სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის ირგვლივ საკმაოდ დიდი ხმაური შეიქმნა და მოსალოდნელიც იყო, რომ ოპოზიციისთვის მისი განცხადებები საკმაოდ კარგი საკბილო გახდებოდა; „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრაქტიკულად, თავისი წინასაარჩევნო კამპანია ააწყო ზურაბიშვილის კრიტიკაზე - რას აძლევს ხელისუფლებას მსგავსი კანდიდატის მხარდაჭერა? საპრეზიდენტო არჩევნები შეცვლის თუ არა შექმნილ პოლიტიკურ კონფიგურაციას, რომელიც საკმაოდ არასახარბიელოა? როგორი სტარტით შეხვდება ქართული პოლიტიკური სპექტრი მომავალ საპარლამენტო არჩევნებს? - მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე ექსპერტი, დავით ზარდიაშვილი გვესაუბრება.
გარდა იმისა, რომ ზურაბიშვილი მუდმივად შეიძლება იყოს ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი, არ არის გამორიცხული, რიგ შემთხვევებში საკმაოდ დიდი დისკომფორტი შეუქმნას ხელისუფლებასაც - რატომ დაიდო ფსონი სალომე ზურაბიშვილზე?
- ახალი კონსტიტუციის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა იყოს დამოუკიდებელი ფიგურა და სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად ასეთია - არ მგონია ხელისუფლების ან ოპოიზიციის მხრიდან რაიმე გავლენას დაექვემდებაროს. გარდა ამისა, პრინციპულობით გამოირჩევა, ძირითადად, გულწრფელად ლაპარაკობს. ყველა სხვა კანდიდატი პოპულისტური გამოსვლებით გამოირჩევა და ამომრჩევლის გულის ფხანას ცდილობს - ალბათ, მსგავს ტაქტიკაზე ამბობდა ილია, „ფხანა ქეცმა იცისო“.
გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია სალომე ზურაბიშვილი იქნება საქართველოს სახე საგარეო ურთიერთობებში და სავარაუდოდ, სწორედ ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი.
თუმცა მის დიპლომატობასაც ეჭვის ქვეშ აყენებენ როგორც პოლიტიკური ძალები, ასევე, ექსპერტული წრეებიც...
- გამაოგნებელია, როდესაც ექსპერტები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია აგვისტოს ომთან დაკაცვშირებით საერთაშორისო სასამართლოებში, სადაც რუსეთთან დავა მიმდინარეობს, საქართველოს დააზიანებს. ეს ან დემაგოგიაა ან ელემენმტარული გაურკვევლობა. აგვისტოს ომის მთელი ისტორია არის შესწავლილი და დადგენილი. თუ ჰააგის ან სტრასბურგის სასამართლოს რამის დაზუსტება დასჭირდება, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს კი არ დაეყრდნობა, არამედ ტალიავინის კომისიის, ან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს.
სალომე ზურაბისვილი ამბობს და ეს მის წიგნშიც არის აღნიშნული, რომ აგვისტოს საომარი მოქმედებების გაჩაღებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილის ხელისუფლებას და ეს აშკარაა - ყველაფერი არასწორი პოლიტიკის შედეგი იყო.
ერთ-ერთ ინტერვიუში გია ხუხაშვილი ამბობს, სალომე სიმართლეს ამბობს, მაგრამ მისი განცხადებები შესაძლოა, დამაზიანებელი აღმოჩნდესო - ნუთუ ჰგონია, რომ შესაძლებელია, საერთაშორისო სასამართლოს სიმართლე დაუმალო?!
არსებითი ის არის, რომ რუსეთი აგრესორია, ხოლო აგვისტოს ომი არის ერთი, ყველაზე მძიმე ეპიზოდი მისი აგრესიისა.
გასაგებია, რომ პოლიტიკოსებს განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში აწყობთ ოპონენტის კრიტიკა, მაგრამ ექსპერტებს რა შეიძლება ამოძრავებდეთ? ტენდენციურობა მათ ინტერესში ნაკლებად უნდა შედიოდეს...
