პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სასულიერო პირებს უპირისპირდება და აცხადებს, რომ საერო ცხოვრებაში ეკლესია ამ დოზით არ უნდა ერეოდეს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ეკლესიას საარჩევნო კამპანიაში ჩარევის საშუალებას არ მისცემს. პრეზიდენტობის კანდიდატსა და სასულიერო პირებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ზურაბიშვილმა სასულიერო პირები სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული კონკორდატის პირობების დარღვევაში დაადნაშაულა.
„მე არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და სხვათა შორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ეკლესიის და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი, რადგან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით, ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე, არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა–გინებით, რაც არ ეკადრება, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად მეუფეებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის კრიტიკას არ იზიარებენ სასულიერო პირები, რომლებმაც ზურაბიშვილს საკუთარი უფლებამოვალეობა შეახსენს და ასევე ურჩიეს სწორად წაიკითხოს რას ითვალისწინებს სახელმწიფოსა და ეკესიას შორის არსებული კონკორდატი.
მამა შალვა კეკელია ამბობს, რომ ეს არის პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ დაუფიქრებლად გაკეთებული განცხადება.
„როგორ შეიძლება ამაში ქალბატონ სალომეს დავეთანხმო? რას ნიშნავს ვერევით? - ჩვენ ვერევით ჩვენი ქვეყნის მომავალში, საუბარი იყო ჩვენი შვილების ბედზე. ჯერ იყო დეკრიმინალიზაცია, მერე ლეგალიზაცია და საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებელი გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ყოველგვარი რეგულაციების გარეშე მიიღო და ამის შემდეგ უკვე კულტივაციაზე დაიწყო საუბარი.
როგორ ფიქრობთ, ეკლესიას არ აქვს იმის უფლება, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება და პოზიცია დააფიქსიროს? ეს არ არის პოლიტიკური ჩარევა, ეკლესია ფიქრობს თავის მომავალზე. ჩვენ მარტო სასულიერო პირები არ ვართ, ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და ჩვენი შვილები ამ ქვეყანაში ცხოვრობენ. ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელიც ქვეყანას ხვალ და ზეგ დაღუპავს, არ ამოვიღოთ ხმა და არ ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით? ე.ი გვეუბნებიან, რომ გავჩუმდეთ?! როგორ შეიძლება ასეთ სახელმწიფოს ვენდოთ?!“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
მეუფე ანდრია გვაზავას განცხადებით, მოხარული იქნება თუ ზურაბიშვილი მისი პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში კონკორდატის მუხლების ამოქმედებაში მიიღებს აქტიურ მონაწილეობას და ის მუხლები რომელიც კონკორდატში არის ჩაწერილი, კიდევ უფრო მეტ თანამშრომლობის შესაძლებლობას მისცემს ეკლესიასა და სახელმწიფოს.
„აქვს თუ არა სასულიერო პირებს თავის აზრის გამოთქმის უფლება საზოგადოებისათვის მწვავე საკითხებზე, მე პირადად ვფიქრობ, რომ სასულიერო პირები და ზოგადად ეკლესია პოლიტიკურ პროცესში კი არ ერევა, ძალიან სწორად უდნა იყოს ეს გაგებული. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ გამოვთქვათ ჩვენი აზრი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, როგორც ინსტიტუციამ, რომელსაც აქვს ცოცხალი კავშირი და ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის უმრავლესობასთან“, – აცხადებს მეუფე ანდრია გვაზავა.
სასულიერო პირებს აკრიტიკებს უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე და ფიქრობს, რომ სასულიერო პირებმა პოლიტიკოსის მხარდაჭერა არ უნდა გამოხატონ, რადგან ეს მრევლის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებაა. მისი თქმით, ეკლესია ყველას გამაერთიანებელი ინსტიტუცია უნდა იყოს და სასულიერო პირების პოლიტიკური აქტიურობა დამაფიქრებელია.
„პოლიტიკური განცხადებების ნაწილში სიფრთხილე ნამდვილად გამოსაჩენია, მე ამას დამრიგებლური ტონით არ ვამბობ, ვამბობ, როგორც ჩემს მოსაზრებას. რატომ უნდა მიემხროს სასულიერო პირი სხვას ჩემს საწინააღმდეგოდ, როცა მეც მრევლი ვარ, სხვაც მრევლია და ჩვენ ვართ ამ შემთხვევაში საერო პოლიტიკური პროცესის ნაწილი და ეკლესია უნდა იყოს ის ინსტიტუცია, რომელიც ყველას გამაერთიანებელია და მე ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებული როლი ეკლესიის არანაირად არ უნდა გადაიხედოს არავის მხრიდან“, – ამბობს გედევან ფოფხაძე.
