„ნაციონალებმა იციან, რომ სახელმწიფო ღალატი აქვთ ჩადენილი და ახლა თავის გადასარჩენად ყველფერს აკეთებენ“

„ნაციონალებმა იციან, რომ სახელმწიფო ღალატი აქვთ ჩადენილი და ახლა თავის გადასარჩენად ყველფერს აკეთებენ“

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადებამ, რომ საქართველო იყო 2008 წლის აგვისტოს ომის ინიციატორი, ერთდოულად აღაშფოთა, როგორც ოპოზიცია და მისი ამომრჩეველი, ასევე „ქართული ოცნების“ ამომრჩევლი. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მოღალატეობრივი განცხადება გააკეთა და ამ მიზეზით კანდიდატურა უნდა მოხსნას.

ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ყველას თავისი სახელი დაარქვა: რუსულ ოკუპაციას, აგრესიას, ასევე დანაშაულს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ ჩაიდინეს. ამ ნაწილში იყოფა ანალიტიკოსების შეფასებაც. დავით ზარდიაშვილის თქმით, ზურაბიშვილმა ყოფილ ხელისუფლებას 2008 წელს ჩადენილი სახელმწიფო ღალატი შეახსენა და აქვე საუბრობს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე, რომ სამართლებრივი მსვლელობა არ მისცა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს.

„ზურაბიშვილმა თქვა სიმართლე, რომელიც ყველა საერთაშორისო დოკუმენტშია დაწერილი, რომელიც ეძღვნება აგვისტოს ომის შეფასებას, დაწყებული ტალიავინის კომისიის დასკვნით. ასევე, არსებობს 2008 წელის აგვისტოში მიღებული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რაზეც საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც აქვთ ხელი მოწერილი. ამიტომ, აქ სადავო არაფერია.

თუ საქმე ეხება კონკრეტულად აგვისტოს ეპიზოდს, ბუნებრივია, რომ რუსეთის პროვოკაციების შედეგად სააკაშვილის ხელისუფლებამ გადადგა საბედისწერო ნაბიჯი, როდესაც სამშვიდობო ზონაში დაიწყო სამხედრო ოპერაცია და ეს არის სიმართლე, ეს უნდა გავითვალისწინოთ. ზურაბიშვილი არ არის პოპულისტი. გულწრფელად ამბობს სიმართლეს. ისეთ განცხადებებს არ აკეთებს, რის მოსმენასაც მიჩვეული ვართ ამდენი წელია“, – ამბობს ზარდიაშვილი.

რაც შეეხება ოპონენტების შეფასებას, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ როდესაც სიმართლეს მოჰყვება ასეთი აურ–ზაური და როდესაც სიმართლის გაგების უნარი არ აქვთ, ეს არის სწორედ ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც ილია ჭავჭავაძეს აღწერილი აქვს „ბედნიერ ერში“.

„ერთმანეთში ერევათ ნამდვილი პატრიოტიზმი და ურაპატრიოტიზმი. რასაც ესენი ითხოვენ, ეს არის ურაპატრიოტიზმი, რასაც არანაირი არგუმენტი არ გააჩნია. სიმართლე არ მოსწონთ იმ დამნაშავეებს, რომლებმაც ეს უბედურება დაგვატეხეს 2008 წლის აგვისტოში. სააკაშვილი რომ დამნაშავეა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი გამართლდება, ეს არის სისულელე. სისულელეა რასაც ხუხაშვილი და ლაგაზიძე ამბობენ, რომ თურმე ზურაბიშვილის განცხადება არის დამაზიანებელი საქართველოსთვის.

ვინ დაიწყო აგვისტოს ომი, ეს გარკვეულია და არავითარი სალომეს განცხადება არ სჭირდება. ნაციონალებმა უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს, ეს არის ქვეყნის ღალატი. სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით ავანტურა იყო, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს იყო კონსტიტუციის განსაკუთრებული უხეში დარღვევა, რომელსაც მოჰყვა კატასტროფული შედეგები, ეს არის სახელმწიფო ღალატი. ნაციონალებმა იციან, რომ სახელმწიფო ღალატი აქვთ ჩადენილი და ახლა თავის გადასარჩენად ყველფერს აკეთებენ.

ყველაზე დიდი უბედურება რაც დამოუკიდებლობის შემდეგ დაგვემართა იყო ის, რომ რუსეთმა აღიარა ჩვენი ტერიტორიები. რომ არა სააკაშვილი, რუსეთი ამას ვერ გააკეთებდა. დიახ, ამას ჰქვია სახელმწიფო ღალატი, კოაბიტაციის პერიოდში რაღაცნაირად გადარჩნენ და ეს არის ამაზრზენი. ახლა გადამოსულები არიან შეტევაზე და ვინც სიმართლეს იტყვის, თავდასხმაზე გადმოდიან.