- ძნელი სათქმელია, ასე რატომ მოხდა, ალბათ, ექსპერტებს ჰგონიათ, რომ ამ მხარეს დგომა ახლა უფრო ხელსაყრელია, ვერ გეტყვით... მით უმეტეს, როდესაც დადგენილია, რომ სააკაშვილის მხრიდან სამშვიდობო ზონაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამ გამოიწვია რუსეთის აგრესია, რასაც მოყვა ჩვენთვის ტერიტორიული ერთეულების წართმევა.
სალომე ზურაბიშვილისთვის რა ეფექტის მომტანია ამგვარი განცხადებების კეთება?
- „რუსთავი2-ის“ ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა ამ თემაზე და ამის შემდეგ აგორდა ყველაფერი. შესაძლოა, სწორედ ეს იყო ზურაბიშვილის ტაქტიკური შეცდომა, ალბათ, არ უნდა გაეცა ამ კითხვაზე პასუხი. სწორედ ამის შემდეგ იქცა ყველას სამიზნედ.
ეს ყველაფერი ორკერსტირებულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. მთავარი დამნაშავეები ამ ომის გაჩაღებაში ისინი არიან - რუსეთის საქმე გააკეთეს. ეჭვი მაქვს, აგენტურული საქმიანობის შედეგი იყო, იმიტომ, რომ რუსეთი ვერანაირი გზით ვერ განახორციელებდა ამ ტერირორიების ფაქტობრივ ანექსიას და მათ დამოუკიდებელ ტერიტორიულ ერთეულებად ცნობას რომ არა ის, რაც სააკაშვილმა ჩაიდინა აგვისტოში.
იციან „ნაციონალებმა“ ქართული საზოგადოების ურა-პატრიოტული განწყობები და სალომე ზურაბიშვილს საკუთარი დანაშაულის გადასაფარად იყენებენ. ამაზე პასუხი არ უნდა აგონ? ამისი დაფარვა როგორ შეიძლება?! ეს თქვა სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა არა საკუთარი ინიციატივით. მის საარჩევნო ტაქტიკაში არ შედიოდა ამ თემით წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება - ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაცია.
ახლა ჩვენ უკვე წინასაარჩევნმო ტაქტიკაზე ვსაუბრობთ, რომელიც „ნაციონალებს“ შემორჩათ. გამოდის, სალომე ზურაბიშვილს არც ტაქტიკა აქვს არც სტრატეგია, რაკი პროვიკაციას აჰყვა?
- რა მოიგეს „ნაციონალებმა“ ამ ტაქტიკით? უკვე მესამე არჩევნებს ზედიზედ აგებენ.
საკუთარი ამომრჩეველი შეინარჩუნეს და დარჩნენ პოლიტიკურ ძალად, განსხვავებით სხვა სახელისუფლებო ძალებისგან რომლებიც ძალაუფლების დაკარგვისთანავე დაიშალნენ...
- შეუქცევადი დემოკრატიის ტესტად ითვლება, რომ ის, ვინც კარგავს ძალაუფლებას, შემდგომში ისევ მოდის ხელისუფლებაში, ეს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ უნდა ითქვას - დანაშაულები აქვთ ჩადენილი. აგვისტოს ომს რომ თავი დავანებოთ, სხვა, უამრავი მძიმე დანაშაულია მათ კისერზე.
თუმცა ამ ხელისუფლებას დრო საკმარისი ჰქონდა მხილებისთვის...
- ეს მათი სისუსტეა, ვერ მიიყვანეს 2012 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე და „ნაციონალურ მოძრაობას“ შესაძლებლობა მისცეს, არა თუ თავი დაიცვან, შეტევაზეც გადავიდნენ - ნელ-ნელა ცოცხლდება ის ნარატივები, რაც თავის დროზე ჰქონდათ. იგივე, აგვისტოს ომზე ხმას არავინ იღებდა 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა ის, რასაც დღეს სალომე ზურაბიშვილი ამბობს.
„ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციით ისევ გამოგლიჯოს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი. ასეთ შემთხვევაში დავით უსუფაშვილის კანდიდატურისთვის მხარდაჭერა გაცილებით უკეთესი ხომ არ იქნებოდა ქვეყნისათვის? ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციის პროვოკაციაზე წამოგების საფრთხე ნამდვილად არ ემუქრებოდა. როგორ ფიქრობთ, რატომ არ აწყობდა ის ხელისუფლებას?
- უსუფაშვილი კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს და არ არის დამოუკიდებელი კანდიდატი. არ იქნებოდა ცუდი პრეზიდენტი, მაგრამ არ გააჩნია იმის რესურსი, რომ როგორც პრეზიდენტს ეკადრება საკუთარი თავი ისე წარუდგინოს ამომრჩეველს. ამიტომ არის წამგებიან მდგომარეობაში.
თუმცა არც სალომე ზურაბიშვილს გააჩნდა ასეთი რესურსები...
- ახლა უკვე აქვს. რაც შეეხება უსუფაშვილს, ვფიქრობ, არჩევნებამდე შეეძლო ეფიქრა გამსხვილებაზე, ამ თითოკაციანი პარტიების შემოკრებაზე, რითი განსხვავდება მისი და თავისუფალი დემოკრატების იდეოლოგია? - თითქმის არაფრით, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ პირველობის ამბიციის გამო ვერ ერთიანდებიან. ეს არის ოპოზიციის სისუსტე და მისი წამგებიანი პოზიცია. სწორედ ამის გამო ვერასდროს გახდებიან ნაციონალების ალტერნატივა. ეს ნაციონალებმაც კარგად იციან და ყოველთვის ეფექტურად იყენებდნენ.
თუ არ გამოჩნდა პოზიტიური ალტერნატივა, რომელსაც სულ მცირე, თავისი ჩრდილოვანი მთავრობის ჩამოყალიბება შეეძლება, თავისი პრემიერ-მინისტრითა და მინისტრთა კაბინეტით, ვერანაირ ალტერნატიულ ძალად ვერ იქცევა. ახლა არა, მაგრამ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ამას უდიდესი მნიშვნელობა ექნება.
ჯერჯერობით მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც თავიასი მთავრობის შექმნა შეუძლია დამოუკიდებლად - ეს არის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს ძალიან ცუდია.
კეთდებოდა შეფასებები, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იქნებოდა ერთგვარი ტესტი, რა კონიფიგურაციით წარსდგებოდა ქართული პოლიტიკური სპექტრი საპარლამენტო არჩევნებზე. გამოდის, რომ კონფიგურაცია უცვლელი რჩება?
- დიახ, როგორც არის, ისევე რჩება ხელისუფლება და მთავარი ოპოზიციური ძალა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. დანარჩენები იქნებიან თუ არა, პოლიტიკურ ამინდს ვერ ცვლიან. ანუ იქნება თუ არა მაგალითად, დავით უსუფაშვილი ქართულ პოლიტიკაში, ამით არაფერი შეიცვლება ან ნებისმიერი სხვა ოპოზიციური ლიდერი. ნაწილობრივ ჩანს „პატრიოტთა ალიანსი“, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სუსტები არიან, საპარლამენტო ტრიბუნა მაინც გააჩნიათ.
დღის წესრიგს განსაზღვრავს ორი პოლიტიკური ძალა და ორი მედიაცენტრი - „რუსთავი 2“ და „ანტირუსთავი2“. თუმცა, ორპარტიული სისტემა შესაძლოა, კარგიც იყოს საქართველოსთანა ქვეყნისათვის.
ალბათ, იმ შეთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ დისკრედიტირებული პოლიტიკური ძალა რომ არ იყოს...
- „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის ბედს არავითარ შემთხვევაში რ ვანდობდი და საბედნიეროდ, ასე ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. თუმცა „ევროპული საქართველო“ თუ უფრო კრიტიკულად შეაფასებდა საკუთარ ნაციონალურ წარსულს, და იმის ნაცვლად, რომ დღევანდელი ხელისუფლება გაეკრა სამარცხვინო ბოძზე სარალიძის საქმესთან დაკავშირებით, ჯერ საკუთარი წარსული მოენანიებინა, თეორიულად, შეიძლებოდა, გამხდარიყო კიდეც „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივა.
