშვილის შეცდომაა ის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მარიხუანას პროპაგანდაზე ლაპარაკობს. რაც შეეეხება აგვისტოს ომის თემატიკას და იმას, რომ თურმე „აფხაზეთი ჩვენი მეზობელია“, არ ვიცი, ასეთი თემები რისთვის სჭირდება ქალბატონ სალომეს. ისიც მესმის, რომ ის ადამიანია, მას თავისი განწყობა აქვს და თავისი შეხედულებები გააჩნია.
მე არ მინდა, ჩვენს ქვეყანაში ცენზურა არსებობდეს. ის ამბობს იმას, რაც მას მიაჩნია სწორად, ქართველ ხალხს კი უნდა ჰქონდეს იმის უნარი, აირჩიოს ის, ვინც უკეთესად მიაჩნია. ჯერჯერობით, 25 წელია, საქართველოს მოსახლეობამ ვერასდროს ვერ აირჩია ის ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ხალხის წინაშე. ამიტომ მე არ ველი, რომ წლევანდელი, ან 2020 წლის არჩევნები რითიმე განსხვავებული იქნება სხვა წლების არჩევნებისგან. ჩვენ მივიღებთ ისევ იმ უბედურებას, რაც გვაქვს“,-აცხადებს დემურ გიორხელიძე, რომლის აზრითაც, ამ 13 ათასი ხელმომწერის უკან „ნაცმოძრაობა“ და მისი განაყოფი „ნაციონალური მოძრაობა №2“ უნდა იდგეს. ფაქტობრივად, ისინი წარმოადგენენ ერთ ჯგუფს და ხელისუფლებაში ყოფნისას მათ რაც გააკეთეს, ესეც კარგადაა ცნობილი. თუმცა ივანიშვილის წყალობით ისე მოხდა, რომ ამ ჯგუფის გარდა არავინ დატოვეს პარლამენტში. ფაქტობრივად, სხვები მოიშორეს.
ამიტომ, დემურ გიორხელიძის აზრით, თუკი ხელისუფლება ასე გააგრძელებს, 2020 წელს ჩვენ მივიღებთ ისეთივე მოვლენას, რომელიც მოხდა 2012 წელს. როგორც სააკაშვილის ხელისუფლებას მიანიშნეს, რომ უნდა წასულიყო, ასევე მიანიშნებენ ამ ხელისუფლებასაც, რომ უნდა წავიდეს, რადგან მაინც წააგებენ, თანაც ძალიან მაგრად წააგებენ 2020 წლის არჩევნებს.