რასაკვირველია, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ სამართლებრივი მსვლელობა არ მისცა ამ საქმეს და ეს ადამიანები სასამართლოში არ გასამართლდენენ იმ დანაშაულისთვის, რაც 2008 აგვისტოს ომში ჩაიდინეს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს თავისი წინანდელი განცხადებები რუსეთ–საქართველოს ომთან დაკავშირებით არ უარყვია, მან ამ საკითხზე დამატებითი განმარტება გააკეთა. პოლიტოლოგის შეფასებით, პრეზიდენტობის კანდიდატს პრეზიდენტობისკენ მიმავალ გზაზე არ უნდა წამოეწია ის თემები, რომელიც სხვა ქვეყანასთან და საქართველოშიც სადავოა.

„რუსეთის ოკუპანტობა იწყება მე–19 საუკუნის დასაწყისიდან და 2008 წელს განსაკუთრებულ მოვლენად არ თვლის. ის, რომ ზურაბიშვილი რუსეთის მიმართ სიმპათიით არ იქნება განწყობილი, ეს ცხადია იქედან, თუ როგორ არის რუსეთის მიმართ განწყობილი ქართული ემიგრაცია საფრანგეთში. ისინი ემიგრანტები გახდნენ რუსეთის გამო საბჭოთა ოკუპაციის შედეგად. თუკი ვილაპარაკებთ იმაზე, რომ ომი დაიწყო თუ არა კონკრეტულად საქართველომ, ეს ისედაც სულელური საკითხი მგონია და ევროპელებიც სულელურად წევენ წინა პლანზე. საბრძოლო მოქმედებები მიდიოდა საქართველოს ტერიტორიაზე, ერთ მხარეს იყო საქართველო და მეორე მხარეს რუსეთი“, – აცხადებს საყვარელიძე.

პოლიტოლოგი თვლის, რომ სააკაშვილი რუსეთის ინტერესებით მოქმედებდა და არამარტო 2008 წლის ომის დროს. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ სერიოზული შეცდომა ის არის, რომ სააკაშვილთან დაკავშირებულ კითხვებს არ გასცა პასუხი.

„აქედან გამომდინარე, საქართველომ კი არ დაიწყო ომი, არამედ, საქართველოს კონკრეტული თანამდებობის პირები რუსეთმა აამუშავა ისე, როგორც თვითონ აწყობდა. ანუ რუსეთია ამ პროცესის დირიჟორი და რა მნიშვნელობა აქვს დირიჟორის ორკესტრანტი სად ზის, საქართველოში თუ სხვაგან. ერთადერთი შეცდომა რაც შეიძლება იყოს არის ის, რომ შესაძლოა, სროლაში ქართულ მხარეს ზედმეტი მოუვიდა და ეს იყო პროვოკაციაზე წამოგება“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

თავის მხრივ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელსაც მმართველი პარტია მხარს უჭერს, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო–რუსეთის ომი ცხადია, რუსეთმა დაიწყო. ზურაბიშვილის შეცვლილმა პოზიციამ ცხადყო, რომ ანგარიშს უწევს მოსახლეობის მწვავე რეაქციას აგვისტოს ომთან დაკავშირებით. შესაბამისად, ანალიტიკოსების დაკვირვებით, ზურაბიშვილის პოზიცია იყო საზოგადოებრივი აზრის გავლენა.

რუსეთ–საქართველოს ომის დაწყების მიზეზებზე ზურაბიშვილმა პოზიცია შეარბილა, თუმცა, ოპოზიცია კვლავ ითხოვს, რომ მოხსნას კანდიდატურა. წინააღმდეგ შემთხვევაში „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა ჯოჯოხეთის მოწყობით ემუქრება.

„მნიშვნელობა არ აქვს რას დაუწერენ პიარშიკები. ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სლოგანია – საქართველომ დაიწყო ომი. რეალურად ასეც ფიქრობს. 2007 წელს საქართველოს დააბრალა ქართული სოფლის წითელუბნის დაბომბვა, იმეორებს რუსულ ნარატივს – მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე. ამ ქალის პრეზიდენტობა არის ნელი მოქმედების ნაღმი საქართველოს სახელმწიფოს ფუნდამენტში ჩადებული. დღეს ის წუწუნებდა – მედიას და ოპოზიციას აკრიტიკებდა. ჯერ სადაა, ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გამოეთიშოს საპრეზიდენტო არჩევნებს. ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი!“, – წერს გიგი უგულავა.

ზურაბიშვილის არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ავტორები და ხელმომწერები ამტკიცებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ღიად და დაუფარავად ატარებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომელიც ვნებს ქვეყნის დეკლარირებულ დასავლურ კურსს და ღირებულებებს.

შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის ვერ იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და განვითარების გარანტი. პეტიციას ეთანხმება ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ქვეყნის მოღალატეს უწოდებს.

„ამ ქალის ფეხქვეშ უნდა იწვოდეს მიწა, ეს არის ჩვეულებრივი მოღალატე. ამ ქალის მიერ გაჟღერებული გზავნილები არის ის, რაც რუსეთს გაუადვილებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცების დაკანონებას. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ჩვენ დავბომბეთ ჩვენი ტერიტორიები და რა უფლება გვაქვს ახლა ვილაპარაკოთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. ეს არის ერთი ერთზე ის, რასაც ამბობდა მედვედევი“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.