სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა. პრეზიდენტობის კანდიდატი ახლა აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია და ეს შეუძლია უსასრულოდ გაიმეოროს. მეტიც, ის ამბობს, რომ მედია მის განცხადებებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებს.
ზურაბიშვილი აქვე დაინტესდა, რატომ არ გამოაცხადა მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთი აგრესორად იმავე დღეს, რატომ არ ითქვა მაშინვე, რომ რუსეთმა ომი დაიწყო. პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი მედიით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ მის მიმართ მედიის მხრიდან ომისა და რუსეთის საკითხზე დაჟინებული და უაზრო კითხვები ისმის, რომელიც კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებზეა დამოკიდებული.
„ახლა მე მივმართავ მედიას, რატომ არ მოუსმინა იმ დროინდელმა ხელისუფლებამ, რასაც კარნახობდნენ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, რასაც ფაქტობრივად ყოველდღიურად კარნახობდნენ, რატომ არ გამოაცხადა იმთავითვე ხელისუფლებამ რუსეთი აგრესორად, დღეს რომ მეკითხებით, რატომ დაელოდა სამ დღეს?
ვინ იყო აგრესორი, მანამდე რა გვესმოდა? - რუსეთმა არ იცის, სეპარატისტები არიან დამნაშავეები და რუსეთი ვერ აკონტროლებს თურმე თავის მიერ მართულ სეპარატისტებს. ამას გვეუბნებოდნენ ქვეყნის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ქვეყნის კონფლიქტთა მინისტრი, ქვეყნის პრეზიდენტი. როგორც ჩანს, ამაზე კითხვა არ გაგაჩნიათ“, – ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა მედიას.
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას არ უყვარს სიტყვა მოღალატე, მაგრამ ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი. პრეზიდენტობის კანდიდატი სვამს კითხვას, ვინ დაარქვა ზემო აფხაზეთს კოდორის ხეობა, ვინ გააფართოვა კონფლიქტის ზონა და ცხინვალის რეგიონი სამხრეთ ოსეთად ოფიციალურად მონათლა, ვინ დატოვა კოჯორში მთელი ძვირად ღირებული შეიარაღება და ვინ დატოვა ტყეში ჩვენი ბიჭები? ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამ კითხვებზე უთუოდ იქნება პასუხები გასაცემი.
„ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, ვიქნები თუ არა პრეზიდენტი (მაგრამ მე ვიქნები). ამ კითხვებზე პასუხი სხვა რამეზეა დამოკიდებული, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს, ჩვენს წარსულზე, ჩვენი ხელისუფლების დანაშაულებებზე ვიცოდეთ რეალობა, რადგან წინ გვაქვს მომავალი. ამ მომავალში საქმე უნდა ვაკეთოთ, გავამთლიანოთ ქვეყანა და ამისთვის საჭიროა, ჩვენს ძმებს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკებში მივმართოთ, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ არ სჭირდებათ რუსეთის დაცვა, რომ აუცილებელად გავმთლიანდებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს წინაშე აგვისტოს ომზე საქართველო სიმართლეს ძალიან წელგამართულად ამტკიცებს და რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში ძალიან მნიშვნელოვანი დავა მიჰყავს. თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სამთავრობო უწყებებმა ბოლო ხუთი წლის მანძილზე 700–მდე მტკიცებულება შეაგროვეს, რათა აჩვენონ მსოფლიოს არა მხოლოდ სიმართლე, არამედ პირველად დადგეს სასამართლო გადაწყვეტილება.
„ამ ომში ჩვენ გავხდით მსხვერპლი ეთნიკური წმენდის, ოკუპაციის, რომელიც კვლავ მიმდინარეა. ძალიან ბევრმა ოჯახმა, ქვეყანამ დანაკარგი განიცადა, იქნება ეს დაკარგული გმირების სიცოცხლე, მატერიალური თუ მორალური ზიანი. ამ ყველაფერს სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ძალიან წელგამართულად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვამტკიცებთ.
ასევე გამოძიება მიჰყავს ჰააგის პროკურორის ოფისს და იქაც ჩვენი მთავარი ხაზია, რომ ვაჩვენოთ ქართველების ეთნიკური წმენდა, სოფრომაძის, ანწუხელიძისა და სხვების სამხედრო ტყვეების წამება, მკვლელობის ფაქტები და აქ რეალურად ჩვენ მტკიცებულებებს ვეყრდნობით“, – აცხადებს თეა წულუკიანი.
მინისტრის განცხადებით, ამიტომ, ის უარს აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებისა თუ პოლიტიკოსების პოლიტიკურ განცხადებებზე კომენტარები გააკეთოს და მათ დაეყრდნოს, რადგან ეს თავისთავად უბრალოდ განცხადებებია.
„ჩემი განცხადება არის სამთავრობო პოზიცია, ქვეყნის პოზიცია, ეს არის ის სამართლებრივი პოზიცია, რომელსაც ვიცავთ და ბოლომდე დავიცავთ საერთაშორისო სასამართლოების წინაშე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ზურაბიშვილის განცხადებებზე განმარტება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი სახელი დაარქვა რუსულ ოკუპაციას, აგრესიას, ასევე დანაშაულს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ ჩაიდინეს.