კიდევ ერთი, რასაც ოპოზიცია უსვამს ხაზს, არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კი არა, სახელისუფლებო კანდიდატია - მართალია, მის გვერდით ბიძინა ივანიშვილს ვერ ვხედავთ, სამაგიეროდ კალაძის გარემოცვაში ხშირად ჩანს. თქვენი შეფასებით საზოგადოება ამას როგორ აღიქვამს?
- კალაძე მის გვერდითაა იმიტომ, რომ ხელისუფლება უჭერს მხარს, მაგრამ პარტიული ზეგავლენის მოხდენა სალომე ზურაბიშვილზე წარმოუდგენელია, რასაც ვერ ვიტყვი ბიძინა ივანიშვილზე - ძალიან ძნელია საქართველოში რომელიმე ფიგურის მოძებნა, გარდა ამ ოპოზიციისა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილს გავლენა არ ჰქონდეს და ამდენად, ეს საკითხი ძალზე ძნელი შესაფასებელია.
ფორმალურად, სალომე ზურაბიშვილს არანაირი პოლიტიკური ვალდებულებები არ გააჩნია, თუმცა რა პიროვნული ვალდებულებები აქვს ივანიშვილთან, ამას მე ვერ შეგიფასებთ. ეს მისი განცხადებებიდანაც გამოჩნდა, რომელიც პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა და მგონია, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაშიც ასე იქნება.
გიორგი მარგველაშვილმა თავი დაგვამახსოვრა იმით, რომ მუდმივ კონფლიქტში იმყოფებოდა ხან მთავრობასთან, ხანაც - პარტლამენტთან. სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისგან რას ელოდებით, რეალურად გახდება საქართველოს სახე საერთაშორისო ასპარეზზე თუ ისიც შიდა კინკლაობაში გალევს საკუთარ საპრეზიდენტო ვადას?
- მას არ ექნება პრეტენზია მმართველობითი გადაწყვეტილების პროცესში ჩაერიოს, ექნება საკუთარი ნიშა - საგარეო ურთიერთობები, სადაც ის წარადგენს საქართველოს. უაზრო კინკლაობას არ ველოდები პარლამენთან ან მთავრობასთან და არ მგონია, ზურაბიშვილს გაუჩნდეს პრეტენზია, საკუთარი პოლიტიკური ცენტრი შექმნას, როგორც ეს მარგველაშვილს დაემართა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილთან კონფლიქტში შევიდა.
ცაკლეულ მომენტებში პოზიტიური როლიც კი შეასრულა მარგველაშვილმა ქვეყნისთვის, ყოველ შემთხვევაში, არაფერი გაუფუჭებია.
ქართული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, თითქმის ყოველთვის წინასწარ ცნობილია, რა შედეგით დამთავრდება არჩევნები, თუმცა ხშირად, ოპოზიციის მხრიდან საკმაოდ აგრესიული წინასაარჩევნო კამპანიის მოწმენიც ვხდებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა შეიძლება მიიღონ ამით ოპოზიციურმა ძალებმა?
- „ქართული ოცნება“ ვერ ბედავს, რომ 2012 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს, საკუთარი ადგილი მიუჩინოს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც არანაირი რესურსი აღარ გააჩნია ძალაუფლების დაბრუნების. ასეთი ვითარება გვაქვს და ეს მთელ პოლიტიკურ პროცესს უქმნის საფრთხეს. პარტები არ ვითარდებიან და პოლიტიკური პროცესი ჩიხშია შესული.
თუ არ გამოჩნდა ვინმე, ისე როგორც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა სრულიად მოულოდნელად, პოლიტიკურ ასპარეზზე, ასეთი ვითარება დარჩება. არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ ალტერნატივა არ უჩანს. მოსახლეობის თვალში „ქართული ოცნება“ სულ უფრო დაკარგავს რეიტინგს და კრიზისული ვითარება შეიქმნება, თუმცა, იძულებულები ვიქნებით, შევეგუოთ იმას, რაც არის.