საქართველოს საპატრიარქო ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას ეწინააღმდეგება. ეკლესია უარს აცხადებს სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე და კულტივაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოსთან მოლაპარაკებაზე. საკმაოდ მკაცრი და კატეგორიული იყო პატრიარქი, რომელმაც ხელისუფლებას უთხრა, რომ თუ ამას გააკეთებენ, ძალან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
იქამდე, ვიდრე კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია, საპატრიარქო არ აპირებს, მრევლს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდოს. კანონის მიღების შემთხვევაში კი, ეკლესია მრევლს მოუწოდებს არ აირჩიონ ის ვისაც ასეთი კანონი შემოაქვს. სასულიერო პირები საპარლამენტო უმრავლესობას მარიხუანას მოხმარების რეგულირებასთან დაკავშირებით კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ.
კერძოდ, სასულიერო პირების რეკომენდაციები ასეთია: მოხმარებისთვის დაწესებული ასაკობრივი ზღვარი 21 წლიდან უფრო მაღალ ასაკამდე განისაზღვროს და შეიქმნას სპეციალური რეესტრი, რომელშიც ის ადამიანები დარეგისტრირდებიან, ვისაც მარიხუანას მოხმარების სურვილი ექნება პირად სივრცეში. რეესტრში გაწევრიანებული ადამიანებისთვის შეიზღუდოს სამოქალაქო პასუხისმგებლობები.
დეკანოზი დავით ქვლივიძე მიიჩნევს, რომ ის, რაც დღეს ხდება, არის ქვეყნის ავღანეთიზაცია და პაკისტანიზაცია. მისი თქმით, ნარკოტიკი იქნება კიდევ ერთი ნაღმი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანას აქცევს საბრძოლო პოლიგონად.
„ერთხელ მოიყვანეთ „მორფინისტების“ ცოლები და დედები და ალაპარაკეთ, რა დღეები აქვთ გადატანილი“, – მიმართა კანონმდებლებს დეკანოზმა დავით ქვლივიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მარიხუანას მოხმარების საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა.
პარლამენტში, სასულიერო პირების მონაწილეობით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. განხილვის მთავარი თემა იყო ადმინისტრაციული და სისხლის სამარლებრივი საქციების გამკაცრება კანაფის/მარიხუანას მოხმარებაზე. შს სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, კანაფის ან მარიხუანას მოხმარება, თამბაქოს მსგავსად, იკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა–ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა. დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევს ფინანსური ჯარიმა დაეკისრება.
საკანონმდებლო პაკეტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წარადგენს.
კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ სასულერო პირებს სიტყვა რამდენიმეჯერ შეაწყვეტინა და რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა.
კომიტეტის სხდომაზე დეკანოზი დავით ლასურაშვილი წინადადებით გამოვიდა საქართველოს კონსტიტუციაში, ან მის ქვემდებარე აქტებში ჩაიწეროს, რომ საქართველოში არც ერთი სახის ნარკოტიკული საშუალება არ არის დეკრიმინალიზებული და ლეგალიზებული, ასევე იკრძალება ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების კულტივაცია-წარმოება. მისი თქმით, ხელისუფლებამ ეს ახლა უნდა გააკეთოს, როდესაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს.
„ჩვენც შეგვიძლია რაღაც შემოგთავაზოთ. გამოსავალს ყველა ვეძებთ და ჩვენც ამ სახელმწიფოს წარმომადგენლები გახლავართ. გყავთ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა, თქვენ ახლა თუ შეცვლით რამეს, თორემ როგორი აგებულების იქნება შემდეგი პარლამენტები და როგორ იქნება კვოტები განაწილებული, არ ვიცი.