„კიდევ ერთხელ თავისი სახელი დაარქვა რუსეთის აგრესიას, რომელიც 2008 წელს განხორციელდა, თავისი სახელი დაარქვა რუსულ ოკუპაციას და ასევე, თავისი სახელი დაარქვა იმ უმძიმეს დანაშაულს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ჩაიდინა. ეს არის დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს მაშინ მიხეილ სააკაშვილმა, გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც რუსეთის მოქალაქე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის დანაშაულის ჩადენაში, რომლის შედეგადაც ჩვენი ტერიტორიების 20% დავკარგეთ. ეს დანაშაული „ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად უნდა შევახსენოთ, თუმცა მთავარია, აქცენტი გაკეთდეს მომავალსა და ხედვაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტებს მოუწოდა, ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია წარმართონ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ პროცესის სხვა შინაარსით წარმართვას ცდილობს. მისი შეფასებით, ევროპა და ამერიკა „ნაციონალური მოძრაობისგან“ ძალიან შორსაა, რაც მიმდინარე საარჩევნო კამპანიაშიც იკვეთება.
„ნაციონალური მოძრაობა კამპანიის წარმართვას სხვა შინაარსით ცდილობს. ის საუბრობს არა მომავალზე, არა თავის ხედვაზე, არამედ მთლიანად შავი პიარითაა დაკავებული. „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულს ჯერ 2012 წელს ჩავაბარეთ. ეს ყველაფერი 2016 წელს კიდევ უფრო გავამყარეთ და შემიძლია, მთელი დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს არჩევნებიც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სერიოზული მარცხით დასრულდება. აღნიშნული პარტია კიდევ ერთხელ დასამარდება, რომელსაც ეს შედეგი ნამდვილად ეკუთვნის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვიცე–სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, 2008 წელს საქართველოს მთავრობა, პრაქტიკულად, გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად ახორციელებდა რუსეთის ნარატივის რეალიზებას. მისი თქმით, თავისი ქმედებების გადასაფარად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ შეტევას „ქართულ ოცნებასა“ და სალომე ზურაბიშვილზე.
„გრიგოლ ვაშაძემ 4 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთი ომში არ ჩაერთვება და კოკოითი პროვოკაციებს გეგმავსო. მე მგონია, აქ ყველა კითხვაზეა პასუხი გაცემული. რეალურად, იმის ნაცვლად, რომ ხალხი გამოეყვანათ, უშველებელი დანაკარგი მივიღეთ სამოქალაქო საზოგადოებაში. ამის გადასაფარად ხდება უზნეო შეტევა ჩვენს პოზიციაზე. ამან გამოიწვია დამატებითი კომენტარების აუცილებლობა.
მთელი მთავრობა, პრაქტიკულად, გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად ახორციელებდა რუსეთის ნარატივის რეალიზაციას შემდეგი თვალსაზრისით - აცხადებდა, რომ რუსეთი ჩარევას არ აპირებდა. კატეგორიულად მალავდა იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ ივლისიდან, რუსეთის შემოტევა და შემოჟონვა საქართველოს ტერიტორიაზე იყო ომის წინაპირობა. ამავე ხალხმა ეს არ აცნობა გაეროს უშიშროების საბჭოს და არ მოითხოვა გადაუდებელი სხდომის ჩატარება, მათ შორის იყვნენ ვაშაძე, დავით ბაქრაძე, იაკობაშვილი, სააკაშვილი“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.
მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ზურაბიშვილის შეცვლილი რიტორიკა მიუღებელია ნინო ბურჯანაძისთვის. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი აცხადებს, რომ ზურაბიშვილის შეცვლილმა რიტორიკამ დაგვანახა, რომ ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა.
„სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში არსებობდა ორი მითი. ერთი, რომ ის არის პრინციპული და მეორე, რომ არის მართალი და ტყუილს არ იტყვის. ორივე მითი დაიმსხვრა. ჯერ ერთი საპრეზიდენტო კამპანია მან დაიწყო ტყუილით, თითქოს არის დამოუკიდებელი კანდიდატი, ამ დროს ყველა ხვდება, რომ ის არის „ოცნების“ კანდიდატი. ამიტომ სალომე ზურაბიშვილის სიმართლის მე, პირადად არ მჯერა.
რაც შეეხება მითს მის პრინციპულობაზე, დღეს ისიც დაიმსხვრა. 2008 წლის ომთან დაკავშირებით, დღეს ის თავს იმართლებდა, ამტკიცებდა იმის საპირისპიროს, რასაც ორი დღის წინ ამბობდა. სალომე ზურაბიშვილმა უკან წაიღო ის სიტყვები, რომელიც არა მხოლოდ ნათქვამი ჰქონდა, არამედ თავის წიგნში აქვს დაწერილი“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.