სასულიერო პირების გარდა სალომე ზურაბიშვილს კონკურენტებიც დაუპირისპირდნენ. პრეზიდენტობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის შეფასებით, ზურაბიშვილი, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში აპირებს ეკლესიას, მეუფეებს და სხვა სასულიერო პირებს ასწავლოს ჭკუა და კონსტიტუცია.
„მე, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ვაპირებ უხერხემლო და ფარისეველ თანამდებობის პირებს, რომლებიც პატრიარქთან კეკლუცობით პიარს იკეთებენ და მის კალთას ამოფარებულები პასუხისმგებლობას გაურბიან, განვუმარტო კონსტიტუციური წესრიგის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ანა–ბანა.
ხოლო კონსტიტუციაც, კონკორდატიც, სახელმწიფოც და ეკლესიაც ქალბატონი სალომეს „ოცნებელმა“ თანაგუნდელებმა დააზიანეს, როდესაც ერთ დღეში ლომებიდან კურდღლებად ქცეულები საპატრიარქოს იატაკზე იტყავებდნენ მუხლებს და პირობას დებდნენ, რომ მარიხუანას კულტივირების შერჩეული მოდელი „სათნო იქნება ღვთისათვის“...
ფაქტია, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა უკიდურესად არაჯანსაღია და ორივე ინსტიტუტს სერიოზული საფრთხით ემუქრება. ამგვარ ვითარებაზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი სახელმწიფოა. ამიტომ, მომავალმა პრეზიდენტმა მეუფეებს კი არ უნდა უკითხოს საჯაროდ კონსტიტუცია და სახარება, არამედ პოლიტიკური თამაშებისგან უნდა გაათავისუფლოს ეკლესია და კანონი უნდა აქციოს სახელმწიფოში უზენაეს ძალად“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე თვლის, რომ ზურაბიშვილს წარმოდგენა არ აქვს რა როლს ასრულებს ქართული ეკლესია ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში.
„სახელმწიფო და ეკლესია არის გამოყოფილი ერთმანეთისგან, მაგრამ ნარკოტიკების ლეგალიზაცია არ არის ის თემა, სადაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ ხელისუფლებამ. ეს არის თემა, რომელიც აღელვებს და აწუხებს მთელ საზოგადოებას, მათ შორის აღელვებს და აწუხებს ეკლესიას და სასულიერო პირებს.
ამიტომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ის გააპროტესტებს სასულიერო პირების ჩართულობას ამ პროცესში, ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ზურაბიშვილს წარმოდგენა არ აქვს რა აწუხებს ჩვენ საზოგადოებას და როგორი დამოკიდებულებაა დღეს ქვეყანაში ნარკოტიკების მიმართ“, – ამბობს დავით ბაქრაძე.
პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ეს ნაწილი გაუგებარია კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძისთვის, რომლის განცხადებით, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული კონკორდატის განხილვა პიარის დონეზე მიუღებელია. მისი თქმით, ეკლესია არის დამოუკიდებელი, ის გამიჯნულია სახელმწიფოსაგან, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასულიერო პირებიც მოქალაქეები არიან და თავიანთი პოზიციის დაფიქსირების უფლება ნამდვილად აქვთ.
„რაც შეეხება ზურაბიშვილის განცხადებას, ჯერ ერთ განცხადებას აკეთებს, მერე იცვლის პოზიციას. გააჩნია მის განცხადებას რა რეაქცია მოჰყვება საზოგადოებაში ან მმართველ გუნდში, ამის მიხედვით იცვლის პოზიციას, ეს ჩვეულებრივად სტანდარტი გახდა ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის და ამას პირველად არ აკეთებს. რთულია ლაპარაკი იმაზე, რომ ზურაბიშვილმა პოზიცია შეიცვალა. საზოგადოება დაიბნა, არავინ იცის რომელ საკითხზე რა პოზიცია აქვს ზურაბიშვილს. მე მგონია, რომ თვითონაც არ იცის.
მისი პირველი განცხადების შემდეგ პატრიარქმა თავის ჩვეულ სტილში საკმაოდ დიპლომატიური განცხადება გააკეთა, მაგრამ მის დიპლომატიაში სწორედაც, რომ ის პოზიცია იმალება, რასაც სხვა სასულიერო პირები უფრო რადიკალურად გადმოსცემენ, რაც მიუღებელია ხელისუფლებისთვის, ამიტომ ზურაბიშვილმაც შეცვალა პოზიცია. ზურაბიშვილმა არ იცის რას აკეთებს, დაბნეულია. მერამდენე შემთხვევაა, როდესაც პოზიცია შეიცვალა. საერთოდ, რომელიმე განცხადება გახსოვთ, რომელზეც მან პოზიცია არ შეიცვალა? უცნაურ რაღაცეებს აკეთებს. საზოგადოება კი არა, ჩვენც დავიბენით უკვე. იცის რა უნდა საერთოდ?“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.