კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ დღევანდელი უფლებამოსილების პრეზიდენტი და მისი განცხადებები ვითარებას მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ ვითარებას, რადგან მსოფლიო არენაზე არიან გაცილებით დიდი და მსხვილი მოთამაშეები, რომლებიც განსაზღვრავენ ამ პოლიტკას და მიმართულებს. ზურაბიშვილი კი, მსგავსი განცხადებებით ძაბირაძის თქმით, პრორუსული ამომრჩევლის ხმების მოზიდვას ცდილობს.
for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
„მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად“, „მეზობელი აფხაზეთი“, „საქართველომ დაბობდა მძინარე ცხინვალი“ – სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს მსგავსი შინაარსის არაპოპულარული განცხადებების გაკეთებას. როგორ ფიქრობთ, ამომრჩევლის რა ნაწილისთვის კეთდება ასეთი სკანდალური და ამავე დროს არაპოპულარული განცხადებები და რა დატვირთვა აქვს მას?
ვახტანგ ძაბირაძე: მართლაც, რომ უცნაურია პრეზიდენტობის კანდიდატისგან ასეთ თემებზე საუბარი. წესით, პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს ძალიან მოზომილი. სალომე ზურაბიშვილი როდესაც თავისუფალი ადამიანი იყო, მაშინ შეიძლება ელაპარაკა ამ საკითხებზე, როგორც პირად შეხედულებაზე. მაგრამ, როდესაც იბრძვის პრეზიდენტობისთვის და სურს გახდეს სახელმწიფოს მეთაური, ვფიქრობ, მას უკვე აღარ აქვს უფლება არ გაითვალისწინოს როგორც შიდა, ასევე გარე პოლიტიკური ვითარება, თუმცა, როგორც ჩანს, ის სხვაგვარად თვლის. მიჭირს იმის თქმა, რას ელის მსგავსი შინაარსის განცხადებებისგან. თითქოს ის ცდილობს პრორუსული ამომრჩევლების ხმების მოზიდვას.
პრორუსული ამომრჩევლის მოზიდვა არის ძირითადი მიზეზი?
– არა მგონია, რომ მხოლოდ ეს იყოს ძირითადი მიზეზი. როგორც ჩანს, სულ უფრო ცდილობს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ არცთუ მთლად გამართული მოქმდებები შეაფასოს, რაშიც ვეთანხმები. სხვაგვარად ცოტა რთულია ახსნა ის, რასაც ზურაბიშვილი ლაპარაკობს. თუმცა, ზურაბიშვილი უნდა იყოს ფრთხილი და მოზომილი თავის განცხადებებში. ის უკვე არ არის თავისუფალი ადამიანი, არც ექსპერტია და არც რომელიმე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი.
გასაგებია, რომ პრორუსული ელექტორატის ხმების მოზიდვა უნდა და ცდილობს ნაციონალების ყველაზე დიდ მინუსზე ააგოს საპრეზიდენტო კამპანია, მაგრამ რამდენად დიდია პრორუსული ამომრჩევლის რაოდენობა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს უღირდეს ასეთი არაპოპულარული განცხადებების გაკეთება, რაც ქვეყნისთვისაც წამგებიანია?
– ადამიანს ჰგონია, რომ ასეა საჭირო და შესაძლოა, ის გულწრგელადაც ასე ფიქრობდეს. ერთია, რომ არ იცრუოს და მეორე სიმართლე, რასაც ფიქრობს დაალაგოს ზედაპირზე. ანუ, ამ ორ ცნებას შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. როდესაც ადამიანი მიდის პოლიტიკაში და მით უმეტეს ზურაბიშვილი, რომელიც ყოფილი დიპლომატია, მან უნდა იცოდეს, რომ დიპლომატიაში სალაპარაკო და საფიქრალი ენა ცოტა სხვანაირია.
ზურაბიშვილს ხშირად სჩვევია არადიპლომატიური განცხადებები, რატომაც ხშირად ხდება კრიტიკის მიზეზიც...