ახლა შეიძლება ამის გაკეთება, რომ ჩაიწეროს, გნებავთ კონსტიტუციაში, გნებავთ მის ქვემდებარე აქტებში, თუნდაც ასეთი რამ, რომ „საქართველოში არც ერთი სახის ნარკოტიკული საშუალება არ არის დეკრიმინალიზებული და ლეგალიზებული. ასევე იკრძალება ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების კულტივაცია–წარმოება“. ასევე, თავისუფალი განვითარების განმარტებას უნდა ჩამოშორდეს თვითგანადგურებისა და დეგრადაციის შინაარსი“, – განაცხადა დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა.
მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე, რომლის განცხადებით, გადაწყვეტილება სახელისუფლო შტოების ფუნქციონირებას ინსტიტუციონალურ დარტყმას აყენებს.
ფოფხაძე გამოვიდა წინადადებით, კომიტეტის დასკვნაში ჩაიწეროს, რომ კომიტეტი შსს–ს კანონპროექტს მხარს უჭერს, მაგრამ ითვალისწინებს, რომ მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში ხდება, საკითხს მომავალში პარლამენტი დაუბრუნდება და ის შეიცვლება.
„ჩვენ ვართ კონსტიტუციის ავტორები, ჩვენ მივიღეთ კონსტიტუცია და იმ ჩანაწერში პარლამენტის არც ერთი წევრი არ ხედავს იმას, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაინახა. არ შეიძლება ადამიანის განვითარებაში იყოს რაიმე ნეგატიური კონტექსტი. განვითარება არის მხოლოდ პოზიტიური კონტექსტით განსაზღვრული ტერმინი და მე ამაში სხვა შინაარსს ვერ ვხედავ“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
ხმაურის მიუხედავად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მარიხუანას მოხმარების კუთხით შეზღუდვების დაწესებას და სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, კანაფის და მარიხუანას მოხმარება იკრძალება ყველგან, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის გარდა.
კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით. ასევე, კანაფისა და მარიხუანას მოხმარება ნებისმიერი დანიშნულების შენობა–ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.
კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას 21 წლამდე ასაკის პირის მიერ მოხმარება 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით დასჯადი ქმედება იქნება. აღნიშნული ქმედების განმეორება კი, 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენა 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას.
საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ავტომობილის და ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი იქნება და გამოიწვევს ჯარიმას ან თავისუფლების ერთ წლამდე ვადით აღკვეთას. ასევე, ცვლილებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული არა მხოლოდ არასრულწლოვნის, არამედ 21 წლამდე ასაკის პირის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიებისათვის.
კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით პოზიცია შეარბილეს კანონმდებლებმა და დღეს უკვე ამტკიცებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გარკვეულ ვაკუუმს ქმნის, რის გამოც მომზადდა ცვლილებები. მმართველი უმრავლესობა ირწმუნება, რომ შსს–მ ძალიან მკაცრი რეგულაციები მოამზადა, რომელიც საზოგადოებას დაიცავს იმისგან, რომ ნარკოტიკული საშუალება გავრცელებული და გამოყენებული იყოს შავი ბაზრისთვის.
უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ბევრი კითხვის ნიშანი მოიხსნება, როდესაც გაირკვევა, რომ კანაფი ნარკოტიკული თრობის მიზნით არ და ვერ გამოიყენება.
„მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არ არის საუბარი ნარკოტიკებზე. აქ საუბარია სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციაზე და მის ექსპორტზე. გასაგებია ყველა ის წუხილი, რომელიც ამ მიმართულებით საზოგადოებაში წარმოიქმნა, თუმცა ყველა წუხილს და გულისტკივილს შესაბამისი ახსნა და პასუხი გააჩნია.
თუკი ჩვენ ყველანი დავრწმუნდებით და ვნახავთ, რომ საუბარი არ ეხება ნარკოტიკული ნივთიერებების დაშვებას, მის რეალიზაციას და ექსპორტს, არამედ ეს არის სამედიცინო კუთხით მცენარე კანაფის კულტივაცია და ექსპორტი. ბევრი კითხვის ნიშანი მოიხსნება, როდესაც გაირკვევა, რომ ეს ნივთიერება ნარკოტიკული თრობის მიზნით არ და ვერ გამოიყენება“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.