– ეს მაკვირვებს სწორედ. ზურაბიშვილის ხასიათს თავიდან მიაწერდნენ იმას, რომ ქართულად უჭირს ზუსტად თავისი აზრის ჩამოყალიბებაო, მაგრამ ახლა ცოტა უფრო გამიჭირდა ამ ლოგიკაზე გაყოლა. როგორც ჩანს, იგი გულწრფელია, ასე ფიქრობს და ასე ლაპარაკობს, მაგრამ იმას არ ფიქრობს, რომ მისი გულწრფელობა შესაძლოა, ვინმემ მისსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენოს, ან კიდევ უარესი, ქვეყნის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს.
როგორ ფიქრობთ, გაპრეზიდენტების შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ომთან დაკავშირებით რა პრობლემის შექმნა შეუძლია ქვეყნისთვის?
– შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დღევანდელი უფლებამოსილების პრეზიდენტმა და მისმა განცხადებებმა შეიძლება საერთაშორისო აჟიოტაში შექმნას და ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალოს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მსოფლიო პოლიტიკა ჩვენს ირგვლივ არ ტრიალებს. მსოფლიო არენაზე არიან გაცილებით დიდი და მსხვილი მოთამაშეები, რომლებიც განსაზღვრავენ ამ პოლიტიკას და მიმართულებს.
რა თქმა უნდა, რუსეთი გამოიყენებს ზურაბიშვილის განცხადებებს პიარისთვის. მაგრამ რეალურად ამით ვერ შეცვლის პოლიტიკას, ან იგივე დასავლეთის ქვეყნების დამოკიდებულებას. აგვისტოს ომის შემდგომ არის უკრაინა და ამ ვითარებაში ზურაბიშვილის განცხადებები საგარეო ურთიერთობებში ცვლილებებს ვერ შიტანს, მაგრამ გარკვეული დისონანსი იქნება ჩვენს მიმართ, სახელმწიფოსა და ჩვენი პოლიტკის მიმართ.
რადგან ჩვენ გვაქვს საპარლამენტო მმართველობა, გადამწყვეტი არის აღმასრულებელი ხელისუფლება, პრემიერ–მინისტრი და არა ზურაბიშვილი. ისინი განსაზღვრავენ პოლიტიკას. საპარლამენტო მმართველობაში პრეზიდენტს აქვს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. არ ვამბობ, რომ კარგია, მაგრამ არც იმის თქმა შემიძლია, რომ ეს განცხადებები კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისთვის.
ახალი კონსტიტუციის პირობებში 2018 წელს არჩეული პრეზიდენტი აღარ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი მმართველობითი სისტემისთვის, როგორც აქამდე იყო და ზეპარტიული პრეზიდენტი იდეალური იქნებოდა ქვეყნისთვის, მაგრამ არის კი ზურაბიშვილი ზეპარტიული პრეზიდენტობის კანდიდატი?
– არა, რა თქმა უნდა, ზურაბიშვილი არანაირი ზეპარტიული პრეზიდენტი არ არის და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გარეშე ის ვერანაირ ხმებს ვერ მიიღებს. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა მას გარანტირებულად აძლევს მეორე ტურში გასვლის შესაძლებლობას. როცა პარტია მხარს უჭერს როგორც ორგანიზაციულად, ასევე ფინანსურად და პიარით, სხვა რას ნიშნავს პარტიული პრეზიდენტი? ამიტომ, არ ვიცი ვინ ლაპარაკობს მის ზეპარტიულობაზე.
ამაზე საუბრობს მმართველი გუნდი და ამას თვლიან ზურაბიშვილის ყველაზე დიდ პლუსად...
– „ქართულ ოცნებას“ აწყობს ზურაბიშვილი შემოგვასაღოს როგორც ზეპარტიული პრეზიდენტი, სინამდვილეში ყველა ფაქტორი, რაც განაპირობებს ამა თუ იმ პიროვნების პარტიულობას სახეზე გვაქვს. ნუ, ახლა მანდატი უდევს თუ არა ჯიბეში, ეს არ ვიცი. ფაქტია, რომ ზურაბიშვილი არის „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი.
ირაკლი სესიაშვილის მტკიცებით, არასწორია აპელირება იმაზე, რომ ზურაბიშვილი არის „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი...
– თქმით ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ, როდესაც ამას ამბობს, მაშინ უნდა გვითხრას რას გულისხმობს, რას ნიშნავს პარტიული კანდიდატი, არაპარტიული და ზეპარტიული. მე როგორც მესმის, პარტიული კანდიდატის ყველა რეგალია აქვს ზურაბიშვილს. პარტიამ გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს ამ კანდიდატს და როგორ მოხდა მისი გაფორმება, ეს უკვე ტექნიკური საკითხია და არავის არ აინტერესებს.
რეალობა ასეთია – პარტიული კანდიდატია ის, ვისაც პარტია უჭერს მხარს. როცა მთელი პარტიული რესურსი მიმართულია ზურაბიშვილის სასარგებლოდ, მაშინ ირაკლიმ უნდა თქვას რას ნიშნავს მისთვის ზეპარტიული კანდიდატი და რატომ არის ზურაბიშვილი ზეპარტიული და რატომ არ არის პარტიული.
საპრეზიდენტო კანდიდატების დაპირებებს თუ გადავხედავთ, ძირითადად, აქცენტი სოციალურ მიმართულებაზე კეთდება და სწორედ სოციალური მიმართულება არის დავით ბაქრაძის და გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო სლოგანი. აბსოლუტურად განსხვავებულია დავით უსუფაშვილის საარჩევნო კამპანია, რომელიც დატვირთული არ არის სოციალური დაპირებებით, ასევე არც ზურაბიშვილის. აქცენტი სოციალურ მიმართულებაზე კეთდება იმიტომ, რომ სამწუხაროდ, სოციალურად დაუცველი ამომრჩეველის რაოდენობა საკმაოდ მაღალია?
– დავიწყოთ იმით, რომ უსუფაშილმა დანარჩენი კანდიდატებისგან განსხვავებით ყველაზე უკეთ იცის რა წერია იმ ახალ კონსტიტუციაში, ასევე გააზრებული აქვს ის, რას უნდა ნიშნავდეს და როგორი უნდა იყოს საპარლემნტო მმართველობის პრეზიდენტი. ამიტომ თავს უფლებას არ აძლევს ილაპარაკოს სოციალურ საკითხებზე, ვის პენსიას მოუმატებს და ვის სად გაუშვებს სასწავლებლად. ეს სწორია, პრეზიდენტს მართლა არ აქვს ამის უფლებამოსილება.
რატომ ლაპარაკობენ სხვები ამ თემებაზე, აქ არის ორი მომენტი – ერთი ის, რომ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან. კონსტიტუცია არა მარტო უნდა იცოდე, არამედ სახელმწიფო უნდა გესმოდეს და გრძნობდე, რთულია ამის გააზრება. ეს არ გახლავთ მარტივი თემა და მოსახლეობაშიც არცთუ პოპულარულია.
მოსახლეობას უნდა აირჩიოს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც მას პენსიას მოუმატებს. სოციალური და ეკონომიკური პრობლემები აქვს მოსახლეობას, ძირითადად ამით არის შეწუხებული და ამის მოგვარება უნდა. ამიტომ პრეზიდენტობის კანდიდატები იძულებული არიან ილაპარაკონ ამ თემებზე. არაპირდაპირი გზებით ცდილობენ ამაზე ააგონ საარჩევნო კამპანია. ძალიან ცუდ დღეში არიან პრეზიდენტობის კანდიდატები.
გამოდის, რომ არასწორი იყო, როდესაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პირდაპირი წესით აერჩიეთ საქართველოს პრეზიდენტი?
– რა თქმა უნდა. ჩვენ ვიცოდით, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები იძულებული იქნებოდნენ ფუჭი დაპირებები გაეცათ. თუ იციან რა უფლებამოსალება აქვთ, მაშინ შეგნებულად ლაპარაკობენ ტყუილს, თუ არ იციან კიდევ უფრო უარესი, რადგან გამოდის, რომ ქვეყნის სათავეში მოდის პიროვნება, რომელმაც არ იცის რა უფლებამოსილება ექნება. ანუ, არც ერთ ვარიანტში ეს გამართლებული არ იყო, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ საკონსტიტუციო კომისიაში ძალიან ღრმა უმცირესობაში აღმოვჩნდით.